ალბათ, Tinder-ზე, Grindr-ზე ან ონლაინ გაცნობის სხვა აპლიკაციებში ხშირად შეგიმჩნევიათ პროფილში მითითებული ფრაზა „აქტი ვარ“ ან „პასი ვარ“. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ეს რაღაცნაირად სექსუალურ პრეფერენციებს უკავშირდება, თუმცა ზუსტად რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“ ან „უნი“ სექსის დროს?
„აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის ტერმინები, რომლებითაც ადამიანის სექსუალური პრეფერენციები აღიწერება. ყველაზე პირდაპირი და მარტივი განმარტებაა, რომ „აქტს“, ანუ „ტოპს“, მოსწონს, როდესაც თვითონ აკონტროლებს სიტუაციას, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ (შემღწევ) სექსში აქტიურობას და გამცემობას, ხოლო „პასს“, ანუ „ბოთომს“, უნდა, რომ კონტროლის სადავეები რაღაც დონეზე სხვას დაუთმოს, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ სექსში პასიურობას და მიმღებობას. მათთვის, ვინც „უნი“, ანუ „ვერსია“, ორივე პოზიცია და ძალაუფლების დინამიკა თანაბრად სასურველია. ცხადია, ეს მხოლოდ გამარტივებული (და ცოტა მოძველებული) პასუხია, რადგან ყველა ადამიანს თავისი პირადი საზღვრები და პრეფერენციები აქვს.
ზოგი თეორიის თანახმად, ქვიარ თემმა სექსუალური პრეფერენციების აღსაწერად „ტოპისა“ და „ბოთომის“ გამოყენება 1960-იან და 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვიარებმა შეიმუშავეს „საიდუმლო ენა“ — ერთგვარი მანიშნებლები, მაგალითად, სხვადასხვა ფერის ცხვირსახოცები და ბენდენები — საკუთარი სექსუალური პრეფერენციების გასამჟღავნებლად ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეს დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როდესაც ტერმინი „ვერსი“ ქვიარ-ლექსიკონის ნაწილი გახდა.
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ტერმინები „ტოპი“, „ბოთომი“ და „ვერსი“ ექსკლუზიურად ქვიარ კაცებისთვის არ არის და ისინი შეიძლება ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობაში გამოიყენოთ — ზოგჯერ სისგენდერ ჰეტეროსექსუალ კაცებსაც მოსწონთ სტრაპონი. გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი „აქტობს“ და „პასობს“ პენეტრაციის გარეშე და არცერთი კატეგორიზაცია თუ ტერმინი არ არის ყოვლისმომცველი. იმ ადამიანების აღსანიშნავად, ვისაც პენეტრაცია საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა, ასევე გამოიყენება ტერმინი „საიდი“, რომელზეც ამ სტატიაში მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საბაზისო ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“.
რას ნიშნავს „აქტი“, ანუ „ტოპი“?
„აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თვითონ აკონტროლებდეს სიტუაციას.
Carly S.-ის, Spectrum Boutique-ის სიამოვნების პედაგოგის თანახმად, აქტობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მათ შორის, ე.წ. „თითაობა“ („ფინგერინგი“; ინგლ. Fingering), ორალური სექსის გაცემა ან მიღება, პენისით ან სტრაპონით პენეტრაცია (შეღწევა) პარტნიორის სხეულში და სხვა აქტები, რომლებშიც ადამიანი ფლობს კონტროლს პარტნიორის სიამოვნებაზე.
„აქტობა აუცილებლად იმის მექანიკას არ გულისხმობს, თუ როგორ აქვს ვიღაცას სექსი, არამედ ძალაუფლების ისეთ დინამიკას, სადაც ერთი ადამიანი „უძღვება“ სექსს და უფრო მეტად განსაზღვრავს იმას, თუ რა აქტივობები მოხდება სექსში“, — ამბობს Carly S.
მართალია, სექსში კონტროლის ქონის იდეა „აქტობის“ ზოგადი გააზრებისთვის ხელშემწყობია, მაგრამ Spectrum Boutique-ის დამაარსებელი, ზოი ლიგონი ამბობს, რომ „აქტობის“ სტანდარტული განმარტებები არასაკმარისია სექსუალური იდენტობების ნიუანსების აღსაწერად.
ასეთ განმარტებებს, მისი თქმით, „აკლია ისეთი ნიუანსები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. „Power bottom“, რომელიც სექსუალური აქტების მიმღებია, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებს, ან ე.წ. „Service top“, რომელიც ასრულებს ამ აქტებს, მაგრამ იღებს ბრძანებებს. ზოგჯერ, სულაც არ ხდება არავითარი „ძალაუფლების მიმოცვლა“ და სექსი, უბრალოდ, სექსია, ან ზოგჯერ სქესობრივი აქტი არ ხდება და არის მხოლოდ ძალაუფლების მიმოცვლა“.
საბოლოოდ, „აქტობა“ არის სპექტრი, რომელიც სექსუალური იდენტობების დიდ დიაპაზონს მოიცავს. მაგალითად, „Stone top“ არის ისეთი აქტი, რომელიც ასრულებს მოქმედებებს და „გასცემს“, მაგრამ არ სურს საპასუხოდ რაიმეს მიღება. განურჩევლად იმისა, თუ რა არის თქვენი პარტნიორის როლი და პრეფერენცია, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფორმის სექსამდე ისაუბროთ და განსაზღვროთ ზუსტი საზღვრები.
როგორ ვიყოთ „აქტი“ სექსის დროს
არ არსებობს „აქტობის“ სწორი გზა — ყველას განსხვავებული სურვილები აქვს და მთავარი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის პარტნიორთან კომუნიკაცია. თუკი სექსში კონტროლის ქონა გსურთ, ჰკითხეთ პარტნიორს, რა აინტერესებს და რა არის მისი საზღვრები.
მნიშვნელოვანია, რომ სექსში „აქტად“ ყოფნის დროს ხშირად გადაამოწმოთ პარტნიორთან, როგორ გრძნობს თავს, რადგან პენეტრაცია შეიძლება მტკივნეული იყოს. დაიწყეთ ნელა და პატივი ეცით პარტნიორის ტკივილის ამტანობას, მოდუნებულობისა და კომფორტის დონეს.
„მხოლოდ იმის თქმა, რომ „აქტი ვარ“, საკმარის ინფორმაციას არ იძლევა საიმისოდ, რომ გაიგო, რა მოსწონს და არ მოსწონს ადამიანს სექსში. სწორედ ამაშია კარგი სექსის საიდუმლო — საუბარში“, — ამბობს ლიგონი.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ არსებობს „აქტობის“ უამრავი სხვადასხვა გზა. პერფორმანსზე შფოთვა და დარდი აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერექციის ქონა ან დომინანტობა „აქტობისთვის“ აუცილებელი არ არის.
რას ნიშნავს „პასი“, ანუ „ბოთომი“?
აქტობის საპირისპიროდ, „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ. ეს საკმაოდ ზოგადი დეფინიციაა და ბუნდოვანია, მაგალითად, ორალურის დროს, ვინ შეიძლება იყოს „პასი“ და ვინ „აქტი“.
„როდესაც პასზე ვფიქრობ, უფრო ისეთ ადამიანს წარმოვიდგენ, რომელსაც სურს, იყოს მეტად მორჩილი და/ან მიიღოს მითითებები“, — ამბობს ჯიმანეკია ებორნი, ტრავმების სპეციალისტი და სექსუალობის პედაგოგი.
მიუხედავად ამისა, Carly S. განმარტავს, რომ ზოგი „პასი“ მაინც შეიძლება იყოს უფრო დომინანტური და ჰქონდეს კონტროლი სექსში. აქტობის მსგავსად, პასობაც სპექტრია. მაგალითად, ე.წ. „Power bottom“ არის ისეთი „პასი“, რომელიც სექსის დროს პარტნიორს ეუბნება, რა გააკეთოს. ე.წ. „Bratty bottom-ებს“, როგორც წესი, მოსწონთ სექსის დროს აქტების „წვალება“ და მათი დაკნინება. პასობის სხვა ქვეკატეგორიებს შორისაა ე.წ. „Stone bottom-ები“, იგივე „ბალიშის პრინცესები“ (ინგლ. Pillow Princess), რომლებსაც, როგორც წესი, სექსის დროს მხოლოდ სიამოვნების მიღება სურთ და გაცემით არ არიან დაინტერესებულები.
მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის, ადამიანის სექსუალური იდენტობისგან განურჩევლად, საკვანძო ასპექტია კომუნიკაცია და იმაში გარკვევა, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს პარტნიორს სექსის დროს, რაც იმის წინაპირობაა, რომ სექსში ყველამ დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.
როგორ ვიყოთ „პასი“ სექსის დროს
ლიგონის თქმით, ისევე, როგორც ყველა სხვა ფორმის სექსის შემთხვევაში, პარტნიორთან სექსამდე და სექსის დროს კომუნიკაცია აუცილებელია. დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო საზღვარი დაადგინეთ და ესაუბრეთ პარტნიორს იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და პროცესის დროსაც გააგრძელეთ ამაზე კომუნიკაცია. იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი და სიამოვნება მიიღოთ, აუცილებელი არაა, სექსში კონტროლს თქვენ ფლობდეთ.
ლიგონის თქმით, არცერთ კატეგორიასა თუ „იარლიყს“ არ შეუძლია ადამიანის იდეალურად აღწერა და სწორედ ამიტომაა კომუნიკაცია საკვანძო, განურჩევლად სექსუალური იდენტობისგან.
„ადამიანებს ვურჩევ, თავად განსაზღვრონ, რას ნიშნავს ეს ტერმინები მათთვის, რათა პარტნიორებს უფრო დაწვრილებით მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესახებ, რადგან ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია. ეს ტერმინები კარგი საწყისი წერტილია დისკუსიის დასაწყებად, მაგრამ არასწორია რაღაც დასკვნების გამოტანა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი ვიღაცისთვის, თუკი ამას არ კითხავთ“, — ამბობს ის.
თუკი ჯერ კარგად არ იცით, რა საზღვრები გაქვთ სექსში, კარლი გთავაზობთ, გამოიკვლიოთ საკუთარი სხეული მასტურბაციის მეშვეობით. პენეტრაცია, შესაძლოა, თავიდან მტკივნეული იყოს, ამიტომაც თუკი ეს ისეთი რამაა, რაც გინდათ სცადოთ, როგორც პასმა, შეიძლება წინასწარ სექს-სათამაშოების გამოყენება და ვარჯიში დაგეხმაროთ.
„თავიდან მარტომ გამოიკვლიეთ საკუთარი სხეული, იქნება ეს თითებისა თუ სექს-სათამაშოების დახმარებით, ან, უბრალოდ, ამ თემაზე წიგნების კითხვით. სექსამდე გარკვეული ცოდნის ქონა საშუალებას მოგცემთ, უფრო თავდაჯერებული იყოთ და უკეთ გამოთქვათ თქვენი საზღვრები, სურვილები, საჭიროებები“ — ამბობს კარლი.
რას ნიშნავს „უნი“, ანუ „ვერსი“?
„უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც. „უნის“ ასევე შეიძლება მოსწონდეს აქტობის კონკრეტული ნაწილები და პასობის კონკრეტული ნაწილები, მაგრამ არ სურდეს „აქტის“ ან „პასის“ როლის სრულად შესრულება.
„უნი არის ადამიანი, რომელსაც ორივე როლს შორის მონაცვლეობა შეუძლია, რადგან ის უნივერსალურია. უნივერსალები ბევრი მიზეზით ცვლიან თავიანთ როლს, იქნება ეს აქტივობა, პარტნიორი, კვირის დღე თუ თავიანთი საცვლის ფერი. მათთვის, შესაძლოა, მოტივაცია იყო საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის ყველაზე დიდი სიამოვნების მინიჭება“, — ამბობს შანაი ადამსი, სექსუალობის პროფესიონალი.
