დრეგ ქვინი

დაღლილი დრეგ ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ — Not So Virgin Mary-ის ისტორია

ჩემი დრეგი არის აქტივისტური დრეგი და ის ყოველთვის პოლიტიკურია, ყოველთვის არის მიმართული კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის, პატრიარქატის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვცდილობ, ჩემი შოუებით გავზარდო სხეულის მიმღებლობის პოლიტიკა და ვაჩვენო ადამიანებს, რომ არ არის აუცილებელი,

/

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება. დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

/

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს ამ ყველაფრისგან, ვიდრე ტაშის დაკვრა და ადამიანების სიყვარული.

არასდროს მიფიქრია, ამხელა არტისტიზმი თუ იმალებოდა ჩემში. დრეგის გარეშე თითქოს ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ საკმარისია ერთი ლაინერი გავისვა თვალზე და ყველაფერი იცვლება — ახალი ადამიანი იბადება, რომელსაც უფრო მეტი უნარები და შესაძლებლობები აქვს.

“პირველი და უკანასკნელი შოუ” — ბიპოლარას დაბადება

ფოტო: ვახო ქარელი

ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. სამსახურიდან აღმოვჩნდი United We Stream-ის ერთ-ერთ ლაივზე, რომელიც მთლიანად დრეგ ქვინებს ეძღვნებოდა. მაშინ ქვიარ საზოგადოებასთან დიდი შეხება არ მქონია, ვიყავი ასაკით უფრო პატარა, ყველაფერი გაჩერებული იყო და ძალიან მომეწონა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც იქ დამხვდნენ. მაშინ არც მიფიქრია, რომ ცოტა ხანში მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.   

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როცა ლოქდაუნი მორჩა და ქვიარ სივრცეები უფრო აქტიურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ვნახე ჩემი უახლოესი მეგობრის, Matt Shally-ის შოუ, რომელიც ძალიან მომეწონა. დავფიქრდი, მეც ხომ არ მინდოდა იმავეს გაკეთება. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ვუსმენდი იმ მუსიკას, რომელზეც მათემ შოუ გააკეთა. ვფიქრობდი, მე როგორ გავაკეთებდი ამ სიმღერაზე შოუს, როგორი იქნებოდა ჩემი შესრულება და ა.შ. მათეს შოუს მალევე მოჰყვა ნია გვათუას შემოთავაზება — მთხოვა შოუ გამეკეთებინა საქსეს ბარში, თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიყავი მზად, თუმცა ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი იმ პირობით, რომ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი შოუ, დავიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს და ამით მორჩებოდა.

მაყურებლების ოვაციები და უფრო თამამი ბიპოლარა

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

პირველ შოუზე, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნია დამეხმარა ჩემი იდეების სრულყოფაში. მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი ემოციები მივიღე შოუს დასრულების შემდეგ, არ წყდებოდა ტაში და ოვაციები. მითხრეს, რომ გარეთ უამრავი ადამიანი დარჩა, რომლებიც შიგნით შემოსვლას და ჩემი შოუს ნახვას ცდილობდნენ. ამ ადამიანებმა და მათმა ემოციებმა შემახსენა, რომ სინამდვილეში იქ ვიყავი, სადაც ბავშვობიდან მინდოდა ყოფნა და ის ემოციები მივიღე, რაც ყოველთვის მაკლდა. დღის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი დრეგ პერფორმერობა აქ არ დასრულდებოდა და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებდი შოუებს.

ძალიან ახლო მეგობრების გარდა, როგორც წესი, არავინ იცის, როგორი იქნება ჩემი შოუ, არ არსებობს წინასწარი მოლოდინები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ქართული დრეგის განვითარებას. ჩემი დრეგ პერსონაც მუდმივად განიცდის ცვლილებას, ვცდილობ, არ ვიყო ერთფეროვანი და სწორხაზოვანი. ჩემი შოუები ყოველთვის სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება, იცვლება მესიჯები, ჩემი გამოხატვის ფორმები. პირველი შოუ 1992 წლის ფილმიდან, Death Becomes Her-იდან გავაკეთე, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. შოუს დასაწყისში ბიპოლარა გაუბედავი, შეშინებულია, დგას სარკესთან და სასოწარკვეთილი უყურებს საკუთარ გამოსახულებას, თუმცა შოუს მსვლელობის დროს, პოულობს ძალას და განსხვავებულ მხარეს ავლენს, უფრო თამამს, ძლიერსა და დაუმორჩილებელს.

ეიფორიის განცდა, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

ფოტო: KOI

შოუს დასრულების შემდეგ, ყოველთვის მინდა, არ მორჩეს ბიპოლარა, გამყვეს ის ემოცია თუ ეიფორიის განცდა, რაც დრეგის კეთებას ახლავს. ვცდილობ, დაძინებამდე არ მოვიხსნა პარიკი, არ მოვიშორო მაკიაჟი და ცოტა ხნით გავიხანგრძლივო ბედნიერების განცდა. მერე ვიძინებ და გაღვიძებისას თითქოს ახალი ადამიანი ვარ. ყოველი პერფორმანსის შემდეგ ახალი ადამიანი იბადება, რომელიც მაქსიმალურად დაცლილია იმ შიშებისგან, რაც დრეგის კეთებამდე მქონდა.

ყოველი შოუს მერე ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი ვარ, უფრო თამამი, უფრო ძლიერი. როგორც იქნა, საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ვისწავლე, როდის უნდა ვთქვა რაღაცაზე უარი, როდის უნდა დავთანხმდე. დრეგმა საკუთარი თავის მოსმენა და დაფასება მასწავლა. ბევრი ისეთი რამე გამოვიტანე გარეთ, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ვჩქმალავდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

ქართველი დრეგ ქვინების და ქართული დრეგის უნიკალური მახასიათებლები

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ქვიარ ადამიანებს და ქვიარ კულტურას უთმობენ დროს. ყველა კლუბს აქვს თავისი ქვიარ ღამეების სერია, რამაც გამოიწვია ქართველი დრეგ ქვინების რაოდენობის ზრდა და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის, არცერთი დრეგ ქვინი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველანი თავისებურად გამორჩეულები არიან. მიჭირს ერთი რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, ყველას შრომას და შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვნები არიან, სტილით, ვიზუალით, გემოვნებით, არტისტული უნარებით, მანერებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს მრავალფეროვნება მომავალში დიდ სიკეთეს მოგვიტანს ყველას, ვინც დრეგ კულტურის ნაწილად აღვიქვამთ თავს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული დრეგი ტრადიციული დრეგისგან იმით განსხვავდება, რომ ქართველი დრეგ ქვინების შოუებში უფრო მეტი პერფორმანსია და არ არის მხოლოდ კლასიკური დრეგი ლიპსინქით და მოძრაობებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, რადგან არ ვართ ჩარჩოებში მოქცეულები და უფრო მეტი გასაქანი გვაქვს საკუთარი განცდების თუ გამოცდილების გაზიარებისთვის. მაყურებელიც მოგებულია, რადგან არასდროს იცის, რა დახვდება კონკრეტული დრეგ შემსრულებლის შოუზე.

პროტესტი, ქვიარ გამოცდილება და რჩევები დამწყებ დრეგ ქვინებს 

ყოველთვის ვცდილობ, შოუებში მქონდეს ის პროტესტი, რომელიც ცხოვრებაში მიგროვდება. შეიძლება ამას ყველა ვერ ამჩნევდეს, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შენიშნავს, რომ ჩემი შოუები ირეკლავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება. ამას ვერ გავექცევით, ქართველი ქვინების შოუებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის არის გადმოცემული ის ტკივილი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში განვიცდით. დრეგი არ არის მხოლოდ ფერადი კოსტიუმები და გასართობი სანახაობა, ჩვენთვის დრეგი პირველ რიგში არის საშუალება, მოვყვეთ ჩვენი ისტორია.

დრეგი ჩვენს ქვეყანაში რისკებთან არის დაკავშირებული, არცერთი დრეგ ქვინი არ არის დაცული ჰომოფობიური საზოგადოებისგან. ჩემი მაგალითიც ასეთია — ოჯახისგან არ მაქვს მხარდაჭერა, თუმცა მაინც გავრისკე და გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვა ადამიანებსაც ამას ვურჩევდი. ვისაც სურვილი აქვს ქართული დრეგ ოჯახის ნაწილი იყოს, აუცილებლად უნდა გარისკოს და გადადგას ნაბიჯი. ვიცი, რომ მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრეგმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დაშვებას ვაკეთებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა შედეგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და იმაზე ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე წარმოვიდგენდი: უამრავი ადამიანი გავიცანი, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა, სიყვარული. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გასულ კვირას, კლუბ TES-ში JAMPROJECT-ის ორგანიზებით გამართულმა ეროტიკული ღამეების სერიამ TURPHA, სადაც ჩემი პირველი სიმღერის პრეზენტაცია შედგა. რისკი და ნერვიულობა ამ ყველაფრად ღირდა.

 

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.

დაღლილი დრეგ ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ — Not So Virgin Mary-ის ისტორია

ჩემი დრეგი არის აქტივისტური დრეგი და ის ყოველთვის პოლიტიკურია, ყოველთვის არის მიმართული კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის, პატრიარქატის და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვცდილობ, ჩემი შოუებით გავზარდო სხეულის მიმღებლობის პოლიტიკა და ვაჩვენო ადამიანებს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა ქვინის სხეული აკმაყოფილებდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს. დრეგი იძლევა საშუალებას, რომ არა მარტო კორსეტშემოჭერილმა, გაპარსულმა და გაპრანჭულმა აკეთო შოუები, არამედ იყო ბებერი ქვინი, რომელსაც სახლში რვა კატა ჰყავს და მეზობლის ბავშვებს ეჩხუბება. ასეთია ჩემი დრეგ პერსონა.

არ უნდა გაგიკვირდეთ, შოუს დროს წყალი თუ შემოგასხით, ან ტრაკზე წამოგარტყით, ან გაგლოღნეთ. თუ მოდიხარ ჩემს შოუზე, მზად უნდა იყო, რომ საყურეს დაკარგავ. თუ ფიქრობდი, რომ “ამას ვინ გაბედავდა”, კი, ყველაფერსაც გავბედავ.

პროტესტი, როგორც ხელოვნება და პირველი შეხება დრეგთან

Not So Virgin Mary
Instagram Not So Virgin Mary

ნებისმიერი სახის აქტივიზმი ჩემთვის არის ხელოვნება, სწორედ ამიტომ დრეგსაც ყოველთვის ხელოვნებად მოვიაზრებ. ის ჩემთვის Performance art-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ფორმაა, რომელიც ძალიან მრავლისმომცველია. მისი საზღვრები ამოუწურავია და გაძლევს ძალიან ბევრის საშუალებას და პერსპექტივას, ოღონდ უნდა ხვდებოდე, რა არის ქვიარ ესთეტიკა. საერთოდ, ჰეტერონორმატიული პერფორმანს არტი ჩემთვის ცოტა დრომოჭმულია, ძალიან იშვიათად თუ “გაუვარდება” ვინმეს რამე ღირებული. დანარჩენ შემთხვევებში, ის არის პერფორმანსი პერფორმანსისთვის. ქვიარ კულტურა ძალიან სპეციფიკური რამეა და თუ მას კარგად არ იცნობ, სთრეითვოშინგის მცდელობები სრულიად უაზროა.

მე რომ მკითხო, დრეგთან ჩემი პირველი შეხება 8 მარტს, პარლამენტის კიბეებზე შედგა, როცა რუპორით წარმოვთქვი სიტყვა და მერე ჩემი ფრაზა: “ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია”, უამრავმა ადამიანმა აიტაცა. დღემდე ციტირებენ და ჩემი აზრით ეგ არის ნამდვილი დრეგი. პირველი დრეგ შეჯიბრება თანასწორობის მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და რა თქმა უნდა, დავმარცხდი, რადგან კიდევ ერთმა დრეგ ქვინმა, Sofia McQueen-მა ამიღო და ჩემით იატაკი მოწმინდა (იცინის). მე, რა თქმა უნდა, არც გავბრაზდი ამაზე, პირიქით — ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმდენად კარგად გააკეთა ეს ყველაფერი და ისეთი კარგი სანახავი იყო.

დაღლილი ქვინი სიწმინდეების წინააღმდეგ და ქართული ქემპი

ჩემი დრეგ პერსონაჟი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ჩემგან, არის საზოგადოებისგან და ტრადიციული მართლმადიდებლური წარმოდგენებისგან ძალიან, ძალიან, ძალიან დაღლილი ქვინი, რომელსაც ერთადერთი ისღა დარჩენია, რომ გადათელოს ყველაფერი, რაც წმინდაა: ჯვრები, წმინდანები, ხატები და ა.შ.

Not So Virgin Mary მეგობრებთან საუბრის დროს გაჩნდა. წმინდანებზე და ღვთისმშობელზე წამოიჭრა თემა და რადგანაც მარიამი მქვია, ვთქვი, მე ქალწულისგან ყველაზე შორს მდგომი წმინდანი ვარ-მეთქი.

ძალიან მეცინება, როცა ჩემს მთავარ ინსპირაციებზე ვფიქრობ. როგორც წესი, როცა მეგობარ ქვინებთან ვსაუბრობ ამ თემაზე, ყველა იხსენებს სახელოვან ქვინებს: დივაინს, რუპოლს, ლეიდი ბანს და როცა ჩემზე მიდგება საქმე, ვერკა სერდუჩკა მახსენდება. დრეგი პირველად ვერკა სერდუჩკას შესრულებით ვნახე და თუ ვინმეს შეიძლება ჩემი Drag Mother დავარქვა, ეს არის ვერკა სერდიუჩკა. თრეშ კულტურა ჩემი დრეგის მთავარი წყაროა.

ჩემი შოუების შეფასებისას ყველაზე სწორი სიტყვა არის Camp. შოუების დროს შეიძლება ვიყო გაბრაზებული, კარგ ხასიათზე, ძალიან სექსუალური და გამომწვევი, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი იქნება ძალიან მხიარული და სანახაობრივი.

Camp არის სატირაში გაერთიანებული პოლიტიკური პროტესტი. სამეფო კარზე კლოუნები იყვნენ ასეთი ადამიანები — მასხარები, რომლებიც საზარელ რეალობას აჩვენებდნენ ყველაზე სასაცილო და მხიარული გზით.

დედოფლობა, როგორც იდენტობის ნაწილი

Not So Virgin Mary
Instagram: Not So Virgin Mary

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ დრეგს არ გააჩნია საზღვრები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც არსებობს პატარა წესები. პირველი და ყველაზე მთავარი — არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად. საკუთარ თავს თუ არ დასცინი სხვების დასაცინი გახდები. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი — რაღაც აუცილებლად გქონდეს სათქმელი, უბრალოდ ლამაზი საკმარისი არ არის. მესამე არის ის, რომ სუნთქავ — ფული მოითხოვე, აცემინებ — ფული მოითხოვე, თმა გადაიწიე — ფული მოითხოვე, უფასოდ არასდროს არაფერი გააკეთო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ქვინი ხარ, დედოფალი ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე. მაგრამ თან უნდა გახსოვდეს, რომ მარტო შენ არ ხარ ქვინი, ბევრი ქვინია და ყველასთვის არსებობს საკმარისი ადგილი.

პერფორმანსებისთვის მომზადება იწყება კონცეფციის ძებნით. არსებობს თემატიკა და ვცდილობ, მის გარშემო შევკრა ამბავი. ამას მოჰყვება სამგორის მეორადები და მეიქაფ არტისტის ძებნა, რადგან ძალიან ცუდი ხელი მაქვს და დამოუკიდებლად მაკიაჟის გაკეთება არ შემიძლია. მერე მოდის კოსტიუმის ჯერი. შოუების გაკეთების წინ ჩემი მეგობარი და რეჟისორი სალომე ბაუერი მეხმარება, რომელიც თავის იდეებსაც მაწოდებს. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაიგნორებ და ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა. ასე შეიქმნა უზარმაზარი ვაგინის ინსტალაცია Tbilisi Pride Fest-ისთვის. შემდეგი ეტაპია პერფორმანსის მომზადება, ადგილზე მისვლა, სცენის და განათების ნახვა. მერე ვარჯიშები და ბოლოს აღმოჩნდება, რომ არც სცენაა, არც განათება. მერე გულის შეტევა, ყველაფრის შეცვლა, გადაწყობა (იცინის).

მეიქაფს რომ გიკეთებენ, სულ სხვა ადამიანი იბადები. თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი) მიერ ორგანიზებულ პირველ Drag Ball-ზე, მახსოვს, რომ მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ძალიან ვიჩხუბე, თან სრულიად უმიზეზოდ და მეორე დღეს ბოდიშებს ვიხდიდი. ნამდვილი ქვინივით მოვიქეცი, აღარ მახსოვდა არაფერი… ტრანსფორმაციის შემდეგ მართლა დედოფლად იქცევი, სხვანაირი ხდები —  არ მომეკარო, გამატარე, ფოტოს გადაღება გინდა? რიგში ჩადექი და 20 ლარი მოამზადე.

არც ისე ქალწული მარიამი დრეგის მიღმა და ლგბტქ+ საზოგადოება, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებს

Not So Virgin Mary
Instagram: Not So Virgin Mary

დრეგის მიღმაც დაახლოებით იგივე ადამიანი ვარ, უბრალოდ, ამხელა თავდაჯერება და უტაქტობა არ მაქვს, უფრო ზრდილობიანი ვარ. იმისთვის, რომ ვიარსებო, მიწევს ფრილანსერად მუშაობა. დიდი განსხვავება არ არის ჩემსა და ჩემს დრეგ პერსონას შორის. პატრიარქალურ, ორთოდოქსულ სამყაროში შენი იდენტობა უკვე არის პროტესტის ერთგვარი ფორმა — ის, რომ ქალი ხარ, ფეხებს არ იპარსავ, ქუჩაში გადიხარ ლიფის გარეშე, უკვე პერფორმანსია და გადადიხარ თავდაცვით რეჟიმში. იგივე ვრცელდება ფემინურ გეებზე, ტრანს ქალეზე, ბუჩ ლესბოსელებზე და ა.შ.

დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ლგბტქ+ თემი გაიზარდა და მზად არის რაღაც თემებზე თამამად და საჯაროდ საუბრისთვის. 2013 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, გაჩუმებას აღარ ვაპირებთ და გასაგებია რატომაც. 5-მა ივლისმაც კი ვერ გაგვაჩუმა და მაინც ვაგრძელებთ განვითარებას. იგივე ვრცელდება დრეგზეც. მის გარშემო არსებული განსაკუთრებული ინტერესი კი იმით არის გამოწვეული, რომ თანამედროვე ხელოვნებაში უკვე თითქმის აღარაფერი დარჩა ჰეტერო, ყველაფერი არის გეი და ადამიანებს ნელ-ნელა ამასთან შეგუება მოუწევთ. ყველაზე დიდი და გავლენიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანი არის დემნა გვასალია და თუ დააკვირდებით, მთელი მისი შემოქმედება დრეგ კულტურით არის ნასაზრდოები. თავიდან ბოლომდე დრეგია. აღარ უნდათ ადამიანებს “აბა, დელი, დელი, დელა”.

დრეგი არის ძალიან ძვირი. იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ქვინია, რომელიც მზად არის ამ ყველაფერში მთელი თავისი ენერგიის ჩასადებად  და ლარადაც შეუძლიათ უკარგესი ლუქის აწყობა, უნდა ვისწავლოთ თიფინგი. სხვადასხვა ვენიუემაც უნდა გაიაზროს, რომ მეტი გადაიხადოს ქვინების შოუებში, რადგან ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე წუთიანი შოუ, ამ 5 წუთიანი პერფორმანსის უკან მრავალი კვირის შრომა დევს. თუ გვინდა ხარისხიანი დრეგის გაკეთება, მაყურებელმა თიფინგი უნდა ისწავლოს და ვენიუებმა შრომის შესაბამისად დაფასება.

ტექსტი: ზურა აბაშიძე