Mashable

გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ

ჰეტერონორმატიულ სამყაროში, მრავალწლიანი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის გამო, ქვიარებს მალვა უწევთ როგორც საჯარო, ასევე, პრივატულ სივრცეებში. რიგ შემთხვევაში ეს პირდაპირაა დაკავშირებული თავის გადარჩენასთანაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და ემოციურად გადამწყვეტია, როცა იქ პოულობ შენს ადგილს, სადაც მიკუთვნებულობა გაქვს, ქვიარებისთვის რთულია, მსგავსი სივრცეები აღმოაჩინონ, რაც, უსაფრთხოების გამო, ზემოაღნიშნულ მალვასთანაა დაკავშირებული.

ბოლო დეკადაში გაცნობის აპლიკაციები აქტუალური გახდა, რამაც, ცხადია, ფიზიკური სივრცეების არსებობის აუცილებლობა ოდნავადაც არ შეასუსტა, მაგრამ ქვიარებისთვის, ისევე, როგორც დანარჩენი სამყაროსთვის, ბევრად მარტივი გახადა მათთვის საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და გაცნობა.

ალბათ, ყველა ჩვენგანს გადახდენია ან სმენია მინიმუმ ერთი ამბავი მაინც, რომელიც წარუმატებლობით დასრულებულ გაცნობის აპლიკაციაზე რეგისტრაციას ეხება — როგორც ქვიარ ადამიანების ფეტიშიზაცია, შევიწროება, ჰეტეროსექსუალი წყვილის მიერ ქვიარ ადამიანების მხოლოდ threesome-ში ჩართვის მსურველ ადამიანად დავიწროება, ასევე, პოტენციური პარტნიორების პროფილის ფოტოებად ჰეტეროსექსუალი კაცები თევზით ხელში ანდაც, მათივე ქორწინების ამსახველი სურათები. გარდა ამისა, ერთ-ერთი ცნობილი ხრიკი, რომელსაც, ძირითადად, ჰეტეროსექსუალი კაცები მიმართავენ, გენდერის განზრახ არასწორად მონიშვნაა, რაც მათთვის შესაძლებელს ხდის, რომ წდომა ჰქონდეთ ქვიარ ქალებსა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირებზეც, რომელმაც მათი ინტერესის ველიდან კაცები გამორიცხეს.

სტენფორდის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევისა და Pew Research-ის 2020 წლის კვლევის თანახმად, დადასტურდა, რომ ონლაინ გაცნობა ყველაზე პოპულარი გზაა წყვილებისთვის ურთიერთობის დაწყების მიზნით აშშ-ში. ეს პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გეი წყვილებშია, რომელთა 28% სწორედ გაცნობის აპლიკაციებით დაუკავშირდა თავის მომავალ პარტნიორს. ჰეტეროსექსუალ წყვილებში კი, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 11%-ს მიაღწია. ამასთანავე, Pew Research-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვიარ თემის ლგბ წევრები, რომელთაც ოდესმე გამოუყენებიათ გაცნობის აპლიკაცია, აცხადებენ, რომ აპლიკაციის ან საიტის მოხმარების განმავლობაში შევიწროების ერთი სახე მაინც გამოუცდიათ და ეს 69%-ს აღწევს. ჰეტეროსექსუალ ადამიანებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 52%-ია.

ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, თითოეულმა მომხმარებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად უღირს გაცნობის აპლიკაციებსა თუ ვებსაიტებზე რეგისტრაცია. ამასობაში კი, ქვიარ და ქვიარ-მეგობრულ გაცნობის აპლიკაციებს შემოგთავაზებთ. ზოგიერთი მათგანი კარგად ნაცნობი და ფართოდ გამოყენებადია როგორც ქვიარი ადამიანების მიერ, ასევე — ჰეტეროსექსუალების, ხოლო ზოგს შესაძლოა საქართველოში ნაკლებად ან არ იყენებდნენ, თუმცა, მათ გამოყენებაში დამკვიდრებას არაფერი უდგას წინ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული აპლიკაცია უნიკალურია და თავისი დადებითი მხარე აქვს.

Tinder

მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში აღნიშნულ აპლიკაციას ბევრი სტერეოტიპული იარლიყი მიეწება და  სექსზე ორიენტირებული აპლიკაციის სახელი დაერქვა, ქვიარ ადამიანებთან მიმართებით, ურთიერთობის მრავალფეროვანი მიზნების გათვალისწინებით, მას mashable-ის ცნობით, 50 მილიონი ადამიანი იყენებს.

Tinder პიონერი იყო გაცნობის აპლიკაციებში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აპლიკაციაა. სვაიპინგის ინოვაციური მეთოდის დამკვდრებით, მან ხელის ერთი მოძრაობით მომხმარებელთა გადარჩევის კონტროვერსიული მეთოდი დაამკვიდრა. რიგი მოსაზრების მიხედვით, ადამიანების გარეგნობაზე დაფუძნებული გაფილტვრის მეთოდი მეტისმეტად ტრივიალურია და ავიწროებს პოტენციური პარტნიორების გაცნობის შესაძლებლობებს, ხოლო, რიგი მოსაზრების მიხედვით, ეს მომხმარებლების დროს ზოგავს.

მიუხედავად იმისა, რომ Tinder არ არის ექსკლუზიურად ქვიარ გაცნობის აპი, მასზე ნებისმიერი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მქონე პირს შეუძლია რეგისტრაცია. მომხმარებელი მარტივად უთითებს საკუთარი ნაცვალსახელს და ნიშნავს, რომელი გენდერისადმი აქვს მიზიდულობა. გარდა ამისა, რადგან ის ფართოდ გავრცელებულია, თითოეულ მომხმარებელს წვდომაც მეტ ადამიანზე აქვს.

Fortune

Bumble

აპლიკაცია შექმნილია იმ მარტივი იდეის გარშემო, რომ შეცვალოს არსებული მოძველებული ძალაუფლებრივი დინამიკა, რომლის მიხედვითაც, ყოველთვის კაცებმა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი. Bumble-ის შემთხვევაში, ინიციატორები ყოველთვის ქალები არიან — როდესაც 2 მომხმარებელი მოიწონებს პოტენციურ პარტნიორს, მათ შორის ქალი ხდება კომუნიკაციის წამოწყების ინიციატორი. ერთსა და იმავე გენდერის ადამიანებს შორის ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიწერა, თუმცა ეს მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

აღნიშნული მიდგომის გარდა, რომელიც Bumble-ს სხვა აპლიკაციებისგან გამოარჩევს, ეს მეტი შესაძლებლობაა, უკეთ გავიცნოთ ადამიანები. თუ Tinder-ს სწორედ მხოლოდ გარეგნობაზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტის მეთოდს უწუნებენ, Bumble-ის შემთხვევაში, საჭიროა, რომ ფოტოების გარდა, მიუთითოთ მცირე ბიოგრაფია, ასევე, ინფორმაცია ურთიერთობებში წითელი და მწვანე დროშები თქვენთვის და სხვა დეტალები, რომელიც, ფიქრობთ, რომ ურთიერთობებში რელევანტურია. გარდა ამისა, აპლიკაციაში ხმოვანი შეტყობინებებისა და გიფების გაგზავნაცაა შესაძლებელი, რაც ექსპრესიასა და მოსაუბრის განწყობის სწორ აღქმას უფრო მარტივს ხდის.

Mashable

Hinge

კითხვარები, რომლებსაც გაცნობის აპლიკაციების ტრადიციულად გვთვაზობენ, ხანდახან მომაბეზრებელია, ხანაც — მეტისმეტად ღრმა და სერიოზული იმისთვის, რომ უცნობ ადამიანებს გავუზიაროთ. Hinge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დღეში 8 ადამიანამდე მოიწონოს. სვაიპინგის ნაცვლად, კავშირები ერთმანეთის ფოტოებისა და გაცნობითი ხასიათის თამაშებზე პასუხების მოწონებით მყარდება. თამაშები ვარირებს არც ისე სერიოზულსა თუ იდეოლოგიურ მიკუთვნებულობის, რეკრეაციულ ნარკოტიკებთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ჰინჯის აპლიკაცია, სხვა დიდი მოთამაშეებისგან განსხვავებით, ქვიარ ადამიანების სიმრავლით გამოირჩევა.

Financial Times

Her

აპლიკაცია მხოლოდ ქვიარ ქალებისთვისაა და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაიფართოვოს გაცნობის არეალი და უკვე ნაცნობსა თუ უცნობ ქალებზე მეტი გაიგოს და დაუახლოვდეს.

