ბელგრადი

სერბეთის ლგბტქი ისტორია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებიდან ევროპრაიდამდე

12 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპრაიდი დაიწყო. ეს იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრიც არ არის, ყველაზე მასშტაბური, პანევროპული ღონისძიება იმართება — 2019 წელს გამართულ

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად

ბელგრადში დაგეგმილი ევროპრაიდი არ გაუქმდება — ორგანიზატორები

2022 წელს დაგეგმილი ევროპრაიდი, რომელსაც სერბეთი მასპინძლობს, არ გაუქმდება. გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოწოდებების საპასუხოდ, ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტინ გარინამ, რომელიც ევროპრაიდს ლიცენზიას გასცემს,

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ნახეთ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ევროპრაიდის მსვლელობას ასახავს.


წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მსვლელობა დაგეგმილ დროს, პოლიციის გაძლიერებული დაცვითა და სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო.


მარშს წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ, მათ შორის, Tbilisi Pride.


მსვლელობაში ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანელი პარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, სვენ ლაჰმანი, ევროპარლამენტის ლგბტქი ჯგუფისა და მწვანეების თავმჯდომარე, ტერი რაინტკე და მისი პარტნიორი, ევროპელი მწვანეების წევრი, მელანი ვოგელი მონაწილეობდნენ.


მსვლელობის მონაწილეებს ლგბტქი და სხვადასხვა ქვეყნების დროშები და ბანერები ჰქონდათ გაშლილი — “მათ ვძულვართ, რადგან სიყვარულის სუნი აგვდის”.


მშვიდობიანი მსვლელობის პარალელურად ბელგრადის ქუჩაში ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები, მათ შორის მღვდელმსახურებიც იყვნენ გამოსულები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ, მოლოტოვის კოქტეილებსა და ასაფეთქებელ საშუალებებს ისროდნენ.


უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მსვლელობა, თავდაპირველისგან განსხვავებული, შემცირებული მარშრუტით გაიმართა.


Stefan Strange

პანევროპული მარში საღამოს გამართული კონცერტით დასრულდა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ კონცერტიდან მიმავალ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება ინფორმაცია 7 ადამიანზე თავდასხმის შესახებ. რამდენიმე მათგანმა საავადმყოფოს მიმართა. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს პოლიციას.


Isa Myzyraj

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა.

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა და მარში მშვიდობიანად ჩატარდა.


ასევე წაიკითხეთ:

სერბეთის ლგბტქი ისტორია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებიდან ევროპრაიდამდე

12 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპრაიდი დაიწყო. ეს იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრიც არ არის, ყველაზე მასშტაბური, პანევროპული ღონისძიება იმართება — 2019 წელს გამართულ კენჭისყრისას მასპინძლის სტატუსის მოპოვებას ორი ევროპული ქალაქი, ბარსელონა და ბელგრადი ცდილობდა. სერბეთზე არჩევანის შეჩერება, მათ შორის, ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი პოლიტიკური ლიდერის, პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის დამსახურება იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ კვირეულის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებდა. ამ პროცესების შედეგად, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციამ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც პროგრესისკენ მიმავალ გზაზე ეკლესიისა და პრორუსული ჯგუფების მუდმივ წინააღმდეგობას აწყდება, 2022 წლის მასპინძელ ქალაქად გამოაცხადა. თანაც, სერბეთის ლგბტქი უფლებადაცვითი ისტორია არაერთი, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან მომავალი ჩაგვრისა და შეზღუდვების ფაქტებით არის სავსე. 

დღეს სრულიად ევროპის ყურადღება სერბეთისკენ არის მიმართული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიური მიზეზების გამო.

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა. 

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა.

ევროპრაიდის მარში შეცვლილი, შემცირებული მარშრუტით ჩატარდება. პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები პროტესტს გეგმავენ. ახლა ყველას გვაქვს ერთი კითხვა: სერბეთის ხელისუფლება შეძლებს თუ არა ღონისძიების სათანადოდ დაცვას. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საინტერესოა ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ყველა კრახი, რომელიც სერბეთის ხელისუფლებებმა მშვიდობიანი პროტესტების დაცვისას აქამდე განიცადეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად მოძალადის როლში სწორედ ოფიციალური უწყებები იყვნენ.

ბელგრადის პირველი ღირსების მარში — სივრცე, რომელიც ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

2001
Andrija Ilić / Blic

სერბეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 1994 წელს მოხდა, 2001 წლის 30 ივნისს კი ბელგრადში პირველი პრაიდი გაიმართა. ღონისძიების სლოგანი იყო — სივრცე ყველა ჩვენგანისთვის საკმარისია. მცირერიცხოვანი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, რომელთაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სპორტის გულშემატკივრები დაესხნენ თავს. პოლიციამ მშვიდობიანი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება სათანადოდ ვერ დაიცვა და ძალადობრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ხელისუფლებასაც არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია, რომლითაც ძალადობას გაემიჯნებოდა.

ვერშემდგარი პრაიდების ათწლეული

2004 წელს, აქტივისტების ჯგუფი პრაიდის ორგანიზების მიზნით შეიკრიბა. მოსამზადებელმა სამუშაოებმა რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად მწვავე მოვლენების, მათ შორის, ბელგრადში მეჩეთების გადაწვის გამო, პროცესი შეწყდა და პრაიდი გაუქმდა.

ამის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, ხილვადობის მიმართულებით არსებითი არაფერი მომხდარა. 2009 წელს, გეებისა და ჰეტეროსექსუალების ალიანსის პრესკონფერენცია აიკრძალა, რამაც ლგბტქი აქტივისტების სპონტანური პროტესტი გამოიწვია. 

იმავე წელს ლგბტქი უფლებადაცვით ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა — დიდი რელიგიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

იგეგმებოდა ღირსების მარშის ჩატარებაც სლოგანით — თანასწორობის დროა. ღონისძიებას ცნობილი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს. სპორტის გულშემატკივრებისა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხის, მუქარის გამო ოფიციალურმა უწყებებმა ორგანიზატორებს ღონისძიების უფრო დაცულ ადგილას, პარკში გადატანა ურჩიეს, მაგრამ შს მინისტრმა მარშის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ღონისძიება აკრძალა. აღნიშნულ აკრძალვა 2011 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

ვერშემდგარი პრაიდების პარალელურად მიღწეული სამართლებრივი პროგრესი

2002 წელს, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც მედიასაშუალებებს სიძულვილის ენის გამოყენება აეკრძალათ.

2003 წელს, სერბეთმა საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება აიკრძალა.

2005 წელს, შრომის კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც სამსახურებრივ გარემოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალა.

2006 წელს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მათ შორის, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

2007 წელს, სისხლის დონაციის ინსტიტუტმა შეცვალა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური კავშირები განსაკუთრებით სარისკო ქცევად განისაზღვრებოდა.

2008 წელს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ, მათ შორის, პირადი სქესობრივი ცხოვრება განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციაა და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება. იმავე წელს, სერბეთის სამედიცინო საზოგადოებამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

პირველი მარშიდან 9 წლის შემდეგ

Emil Vas / Beta

მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილებების მიუხედავად, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით 2001-დან 2010 წლამდე პროგრესი არ მიღწეულა. ეს ცხადად გამოჩნდა განსაკუთრებით მძიმე ღირსების მარშის დროს, რომლის სლოგანი იყო — ერთად ამას შევძლებთ. 2010 წელს, მანიეჟ პარკში 500-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი და აქტივისტი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების მხრიდან დაცვის გარანტიები გაიცა, განხორციელება სათანადო არ ყოფილა — პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის მასობრივი დაპირისპირებები მოხდა. სავარაუდო მონაცემებით, ბელგრადის ქუჩებში 6 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და იმავე რაოდენობის რადიკალურად განწყობილი ადამიანი. შეტაკებებისას 132 პოლიციელი და 25 მოქალაქე დაშავდა, დაახლოებით 250 ადამიანი კი დააკავეს. იმავე წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრაიდ კვირეული მოეწყო, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის კუთხით ხარვეზები არ ჰქონია.

„პრაიდი. ნორმა“ და აკრძალვა, როგორც ნორმა

Vesna Lalić

2011 წელი სერბი ლგბტქი ადამიანებისთვის თითქოს იმედისმომცემი მოვლენებით მიდიოდა — როგორც 2009 წლის მოვლენების კითხვისას გაიგეთ, ამ წელს პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა. გარდა ამის, პოლიტიკოს დრაგან მარკოვიჩ პალმას წინააღმდეგ სასამართლომ ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ასევე,  სოციალური კეთილდღეობის კანონში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი შევიდა.

შესაბამისად, დაიწყო მზადება ღირსების მარშისთვის, რომლის სლოგანი იყო — პრაიდი. ნორმა. სახელმწიფომ გააჟღერა პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიების გაცემა არ შეეძლოთ, ამიტომ ღონისძიება აკრძალეს. აქტივისტებმა საპასუხოდ  ბელგრადის მედია ცენტრში მოაწყვეს პრაიდი დახურულ სივრცეში, რომელმაც ბელგრადის მთავარ ქუჩაზე გადაინაცვლა. გზები ცისარტყელას ფერებით შეღებეს, მოძრაობა გადაკეტეს და ბანერები გაშალეს წარწერით — უბრალოდ სიყვარული. შედეგად, პრაიდმა მშვიდობიანად ჩაიარა და ქვეყნის შიგნით თუ სხვა ქვეყნების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 

2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის მოტივი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა Obraz საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა — აღნიშნული ჯგუფის წევრები 2010 წლის მოვლენების მთავარი დამნაშავეები იყვნენ.

მაგრამ კიდევ ერთხელ აიკრძალა ბელგრად პრაიდი, რომლის სლოგანიც იყო — სიყვარული, რწმენა, იმედი. გადაწყვეტილების მიზეზად ისევ დაცვის გარანტიებზე პასუხისმგებლობის ვერ აღება დასახელდა. ამ წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა პრაიდი დახურულ სივრცეში, რომლის დროსაც მომდევნო წლის ბელგრად პრაიდის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადეს. პრაიდ კვირეული, მცირე პროტესტის მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა.

2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ამავე წლის პრაიდიც აკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აქტივისტებმა შუაღამის პრაიდი დაგეგმეს, რომელიც ეროვნული ასამბლეის შენობის წინ ჩატარდა. ღონისძიებას აქტივისტები, ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები მრავლად ესწრებოდნენ. საერთაშორისო მედიამ აღნიშნულ პრაიდს აღმოსავლეთ ევროპის სტოუნვოლი უწოდა.

ამავე წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის კანონში შევიდა ჩასწორება, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ქირურგიული ოპერაციის მინიმუმ 65% ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო.

შემდგარი პრაიდების პერიოდი

2014 წლის 28 სექტემბერს სერბეთის ისტორიაში ჩატარდა პირველი ბელგრად პრაიდი ინციდენტების გარეშე. ორგანიზებულ თავდასხმებს პოლიცია წარმატებით გაუმკლავდა. აღნიშნული პრაიდის სლოგანი იყო — პრაიდი ყველასთვის.

2015 წელს ბელგრად პრაიდი ისევ ჩატარდა, სლოგანით — ჩემი უფლებები, ჩემი მოთხოვნები. მარშმაც და კვირეულმაც მშვიდობიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მარშის ჩატარებას მხარი პირველად დაუჭირა, ადგილზე კი შედარებით ნაკლები პოლიციელი იყო მობილიზებული. იმავე წელს, ბელგრად პრაიდი ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა და საერთაშორისო პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის წევრი გახდა. 

2016 წლის პრაიდი გაიმართა სლოგანით — სიყვარული მსოფლიოს ცვლის. კვირეულმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ღონისძიების დაცვისთვის წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო. იმავე წელს, პრემიერმინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, ლესბოსელი იყო. 

2017 წელს, ანა ბრნაბიჩი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. დაგიგეგმა პრაიდი სლოგანით — ცვლილებებისთვის. ამ წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებისგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარებას მოითხოვეს. ღირსების მარშს პირველად დაესწრო ქვეყნის პრემიერმინისტრი.

2018 წლის პრაიდი სლოგანით — თქვი, დიახ! დაიგეგმა და ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერეს: ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარება და გენდერული იდენტობის შესახებ კანონის მიღება. პრაიდ კვირეულმა და მარშმა ისევ უსაფრთხოდ ჩაიარა.

2019 წელს კანონით გარანტირებული გახდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილების შესაძლებლობა ქირურგიული ჩარევის მიუხედავად. პრაიდის მსვლელობები დაიგეგმა სერბეთის სხვა ქალაქებში, სადაც ლგბტქი ხილვადობა ფაქტობრივად არ არსებობდა — 11 ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებიდან ორი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაუქმდა.

პრაიდ ღონისძიებები არც კოვიდ პანდემიის დროს შეწყვეტილა, თუმცა შეიცვალა ფორმა. ამჯერად კვირეულის სლოგანი იყო — სოლიდარობა 4 კედელშიც კი. დაინტერესებულ ადამიანებს ლგბტქი ადამიანების გამოცდილებების გაგება, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახელოვნებო მასალის ხილვა ონლაინ სივრცეში შეეძლოთ.

2021 წელს დასრულდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის შესახებ კანონის განხილვა, რომელშიც მრავალი ინსტიტუცია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეიმუშავეს შენიშვნები, შესწორებები, თუმცა პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მან ამის მიზეზადა ქორწინების შესახებ უკვე არსებულ კანონთან წინააღმდეგობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ განხილვა შეწყდა და დაიწყო მუშაობა კანონპროექტის საბოლოო ჩასწორებებზე, რაც დღემდე არ არის დასრულებული.

2021 წელს, კიდევ ერთი ღირსების მარში ჩატარდა მშვიდობიანად, რომლის სლოგანი იყო — სიყვარული კანონია.

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლაში გავლილი ათწლეულების შემდეგ, სერბეთი დღეს ისევ გამოცდის წინაშეა — შეძლებს თუ არა წარსულის სამწუხარო გამოცდილებების გადაფასებას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

წყარო: Belgrad Prajd

სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის მარშს მხარი დაუჭირა

ლგბტქი ორგანიზაციებსა და სერბეთის ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ, მთავრობამ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის ჩატარების ნებართვა გასცა და განაცხადა, რომ მსვლელობას მხარს დაუჭერს.

ლგბტქი ორგანიზაციების — ბელგრად პრაიდის, All Out–ის, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა (EPOA) და ინტერპრაიდის დელეგაციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც 27 ათასზე მეტი ხელმომწერის მოთხოვნა სერბეთის ხელისუფლებას წარუდგინეს, EPOA-ს პრეზიდენტმა, ლატვიელმა აქტივისტმა, კრისტინ გარინამ აღნიშნა, რომ ევროპრაიდის მარში პრემიერმინისტრის მხარდაჭერით ჩატარდება.

„ეს პეტიცია ადამიანის უფლებათა საბაზისო პატივისიცემის მხარდაჭერას გამოხატავს, რასაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა უნდა იცავდეს. გაიარეთ დღეს ბელგრადში და ბედნიერ, მოსიყვარულე, მშვიდობიან ლგბტქი ადამიანებს ნახავთ, რომლებმაც სოლიდარობის გამოცხადება გადაწყვიტეს. მათ ბელგრადისთვის ზიანი არ უნდათ, არც სერბეთისთვის ან დასავლეთ ბალკანეთისთვის. ისინი პროგრესული ევროპული მომავლის ნიშანი არიან, რისკენაც სერბეთი მიილტვის. ევროპრაიდის მარში ხვალ ჩატარდება პრემიერმინისტრის მიერ დაპირებული მხარდაჭერით, ბულერებს არასდროს დავნებდებით. თავაწეულები ვდგავართ და სიამაყით გავივლით“, — აღნიშნა გარინამ.

ბელგრად პრაიდმა გამოაცხადა, რომ მარში უფრო შემოკლებულ მარშრუტს გაივლის და დახურვის ოფიციალური ცერემონია და კონცერტი ტასმაჯდანის სტადიონზე ჩატარდება.

2022 წლის ევროპრაიდის სერბეთში ჩატარებისთვის მზადებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფებმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართეს, რასაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა — მან ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა. კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და 12 სექტემბერს ევროპრაიდი დაიწყო, თუმცა 13 სექტემბერს სერბულმა პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა. ბელგრად პრაიდმა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთან, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მარშის მონაწილეთა დაცვისკენ მოუწოდეს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების მიერ მარშის მხარდაჭერით დასრულდა.

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ევროპრაიდი მაინც დაიწყო. 

30-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებამ დიდ ბრიტანეთში დაბადებული იდეიდან ევროპელი ლგბტქი ადამიანების საზეიმო, პოლიტიკურ, სოციალურად მნიშვნელოვან პროცესში გაერთიანების ხანგრძლივი, გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომი დასრულდა, მსოფლიო ახალ წესრიგზე გადაწყობის გზას გადიოდა, ლგბტქი უფლებების მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერ კიდევ გადასაჭრელი იყო. 80-იანი წლების აივ-შიდსის ეპიდემიის შოკმა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების არასათანადო, არაეფექტურმა რეაგირებამ ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენები მკვეთრად გააუარესა, ამიტომ საჭირო იყო საპირწონე ნაბიჯები, რომლებიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

რა არის პრაიდი

Getty Images

პრაიდი ლგბტქი ღირსების, ხილვადობის, თანასწორობის მხარდამჭერი მსვლელობა ან ღონისძიებათა სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩაგრული, მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვის აუცილებლობისკენ ყურადღების მიმართვას, მათ მიერ საჯარო სივრცეზე არსებული უფლებით სარგებლობის გზით.

პირველი პრაიდ ღონისძიება 1970 წელს, სტოუნვოლის აჯანყების ერთი წლის თავზე გაიმართა და დღეისთვის, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ყოველწლიური ხასიათი აქვს.

ევროპრაიდის იდეის დაბადება

90-იან წლებში, ევროპაში მძლავრი შემაკავშირებელი ბერკეტების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სწორედ ამის გააზრებიდან დაიბადა ევროკავშირის ჩამოყალიბების იდეა. თუმცა ახალი კავშირის განვითარებაზე ფიქრმა გარკვეული რისკებიც მოიტანა, განსაკუთრებით ევროკავშირს მიღმა, მჩაგვრელი ხელისუფლების მქონე ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში შესვლას ბევრად რთულად შეძლებდნენ.

ლონდონის პრაიდის ორგანიზატორები — გეი და ლესბოსელი ადამიანების პრაიდის ორგანიზების კომიტეტი (LAGPOC) შეშფოთებული იყო დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციით, ამიტომ 1991 წლის მიწურულს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წლის პრაიდ ღონისძიებისთვის ევროპრაიდი ეწოდებინათ, რითაც დიდ ბრიტანეთში და მის მიღმა, მათ შორის, თანამეგობრობისა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას შეძლებდნენ.

LAGPOC-ის ისტორიული შეხვედრის მომდევნო თვეებში, ორგანიზატორები აქტიურად ემზადებოდნენ ლონდონის პრაიდისთვის და პარალელურად უკავშირდებოდნენ, უგზავნიდნენ პოსტერებსა თუ პამფლეტებს ევროპის სხვა ქალაქებს, რომლებშიც პრაიდის ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის, პარიზს, ბერლინსა და ამსტერდამს. იმ დროისთვის საერთაშორისო დონეზე კავშირის დამყარება, ღონისძიების ორგანიზების პროცესში მრავალი ქვეყნის ჩართვა ბევრად რთული იყო, თუმცა პრესრელიზები გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი მედიასაშუალებებში და მალევე სტატიები გავრცელდა ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

საკამათოა, ვისი იდეა იყო ღონისძიების სახელი, ევროპრაიდი, თუმცა ბევრი აქტივისტის თქმით, აღნიშნული ტერმინი LAGPOC-ის წევრს, ვილი მილტონს ეკუთვნის, რომელიც შიდსით გამოწვეული გართულებებით საერთო ევროპულ მარშამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა.

პირველ ევროპრაიდს 100 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა — ლგბტქი ადამიანებმა და მხარდამჭერებმა ლონდონის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს, რასაც ბროკველის პარკში გამართული კონცერტი მოჰყვა. ლონდონის “გეი სცენის” ბარებმა პარკში საკუთარი სტენდები გახსნეს, ღონისძიებას აივ და სექსუალური ჯანმრთელობის ორგანიზაციები ესწრებოდნენ და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, ადგილზე წარმოდგენილნი იყვნენ ქვიარ ბიზნესები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რასის ადამიანებს საინფორმაციო კარვები ჰქონდათ გახსნილი, რაც იმ დროისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა.

პირველ ევროპრაიდს დაესწრნენ ადამიანები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან. ღონისძიების დღეების შესახებ გადაღებულ ვიდეოში პოლიტიკური თემების ღიად განხილვას ნახავთ — ნორვეგიელმა ვიზიტორებმა ლგბტქი თანასწორობის კუთხით არასათანადო ქმედებებისთვის ღიად გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჯონ მეიჯორი, თუმცა თითქმის მთელი ათწლეული გავიდა, სანამ ბრიტანეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე ფიქრს დაიწყებდა.

1992 წლის ევროპრაიდის შემდგომ სპეციალური ჟურნალის ნომერიც გამოიცა, რომელშიც ევროპაში ლგბტქი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე დისკურსს ნახავდით. კაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი ჯერ კიდევ არალეგალური იყო კვიპროსში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუმინეთი კი ქალებს შორის სქესობრივ კავშირსაც კრძალავდა.

ლონდონიდან ბერლინამდე და ამსტერდამამდე

მაშინ, როცა LAGPOC პირველი ევროპრაიდისთვის ემზადებოდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ მოძრაობების წარმომადგენლები გეი და ლესბოსელი ადამიანების ასოციაციის (ILGA World) ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვდნენ. ILGA ევროპრაიდით დაინტერესდა და მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც ზოგადად პრაიდი ჩატარებას, ასევე, ლონდონის შემდეგ, ამ ღონისძიების 1993 წელს ბერლინში გამართვას.

გერმანიაში პრაიდის ტიპის ღონისძიებები კრისტოფერ სთრითის დღედ (CSD) მოიხსენიება, რაც იმ სახელია, რომელზეც ბარი სტოუნვოლი მდებარეობს. CSD-ის ორგანიზატორები 1992 წლის ევროპრაიდს დაესწრნენ და მომდევნო ღონისძიების ბერლინში ჩატარების გამოწვევასაც სიხარულით შეხვდნენ. მართალია, ბერლინში გამართულ ევროპრაიდს უფრო ნაკლები, 30 ათასი ადამიანი დაესწრო, მაგრამ ეს წინა წლის ბერლინის პრაიდის მასშტაბს მაინც სამჯერ აღემატებოდა.

ევროპრაიდის მომდევნო მასპინძელი ამსტერდამ პრაიდი იყო, თუმცა იმავე პერიოდში დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ევროპრაიდი მხოლოდ იმ ქალაქებში არ უნდა ჩატარებულიყო, სადაც ლგბტქი უფლებების თვალსაზრისით ნაკლებად მწვავე ვითარება იყო. 1994 წელს, ILGA-ს კონფერენციაზე ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია (EPOA) ჩამოყალიბდა. ასევე, დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მძლავრ ბერკეტად უნდა ექციათ და ამასთან, ადამიანები საზეიმო ვითარებაში შეეკრიბათ.

ევროპრაიდი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, ამიტომ პირველი სამი მასპინძელი ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებმა არსებობის გაგრძელება ვერ შეძლეს, თუმცა მალევე ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა. ევროპრაიდი კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს კოპენჰაგენში, 1997 წელს პარიზში, ხოლო 1998 წელს სტოკჰოლმში გაიმართა.

ევროპრაიდი 21-ე საუკუნეში

EPOA-ს ხელმძღვანელობით ევროპრაიდი სულ უფრო იზრდებოდა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებს იკრებდა. რომის პრაიდ ორგანიზაციამ კონფერენციაზე იდეა გააჟღერა, რომ ევროპრაიდი გლობალურ ფენომენად ექციათ და მსოფლიო პრაიდი დაეფუძნებინათ. EPOA-მ იდეა მოიწონა და ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო პრაიდ ქსელის კონფერენციაზე წარადგინა. 2000 წელს რომმა პირველ მსოფლიო პრაიდს უმასპინძლა.

მსოფლიო პრაიდის პარალელურად, ევროპრაიდმა არსებობა განაგრძო და ჩატარდა ვენაში, კიოლნში, მანჩესტერში, ჰამბურგში, ოსლოში, მადრიდში ციურიხში, განმეორებით გაიმართა ლონდონსა და სტოკჰოლმში. ცვლილება მოხდა 2005 წელს, როცა თანასწორობის მარშის ორგანიზატორებს პოლონეთმა, კერძოდ კი ვარშავის მერმა მსვლელობის მოწყობაზე უარი უთხრა.

მარშის ორგანიზატორმა, ტომაშ ბაჩკოვსკიმ პოლონეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. აკრძალვიდან 2 წელში სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, აკრძალვა ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ პრაიდში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას EPOA დღემდე მიმართავს, როცა რომელიმე ხელისუფლება ღონისძიების აკრძალვას ცდილობს.

2010 წელს, ევროპრაიდი პირველად ჩატარდა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, პოლონეთში. 2015 წელს კი ლატვია გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ევროპრაიდს უმასპინძლა. რიგაში და ვარშავაში ჩატარებულმა ევროპრაიდებმა ეროვნულ მარშებზე ბევრად მეტი ვიზიტორი მოიზიდა, რამაც ვარშავის პრაიდისა და რიგის პრაიდის ყოველწლიური დამსწრეების რიცხვზე პოზიტიურად იმოქმედა.

მომდევნო წლებში ევროპრაიდი ბევრად უსაფრთხო ქალაქებში — მარსელში, ისევ ოსლოში, ლონდონში, ამსტერდამსა და ვენაში ჩატარდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შედარებით დაცულ გარემოში ღონისძიების ჩატარება მძლავრი გზავნილების, ეფექტური კამპანიის დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს. ევროპრაიდი მუდამ ცდილობდა, მიეზიდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი აუდიტორია, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, პოლიტიკოსები, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურები და აქტივიზმისა და საზეიმო მსვლელობის ერთგვარი ნაზავი მოეწყო.

2019 წელს, ბილბაოში გამართულ კონფერენციაზე 2022 წლის ევროპრაიდის მასპინძლობის სურვილი ოთხმა ქალაქმა: ბარსელონამ, ბელგრადმა, დუბლინმა, ლისაბონმა და პორტომ კი ერთობლივად გამოთქვეს. ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არგუმენტები, გეგმა და კულტურულ ღონისძიებათა იდეები წარადგინა, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიების ჩატარებას, ხელშეწყობას გეგმავდნენ.

საბოლოოდ, ბელგრად პრაიდის კანდიდატურამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და EPOA-ს წევრების 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სიტუაცია გასაკვირი არაა, თუ ბელგრად პრაიდის ისტორიას გავითვალისწინებთ — დაახლოებით 20 წლის წინ, თანმდევი პროტესტის მიუხედავად ჩატარებულ ღონისძიებებს ბოლო წლებში ბევრად მშვიდობიანი აქტივობები ჩაენაცვლა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძვრებისა, ლგბტქი უფლებები სერბეთში ჯერაც არ არის სახარბიელო — ევროპის ადამიანის უფლებათა რუკაზე სერბეთს ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტი უსწრებს და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი.

2022 წლის ევროპრაიდი ღონისძიების მიერ განვლილი გზის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა — 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლისა და სერბეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში, ლონდონში დაწყებული მოძრაობა დღეს უკვე ახალ, თანასწორობის გზაზე მდგომ ქვეყანაში იმართება.

ევროპრაიდმა ხანგრძლივი გზა გაიარა და პარალელურად იცვლებოდა ევროპაში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. წინ კიდევ გრძელი გზაა, რომელმაც საბოლოოდ თანასწორობის მაქსიმალურ დაცვამდე უნდა მიგვიყვანოს, ეს კი ერთიანი ძალებით უფრო მარტივად წარმოსადგენია.

წყარო: European Pride

ევროკავშირი სერბეთს ევროპრაიდის მშვიდობიანად ჩატარების გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპრაიდის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გააგრძელოს, რათა ღონისძიების მშვიდად და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები შეიქმნას. პრესსპიკერის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ყველაზე დიდი ევროპული ლგბტქი მარშის სერბეთში ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თანასწორობას და გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ევროპრაიდი პირველად 1992 წელს ჩატარდა და ღონისძიების მიზანი ევროპაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უფლებათა ადვოკატირებაა, იმ ადამიანებისთვის პლატფორმის მიცემა, რომლებიც დისკრიმინაციას, ძალადობასა და სიძულვილს უმიზეზოდ, მხოლოდ მათი სექსუალობის, სქესისა და გენდერის მიზეზით აწყდებიან“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

გამოქვეყნებული განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ახლო პარტნიორებისგან ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი პირების უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისთვის სათანადო ძალისხმევას“ ელის, რაც „შეკრებისა და გამოხატვის მათი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია“.

ევროპრაიდის სამხრეთ-ევროპის ქვეყანაში ჩატარება, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი არაა, პირველად იგეგმება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰომოფობიური აქცია მოჰყვა, სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა. განცხადების საპასუხოდ ევროპრაიდის სერბეთში ჩატარების მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა, ევროპრაიდის ორგანიზატორებმა კი თქვეს, რომ ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ და ერთადერთი, რასაც აუქმებენ, სიძულვილია.

ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

ონლაინ პლატფორმაზე All Out, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს ლგბტქი უფლებებისთვის საკუთარი პეტიციის შექმნის საშუალებას აძლევს, ბელგრადის პრაიდის მხარდასაჭერად პეტიცია გამოქვეყნდა.

გთავაზობთ პეტიციის მიმართვას უცვლელად, რომელსაც ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაცია უჭერს მხარს.

„სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს:

ლგბტქი თემი დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანაში უამრავ სირთულეს ებრძვის და ისეთი პრობლემების წინაშეა, როგორიცაა პირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, ხისტი მთავრობები, რომლებიც შეთავაზებული კანონების მიღებაზე უარს ამბობენ.

ევროპრაიდი 2022 რეგიონში მცხოვრები საზოგადოებისთვის არის შანსი თანასწორობისთვის ბრძოლაში საერთაშორისო ყურადღების მიქცევით გააუმჯობესოს თავისი პოზიცია, არსებული გამოწვევების შესახებ აამაღლოს ცნობიერება.

ჩვენ, ბელგრადის პრაიდი და ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია, ვთხოვთ სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს, მხარი დაუჭიროს ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობას ბელგრადში, ხოლო სერბეთის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც დაადასტურებს მათ ერთგულებას თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ლიდერობენ.

ღონისძიების გაუქმება ან გაუქმების რეკომენდაციის გაცემა მათი მუქარის გამო, ვინც ეწინააღმდეგება თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს, მათ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. სიძულვილს არ აქვს გამარჯვების უფლება და ევროპრაიდი სერბეთის მთავრობის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს“.

ბელგრადი ლგბტქი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპრაიდის მარში 2022 წლის 17 სექტემბერს არის დაგეგმილი, მაგრამ ღონისძიება რისკის ქვეშ დგას.

ბელგრადის პრაიდს ორგანიზებას უწევენ ლგბტქი უფლებადამცველი ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ლგბტქი საზოგადოების ხილვადობის ამაღლებისათვის, ცრურწმენებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ, თანასწორობისთვის იბრძვიან.

2019 წლის სექტემბერში ბელგრადმა ისტორიულ ტენდერში გაიმარჯვა ბარსელონას, დუბლინისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპრაიდი 2022 ბელგარდში უნდა გამართულიყო.

2019 წლის დასაწყისში, სერბეთის პრემიერმინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა, რომელიც პირველი ღიად ქვიარი ქალია ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ხელი მოაწერა მხარდაჭერის წერილს ბელგრადის მიერ ევროპრაიდი 2022-ის მასპინძლობის შესახებ. წერილში ნათქვამია:

„ამ მხარდაჭერით მინდა ხაზი გავუსვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დადასტურდეს ჩვენი მიზანი, ავაშენოთ უკეთესი და თანასწორი ქვეყანა ყველასთვის. მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყველა მოქალაქის უფლებებს უზრუნველყოფს და გპირდებით, რომ ბელგრადის პრაიდის ორგანიზატორებს ევროპრაიდის უსაფრთხო და წარმატებულ ორგანიზებაში დავეხმარებით“.

2022 წლის 27 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ანა ბრნაბიჩი სერბეთის პრემიერმინისტრად კიდევ ერთი ვადით დანიშნა. მედიასთან გამოსვლისას ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპრაიდი გაუქმდება“. განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების, აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე სერბეთში.

„სახელმწიფოს, კონკრეტულად პოლიციას, ევროპრაიდის მარშის ჩაშლა შეუძლია, მაგრამ მას ვერ გააუქმებენ. ასეთი გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ევროპრაიდი 2022-ისთვის დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებები არ აიკრძალება. ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გავასაჩივრებთ“ — განაცხადეს ევროპრაიდის ორგანიზატორებმა და დასძინეს, რომ მზადება ყველა დაგეგმილი ღონისძიებისთვის გრძელდება.

პრაიდის გამართვა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პრაიდის „აკრძალვის“ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაა, რომელიც ხელმოწერილია სერბეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ.

ბელგრადში დაგეგმილი ევროპრაიდი არ გაუქმდება — ორგანიზატორები

2022 წელს დაგეგმილი ევროპრაიდი, რომელსაც სერბეთი მასპინძლობს, არ გაუქმდება.

გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოწოდებების საპასუხოდ, ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტინ გარინამ, რომელიც ევროპრაიდს ლიცენზიას გასცემს, განცხადება გააკეთა:

„არც ევროპრაიდ 2022 წლის მასპინძელი, ბელგრადის პრაიდი და არც ჩვენ, ლიცენზიის გამცემები, ბელგრადში ევროპრაიდს არ გავაუქმებთ.

პრაიდის გამართვა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პრაიდის „აკრძალვის“ ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევაა, რომელიც ხელმოწერილია სერბეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ.

გარდა ამის, უნდა აღინიშნოს, რომ ბელგრადში ევროპრაიდის მოწინააღმდეგეები მოძველებულ მეთოდებს, უზუსტობებსა და ცრუ ინფორმაციას იყენებენ იმის დისკრედიტაციისთვის, რაც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგები ვართ, როდესაც ყველა ოჯახიდან მოვდივართ და უამრავ ჩვენგანს საკუთარი ოჯახიც ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებზე ვძალადობთ, როცა თითოეული ჩვენგანი მტკიცედ გმობს ბავშვებზე ძალადობას. ისინი აცხადებენ, რომ სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის ჩასატარებლად 40 მილიონი ევრო გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას ამაზე მცირე თანხა დასჭირდა, რომელიც მთავრობისგან არ მიუღია. მათი ყოველი პრეტენზია სიცრუესთანაა დაკავშირებული, ხოლო ევროპრაიდის აკრძალვის მცდელობის შემთხვევაში, ხელისუფლება მათ სიცრუეს დამორჩილდება.

ბელგრადში დაგეგმილი ევროპრაიდი არ გაუქმდება. ის გააერთიანებს ათასობით ლგბტქი ადამიანს მთელი ევროპიდან სერბ ლგბტქი ადამიანებთან ერთად და მეტიც, დასავლეთ ბალკანეთიდან. იგი გაამდიდრებს ადგილობრივ ეკონომიკას და სერბეთს საშუალებას მისცემს, აჩვენოს, რომ პროგრესულ, ევროპისკენ მიმავალ გზას ადგას. სერბეთის ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა მტკიცედ დადგეს მოძალადეების წინააღმდეგ და ღონისძიება დაიცვას“.

ევროპრაიდი 2022 ბელგრადში 12-18 სექტემბერს გაიმართება.

სერბეთის დედაქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე, ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, პირველი ქალაქი იქნება, რომელიც ლგბტქი საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს.

დასავლეთ ბალკანეთში ლგბტქი თემი უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინაშე დგას. ევროპრაიდი ბელგრადში გარდამტეხი მომენტია რეგიონში, რომელიც ლგბტქი აქტივისტების თანასწორობის მისაღწევად ჩადებულ ძალისხმევას გაუსვამს ხაზს და მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელების სტიმულს მისცემს.