სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ახლადარჩეულმა ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი და მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები მოინახულეს.
“სახალხო დამცველი პირადად შეხვდა და ესაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ 25 მოქალაქეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა მოძრაობის გართულება, თუმცა, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული”, — აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს არ ჰყავს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატი მათ ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და კომუნიკაციაში ეხმარება.
გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.