2019 წელს Her-ის ადმინისტრაციამ განაახლა აპლიკაცია და მომხმარებლებს საშუალება მისცა, უფრო კრეატიულები გამხდარიყვნენ. მათ გენდერისა და სექსუალობის გარდა, შეუძლიათ, მიუთითონ კვებითი პრეფერენციები, მაგალითად, ვეგანობა, ვეგეტარიანელობა, პესკეტარიანელობა და სხვა. მცირე ბიოგრაფიულ ველში შეგიძლიათ, თქვენს მჭევრმეტყველებასაც მისცეთ გასაქანი და მხოლოდ ტრადიციული, მხოლოდ ფაქტებით შემოფარგლული ცხოვრების მიმოხილვა არ გააზიაროთ.

Her ურთიერთობათა გაგებას მხოლოდ რომანტიკულამდე არ ამცირებს და ქალებს საშუალებას აძლევს მეგობრები ან უბრალოდ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები გაიცნონ. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისეთ ნიშურ ჯგუფებში გაწევრიანდეს, როგორებიცაა მოგზაური ქვიარები, ახლად დაქამინგაუთებულები, ასტროლოგიისა და ეზოთერიკის მოყვარულები და ა.შ.

Her app

Grindr

ეს აპლიკაცია ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობია და საუკეთესოა გეი კაცებისთვის, რომლებიც ჰეტეროსექსული ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ აპლიკაციებში მიღებული გამოცდილებები მობეზრდათ, ასევე, ბი/პანსექსუალი კაცებისთვის, რომლებიც ახალ გამოცდილებებს ეძებენ ცხოვრებაში.

გრაინდერი არ გამოირჩევა საზღვრების დაწესებითა და დაცვით, რომლებსაც სხვა აპლიკაციები უზრუნველყოფენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მხოლოდ სექსუალურ პარტნიორებს ეძებს და სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, კომუნიკაცია არა საუბრითა და მიზნების გაცვლა-გამოცვლით, არამედ — ისეთი შიშველი ფოტოების მიღებით იწყება, რომლებიც შესაძლოა, არც გითხოვიათ. სწორედ ამ მიზეზით კრიტიკის გამო, გრაინდერის ადმინისტრაციამ საერთაშორისო მომხმარებლებისთვის კვლევა ჩაატარა და ჩამოაყალიბა კამპანია გრაინდერი თანასწორობისთვის, რომელიც არაუსაფრთხო ქვეყნებში ლგბტქია+ ადამიანების სექსუალურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ადვოკატირებს.

Ad Age

okCupid

okCupid-ის სლოგანის თანახმად, პაემნებზე სიარული უკეთესს იმსახურებს. აპლიკაცია ღიაა როგორც ქვიარ, ასევე სთრეითი ადამიანებისთვის და გათვლილია, ძირითადად, სექსუალური პარტნიორების მოსაძიებლად, თუმცა, მისი მეშვეობით, იშვიათად, შესაძლოა, გრძელვადიან ურთიერთობაშიც ამოყოთ თავი. 2020 წლიდან აპლიკაციის ყველა მომხმარებელს შეუძლია ნაცვალსახელის ცვლილება.

აპლიკაციის დამფუძნებელთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობისკენ სწრავა და სწორედ ამიტომ, თავიანთ მომხმარებლებს Black Lives Matter და არჩევნებში მონაწილეთა ბეჯები შესთავაზეს.

კავშირები აპლიკაციაში ისეთ ალგორითმებზეა დაფუძნებული, რომლებიც მომხმარებლებს პოტენციურ პარტნიორებს იმაზე დაყრდნობით ურჩევს, თუ რამდენად ერთნაირად უპასუხეს სხვადასხვა შეკითხვას. კითხვები სერიოზულიდან ნაკლებად სერიოზულ თემებს შორის ვარირებს. მაგალითად, შეინახავდით თუ არა სახლში იარაღს; სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია; რომელია თქვენი საყვარელი რომანტიკული კომედია და ა.შ.

okCupid Dating Blog

Feeld

აპლიკაციაში სექსუალობასა და გენდერული იდენტობის შესარჩევი 20 შესაძლო პასუხია და  სამართლიანი იქნება, ითქვას, რომ აპლიკაცია ქვიარ სპექტრს ფარავს. Feeld იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც აქვთ მიმღებლობა, აღმოაჩინონ თავიანთი ურთიერთობების სურვილები უსაფრთხო სივრცეში. აპლიკაცია საუკეთესოდაა მორგებული პოლიამორულ ადამიანებზე, თუმცა მასზე დარეგისტრირება მარტოხელა ადამიანებსაც შეუძლიათ.

აპლიკაციაში შეხვდებით როგორც წყვილებს, რომლებიც სექსუალურ პარტნიორს ეძებენ, ასევე, მათაც, რომელთათვისაც ცხოვრების ამ ეტაპზე რომანტიკული ინტერესის ახალი სუბიექტია აქტუალური. შესაბამისად, პროფილის შექმნა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური მომხმარებლის სახელით, ასევე — წყვილის. თუმცა ეს ფუნქცია განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ურთიერთობაში არიან, თუმცა, მოტყუებით მარტოხელა ადამიანის სტატუსით მესამე პირის საძიებლად რეგისტრირდებიან, რაც ყველაზე გავრცელებული გაცნობის აპლიკაციების ერთ-ერთი მთავარი მინუსია.

Feeld უფასოა, თუმცა აფგრეიდის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ვინ მოიწონა ისინი, დაამატოს პრივატული ფოტოები, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც აღნიშნული მომხმარებელი მოიწონა და ა.შ.

Scruff

აპლიკაცია Grindr-ის შემდეგ, 2010 წელს გამოჩნდა და მორგებულია თემის გტბქ წევრებზე, რომლებიც სხვადასხვა სახის ურთიერთობებს ეძებენ. Scruff ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მომხმარებელთა მიერ კარგად შეფასებული გაცნობის აპლიკაციაა.

როცა სავარაუდო პარტნიორებს არჩევთ, აპლიკაცია ნებას გრთავთ, მონიშნოთ ერთი ან რამდენიმე სექსუალობისა და გენდერული იდენტობისა და ექსპრესიის მქონე ადამიანი თქვენი პრეფერენციების შესაბამისად. მაგალითად: ბისექსუალი კაცები, არმიის მოყვარულები, ტრანსგენდერი ადამიანები, დომინანტები სექსში და სხვა.

გარდა ამისა, მოგზაურობისას აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, თქვენი დღის წესრიგი გამოაქვეყნოთ დანიშნულების ქალაქებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მარტივად დააორგანიზოთ პაემნები, როცა აღნიშნულ ქალაქებში ჩახვალთ.

Dr.Fone – Wondershare

Lex

ამ აპლიკაციის მოხმარება, თავისი განსხვავებული ინტერფეისით, რომელიც 2000-იანების ესთეტიკითაა შთაგონებული, უნიკალური გამოცდილებაა. მაშინ, როცა გაცნობის აპლიკაციათა უმეტესობა სურათებსა და მომხმარებელთა გარეგნობაზეა ფოკუსირებული, Lex მომხმარებლებს იმით იზიდავს, რომ პოტენციურ პარტნიორებს ინტერესების მიხედვით გირჩევთ თქვენს ლოკალურ არეაში.
მიჩნეულია, რომ Lex ქვიარ ადამიანებზეა გათვლილი და შესაბამისად, ყველაზე მორგებული სწორედ მათზეა. გენდერული იდენტობების ფართო სიას შორის გენდერფლუიდს, გენდერულად არაკონფორმულ ადამიანს, ბიგენდერს, გენდერქვიარს და სხვა იდენტობებს შეხვდებით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს გამოცხადებული სიძულვილის ენისა და შევიწროებისა თუ არასასურველი კომუნიკაციის ნებისმიერ სახის მიმართ. ამის გათვალისწინებით, ის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და დაცულ აპლიკაციადაა მიჩნეული.

Popsugar

Hornet

მომხმარებელთა მრავალრიცხოვნების გამო, აპლიკაციას გეი კაცების ციფრულ სახლსაც უწოდებენ —  მას 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით.

სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, მასზე რეგისტრაცია Google-ისა და Facebook-ის თქვენი ანგარიშებიდანვე რამდენიმე მარტივი დაწკაპებით შეგიძლიათ, რაც მომდინარეობს ადმინისტრაციის მიზნიდან, რომელიც გეი კაცების საერთაშორისო მომხმარებელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზის შექმნას გულისხმობს.

გაცნობის ამ აპლიკაციის მეშვეობით, მოგზაურობისას მარტივად შეგიძლიათ ახალი ადამიანები მოძებნოთ რომანტიკული ან სექსუალური ფანტაზიების განხორციელებისთვის ან თქვენი ცხოვრების სიყვარული აღმოაჩინოთ, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა.

PinkNews
წინა

ლბქ+ ადამიანები თავდასხმებისა და დისკრიმინაციის სამიზნე არიან – HRW-ის ანგარიში

შემდეგი

როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?

ბოლო სიახლეები

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც