ტრიქსი — დრეგ ხელოვანის გზა ოჯახში ძალადობიდან სუპერვარსკვლავობამდე

2015 წელს, როცა ბრაიან ფირკუსი ამერიკული რეალითი შოუს Rupaul’s Drag Race-ის მე-7 სეზონში გამოჩნდა, არც შოუს სხვა მონაწილეებს და არც მაყურებელს ალბათ არ უფიქრია, რომ არტისტი, რომლის დრეგ სახელი, ტრიქსი მატელი დღეს უკვე ყველამ იცის, წარმატებას მიაღწვდა. კომიკოსი ქვინი მკვეთრი, გაუმართავი მაკიაჟით და ნაკლებად დახვეწილი სამოსით გამოჩნდა, სეზონის განვითარებასთან ერთად კი დავინახეთ, რომ თავდაჯერების არქონის გამო, რასაც შეჯიბრის ტიპის რეალით შოუში მონაწილეობის წნეხი დაემატა, ტრიქსიმ საკუთარი უნარების ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო. ამიტომ, მე-4 ეპიზოდში შოუს გამოეთიშა.

მოგვიანებით მას საკუთარი უნარების აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა, როცა მე-8 ეპიზოდში დაბრუნდა, თუმცა, ვერც ამ შესაძლებლობის გამოყენება შეძლო — მაყურებელმა ვერც გამორჩეული კომიკოსი დაინახა, არც მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ გაუგია რამე და მარტივი იქნებოდა თქმა, რომ რიგითი დრეგ არტისტი ვიხილეთ, რომელმაც წამიერი ცნობადობის მოპოვება შეძლო და დაიკარგა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შოუს მაყურებლებმა მის შესახებ არ იცოდნენ, ის იყო, რომ ტრიქსი ალბათ ყველაზე შრომისმოყვარე ხელოვანია, რომელმაც საკუთარი კარიერა დრეგს დაუკავშირა და ამიტომ, დანებებას არ აპირებდა, თანაც, საკუთარი თავისთვის და ოჯახისთის დასამტკიცებელი ბევრი ჰქონდა — ბოლოს და ბოლოს, მისი დრეგ სახელიც კი ბავშვობის ტრავმების გამოძახილია.

ბრაიან ფირკუსი ტრიქსის დაბადებამდე

ბრაიან ფირკუსი 1989 წელს დაიბადა და ვისკონსინის შტატში, მილოუკის გარეუბანში უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. მამა არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა მამინაცვალი, რომლის მხრიდანაც სექსუალური ორიენტაციის, უფრო სწორად კი, ნაკლები მასკულინურობის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ბრაიანმა ბავშვობა ალკოჰოლდამოკიდებულ დედასთან და მამინაცვალთან გაატარა. მთვრალი მამინაცვალი სცემდა და ფემინურობის და იმის გამო, რომ ბარბის თოჯინებით თამაში უყვარდა, ქალის მეტსახელს, ტრიქსის ეძახდა. ბავშვობისა და თინეიჯერობისას მუდმივად ოჯახში ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღით მუქრამდე მივიდა, ამიტომ 15 წლის ბრაიანი სოციალურმა სამსახურმა ოჯახს გამოარიდა. იგი ასაკიდან ბებიასთან ცხოვრობდა, რომელიც საპირისპირო გენდერთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარებისკენ ლტოლვას, მაკიაჟით ჩატარებულ ექსპერიმენტებს და ფემინური ნაწილის გამოვლენას არ უპირისპირდებოდა.

მუშაობა ადრეულ ასაკში, სავაჭრო მოლის მაკიაჟის სტენდში დაიწყო და იმ დროიდანვე იცოდა, რომ კარიერას სილამაზის ინდუსტრიას დაუკავშირებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ბევრად დიდი მასშტაბით — მილოუკის ერთ-ერთ ბარში დრეგთან პირველი შეხება, ბავშვობის ძალადობრივი გამოცდილებებიდან დაბადებული სახელი ტრიქსი და ფსევდო გვარი, მატელი (ბარბის თოჯინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი) ბრენდად იქცა. ყველაფერი კი უიქენდებზე დრეგ ხელობით ღამეში გამომუშავებული 30$-ით დაიწყო.

ვინ არის ტრიქსი

Vogue

ტრიქსი მატელი ბარბის თოჯინების მრავალწლიანი ისტორიის შთაგონებით შექმნილი დრეგ პერსონაჟია, გნებავთ, ბარბის კარიკატურა, რომელიც კლასიკური გაგებით ბარბის სრულყოფილ იმიჯს არ ერგება. ისიც უნდა ითქვას, რომ ის ამ სტერილურ ჩარჩოს არღვევს — ბევრად გამბედავია, მაკიაჟით ექსპერიმენტებს ატარებს, ფანებს შავი იუმორით ხიბლავს, გამუდმებით იცინის ბავშვობის ტრავმებზე და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზე. ის სექსუალურ გამოცდილებებზე ღიად საუბრობს და ისევე, როგორც ბარბის თოჯინები ირგებენ ახალ-ახალ პროფესიებს, საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯვას არ ერიდება და რაც მთავარია, საკუთარ მიზნებს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.

„მგონი დრეგს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ერთგული ფანებიც კი. მთავარი ისაა, რამდენად სერიოზულად ეკიდები ფაქტს, რომ სასაცილო ხარ“, — ამბობს ტრიქსი, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ დრეგი ილუზიაა — საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ტყუილის დაჯერება, რომელიც თავისთავად ჯადოსნურია.

სწორედ ეს აძლევს თავისუფლებას, რომ საკუთარი პერსონა ფანებს ისე გააცნოს, როგორც სურს — „გამხდარი ლეგენდა“, „ბიოლოგიური ქალი“ თუ ნებისმიერი სხვა ტერმინი შეიძლება შენი არტ-იდენტობის ნაწილად იქცეს.

ტრიქსი საეკრანო პარტნიორად იქცა ეკატერინა პეტროვნა ზამოლოჩიკოვა, Rupaul’s Drag Race-ის კიდევ ერთი მონაწილე, თვითგამოცხადებული „მაღალი კლასის რუსი სექს-მუშაკი”. მათ ერთად კომედიური იუთუბ ვიდეოების სერია — UNHhhh წამოიწყეს, რომელშიც საუბრობენ იმაზე, რაზეც სურთ, “რადგან ეს მათი შოუა და არა ჩვენი“.

ეკრანზე წარუმატებელი გამოჩენის შემდეგ, ტრიქსისთვის ეს შემობრუნების წერტილი იყო, რადგან მაყურებელმა სულ სხვა თვალით დაინახა — ყველასგან გამორჩეული კომიკოსი, რომელიც პარტნიორის კომენტარებზე სხარტად რეაგირებს, აჟღერებს ახალ ფრაზებს, რომელიც პოპკულტურის ნაწილად იქცევა, არასდროს არის მოსაწყენი და მუდმივად ვითარდება.

Youtube შოუში ფანებმა კატიას და ტრიქსის მეგობრობის განვითარება და მათი დრეგ პერსონაჟების სულ უფრო დახვეწა იხილეს. სულ მალე, შოუ სატელევიზიო ფორმატს მოერგო და დრეგ-ტანდემი ბევრად დიდ მასშტაბზე გადავიდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატების პარალელურად, ფანები აქტიურად ითხოვდნენ, რომ ტრიქსი Rupaul’s Drag Race-ის ფრენჩაიზში, All Star-ში მიეწვიათ, რომელშიც გასული სეზონების გამორჩეული მონაწილეები საუკეთესო ქვინის ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ იბრძვიან. ტრიქსის და კატიას სატელევიზიო წარმატების პერიოდსვე დაემთხვა კატიას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ნარკოტიკებით იყო გამოწვეული, ამიტომ ტრიქსის დრეგ პარტნიორმა ერთწლიანი შესვენების აღება და საკუთარ თავზე ზრუნვა გადაწყვიტა.

ტრიქსის დაბრუნება Drag Race-ში — არნახული წარმატების დასაწყისი

WowPresents

კატიას, იმ დროისთვის ტრიქსის უკვე ახლო მეგობრის თავსდატრიალებული ამბებისა და შოუს სატელევიზიო ეთერიდან მოხსნის პარალელურად, ტრიქსი All Star-ის მე-3 სეზონში გამოსაჩენად ემზადებოდა. ეკრანებზე წინა გამოჩენის შემდეგ 3 წელი იყო გასული, უკვე თავდაჯერებაც ჰქონდა და ამ შანსის დაკარგვას არ აპირებდა, ამიტომ შოუს პრემიერის დღეს პირველი სინგლი გაავრცელა, რასაც ფინალური ეპიზოდის დღეს სრული ალბომი მოჰყვა. ამასთან, ვარსკვლავების სეზონის გამარჯვებული გახდა, რასაც შოუს ფანების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან სხვა ქვინს ბევრად ღირსეულად მიიჩნევდნენ. არაერთგვაროვან შეფასებებს ტრიქსი არ შეუჩერებია — ზუსტად იცოდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რატომ იყო გამარჯვებულის ტიტულის ღირსი.

ქანთრის შემრსულებელმა ერთადერთმა დრეგ ქვინმა 2018 წელსვე გამოუშვა მეორე ალბომი, წინა ალბომის, Two Birds-ის (ორი ჩიტი) ერთგვარი გაგრძელება — One Stone (ერთი ქვა).

როგორც თავად ამბობს, „ქანთრის შემსრულებელ დრეგ არტისტებს შორის საუკეთესოა, რადგან ერთადერთია“. ამ ჟანრს სხვა ქვინები შეასრულებენ თუ არა, ერთი რამ ცალსახაა — ტრიქსის გამორჩეული ნიჭი აქვს: წერს ტექსტებს, მუსიკას, არჩევს ვიზუალს, ჰყვება ბავშვობისა და მოზარდობის გამოცდილებებზე ან, ქანთრის ვარსკვლავი ბარბის იმიჯს ამოფარებული, უბრალოდ გასართობ სიმღერებს ასრულებს, რომლებიც ბილბორდის ჩარტებში მოწინავე ადგილებს იკავებს.

ოლ სთარის მოგების ირგვლივ არსებული უთანხმოება უკვე დავიწყებული იყო, როცა 2019 წელს ნეთფლიქსზე ტრიქსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Moving Parts (მოძრავი ნაწილები) პრემიერა შედგა. ფილმში ტრიქსიმ ღიად ისაუბრა ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებებზე, საკუთარ დრეგ შთაგონებაზე — მაყურებელმა მისი და კატიას მეგობრობის განვითარება, ოლ სტარისთვის მზადება, კატიას მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება, ტრიქსის ოჯახთან ურთიერთობა იხილა. გულახდილმა დოკუმენტურმა ფილმმა მისი გულშემატკივრების არმია კიდევ უფრო გაზარდა.

ტრიქსი — ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება

Disney+

ტრიქსის მუსიკალური კარიერა ორი ალბომით არ დასრულებულა — 2020 წელს Barbara გამოუშვა, 2022 წელს კი The Blonde & Pink Albums.

ამასთან, კარიერული ექსპერიმენტების თუ სხვადასხვა წამოწყების პარალელურად, Youtube არხს მართავს, 1,7 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ფანებთან მუდმივად ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. პლატფორმას სხვა დრეგ შემსრულებლებსაც უზიარებს და იუთუბის ვიდეოებში ახალი ქორეოგრაფიის, ტურნეს თუ სხვა პროდუქტის მომზადებაში Drag Race-ის კარგად ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ხელოვანების სახელებს შეხვდებით.

შექმნა წარმატებული მაკიაჟის ბრენდი Trixie Cosmetics, რომელიც უკვე შემდგარი ბიზნესია, რაც მხოლოდ იმის დამსახურება არაა, რომ მის სახელთან ასოცირდება — ტრიქსი პროდუქტისთვის ახლებურ შეფუთვას, ორიგინალურ გადაწყვეტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და ეკომეგობრულ მიდგომებს იყენებს, რათა თითოეულ მომხმარებელს მოერგოს.

წლების წინ შეჯიბრების ტიპის შოუში მონაწილის სტატუსით მისული, ჟიურის სავარძელშიც აღმოჩნდა. მალე Queen of the Universe-ის მეორე სეზონი გამოვა და ტრიქსი ისევ ჟიურის ერთ-ერთი მთავარი წევრი იქნება.

ტრიქსის ბოლო სიახლე ფალმ სფრინგსში შეძენილი ძველი მოტელია, რომლის საკუთარი ბრენდის ესთეტიკით რენოვაცია გადაწყვიტა და ეს პროცესი სატელევიზიო შოუდ აქცია — 8 ეპიზოდისგან შემდგარი Trixie Motel-ის ნახვას Disney+-ზე შეძლებთ.

ტრიქსი საკუთარი ბრენდის განვითარებას არაერთი მიმართულებით ცდილობს, თუმცა ახერხებს და არ კარგავს იმ ესთეტიკას, რომლის ირგვლივაც შეიქმნა — ყველაზე მაღალშემოსავლიანი, სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შრომისმოყვარე დრეგ ქვინია Drag Race-ის უთვალავი სეზონის მონაწილეებს შორის. ამიტომ, რთულია იმის განსაზღვრა, რა სიახლეები ელით ფანებს სამომავლოდ.

წინა

თურქეთში ანტი-ლგბტქი მსვლელობა გაიმართა

შემდეგი

შოტლანდიელი ფეხბურთელი ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა

ბოლო სიახლეები

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook6Tweet0Shares6 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook2Tweet0Shares2 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook2Tweet0Shares2 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და