საქართველოს პარლამენტში დღეს სახალხო დამცველობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. დეპუტატებმა ყველა კანდიდატურა ჩააგდეს. კენჭისყრის დაწყებამდე ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ისინი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან კონსენსუსი ვერ შედგა.
იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტმა დაამტკიცოს, საჭიროა 90 ხმა, თუმცა არც ქართულ ოცნებას და არც ოპოზიციას ამ რაოდენობის დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავთ. შესაბამისად, საჭიროა შეთანხმება, თუმცა მმართველი პარტია უარს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი) მხარდაჭერაზე და ოპოზიციას 5 სხვა კანდიდატს სთავაზობს. ოპოზიცია აბაშიძეს, ბურჯანაძეს და ჯანეზაშვილს უჭერს მხარს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა.
დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ასეთია:
- ანა აბაშიძე — 12 მომხრე, 1 წინააღმდეგი
- მარიკა არევაძე — 1 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- გიორგი ბურჯანაძე — 16 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ლელა გაფრინდაშვილი — 5 მომხრე, 1 წინააღმდეგი
- სოფიო დემეტრაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- თინათინ ერქვანია — 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი
- ევგენია თავაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ალექსანდრე კობაიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ლევან კოკორაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ნუგზარ კოხრეიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- გიორგი მარიამიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- სერგო მახარაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- მაკა მინდიაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ჯემალ ნათელაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ქეთევან ჩაჩავა — 2 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- გიორგი ცობეხია — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- იაგო ხვიჩია — 11 მომხრე, 0 წინააღმდეგი
- ნაზი ჯანეზაშვილი — 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომავალი წლიდან უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი პროცედურული ბარიერების დაძლევა და შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელი ყველასთვის მისაღები იქნება.
“მმართველმა გუნდმა არ დაასახელა თავისი კანდიდატები. გამორიცხვის მეთოდით ჩამოვედით 8-მდე ყველანი ერთად და თქვენ ამბობთ მაინც და მაინც ის 3 აირჩიეთ, რომლებიც ჩვენ გვინდაო. ეს არის ულტიმატუმი. ჩვენ გთავაზობთ, რომ 5 ადამიანიდან ერთი, რომელიც გნებავთ, მოდი, ამოვირჩიოთ. თქვენ ამას არ აკეთებთ. […] მაინც და მაინც ამ ორ გვარს უნდა გადააყოლოთ ევრო რეკომენდაციები, აბაშიძეს და ბურჯანაძეს, და ჯანეზაშვილს კიდევ ზემოდან. ამაში არ უნდა შევსულიყავით, თორემ წამგებიან პოზიციაში ხართ და ნუ შევდივართ ამ თემაში, დამიჯერეთ”, — მიმართა მან ოპოზიციას.
ვინ არიან და რას ფიქრობენ სხვადასხვა საკითხზე სახალხო დამცველობის კანდიდეტები, შეგიძლიათ იხილოთ ქვიარის სტატიებში: