მოზარდები

ბულინგი საქართველოს სკოლებში: არასათანადო პროგრამა, ცოდნა და ბრძოლის პრაქტიკები — თანასწორობის მოძრაობის კვლევა

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა — ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში — ბულინგის გავრცელების პრაქტიკას, არსებულ რეგულაციებს, სახელმძღვანელოებში ბულინგის თემატიკასა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბულინგის შესახებ არსებულ მექანიზმებს სწავლობს. კვლევის თანახმად საჯარო სკოლებში

ტრანსგენდერი ახალგაზრდების ტრანზიციის მიზეზი სოციალური გავლენა არ არის — კვლევა

The Fenway Institute-ის ახალი კვლევა გავრცელებულ ტრანსფობიურ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციას „სოციალური გავლენის“ ან იმის გამო გადიან, რომ აღნიშნული იდეა მათ თანატოლებში პოპულარულია. სოციალური გავლენის იდეას ანტი-ტრანს მოძრაობები უკვე დიდი ხანია იარაღად იყენებენ, რათა ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის გენდერის

ტრანსგენდერი ახალგაზრდების ტრანზიციის მიზეზი სოციალური გავლენა არ არის — კვლევა

The Fenway Institute-ის ახალი კვლევა გავრცელებულ ტრანსფობიურ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციას „სოციალური გავლენის“ ან იმის გამო გადიან, რომ აღნიშნული იდეა მათ თანატოლებში პოპულარულია.

სოციალური გავლენის იდეას ანტი-ტრანს მოძრაობები უკვე დიდი ხანია იარაღად იყენებენ, რათა ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის გენდერის კვლავმინიჭების ზრუნვაზე შეზღუდვა დაწესდეს. ანტი-ტრანსმოძრაობები ტრანზიციაზე სოციალურ გავლენას ანორექსიასა და თვითდაზიანებასთან ათანაბრებენ, რაც აბსურდულია, რადგან ანორექსია მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა, ხოლო ტრანზიცია სუიციდის მცდელობათა რიცხვს 65%-ით ამცირებს. 

ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ყველაზე დიდი კვლევა უპირისპირდება აქამდე გავრცელებული წინააღმდეგობრივი და მეთოდოლოგიური ხარვეზებით ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიანიშნებდა, რომ სოციალური გავლენა რეალური ფენომენი იყო. აღნიშნული არასანდო კვლევის ფარგლებში არ გამოკითხულან ტრანსგენდერი ახალგაზრდები და ის მხოლოდ 256 მშობლის მოსაზრებას ემყარებოდა. the Fenway Institute-მა 2 წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანი გამოკითხა, რის საფუძველზეც მტკიცდება, რომ იქამდე გავრცელებული მოსაზრებები საეჭვოა.

„ჰიპოთეზა, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული ახალგაზრდები, რომელთათვის დაბადებისას მინიჭებული სქესი გოგოა, სოციალური გავლენის გამო გადიან ტრანზიციას, ახალ შესწავლას არ შეესაბამება, ამიტომ მოზარდებისთვის გენდერის კვლავმინიჭების ზრუნვის საწინააღმდეგოდ გამოყენება გაუმართლებელია“, — აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ალექს კუროგოლიანი წინა კვლევის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ის მოზარდები, რომელთა დაბადებისას განსაზღვრული სქესი გოგოა, სოციალური გავლენის ქვეშ მეტად ექცევიან.

გარდა ამისა, ახალი კვლევის მიხედვით, გენდერულ დისფორიას შედარებით ხშირად განიცდიან მოზარდები, რომელთათვისაც დაბადებისას მინიჭებული სქესი მამრობითია. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, ტრანსგენდერი ახალგაზრდები ბულინგის სამიზნე ბევრად ხშირად ხდებიან და ცისგენდერ თანატოლებთან შედარებით სუიციდის მცდელობაც ბევრად ხშირია. ანტი-ტრანსმოძრაობა იმასაც ამტკიცებდა, რომ მოზარდები ტრანზიციას იმიტომ გადიან, რომ ჰომოფობიურ ბულინგს თავი აარიდონ, თუმცა კვლევის კიდევ ერთი ავტორის, დოქტორ ჯეკ ტურბანის თქმით, „ის იდეა, რომ სექსუალურ უმიცრესობებთან დაკავშირებული სტიგმის გამო თინეიჯერები ტრანსგენდერად ქამინგაუთდებიან — უბრალოდ აბსურდულია. მაშინ, როცა ანტი-ტრანს დისკუსია მომატებულია და ტრანსფობიური დანაშაულებიც გახშირებული, ჩაგვრისგან თავის არიდების მიზნით ტრანზიცია ალოგიკურია”.

„მსგავსი კვლევის ჩატარებას მივესალმებით. სიახლე არაა, რომ ტრანს იდენტობა სოციალურ გავლენასთან კავშირში არაა და ამ იდეის უარყოფა წლებია, მოხდა, თუმცა ვიმედოვნებთ, ამ მასშტაბისა და ხარისხის კვლევა ტრანსგენდერ ახალგაზრდებთან დაკავშირებული მცდარი მოსაზრებების გაქარწყლებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ტრანს-იდენტობის, ისევე, როგორც ნებისმიერი იდენტობის ახსნა კომპლექსური, მათ შორის, გენეტიკური, ენდოკრინოლოგიური, ბუნებითი, კულტურული, ქცევითი ფაქტორების შედეგად არის შესაძლებელი. გენდერის ჩვენეული აღქმა თაობიდან თაობამდე იცვლება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე, როგორ ვითარდება ადამიანის გენდერული იდენტობა“, — აღნიშნავს კლეო მადელინი, British trans youth charity Gendered Intelligence-ის კომუნიკაციების ოფიცერი.

გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ სოციალური გავლენის მცდარი თეორია „მოქცევის თერაპიასა“ და მსგავს მახინჯ პრაქტიკებს უმაგრებს ზურგს.

წყარო: Dazed

ბულინგი საქართველოს სკოლებში: არასათანადო პროგრამა, ცოდნა და ბრძოლის პრაქტიკები — თანასწორობის მოძრაობის კვლევა

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა — ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში — ბულინგის გავრცელების პრაქტიკას, არსებულ რეგულაციებს, სახელმძღვანელოებში ბულინგის თემატიკასა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბულინგის შესახებ არსებულ მექანიზმებს სწავლობს. კვლევის თანახმად საჯარო სკოლებში არსებობს თეორიული მასალა შემუშავებული დოკუმენტების სახით, თუმცა საკმარისად არ არის დანერგილი პრაქტიკული მექანიზმები.

ახალი კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ბულინგთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ნათქვამია, რომ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება 2015 წელს დაიწყო და 2018 წლამდე 474 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა არ არსებობს კატეგორიებად დაყოფილი მონაცემები. ამასთან, ეს სტატისტიკა ყველა სკოლას არ მოიცავს და 1700-მე სკოლის მონაცემი აღწერილი არაა.

კვლევა იშველიებს სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც.

„სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაში, უფრო კონკრეტულად: 

  • ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან. 
  • მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა. 
  • სკოლების დონეზე სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ. 
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება. 
  • არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც“.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხშირია „დისკრიმანციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიის, საცხოვრებელი ადგილის, აკადემიური მოსწრების, ჩამულობის და პირადი სტილის გამო. მეორე მხრივ აღსანიშნია, რომ მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ წარმოადგენს ძალადობის ფორმას“.

კვლევის ფარგლებში სასკოლო პროგრამის შესწავლამ აჩვენა, რომ სკოლის საგნები ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნას ნაკლებად ფარავს და მეტად არის მიმართული იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ბავშვს ოჯახისა და საზოგადოების მიმართ აქვს, რაც სრულფასოვანი ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდებას აფერხებს.

თანასწორობის მოძრაობის ახალი კვლევა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის — ქვიარ ბულინგი სკოლაში შედეგების მიხედვით ცდილობს ბულინგთან დაკავშირებით იმ განსხვავებული მოსაზრებების ასახვას, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს. მოსწავლეთა 31% სკოლაში თავს უსაფრთხოდ ზოგჯერ ან არასდროს გრძნობს. ამასთან, მასწავლებლების მხრიდან ბავშვების დამცირებაზე 12,5% საუბრობს. მასწავლებლების 43% კი მიიჩნევს, რომ ძალადობა სკოლებში აქტუალური პრობლემა არაა, 25%-ს კი ძალადობა აქტუალურ პრობლემად მიაჩნია, გამოკითხულთა მხოლოდ 5,3% მიიჩნევს, რომ სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტები ხდება, სულ რაღაც 2,4% კი აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური ძალადობა აქტუალური პრობლემაა. ამასთან, მოსწავლეების 34,7% თვლის, რომ ბულინგის წამქეზებლები მასწავლებლები არიან, 14,3%-ის აზრით კი ისინი თავად არიან მჩაგვრელები.

თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა ქვეყნების — გერმანიისა და ჩეხეთის ბულინგის შემცირებისკენ მიმართულ პრაქტიკას აანალიზებს, რაც საქართველოს სკოლებში ანალოგიური პრობლემის აღმოფხვრისთვის პერსპექტივების გაჩენას ისახავს მიზნად.

გერმანიაში ანტი-ბულინგის პროგრამა შეიქმნა, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის დირექტორებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, უმეტესმა სკოლამ კი პროგრამაში მშობლებიც ჩართო და გარე ექსპერტების მხარდაჭერის შესაძლებლობაც შეიქმნა. პროგრამის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის სკოლებში თანმიმდევრული ქმედებების შედეგად ბულინგის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყნის ყველა სკოლას აქვს კონფლიქტის პრევენციის სახელმძღვანელო და ჰყავს პერსონალური ფსიქოლოგი. ერთ-ერთ სკოლაში კი განსაკუთრებით მაღალი ჩართულობის სისტემა აქვთ დანერგილი, რაც ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. 2017 წელს კი მოსწავლეებმა „შექმნეს სტარტაპი — FaceUp.com, რომლის მიზანიც ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში ბულინგის, სოციუმიდან გარიყვის და სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაა“. ჩეხეთის ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობების შედეგად, ბოლო 20 წელში ქვეყნის სკოლებში ბულინგის შემთხვევები 3-4-ჯერ შემცირდა.

გერმანიისა და ჩეხეთის მაგალითების გაანალიზების, სხვადასხვა კვლევის შედეგების აღწერის, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებისა და სასკოლო პროგრამის შესწავლის საფუძველზე თანასწორობის მოძრაობამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება, შესაძლოა, ბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დამხმარე ბერკეტად იქცეს.

აღნიშნული რეკომენდაციები მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის გადამზადებას, სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტებში ბულინგის შემთხვევებზე რეაგირებისთვის ცხადი ბერკეტების განსაზღვრას, სოციალური მუშაობის სკოლების დიდ ნაწილზე განზოგადებას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბულინგის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობისა თუ დემოკრატიის პრინციპების მეტად ასახვას, ბულინგის თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებას, ასევე ონლაინ პლატფორმის ამუშავებას მოიცავს.

თანასწორობის მოძრაობის კვლევის სრულად ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.