აქცია
/

აქციაზე დაკავებული ყველა პირი, გარდა ერთისა, გათავისუფლებულია — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გათავისუფლდა ყველა ადამიანი, გარდა ერთისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულს, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. უწყების ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანი დააკავეს.

“დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე”, — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, “ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით” გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.

“ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები”, — აცხადებენ უწყებაში.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. ახალ მოთხოვნებს შორის იყო ყველა დაკავებულის გადავისუფლებაც, რაც, ფაქტობრივად, შესრულდა. ამ ეტაპზე დარჩენილია ერთი ადამიანის გათავისუფლება და პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა, სადაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ჩააგდებენ.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები — აშშ

შემდეგი

აქციაზე დაკავებულ ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა — ადვოკატი

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,