დრეგი

დრეგ კულტურა, როგორც ლგბტქ+ აქტივიზმი — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი, GERILYN STONE

ტერმინი დრეგ ქვინი 1870 წლით თარიღდება და აღნიშნავს მსახიობს, რომელიც საზოგადოებაში სხვა სქესის ადამიანთან ასოცირებულ ტანსაცმელსა და გენდერულ როლს ირგებს. ამერიკელი დრეგ ქვინის და აქტივისტის, ლი ბრიუსტერის 1971 წლის სტატიაში დრეგ ქვინი

/

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს

ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ

ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ დარწმუნებული. შესაძლოა, ზოგი სიტყვა დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც ადასტურებს და შეესაბამება ადამიანის გენდერულ, სექსუალურ თუ სხვა იდენტობას, გამოხატავს პატივისცემასა და იმას, რომ მზად ხართ და ღია ხართ იმის მიმართ, რომ დაინახოთ სამყარო სხვისი პერსპექტივიდან.

ამ სტატიაში მოცემულია ქვიარ თემთან (და არამხოლოდ) დაკავშირებული ტერმინების სია ანბანის მიხედვით.

ქვიარ ტერმინების სია

„აუთინგი“ (ინგლ. Outing) — ვინმეს „აუთინგი“ გულისხმობს სხვისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როცა ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის „დაქამინგაუთებული“. „აუთინგი“ შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ადამიანისთვის, რადგან ის შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გარემოში, რომელშიც თავად გაამხელდა საკუთარ იდენტობას.

აგენდერი — ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.

ანდროგინი — ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.

არაბინარული — ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

არომანტიკული ის, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას სხვების მიმართ.

ასექსუალი — ის, ვისაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს.

ბიგენდერი — ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როლებში, რომლებსაც საზოგადოება ფემინურად და მასკულინურად მიიჩნევს.

ბისექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ, ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.

ბიფობია — არაკეთილგანწყობა ბისექსუალობისა და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. ჰომოფობიის მსგავსად, ის აღნიშნავს უარყოფით წინასწარგანწყობას და ზიზღს მათ მიმართ, ვინც ბისექსუალთა თემის ნაწილად მოიაზრებს თავს. ის შეიძლება მოიცავდეს იმის უარყოფას, რომ ბისექსუალობა გულწრფელი სექსუალური ორიენტაციაა, ან უარყოფით სტერეოტიპებს ბისექსუალი ადამიანების მიმართ (მაგალითად, წარმოდგენებს, თითქოს მათ მრავალი ხანმოკლე სექსუალური ურთიერთობები ახასიათებდეთ ან არიან არაგულწრფელები).

ბი-ცნობისმოყვარეობა (ინგლ. Bi-curiosity) — ბი-ცნობისმოყვარე (ინგლ. Bi-curious) არის ადამიანი, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალი, რომელსაც აინტერესებს მისი ჩვეული სექსუალური პარტნიორებისგან განსხვავებული სქესისა თუ გენდერის მქონე ადამიანთან სექსუალურ აქტივობებში ჩართვა ან ღიაა ამის მიმართ. ამ ტერმინით ხშირად აღინიშნება ჰეტეროსექსუალობასა და ბისექსუალობას შორის არსებული სექსუალური ორიენტაციის ვრცელი სპექტრი, რომელიც მოიცავს დიდწილად ჰეტეროსექსუალ ან დიდწილად ჰომოსექსუალ ადამიანებს.

გეი — თანამედროვე მეტყველებაში „გეი“ გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი ან არსებითი სახელი, რომელიც აღნიშნავს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ თემს, პრაქტიკებსა და კულტურებს. 1960-იან წლებში ჰომოსექსუალი კაცები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად ამ ტერმინს ანიჭებდნენ უპირატესობას. ტერმინი უფრო ხშირად აღნიშნავს კაცს, რომლებსაც იზიდავს მხოლოდ კაცები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი), თუმცა ის ასევე გამოიყენება „ქვიარის“ სინონიმად ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი.

გენდერინკლუზიური ნაცვალსახელები — უცხო ენებში, მაგალითად, ინგლისურში, გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები (მაგალითად: they, them, their).

გენდერი — სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებით, გენდერის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან ადამიანისგან მისი გენდერის გამო.

გენდერის დადასტურების ოპერაცია — ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ინდივიდის პირველადი ან მეორეული სქესობრივი ნიშნების შეცვლას მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება საჭირო იყოს გენდერული დისფორიის შესამსუბუქებლად.

გენდერულად აპათიური — ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს არც საკუთარი გენდერი და არც ის, თუ როგორ აღიქვამენ სხვები გენდერის თვალსაზრისით.

გენდერულად არაკონფორმული — ის, ვისი ქცევაც და გენდერული ექსპრესიაც საზოგადოების მასკულინურ ან ფემინურ გენდერულ ნორმებსა თუ სოციალურ მოლოდინებს არ შეესაბამება. მათ შორის არიან ანდროგინული ადამიანები, ფემინური კაცები, მასკულინური ქალები და სხვა. გენდერულად არაკონფორმული შეიძლება იყოს ნებისმიერი გენდერის ადამიანი (მაგ., სისგენდერი, არაბინარული, ტრანსი).

გენდერულად კონფორმული — ადამიანი, რომელიც მისდევს საზოგადოების წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ სხვადასხვა გენდერის ადამიანები.

გენდერული ბინარულობა — გენდერის ბინარული (ორობითი) დაყოფა მხოლოდ ორ ტიპად (ქალი ან კაცი). ამ მოდელში ხშირ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის გენდერი მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს უნდა შეესაბამებოდეს. ეს სისტემა ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბინარული სისტემის გარეთ არსებულ გენდერულ იდენტობებთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს.

გენდერული დისფორია — გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.

გენდერული ექსპრესია / გამოხატვა — ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საჯაროდ საკუთარ გენდერს (იქნება ეს მასკულინური, ფემინური, ანდროგინული თუ სხვა). მაგალითად, გენდერი შეიძლება გამოიხატოს ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სხეულის ენით, არჩეული სახელით, ნაცვალსახელებით, მანერებით, ინტერესებით და ა.შ.

გენდერული იდენტობა: ის, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ გენდერს შინაგანად — იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა — და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს (ჩაცმულობით, გარეგნობით, ქცევებით და ა.შ.). ადამიანის გენდერული იდენტობა ყოველთვის არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ის შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

გენდერული როლები — კულტურული და სოციალური როლები, რომლებიც ზოგადად მიიჩნევა მისაღებად, შესაფერისად და სასურველად ადამიანის სქესის მიხედვით. გენდერული როლები გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, მათ შორის, ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, პროფესიაზე, ურთიერთობებზე, ქცევებზე და ა.შ.

გენდერფლუიდიის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.

გენდერქვიარი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში, მათ შორის, გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.

გრეიგენდერი — აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ გრძნობს ძლიერ მიკუთვნებულობას რომელიმე კონკრეტული გენდერული იდენტობისა თუ ექსპრესიის მიმართ და ნაწილობრივ მაინც არის გენდერული ბინარულობის ფარგლებს გარეთ.

დაბადებისას მინიჭებული სქესი — სამედიცინო შეფასება, რომელიც კეთდება დაბადებისას სხეულის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. სქესი შეიძლება იყოს კაცი, ქალი ან ინტერსექსი.

დრეგი — განზრახ გაზვიადებული მასკულინურობის, ფემინურობის ან გენდერული ექსპრესიის სხვა ფორმების გამომხატველი ჩაცმულობა და პერფორმანსი. „დრეგ-ქვინი“ არის ის (როგორც წესი, კაცი), ვინც განასახიერებს/ასრულებს ფემინურობას, ხოლო „დრეგ-ქინგი“ არის ის (როგორც წესი, ქალი), ვინც განასახიერებს/ასრულებს მასკულინურობას. პერფორმანსებში ხშირადაა კომედია, სოციალური სატირა და პოლიტიკური კომენტარები. დრეგ-შოუს დროს ხშირად დრეგში ჩაცმული ადამიანები მღერიან ან პირის მოძრაობით ჰყვებიან სიმღერას წინასწარ მომზადებული მოძრაობებისა თუ ცეკვის თანხლებით.

ინტერგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც ქალსა და კაცს შორისაა.

ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია: ჰომოსექსუალობისა, ტრანსგენდერობის და ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპები, რწმენები, სტიგმები და წინასწარგანწყობები, რომლებსაც გრძნობს ტრანსგენდერი / ჰომოსექსუალი ადამიანი. იგი მიმართავს ამ გრძნობებს საკუთარი თავისკენ, განურჩევლად იმისა, იდენტიფიცირდება თუ არა ქვიარად. ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია ასევე მოქმედებს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ ქცევებზე, რომელთა შესრულების საჭიროებასაც გრძნობს ადამიანი მათ შორის იმის გამოც, რომ მეტად მოერგოს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის კულტურულ მოლოდინებს.

ინტერსექსიინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები (მაგ., რეპროდუქციული ორგანოები, ქრომოსომები, ჰორმონები), რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. თუმცა, დაბადებისას ინტერსექს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ანიჭებენ სქესს „ქალი“ ან „კაცი“. ინტერსექსი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან, მის საპირისპირო სქესთან ან იდენტიფიცირდებოდეს ინტერსექსად.

კაცი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

ლგბტქია — აკრონიმი, რომელშიც ასახულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ასექსუალი ადამიანები. არსებობს აკრონიმის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ლგბტ, ლგბტქ, ლგბტქი და ა.შ. ზოგჯერ მათ ასევე დაერთვის „+“ ნიშანი, რომელიც ასახავს იმ ადამიანებს, ვინც ქვიარ თემის ნაწილია, მაგრამ ვისთვისაც აკრონიმის სხვა ასოები ზუსტად არ გამოხატავს მათ იდენტობას, ასევე ინკლუზიურობას იმისა, რომ ქვიარ თემი ღიაა ყველასთვის, ვინც მის ნაწილად მიიჩნევს თავს.

ლესბოსელი — ქალი, რომელსაც იზიდავს მხოლოდ ქალები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი).

მესამე გენდერი — ტერმინი „მესამე გენდერი“ მომდინარეობს ადგილობრივი ამერიკული და არადასავლური კულტურებიდან და ის აღნიშნავს გენდერის იმ კატეგორიას, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ფარგლებს გარეთაა.

მოკავშირე / მხარდამჭერი (ინგლ. Ally) — ადამიანი, რომელიც აქტიურად და სრულად უჭერს მხარს ლგბტქი თემს.

ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit) — ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.

პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი) — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.

პანსექსუალიის, ვისაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

„როლი“აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ პრეფერენციების გეი-სექსში. გეი-სექსში ტრადიციულ როლებს შორისაა: „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“:

  • „აქტი“ — „აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თავად აკონტროლებდეს სიტუაციას ან/და იყოს გამცემი ანალურ სექსში.
  • „პასი“ — „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები ანალურ სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ.
  • „უნი“ — „უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც.
  • „საიდი“ — აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს.

საკუთარ იდენტობაში დაეჭვება ან თვითგამორკვევის პროცესი (ინგლ. Questioning) — საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, სექსუალურ იდენტობაში, გენდერულ იდენტობასა თუ სამივეში ერთად დაეჭვება არის თვითგამორკვევის პროცესი, რომელსაც გადის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს დარწმუნებული, ჯერ კიდევ იკვლევდეს, რომელი სოციალური იარლიყი შეეფერება მას სხვადასხვა მიზეზით. ლგბტქი აკრონიმში (და სხვა აკრონიმებში, რომლებშიც Q არის გამოყენებული), ასო „Q“ ხშირად აღნიშნავს როგორც „ქვიარს“, ისე ამ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებსაც (Questioning).

სექსუალური ორიენტაცია — ის, თუ რომელი გენდერ(ებ)ის მიმართ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა. სექსუალურ ორიენტაციებში გამოიყოფა ჰომოსექსუალობა, ჰეტეროსექსუალობა, ბისექსუალობა და ასექსუალობა (და მათში შემავალი ქვეკატეგორიები).

სისგენდერი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.

ტრანზიცია — საკუთარი გენდერული გამოხატვის (მაგალითად, ჩაცმულობის, ნაცვალსახელების, სახელის და ა.შ.) ან სასქესო ნიშნების შეცვლა საკუთარი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად (იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა). ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ეს პროცესი, როგორც წესი, მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას ან გენდერის დადასტურების ოპერაციას. ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო ჩარევას, თუმცა არა ყოველთვის. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ტრანზიციას (მაგალითად, სახელისა და ნაცვალსახელების ცვლილებას), ასევე, სამართლებრივ ცვლილებებს (სახელისა თუ სქესი სამართლებრივად შეცვლას). ეს პროცესი განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის მისი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად და მასში შემავალი აქტივობები არ არის უნივერსალური.

ტრანსგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.

ტრანსი ან ტრანს* — უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.

ტრანს კაცი ან ტრანსგენდერი კაცი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა „ქალი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება კაცად.

ტრანს ქალი ან ტრანსგენდერი ქალი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა “კაცი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება ქალად.

ტრანსმასკულინური — ის, ვისაც მასკულინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფემინური — ის, ვისაც ფემინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფობია— ტრანს* ადამიანებისა და ტრანს* თემის მიმართ არსებული არატოლერანტულობა, შიში, ზიზღი, უარყოფითი წინასწარგანწყობა, დისკრიმინაცია და ძალადობა სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გამო.

ტრიგენდერი — ის, ვისაც ერთდროულად სამი გენდერი აქვს.

ქალი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

„ქამინგ აუთი“ ან „დაქამინგაუთება“— საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გაცხადება სხვებისთვის (მაგალითად, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ა.შ.).

ქვიარი — ქოლგა-ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალები ან სისგენდერები. თავდაპირველად ტერმინი ნიშნავდა „უცნაურს“ ან „თავისებურს“ და გამოიყენებოდა დამამცირებელი ფორმით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავისი სქესის ადამიანების მიმართ ჰქონდა მიზიდულობა ან ურთიერთობა, ჯერ კიდევ გვიან მე-19 საუკუნეში. თუმცა, 1980-იანი წლებიდან დაწყებული ქვიარ აქტივისტებმა ტერმინი „დაიბრუნეს“ და ის ახლა ლგბტ ადამიანის სინონიმურად გამოიყენება.

ქროსდრესერი (ინგლ. Crossdresser) — ადამიანი, რომელიც იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც, საზოგადოებაში არსებული შეხედულებების მიხედვით, მისი გენდერისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ კაცებს, რომლებსაც ქალის სამოსის ჩაცმა მოსწონთ. ეს შეიძლება იყოს თვითგამოხატვისთვის ან რამე სხვა მიზნით. ქროსდრესერობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტრანსგენდერია.

ჰეტეროსექსიზმი — წინასწარგანწყობების, დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციის სისტემა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობების (ჰეტეროსექსუალობის) სასარგებლოდ. ის შეიძლება მოიცავდეს რწმენას, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს და რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებია ბუნებრივი და, შესაბამისად, უზენაესი.

ჰეტერონორმატიულობა — ჰეტეროსექსისტური წარმოდგენებისა და ქცევების ნორმალიზაცია ჩვენს ყოველდღიურობაში ინსტიტუციურ, ინტერპერსონალურ და პერსონალურ დონეზე. ეს კონცეფცია მოქცეულია გენდერული ბინარულობის (მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერის არსებობის) ჩარჩოებში და გულისხმობს, რომ სექსუალური ურთიერთობები და ქორწინება ყველაზე შესაფერისი საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის.

ჰეტეროსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. ამ ცნების აღსანიშნავად ასევე იყენებენ ინგლისურენოვან ჟარგონს „სთრეითი“ (ინგლ. Straight).

ჰომოსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. მე-20 საუკუნის მიწურულიდან ეს ტერმინი უფრო ნაკლებად გამოიყენება და ზოგჯერ შეურაცხმყოფლად მიიჩნევა, რადგან ის უკავშირდება უარყოფით სტერეოტიპებსა და მოძველებულ კლინიკურ წარმოდგენებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნეოდა. დღეს ტერმინი დიდწილად ჩანაცვლებულია ტერმინებით „გეი“, „ლესბოსელი“ ან ინკლუზიური აბრევიატურებით, მაგალითად, „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი).

ჰომოფობია: უარყოფითი მიმართებები, შეგრძნებები, ზიზღი თუ ანტიპათია ჰომოსექსუალობის ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც იდენტიფიცირდებიან ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად.

წყარო: Verywell Mind, WISG, Femea.ge

პროტესტი, ეიფორია და ქვიარ გამოღვიძება — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი BIPOLARA

/

არსებობს კლიშე, რომ თუ დრეგ ქვინი ხარ, აუცილებლად უნდა უყურებდე რუპოლის დრეგ შეჯიბრებას, ყველა ქვინის სახელი და ბიოგრაფია ზეპირად იცოდე და ა.შ. მე ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები — დრეგი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე რუპოლის შოები და უფრო მეტი მოლოდინები მაქვს ამ ყველაფრისგან, ვიდრე ტაშის დაკვრა და ადამიანების სიყვარული.

არასდროს მიფიქრია, ამხელა არტისტიზმი თუ იმალებოდა ჩემში. დრეგის გარეშე თითქოს ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ საკმარისია ერთი ლაინერი გავისვა თვალზე და ყველაფერი იცვლება — ახალი ადამიანი იბადება, რომელსაც უფრო მეტი უნარები და შესაძლებლობები აქვს.

“პირველი და უკანასკნელი შოუ” — ბიპოლარას დაბადება

ფოტო: ვახო ქარელი

ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო. სამსახურიდან აღმოვჩნდი United We Stream-ის ერთ-ერთ ლაივზე, რომელიც მთლიანად დრეგ ქვინებს ეძღვნებოდა. მაშინ ქვიარ საზოგადოებასთან დიდი შეხება არ მქონია, ვიყავი ასაკით უფრო პატარა, ყველაფერი გაჩერებული იყო და ძალიან მომეწონა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც იქ დამხვდნენ. მაშინ არც მიფიქრია, რომ ცოტა ხანში მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.   

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როცა ლოქდაუნი მორჩა და ქვიარ სივრცეები უფრო აქტიურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ვნახე ჩემი უახლოესი მეგობრის, Matt Shally-ის შოუ, რომელიც ძალიან მომეწონა. დავფიქრდი, მეც ხომ არ მინდოდა იმავეს გაკეთება. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ვუსმენდი იმ მუსიკას, რომელზეც მათემ შოუ გააკეთა. ვფიქრობდი, მე როგორ გავაკეთებდი ამ სიმღერაზე შოუს, როგორი იქნებოდა ჩემი შესრულება და ა.შ. მათეს შოუს მალევე მოჰყვა ნია გვათუას შემოთავაზება — მთხოვა შოუ გამეკეთებინა საქსეს ბარში, თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიყავი მზად, თუმცა ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი იმ პირობით, რომ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი შოუ, დავიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს და ამით მორჩებოდა.

მაყურებლების ოვაციები და უფრო თამამი ბიპოლარა

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

პირველ შოუზე, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნია დამეხმარა ჩემი იდეების სრულყოფაში. მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი ემოციები მივიღე შოუს დასრულების შემდეგ, არ წყდებოდა ტაში და ოვაციები. მითხრეს, რომ გარეთ უამრავი ადამიანი დარჩა, რომლებიც შიგნით შემოსვლას და ჩემი შოუს ნახვას ცდილობდნენ. ამ ადამიანებმა და მათმა ემოციებმა შემახსენა, რომ სინამდვილეში იქ ვიყავი, სადაც ბავშვობიდან მინდოდა ყოფნა და ის ემოციები მივიღე, რაც ყოველთვის მაკლდა. დღის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი დრეგ პერფორმერობა აქ არ დასრულდებოდა და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებდი შოუებს.

ძალიან ახლო მეგობრების გარდა, როგორც წესი, არავინ იცის, როგორი იქნება ჩემი შოუ, არ არსებობს წინასწარი მოლოდინები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ქართული დრეგის განვითარებას. ჩემი დრეგ პერსონაც მუდმივად განიცდის ცვლილებას, ვცდილობ, არ ვიყო ერთფეროვანი და სწორხაზოვანი. ჩემი შოუები ყოველთვის სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება, იცვლება მესიჯები, ჩემი გამოხატვის ფორმები. პირველი შოუ 1992 წლის ფილმიდან, Death Becomes Her-იდან გავაკეთე, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. შოუს დასაწყისში ბიპოლარა გაუბედავი, შეშინებულია, დგას სარკესთან და სასოწარკვეთილი უყურებს საკუთარ გამოსახულებას, თუმცა შოუს მსვლელობის დროს, პოულობს ძალას და განსხვავებულ მხარეს ავლენს, უფრო თამამს, ძლიერსა და დაუმორჩილებელს.

ეიფორიის განცდა, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

ფოტო: KOI

შოუს დასრულების შემდეგ, ყოველთვის მინდა, არ მორჩეს ბიპოლარა, გამყვეს ის ემოცია თუ ეიფორიის განცდა, რაც დრეგის კეთებას ახლავს. ვცდილობ, დაძინებამდე არ მოვიხსნა პარიკი, არ მოვიშორო მაკიაჟი და ცოტა ხნით გავიხანგრძლივო ბედნიერების განცდა. მერე ვიძინებ და გაღვიძებისას თითქოს ახალი ადამიანი ვარ. ყოველი პერფორმანსის შემდეგ ახალი ადამიანი იბადება, რომელიც მაქსიმალურად დაცლილია იმ შიშებისგან, რაც დრეგის კეთებამდე მქონდა.

ყოველი შოუს მერე ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი ვარ, უფრო თამამი, უფრო ძლიერი. როგორც იქნა, საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ვისწავლე, როდის უნდა ვთქვა რაღაცაზე უარი, როდის უნდა დავთანხმდე. დრეგმა საკუთარი თავის მოსმენა და დაფასება მასწავლა. ბევრი ისეთი რამე გამოვიტანე გარეთ, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ვჩქმალავდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

ქართველი დრეგ ქვინების და ქართული დრეგის უნიკალური მახასიათებლები

ფოტო: KOI
ფოტო: KOI

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ქვიარ ადამიანებს და ქვიარ კულტურას უთმობენ დროს. ყველა კლუბს აქვს თავისი ქვიარ ღამეების სერია, რამაც გამოიწვია ქართველი დრეგ ქვინების რაოდენობის ზრდა და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის, არცერთი დრეგ ქვინი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველანი თავისებურად გამორჩეულები არიან. მიჭირს ერთი რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, ყველას შრომას და შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვნები არიან, სტილით, ვიზუალით, გემოვნებით, არტისტული უნარებით, მანერებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს მრავალფეროვნება მომავალში დიდ სიკეთეს მოგვიტანს ყველას, ვინც დრეგ კულტურის ნაწილად აღვიქვამთ თავს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული დრეგი ტრადიციული დრეგისგან იმით განსხვავდება, რომ ქართველი დრეგ ქვინების შოუებში უფრო მეტი პერფორმანსია და არ არის მხოლოდ კლასიკური დრეგი ლიპსინქით და მოძრაობებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, რადგან არ ვართ ჩარჩოებში მოქცეულები და უფრო მეტი გასაქანი გვაქვს საკუთარი განცდების თუ გამოცდილების გაზიარებისთვის. მაყურებელიც მოგებულია, რადგან არასდროს იცის, რა დახვდება კონკრეტული დრეგ შემსრულებლის შოუზე.

პროტესტი, ქვიარ გამოცდილება და რჩევები დამწყებ დრეგ ქვინებს 

ყოველთვის ვცდილობ, შოუებში მქონდეს ის პროტესტი, რომელიც ცხოვრებაში მიგროვდება. შეიძლება ამას ყველა ვერ ამჩნევდეს, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შენიშნავს, რომ ჩემი შოუები ირეკლავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება. ამას ვერ გავექცევით, ქართველი ქვინების შოუებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის არის გადმოცემული ის ტკივილი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში განვიცდით. დრეგი არ არის მხოლოდ ფერადი კოსტიუმები და გასართობი სანახაობა, ჩვენთვის დრეგი პირველ რიგში არის საშუალება, მოვყვეთ ჩვენი ისტორია.

დრეგი ჩვენს ქვეყანაში რისკებთან არის დაკავშირებული, არცერთი დრეგ ქვინი არ არის დაცული ჰომოფობიური საზოგადოებისგან. ჩემი მაგალითიც ასეთია — ოჯახისგან არ მაქვს მხარდაჭერა, თუმცა მაინც გავრისკე და გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვა ადამიანებსაც ამას ვურჩევდი. ვისაც სურვილი აქვს ქართული დრეგ ოჯახის ნაწილი იყოს, აუცილებლად უნდა გარისკოს და გადადგას ნაბიჯი. ვიცი, რომ მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრეგმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დაშვებას ვაკეთებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა შედეგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და იმაზე ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე წარმოვიდგენდი: უამრავი ადამიანი გავიცანი, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა, სიყვარული. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გასულ კვირას, კლუბ TES-ში JAMPROJECT-ის ორგანიზებით გამართულმა ეროტიკული ღამეების სერიამ TURPHA, სადაც ჩემი პირველი სიმღერის პრეზენტაცია შედგა. რისკი და ნერვიულობა ამ ყველაფრად ღირდა.

 

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

დრეგ კულტურა, როგორც ლგბტქ+ აქტივიზმი — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი, GERILYN STONE

ტერმინი დრეგ ქვინი 1870 წლით თარიღდება და აღნიშნავს მსახიობს, რომელიც საზოგადოებაში სხვა სქესის ადამიანთან ასოცირებულ ტანსაცმელსა და გენდერულ როლს ირგებს. ამერიკელი დრეგ ქვინის და აქტივისტის, ლი ბრიუსტერის 1971 წლის სტატიაში დრეგ ქვინი განმარტებულია, როგორც ჰომოსექსუალი ტრანსგენდერი, რომელიც გამოირჩევა ჰიპერ ფემინურობით, დაუმორჩილებლობითა და კოლორიტულობით. 

წლებთან ერთად დრეგმა უფრო მეტი დანიშნულება შეიძინა, გაფართოვდა მისი საზღვრები და დღესდღეობით დრეგ კულტურით არამარტო კაცები, არამედ ქალები და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებიც არიან დაკავებულები. 

დრეგისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული თეატრალურობა, მაკიაჟი და ტანისამოსი. დრეგ ქვინები ლიპ-სინქის, ლაივ შესრულებით და საცეკვაო მოძრაობებით აშარჟებენ გენდერის მახასიათებლებს და ცდილობენ, გააძლიერონ ჩაგრულთა ხმა. 

ქართული დრეგი სულ ახლახან გაჩნდა და დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ კულტურის ქართულ რეალობაზე მორგებას ცდილობენ. ერთ-ერთი პირველი ქართველი დრეგ ქვინი Gerilyn Stone-ია, რომელიც ქართული ანდერგრაუნდის სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. როგორც 23 წლის ქვინი ამბობს, ყველაფერი ქროსდრესინგით (საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარება) დაიწყო, რაც შემდეგში დრეგში გადაიზარდა. 

Queer.ge ქართველ დრეგ ქვინს ესაუბრა და გთავაზობთ Gerilyn-ის ისტორიას დრეგზე, იდენტობაზე, ლგბტქ+ აქტივიზმსა და საკუთარი თავის აღმოჩენაზე.

ქროსდრესინგი, იდენტობა და ქვიარ ღამეების სერია

არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დრეგი მხოლოდ გამოხატვის ფორმა და ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, თუმცა ჩემთვის ასე არ არის. დრეგი არა მხოლოდ ხელოვნება ან გამოხატვის ფორმა, არამედ იდენტობის ნაწილიცაა. ჩემი, როგორც დრეგ ქვინის ისტორია ქროსდრესინგით იწყება — ბავშვობიდან მიყვარდა ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და როგორც კი სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებლობა მოვიპოვე, ხშირად გამოვხატავდი საკუთარ თავს ამ ფორმით. ეს თანდათან გადაიზარდა იმაში, რომ დრეგ ქვინი გავხდი. 

Tbilisi Pride Fest 2021. ფოტო: kerosene_on_ice

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში ქვიარ ღამეების სერიები გაჩნდა. პირველად იყო კლუბ ბასიანის ორგანიზებული Horoom, სადაც თვეში ერთხელ მეძლეოდა საშუალება, ჩამეცვა ისე, როგორც მინდოდა და გამომეხატა საკუთარი თავი ისე, როგორც აღვიქვამდი. ეს ერთგვარი შვება იყო და მთელი თვის განმავლობაში მშვიდად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი, რომ არსებობდა ის ერთი ღამე, როცა საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმები არ მზღუდავდა და შემეძლო რამდენიმე საათით მეგრძნო თავისუფლება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. შედეგად, ჰომოფობიურ საზოგადოებასთან ერთად თანაარსებობა დანარჩენ დღეებში უფრო მარტივი იყო. 

ქვიარ ღამეების სერიამ საშუალება მომცა, მაქსიმალურად გამეთავისუფლებინა საკუთარი თავი და გამოხატვის ფორმები, თუმცა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თვეში ერთხელ ხდებოდა, ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა ის რამდენიმე საათი და ხშირად ეს მაქსიმალური ხდებოდა ექსტრა და ექსტრა ყოველთვის იყო დრეგი.

დრეგ ქვინობა, როგორც ლგბტქ+ აქტივიზმი და ქართველი მერილინ მონროს დაბადება

ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ნია გვათუამ, ჩემმა Drag Mother-მა შემომთავაზა ჰელოუინისთვის შოუს გაკეთება. ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი, რადგან როგორც ლგბტქ+ აქტივისტი, ვგრძნობდი, რომ ამაზე კარგ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად საზოგადოების წნეხის ქვეშ ცხოვრობენ და ვერ ბედავენ საკუთარი სურვილების და ოცნებების ახდენას. დღემდე ვიღებ უამრავი ადამიანისგან შეფასებას, რომ ჩემი პერფორმანსები ეხმარებათ, უფრო გაბედულები, თამამები და უშიშრები იყვნენ. ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. სახელი Gerilyn Stone ამერიკული ვოგისთვის გაჩნდა. ინტერვიუს წერდნენ ჩემთან, სახელი ჯერ კიდევ არ მქონდა შერჩეული და ძალიან უცებ გადაწყდა, რომ ქართველი მერილინ მონრო ვყოფილიყავი, ანუ ჯერილინი – Georgian Merilyn. 

ჯერილინ სტოუნი და ნია გვათუა, ბარი Success. ფოტო: დათო ქორიძე

ყოველთვის ვცდილობ, პერფორმანსებში მუსიკის, მაკიაჟის, კოსტიუმების, სიუჟეტის თუ მოძრაობების საშუალებით მაყურებლამდე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მესიჯი მივიტანო. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სანახაობა — ყოველი პერფორმანსის მიღმა პატარ-პატარა ნაღმებია დამალული. თავიდან, როცა დრეგის კეთება დავიწყე, ჩემი შოუები ძირითადად მიემართებოდა იმ ქალების შარჟს, რომლებიც მასკულინობის მარწუხებში არიან მოქცეულები, მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს აფარებენ თავს და არ სურთ, ცხოვრების სხვა ასპექტებსაც გადასწვდნენ. სწორედ ამიტომ, შოუები გამოირჩეოდა გადამეტებული დრამატულობით, გროტესკულობით. 

მაყურებელს ყოველთვის რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩემი პერფორმანსები ჩემს ცხოვრებას ეხმიანება. ეს ხშირ შემთხვევაში ასე არ არის. ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, უფრო დიდი გამოწვევაა, გავცდე საკუთარ თავს და იმ თემებს შევეხო, რომლებიც ჩემი პიროვნებისგან შორს დგას. ყოველთვის ვცდილობ, ისეთ როლში შევიდე და ისეთი ემოციები გადმოვცე, რაც ჩემთვის უცხოა. 

მენტალური ჯანმრთელობა და დრეგ ქვინების გარშემო არსებული სტერეოტიპები

მესიჯები ყოველთვის იცვლება. დღესდღეობით ტრანს აქტივიზმით ვარ დაკავებული და ვცდილობ, ჩემი შოუებით ტრანს ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბრო. თავიდანვე, როცა დრეგის კეთება გადავწყვიტე, ამან ლგბტქ+ თემშიც უამრავი კითხვა გააჩინა და სტერეოტიპულად უდგებოდნენ საკითხს, რომ რადგან დრეგს ვაკეთებდი, აუცილებლად ბინარული ტრანს ადამიანი ვიყავი. სულ მიწევდა იმის ახსნა, რომ ეს ასე არ იყო, რომ დრეგ იდენტობა/კულტურა და ტრანს იდენტობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ყოფილა შემთხვევა, როცა პირად ურთიერთობებშიც შეუშლია ხელი ჩემს დრეგ საქმიანობას, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არავის გამო არ ღირს უარის თქმა იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებს და რაც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  

ბარი Success. ფოტო: ელენე შენგელია

ჯერილინი ძალიან დამეხმარა განვითარებაში. ყოველთვის ინტროვერტი ვიყავი, თუმცა ჩემი საქმიანობიდან და სურვილებიდან გამომდინარე, მიწევდა ვყოფილიყავი ძალიან სოციალური და ადამიანებით გარშემორტყმული. იყო პერიოდები, როცა ჩემი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან არასტაბილური გახდა და ჯერილინმა ერთგვარი კედელი ააშენა, რომელიც იღებდა და აკეთებდა იმ ყველაფერს, რაც მე არ შემეძლო. ეს  საბოლოოდ დამეხმარა იმაში, რომ უკეთ გავმხდარიყავი. მიჭირს მისი დახასიათება, რადგან ჯერილინის ხასიათი ხშირად იცვლება, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ — მას კარგი მიზნები აქვს და ქვიარ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა სურს. 

სირთულეები, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

 

საბედნიეროდ დღეს უფრო მეტმა ადამიანმა იცის ამ კულტურის არსებობაზე და მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავიდან, როცა დრეგის კეთება დავიწყეთ, არ არსებობდა არანაირი ბიუჯეტი და ყველაფრის ყიდვა ჩვენი ხარჯებით გვიწევდა. რამდენიმე წლის წინ ლუქს 5 ლარად ვაწყობდით და შოუსთვის აუცილებელ ატრიბუტებს ვერსად ვინახავდით — ერთ მეგობართან ფეხსაცმელი მქონდა შენახული, მეორესთან კაბა. ბაზრობებზე მიწევდა სიარული, ბიუჯეტურად რომ მეყიდა ყველა საჭირო აქსესუარი, ამასთან ერთად, უნდა მეპოვა ადგილი, სადაც შოუმდე მაკიაჟს გავიკეთებდი. 

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, შოუების კეთება ისეთი რთული აღარ არის. ამდენი წლის განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე, თუმცა სულ ვფიქრობ იმაზე, რა სიახლე შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს, როგორ მოვიზიდო უფრო მეტი მაყურებელი, როგორ გავაფართოო ჩემი შესაძლებლობები. თუმცა დრეგის კეთების დროს ყველაზე რთული ნაწილი მაინც შოუს დასრულების შემდეგ ყველაფრის მოშორება და სახლში ისე დაბრუნებაა, რომ არ გეტყობოდეს, გუშინ მაგარი “ნაშა” იყავი”.

ლადო მხეიძე და Gerilyn Stone, The Drag Ball: Disney ფოტო: ზურა მაისურაძე

 

დრეგ კულტურა, მეინსტრიმი და ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ იწერება

დრეგ კულტურა ხელოვნების სხვა მიმართულებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო მეინსტრიმისა და პოპულარული კულტურისკენ იხრება, თუმცა ეს საერთოდ არ აკნინებს მას. მართალია, დრეგი სულ რამდენიმე ათწლეულის წინ გაჩნდა, თუმცა მაინც მდიდარი ისტორია აქვს და ამის უკან მთელი ქვიარ განმათავისუფლებელი მოძრაობა დგას. დრეგი ჰყვება იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ ჩაგვრას და მარგინალიზებას. 

ამასთან ერთად, ხელოვნების სხვა მიმართულებები, ძირითადად, უკვე განვითარებულია, არსებობს მკაცრი ნორმები, დოგმები. დრეგის შემთხვევაში ყველაფერი ახლა იწყება და ძალიან საინტერესოა ამაზე დაკვრივება, მის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. 

KOSA და სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე ვმუშაობ ჩემს შოუქეისზე KOSA. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ივენთი გვქონდა კლუბ KHIDI-ზე, თუმცა უკვე გვაქვს შემოთავაზება სომხეთიდან და იქ გავაკეთებთ მეორე შოუს. ამ ყველაფრის კურატორობას ვუწევ მე. 

KOSA-ს შოუები ეხება სოციალურ თემატიკას, პრობლემებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.

KOSA Showcase, კლუბი KHIDI. ფოტო: გიორგი გოგუა

KOSA ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანები მეტად დააფიქროს პრობლემებზე, რომლებიც აქვს ლგბტქ+ თემს, ასევე, ხელი შეუწყოს ახალი ტალანტების აღმოჩენას. ჩვენი გვინდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებსაც სურთ ქვინობა და არ იციან, რა ნაბიჯები გადადგან ამისთვის — ვის უნდა მიმართონ, როგორ დაიწყონ თავიანთ შოუებზე მუშაობა და ა.შ. 

რჩევები ახალბედა ქვინებს და მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად

Tbilisi Pride Fest 2022

დრეგის კეთება დამეხმარა სწორი ადამიანების პოვნაში და იმ სოციუმში აღმოჩენაში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ალბათ მხოლოდ ამის გამოც ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, ამასთან ერთად, მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და ბევრი აღმოჩენის გაკეთება მოგიწევთ გენდერზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე. ეს გამოცდილება მოგზაურობას ჰგავს, რომელიც უფრო დაგაახლოებთ საკუთარ თავთან, მეტად მიმღებლები გახდებით, მეტად ინფორმირებულები და უფრო უკეთ გაიგებთ, რა სურვილები გაქვთ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ისინი რეალობა გახდეს.