აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებისა და აზრის გაჩუმებას.
“ეს კანონპროექტი რუსულია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება — გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრებისთვის დახმარების გაწევა გააგრძელონ. მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა საკითხში. ხელს შეუშლის ასევე, სამედიცინო კვლევებს, რომლებიც დონორების დახმარებით ხორციელდება. ხელს შეუშლის ტურიზმის, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც კლიმატის ცვლილებებსა და ნებისმიერ სხვა საკითხზე მუშაობენ. სია ნამდვილად ძალიან გრძელია”, — აცხადებს დეგნანი.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
წაიკითხეთ ამავე თემაზე: