Inoteka
/

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

მათი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს, „გამჭვირვალობაა“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდებიან მხოლოდ ერთეულები.

კანონპროექტის ღიად მხარდამჭერი ქართული ოცნება და ე.წ. ხალხის ძალა საუბრობენ დოკუმენტის კავშირზე ამერიკულ და უნგრულ ვერსიასთან და არ ეთანხმებიან აზრს, რომ ინიციატივას კავშირი აქვს რუსულ ვერსიასთან. უმრავლესობის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა გასათვალისწინებელია საზოგადოების დამოკიდებულება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რასაც მკვეთრად გააუარესებს მათი დაკავშირება, გაიგივება უცხოეთის ინტერესებთან, აგენტურასთან. თანაც, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო ერთი ხელის მოსმით თითქმის არასდროს ახშობს თავისუფალ ხმას — ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეგრესირდება და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აფერხებს სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესს, აუარესებს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საბოლოოდ ხელისუფლებების ხელში მძლავრ მაკონტროლებელ იარაღად იქცევა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთშიც ფინანსური გამჭვირვალობის საბაბით მიიღეს და მას შემდეგ განვლილ 10 წელზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, როგორ მკაცრდებოდა, უარესდებოდა საკანონმდებლო ჩარჩო და საბოლოოდ როგორ მივიდა მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებამდე.

როგორ იწყებოდა ყველაფერი რუსეთში

რუსეთში არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის საშიში ტენდენცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა სამართლებრივ აქტებში გაჩნდა დამატებები, რომლებიც ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საქმიანობას ფართო, ბუნდოვნად განსაზღვრულ ჩარჩოს უწესებდა. მათ შორის, ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გაფართოვდა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციაზე უარს მიიღებდა ორგანიზაცია, რომლის მიზნები და ამოცანები რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ერთობას, უნიკალურ მახასიათებლებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, ყოველწლიური აუდიტის შედეგები, ფონდებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში, დაფინანსების წყარო და მიზნები, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღერიცხათ და წარედგინათ. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, გამართულ ღონისძიებებს სურვილისამებრ დასწრებოდნენ.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა რუსეთს ეწვია, რათა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, კანონი მცირედით შერბილდა. მათ შორის, უარის თქმის კანონით განსაზღვრული საფუძვლებიდან ნაწილი ამოიღეს და ორგანიზაციებს აუდიტის წარდგენის ვალდებულება 3 წელში ერთხელ განესაზღვრათ.

2012 წელს, როცა პუტინი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, არასამთავრობო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები რადიკალურად გამკაცრდა. იმავე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა დამატებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობდნენ, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. „პოლიტიკური აქტივობების“ ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც ცხადად განსაზღვრულ ქმედებებს არ გულისხმობდა, შესაძლებლობას ქმნიდა, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, „უცხოეთის აგენტად“ სახელდებულიყვნენ.

სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, „უცხოეთის აგენტებს“ კანონით დაევალათ შემდეგი:

  • კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარმოება განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების შესახებ და ყოველწლიური აუდიტის წარდგენა;
  • დოკუმენტების წარმოება, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და ნახევარ-წლიური აქტივობები;
  • გეგმური აუდიტის წარდგენის ყოველწლიური ვალდებულების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების“ დაუგეგმავი აუდიტი შეიძლება დაუგეგმავად, შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელებულიყო;
  • პოლიტიკური აქტივობები უნდა შეთანხმებულიყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სანამ ორგანიზაციას მათში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ;
  • “უცხოეთის აგენტად” რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეეზღუდებოდათ საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა და დაეკისრებოდათ ჯარიმა 300 ათას რუბლამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 500 ლარი) ან თანამშრომლებს დაემუქრებოდათ პატიმრობა 2 წლამდე ვადით;
  • 200 ათას რუბლზე (7 ათასი ლარი) მეტი ოდენობის დონაცია სავალდებულო მონიტორინგს დაექვემდებარებოდა;
  • გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვალდებულნი გახდნენ, მედიაში, ინტერნეტში ნებისმიერი მასალა შესაბამისი მითითებით გამოექვეყნებინათ;
  • ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფედერალური სააგენტოს იურისდიქცია გავრცელდა.

„პოლიტიკური აქტივობის“ საკანონმდებლო განმარტება მოიცავდა ხელისუფლების დღის წესრიგზე გავლენასა და ამ დღის წესრიგის შესახებ საზოგადოებრივ აზრის შეცვლის მცდელობას. აღნიშნული სამართლებრივი გაგება ფაქტობრივად ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაცია ცდილობს, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოწვევებისკენ და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების მიმღებებს დღის წესრიგის გადახედვისკენ მოუწოდოს.

„უცხოური გავლენის  აგენტების“ შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისებსაც, მათ შორის, ღონისძიებებს, რომლებიც მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სოციალური ასისტირების, დედებისა და ბავშვების დაცვის, შშმ პირების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, ფილანთროპიის, მოხალისეობის საკითხებს მოიცავდა. თუმცა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსაც კი არ ჰქონდათ აბსოლუტური იმუნიტეტი — მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხზე ორგანიზაცია ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, საპროტესტო დემონსტრაციას დაგეგმავდა ან პოლიტიკური პროცესის კრიტიკის სხვა ხერხს მიმართავდა, მისი სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც “პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული”.

Amnesty International-ის 2016 წლის კვლევაში, სახელწოდებით “ხალხის აგენტები: 4 წელი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან: საზოგადოებისთვის დამდგარი შედეგი”, აისახა 15 არასამთავრობო ორგანიზაციის გართულებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ სიაში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენები არაერთი ორგანიზაცია სწორედ გამონაკლისი მიმართულებების სიაში იყო, მათ შორის, გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.

კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ სიაში პირველ 4 წელში მოხვდა სულ მცირე 21 გარემოსდაცვითი, 10 მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის ხელშემწყობი და კვლევით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაცია და 6 საგანმანათლებლო წამოწყება, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შემონახვას ისახავდა მიზნად. სიაში ფოტოგრაფიის კლუბიც კი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებიც წესით გამონაკლისის სახით „უცხოურ აგენტად“ არ უნდა ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, სიის მიღმა არ დარჩნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც პატიმრების უფლებებს იცავდნენ, წამებისგან დაცვისთვის სწევდნენ ძალისხმევას. გარდა ამისა, სიაში მოხვდა სულ მცირე 6 ქალთა უფლებების დაცვის, 12 ჟურნალისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის, 8 მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითი, 2 ლგბტქი, 2 მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მიუხედავად სამართლებრივი დათქმისა, სიაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და არა მათი პოლიტიკური აქტივობის გამო.

შედეგად, კანონის გამკაცრებიდან კვლევის მომზადებამდე გასულ 3 წელში (2012-2015 წლები) უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული 148 ორგანიზაციიდან 27 დაიხურა. ორგანიზაციებისთვის გამოწვევად იქცა ფონდების მოძიება და მათი სამოქმედო არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რადგან მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საზოგადოებრივი განწყობაც.

Amnesty International-ის რუსული ოფისის იმდროინდელი დირექტორის,  სერგეი ნიკიტინის თქმით, რუსეთის შორსმიმავალ ინტერესებში კრიტიკული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები არ შედიოდა. მათ სახელისუფლებო უწყებებზე მიბმული ორგანიზაციები აწყობდათ.

„უცხოეთის აგენტების“ კანონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეებოჭა, სტიგმა გაეძლიერებინა და საბოლოოდ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გაეჩუმებინა“, — აღნიშნავს სერგეი ნიკიტინი.

2017 წლიდან, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პუტინმა პირდაპირი თავდასხმა დაიწყო თავისუფალ მედიაზეც.

პირდაპირი თავდასხმა მედიაზე

მედიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ყველა უცხოური მედია შეიძლებოდა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში შეეყვანათ და მათთვისაც იგივე შეზღუდვები დაეწესებინათ, რაც იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების მთავარ კრიტერიუმად უცხოური დაფინანსება იქცა. „უცხოეთის აგენტი“ მედიები ვალდებულები გახდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალებისთვის შესაბამისი იარლიყი დაერთოთ:


„მოცემული გზავნილი (მასალა) შეიქმნა ან / და ვრცელდება უცხოური მედია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს, ან / და რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.


გარდა კვარტალური დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ტვირთისა, ცვლილებამ მედია ორგანიზაციებს დამატებითი გამოწვევებიც შეუქმნა — გართულდა ურთიერთობა პოლიტიკურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ რიგით რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურდათ, რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყვნენ „უცხოეთის აგენტებთან“.

კანონი სულ უფრო მკაცრდებოდა და მალე საფრთხე შეექმნა ზოგადად ყველა დამოუკიდებელ მედია გამოცემას. უცხოური დაფინანსების დათქმაც კი იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო შეხვედრებზე უცხოური ფინანსებით დასწრება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, “აგენტად” შერაცხვის მიზეზად იქცა. 

2019 წლიდან „უცხოეთის აგენტების“ კანონი გავრცელდა ინდივიდებზეც და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები სიაში აღმოჩნდნენ. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ნავალნის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, კანონი კიდევ გაფართოვდა და ნებისმიერი იმ გამოცემის დაჯარიმების შესაძლებლობა გაჩნდა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ მასალებს გააზიარებდა და არ დაურთავდა მათ სტატუსს.

International Press Institute-ის თანახმად, „2021 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1500 აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 100-ზე მეტი იურიდიული პირი და ინდივიდი გამოცხადდა მედია ორგანიზაციად, რომელიც „უცხოური აგენტი“ იყო. ქვეყანაში დარჩენილები კი ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ თვითცენზურისთვის მიემართათ, რათა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.

2022 წელს, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, პუტინისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ კანონი კიდევ ერთხელ გაფართოვდა.

უცხოეთის აგენტად გამოცხადების საფუძველი მხოლოდ უცხოური დაფინანსება კი არა, უბრალოდ „უცხოური გავლენის“ ქვეშ ყოფნაც გახდა. გარდა ამისა, დაიწყო ცალკე სიის წარმოება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „უცხოეთის აგენტებთან არიან დაკავშირებული“. აღნიშნული სია მოიცავს „აგენტი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიდერს, მონაწილეს, წევრს, დასაქმებულს, ასევე, ადამიანებს, რომელთაც დაფინანსება მიუღიათ „უცხოეთის აგენტებისგან“.

ახალი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობაც. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია ავტომატურად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად ითვლება. იმ გამონაკლის მიმართულებებსაც კი, რომლებიც 2012 წლის შესწორებებით განისაზღვრა, სპეციალური მითითება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებთან, სამოქალაქო სამართალთან, რუსეთის ფედერაციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ღირებულებებთან წინააღმდეგობის გამორიცხვას.

რა ხდება რუსეთში ახლა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?

ამ დროისთვის რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 637 სუბიექტია, მათ შორის, 81 არაკომერციული ორგანიზაცია, 190 უცხოური მედია და ინდივიდი, 11 დაურეგისტრირებელი ასოციაცია, 62 ინდივიდი და 77 არასასურველი ორგანიზაცია.

მხოლოდ 2021 წლის შემდეგ 12 მედია საშუალება, 56 ჟურნალისტი და 12 არაკომერციული ორგანიზაცია გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“.

პუტინის რუსეთში თავდაპირველად კანონის მიღების მიზეზად ფინანსური გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელეს, თუმცა ნათელია, რომ რამდენიმე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ პუტინს საწინააღმდეგო პროტესტების ჩახშობა, სამოქალაქო საზოგადოების გაკონტროლება, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება და ყველაზე მთავარი — საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურდა. 2012 წლიდან დღემდე გასული 10 წელზე მეტი აჩვენებს, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა შეძლო და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა შეუძლებელი ან / და სარისკო გახადა.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი აზრი „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით სწორედ იმგვარია, როგორიც პუტინს სურს.

კითხვაზე, რა ასოციაციები გაქვთ ფრაზაზე „უცხოეთის აგენტი?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ნეგატიური, უსიამოვნო ასოციაციები — 15%
  • ჯაშუში — 14%
  • სამშობლოს მოღალატე — 7%
  • მტერი / ხალხისა და სახელმწიფოს მტერი — 6%
  • სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება — 4%
  • ფულის უცხოეთიდან მიღება — 3%
  • რუსეთის წინააღმდეგი / მტერი — 3%
  • უცხოეთის დაზვერვა / საიდუმლო სამსახური — 3%
  • შევიწროება / დევნა სახელმწიფოს მხრიდან — 2%
  • ხელისუფლების წინააღმდეგ / ოპოზიცია / დისიდენტი — 2%
  • მედია / ჟურნალისტები — 2%
  • ხელისუფლების დამხობის მცდელობა — 2%
  • უცხოელი / სხვა ქვეყნის მოქალაქე — 2%
  • პოზიტიური ასოციაცია / დადებითი დამოკიდებულება — 2%
  • ასოციაციის არქონა — 11%
  • სხვა — 5%
  • მიჭირს პასუხის გაცემა —24%

რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან გავლილი 10 წელზე მეტი — ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების დახურვის ფაქტები, ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წასვლა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის „უცხოეთის აგენტის“ მარკერით მონიშვნა უარყოფით, მოღალატეობრივ ასოციაციებს იწვევს ან საფრთხისშემცველ წარმოდგენებს აღძრავს და შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, გაყალბებულ ინფორმაციაზე დგას მხოლოდ მცირედ წარმოდგენას იძლევა იმ სახიფათო გზაზე, რომელსაც საქართველო ახლა გადის. პუტინის რუსეთმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმების ათწლოვანი (უფრო მეტი, თუ ამ ათვლას 2006 წლიდან დავიწყებთ) გზა გაიარა, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ?

გამოყენებული მასალები: International Press Institute / Amnesty International / Inoteka / Freedom House

წინა

თემიდა — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

შემდეგი

რა წერია ანტიდასავლური მოძრაობის რუსულ კანონში “უცხოეთის აგენტების” შესახებ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების