ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან თქვა, რომ რუსული კანონი წინააღმდეგობაშია ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციიდან სულ მცირე ორთან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს.
„შეშფოთება გამოვთქვი არამხოლოდ მე, არამედ საქართველოში მყოფმა სხვა ელჩებმაც. ღია და პირდაპირი აზრთა მიმოცვლა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და დისკუსია არ იყო მარტივი. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და წინააღმდეგობაში მოდის სულ მცირე 2 რეკომენდაციასთან თორმეტიდან, რომელიც საქართველოს გასულ წელს გადაეცა. რაც შეეხება სპიკერს, მოვისმინეთ არგუმენტები აღნიშნული კანონის აუცილებლობაზე. ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, გაგრძელდება დისკუსია, აქტიურად დავაკვირდებით პროცესს და ვიმედოვნებთ, ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, — აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად.