/

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს ამ ყველაფრისგან, ვიდრე ტაშის დაკვრა და ადამიანების სიყვარული.

არასდროს მიფიქრია, ამხელა არტისტიზმი თუ იმალებოდა ჩემში. დრეგის გარეშე თითქოს ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ საკმარისია ერთი ლაინერი გავისვა თვალზე და ყველაფერი იცვლება — ახალი ადამიანი იბადება, რომელსაც უფრო მეტი უნარები და შესაძლებლობები აქვს.

“პირველი და უკანასკნელი შოუ” — ბიპოლარას დაბადება

ფოტო: ვახო ქარელი

ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. სამსახურიდან აღმოვჩნდი United We Stream-ის ერთ-ერთ ლაივზე, რომელიც მთლიანად დრეგ ქვინებს ეძღვნებოდა. მაშინ ქვიარ საზოგადოებასთან დიდი შეხება არ მქონია, ვიყავი ასაკით უფრო პატარა, ყველაფერი გაჩერებული იყო და ძალიან მომეწონა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც იქ დამხვდნენ. მაშინ არც მიფიქრია, რომ ცოტა ხანში მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.   

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როცა ლოქდაუნი მორჩა და ქვიარ სივრცეები უფრო აქტიურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ვნახე ჩემი უახლოესი მეგობრის, Matt Shally-ის შოუ, რომელიც ძალიან მომეწონა. დავფიქრდი, მეც ხომ არ მინდოდა იმავეს გაკეთება. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ვუსმენდი იმ მუსიკას, რომელზეც მათემ შოუ გააკეთა. ვფიქრობდი, მე როგორ გავაკეთებდი ამ სიმღერაზე შოუს, როგორი იქნებოდა ჩემი შესრულება და ა.შ. მათეს შოუს მალევე მოჰყვა ნია გვათუას შემოთავაზება — მთხოვა შოუ გამეკეთებინა საქსეს ბარში, თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიყავი მზად, თუმცა ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი იმ პირობით, რომ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი შოუ, დავიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს და ამით მორჩებოდა.

მაყურებლების ოვაციები და უფრო თამამი ბიპოლარა

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

პირველ შოუზე, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნია დამეხმარა ჩემი იდეების სრულყოფაში. მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი ემოციები მივიღე შოუს დასრულების შემდეგ, არ წყდებოდა ტაში და ოვაციები. მითხრეს, რომ გარეთ უამრავი ადამიანი დარჩა, რომლებიც შიგნით შემოსვლას და ჩემი შოუს ნახვას ცდილობდნენ. ამ ადამიანებმა და მათმა ემოციებმა შემახსენა, რომ სინამდვილეში იქ ვიყავი, სადაც ბავშვობიდან მინდოდა ყოფნა და ის ემოციები მივიღე, რაც ყოველთვის მაკლდა. დღის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი დრეგ პერფორმერობა აქ არ დასრულდებოდა და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებდი შოუებს.

ძალიან ახლო მეგობრების გარდა, როგორც წესი, არავინ იცის, როგორი იქნება ჩემი შოუ, არ არსებობს წინასწარი მოლოდინები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ქართული დრეგის განვითარებას. ჩემი დრეგ პერსონაც მუდმივად განიცდის ცვლილებას, ვცდილობ, არ ვიყო ერთფეროვანი და სწორხაზოვანი. ჩემი შოუები ყოველთვის სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება, იცვლება მესიჯები, ჩემი გამოხატვის ფორმები. პირველი შოუ 1992 წლის ფილმიდან, Death Becomes Her-იდან გავაკეთე, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. შოუს დასაწყისში ბიპოლარა გაუბედავი, შეშინებულია, დგას სარკესთან და სასოწარკვეთილი უყურებს საკუთარ გამოსახულებას, თუმცა შოუს მსვლელობის დროს, პოულობს ძალას და განსხვავებულ მხარეს ავლენს, უფრო თამამს, ძლიერსა და დაუმორჩილებელს.

ეიფორიის განცდა, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

ფოტო: KOI

შოუს დასრულების შემდეგ, ყოველთვის მინდა, არ მორჩეს ბიპოლარა, გამყვეს ის ემოცია თუ ეიფორიის განცდა, რაც დრეგის კეთებას ახლავს. ვცდილობ, დაძინებამდე არ მოვიხსნა პარიკი, არ მოვიშორო მაკიაჟი და ცოტა ხნით გავიხანგრძლივო ბედნიერების განცდა. მერე ვიძინებ და გაღვიძებისას თითქოს ახალი ადამიანი ვარ. ყოველი პერფორმანსის შემდეგ ახალი ადამიანი იბადება, რომელიც მაქსიმალურად დაცლილია იმ შიშებისგან, რაც დრეგის კეთებამდე მქონდა.