როგორ ვიყოთ „უნი“ სექსის დროს
ადამსის რეკომენდაციაა, რომ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ განასახიერებთ აქტობისა და პასობის ენერგიას სექსს მიღმა და ეს სექსში შემოიტანოთ უნივერსალობის დროს.
„თუკი გინდათ, რომ „აქტი“ იყოთ, და ყველაზე დომინანტური რამ, რასაც აკეთებთ, Starbuck-ის შეკვეთაა, ეს ენერგია სექსში შემოიტანეთ. ესაუბრეთ პარტნიორს ბრძანებების მიცემაზე ან იმის თქმაზე, თუ რა გააკეთოს. თუკი გინდათ, რომ უფრო მორჩილი იყოთ და გიყვართ ის შეგრძნება, როდესაც სხვების სიამოვნებაზე ფოკუსირდებით და არა — თქვენსაზე, შემოიტანეთ ეს ენერგია სექსში. ფოკუსირდით თქვენს პარტნიორზე“, — ამბობს ადამსი.
Carly S.-ის თქმით, სექსის დროს უნივერსალობისთვის ფლუიდურობა და კომუნიკაცია საკვანძოა.
„იყავით მოქნილი და ღია იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს და როგორია დინამიკა სხვა ადამიანთან“, — ამბობს ის.
საბოლოოდ, „აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის სპექტრი, რომლის ზუსტი დეფინიციებიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია. თუკი არ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტერმინი შეგეფერებათ, ნუ იფიქრებთ, რომ აუცილებლად მათგან რომელიმეს უნდა მოერგოთ, რათა სრულფასოვანი სექსი გქონდეთ.
„ზედმეტად ნუ მიეჯაჭვებით სახელსა თუ იარლიყს. საერთოდაც არ არის საჭირო, ის გქონდეთ, ამიტომ ჩამოაშორეთ ეს ტვირთი საკუთარ თავს. ეს ტერმინები შეიძლება გამოგადგეთ, როდესაც გამოხატავთ, თუ როგორ გსურთ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, მაგრამ თუკი არცერთი ტერმინი არ მოგწონთ, არ ხართ ვალდებული, ისინი გამოიყენოთ“, — ამბობს ებორნი.
რას ნიშნავს „საიდი“?
რა ხდება, თუკი ადამიანი არც „აქტია“, არც „პასი“ და არც „უნი“ — თუკი მას საერთოდ არ სურს ანალური სექსით დაკავება? სწორედ ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი როლების გარდა, 2013 წელს ასევე შეიქმნა ტერმინი „საიდი“ (ინგლ. Side — „გვერდი(თი)“), რომელიც 2022 წლის მაისში ოფიციალურად დაემატა Grindr-ის როლების სიას.
Urban Dictionary-ს განმარტებით, „საიდი“ აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს, მაგალითად, ორალურ სექსს, ორმხრივ მასტურბაციას ან ე.წ. „მშრალად ხახუნს“ (ინგლ. Frottage ან Dry humping).
„საიდებს“, როგორც წესი, სექსის დროს ურჩევნიათ კოცნა, ჩახუტება, ორალური სექსი (მინეტი და ე.წ. „რიმინგი“), ორმხრივი მასტურბაცია და მშრალად ხახუნი — ერთი სიტყვით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვა სექსუალურ აქტივობებს, გარდა ანალური პენეტრაციისა. შესაძლოა, მათ გამოცდილი ჰქონდეთ ანალური სექსი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ეს მათთვის არ არის ეროტიკული ან სასურველი. ზოგს ასევე შეიძლება მოსწონდეს ანალური სტიმულაციის მიღება ან გაცემა თითით, მაგრამ არა — ამაზე მეტი.
გახსოვდეთ, რომ პენეტრაციული სექსი არ არის ვალდებულება და აუცილებლობა. სექსი პენეტრაციის გარეშე ისეთივე სრულყოფილი სექსია, როგორიც ნებისმიერი სხვა. ყველა ადამიანი განსხვავებულია და სექსში ყველას თავისი ფანტაზიები, სურვილები და პრეფერენციები აქვს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.