/

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები — აშშ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალურად უარყოს რუსული კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ამის შესახებ საუბარია საელჩოს ახალ განცხადებაში.

“ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის” შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია”, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. ახალი მოთხოვნებია ყველა დაკავებულის გათავისუფლება და პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა, სადაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ჩააგდებენ.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

“გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა” — პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიას

შემდეგი

აქციაზე დაკავებული ყველა პირი, გარდა ერთისა, გათავისუფლებულია — შსს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების