გერმანიამ პრაიდის მსვლელობის, ან საერთაშორისო ლგბტქი ღონისძიებების აღსანიშნავად, მთავრობის შენობებზე ცისარტყელას დროშის აღმართვის უფლება გასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ დროშის აღმართვა კონკრეტულ თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული, მაგალითად, 1969 წლის 28 ივნისთან, სთოუნვოლის აჯანყებასთან, რამაც ხელი შეუწყო ლგბტქი მოძრაობის განვითარებას.
ეს ნაბიჯი გერმანიაში ბუნდოვანი წესების შესახებ დისკუსიების დასრულებასა და მრავალფეროვნების მიღებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ თანამედროვე და მრავალფეროვანი ქვეყანა ვართ. დროა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ეს უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ. გვსურს, რომ საზოგადოების ყველა სფეროში ადამიანების დისკრიმინაცია მათი სექსუალური იდენტობის გამო დასრულდეს და გამოვხატოთ სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც ჯერ კიდევ გარიყულია“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
ფეზერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციამ სოციალური რეფორმების განხორციელება დღის წესრიგში დააყენა. კოალიციამ თანამდებობა დეკემბერში მიიღო.
შოლცის გუნდს ასევე 40-წლიანი კანონმდებლობის გაუქმება სურს, რომელიც სქესის ოფიციალურად შეცვლამდე ტრანსგენდერი ადამიანების ფსიქოლოგიურ შეფასებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას მოითხოვს.