ყოველი შოუს მერე ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი ვარ, უფრო თამამი, უფრო ძლიერი. როგორც იქნა, საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ვისწავლე, როდის უნდა ვთქვა რაღაცაზე უარი, როდის უნდა დავთანხმდე. დრეგმა საკუთარი თავის მოსმენა და დაფასება მასწავლა. ბევრი ისეთი რამე გამოვიტანე გარეთ, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ვჩქმალავდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

ქართველი დრეგ ქვინების და ქართული დრეგის უნიკალური მახასიათებლები

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ქვიარ ადამიანებს და ქვიარ კულტურას უთმობენ დროს. ყველა კლუბს აქვს თავისი ქვიარ ღამეების სერია, რამაც გამოიწვია ქართველი დრეგ ქვინების რაოდენობის ზრდა და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის, არცერთი დრეგ ქვინი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველანი თავისებურად გამორჩეულები არიან. მიჭირს ერთი რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, ყველას შრომას და შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვნები არიან, სტილით, ვიზუალით, გემოვნებით, არტისტული უნარებით, მანერებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს მრავალფეროვნება მომავალში დიდ სიკეთეს მოგვიტანს ყველას, ვინც დრეგ კულტურის ნაწილად აღვიქვამთ თავს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული დრეგი ტრადიციული დრეგისგან იმით განსხვავდება, რომ ქართველი დრეგ ქვინების შოუებში უფრო მეტი პერფორმანსია და არ არის მხოლოდ კლასიკური დრეგი ლიპსინქით და მოძრაობებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, რადგან არ ვართ ჩარჩოებში მოქცეულები და უფრო მეტი გასაქანი გვაქვს საკუთარი განცდების თუ გამოცდილების გაზიარებისთვის. მაყურებელიც მოგებულია, რადგან არასდროს იცის, რა დახვდება კონკრეტული დრეგ შემსრულებლის შოუზე.

პროტესტი, ქვიარ გამოცდილება და რჩევები დამწყებ დრეგ ქვინებს 

ყოველთვის ვცდილობ, შოუებში მქონდეს ის პროტესტი, რომელიც ცხოვრებაში მიგროვდება. შეიძლება ამას ყველა ვერ ამჩნევდეს, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შენიშნავს, რომ ჩემი შოუები ირეკლავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება. ამას ვერ გავექცევით, ქართველი ქვინების შოუებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის არის გადმოცემული ის ტკივილი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში განვიცდით. დრეგი არ არის მხოლოდ ფერადი კოსტიუმები და გასართობი სანახაობა, ჩვენთვის დრეგი პირველ რიგში არის საშუალება, მოვყვეთ ჩვენი ისტორია.

დრეგი ჩვენს ქვეყანაში რისკებთან არის დაკავშირებული, არცერთი დრეგ ქვინი არ არის დაცული ჰომოფობიური საზოგადოებისგან. ჩემი მაგალითიც ასეთია — ოჯახისგან არ მაქვს მხარდაჭერა, თუმცა მაინც გავრისკე და გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვა ადამიანებსაც ამას ვურჩევდი. ვისაც სურვილი აქვს ქართული დრეგ ოჯახის ნაწილი იყოს, აუცილებლად უნდა გარისკოს და გადადგას ნაბიჯი. ვიცი, რომ მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრეგმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დაშვებას ვაკეთებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა შედეგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და იმაზე ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე წარმოვიდგენდი: უამრავი ადამიანი გავიცანი, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა, სიყვარული. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გასულ კვირას, კლუბ TES-ში JAMPROJECT-ის ორგანიზებით გამართულმა ეროტიკული ღამეების სერიამ TURPHA, სადაც ჩემი პირველი სიმღერის პრეზენტაცია შედგა. რისკი და ნერვიულობა ამ ყველაფრად ღირდა.

 

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

წინა

Heartstopper-ის ვარსკვლავი, კიტ კონორი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

შემდეგი

ლუკა აბლოთიას თქმით, ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ბოლო სიახლეები

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

FacebookTweetLinkedInEmail ლგბტქი სათემო ორგანიზაციების საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „ცხელ კვალზე

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

FacebookTweetLinkedInEmail 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

5 ქვიარ წიგნი ქართულ ენაზე

FacebookTweetLinkedInEmail უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და  გასული საუკუნის 70-იანი