Mentally Healthy Schools

ბულინგი საქართველოს სკოლებში: არასათანადო პროგრამა, ცოდნა და ბრძოლის პრაქტიკები — თანასწორობის მოძრაობის კვლევა

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა — ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში — ბულინგის გავრცელების პრაქტიკას, არსებულ რეგულაციებს, სახელმძღვანელოებში ბულინგის თემატიკასა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბულინგის შესახებ არსებულ მექანიზმებს სწავლობს. კვლევის თანახმად საჯარო სკოლებში არსებობს თეორიული მასალა შემუშავებული დოკუმენტების სახით, თუმცა საკმარისად არ არის დანერგილი პრაქტიკული მექანიზმები.

ახალი კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ბულინგთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ნათქვამია, რომ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება 2015 წელს დაიწყო და 2018 წლამდე 474 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა არ არსებობს კატეგორიებად დაყოფილი მონაცემები. ამასთან, ეს სტატისტიკა ყველა სკოლას არ მოიცავს და 1700-მე სკოლის მონაცემი აღწერილი არაა.

კვლევა იშველიებს სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც.

„სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაში, უფრო კონკრეტულად: 

  • ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან. 
  • მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა. 
  • სკოლების დონეზე სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ. 
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება. 
  • არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც“.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხშირია „დისკრიმანციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიის, საცხოვრებელი ადგილის, აკადემიური მოსწრების, ჩამულობის და პირადი სტილის გამო. მეორე მხრივ აღსანიშნია, რომ მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ წარმოადგენს ძალადობის ფორმას“.

კვლევის ფარგლებში სასკოლო პროგრამის შესწავლამ აჩვენა, რომ სკოლის საგნები ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნას ნაკლებად ფარავს და მეტად არის მიმართული იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ბავშვს ოჯახისა და საზოგადოების მიმართ აქვს, რაც სრულფასოვანი ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდებას აფერხებს.

თანასწორობის მოძრაობის ახალი კვლევა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის — ქვიარ ბულინგი სკოლაში შედეგების მიხედვით ცდილობს ბულინგთან დაკავშირებით იმ განსხვავებული მოსაზრებების ასახვას, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს. მოსწავლეთა 31% სკოლაში თავს უსაფრთხოდ ზოგჯერ ან არასდროს გრძნობს. ამასთან, მასწავლებლების მხრიდან ბავშვების დამცირებაზე 12,5% საუბრობს. მასწავლებლების 43% კი მიიჩნევს, რომ ძალადობა სკოლებში აქტუალური პრობლემა არაა, 25%-ს კი ძალადობა აქტუალურ პრობლემად მიაჩნია, გამოკითხულთა მხოლოდ 5,3% მიიჩნევს, რომ სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტები ხდება, სულ რაღაც 2,4% კი აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური ძალადობა აქტუალური პრობლემაა. ამასთან, მოსწავლეების 34,7% თვლის, რომ ბულინგის წამქეზებლები მასწავლებლები არიან, 14,3%-ის აზრით კი ისინი თავად არიან მჩაგვრელები.

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა ქვეყნების — გერმანიისა და ჩეხეთის ბულინგის შემცირებისკენ მიმართულ პრაქტიკას აანალიზებს, რაც საქართველოს სკოლებში ანალოგიური პრობლემის აღმოფხვრისთვის პერსპექტივების გაჩენას ისახავს მიზნად.

გერმანიაში ანტი-ბულინგის პროგრამა შეიქმნა, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის დირექტორებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, უმეტესმა სკოლამ კი პროგრამაში მშობლებიც ჩართო და გარე ექსპერტების მხარდაჭერის შესაძლებლობაც შეიქმნა. პროგრამის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის სკოლებში თანმიმდევრული ქმედებების შედეგად ბულინგის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყნის ყველა სკოლას აქვს კონფლიქტის პრევენციის სახელმძღვანელო და ჰყავს პერსონალური ფსიქოლოგი. ერთ-ერთ სკოლაში კი განსაკუთრებით მაღალი ჩართულობის სისტემა აქვთ დანერგილი, რაც ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. 2017 წელს კი მოსწავლეებმა „შექმნეს სტარტაპი — FaceUp.com, რომლის მიზანიც ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში ბულინგის, სოციუმიდან გარიყვის და სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაა“. ჩეხეთის ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობების შედეგად, ბოლო 20 წელში ქვეყნის სკოლებში ბულინგის შემთხვევები 3-4-ჯერ შემცირდა.

გერმანიისა და ჩეხეთის მაგალითების გაანალიზების, სხვადასხვა კვლევის შედეგების აღწერის, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებისა და სასკოლო პროგრამის შესწავლის საფუძველზე თანასწორობის მოძრაობამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება, შესაძლოა, ბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დამხმარე ბერკეტად იქცეს.

აღნიშნული რეკომენდაციები მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის გადამზადებას, სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტებში ბულინგის შემთხვევებზე რეაგირებისთვის ცხადი ბერკეტების განსაზღვრას, სოციალური მუშაობის სკოლების დიდ ნაწილზე განზოგადებას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბულინგის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობისა თუ დემოკრატიის პრინციპების მეტად ასახვას, ბულინგის თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებას, ასევე ონლაინ პლატფორმის ამუშავებას მოიცავს.

თანასწორობის მოძრაობის კვლევის სრულად ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.

წინა

უნგრეთი დისკრიმინაციული კანონის გამო ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება

შემდეგი

Stranger Things-ის ნოა შნაპმა დაადასტურა, რომ უილი გეია

ბოლო სიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

Facebook0Tweet0Shares0 ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

Facebook0Tweet0Shares0 უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

Facebook0Tweet0Shares0 12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.