გაფიცული მაღაროელები თბილისში უვადო შიმშილობას იწყებენ. მათი თქმით, ეს არის პასუხი იმ უსამართლობაზე, რაც ჭიათურაში ხდება.
მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩავიდა.
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-16 დღეა, გაფიცულები არიან, მათი ნაწილი მე-10 დღეა, შიმშილობს. 18 ივნისს ერთ-ერთმა, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა კი ვენები გადაიჭრა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებასა და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნებას ითხოვენ. რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა.
ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს, კერძოდ, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.