თესალონიკის პრაიდის კვირეულზე ათასობით ადამიანი იყრის თავს. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, საბერძნეთში, ლგბტქი თემის წევრებთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს.
მხიარულება ქალაქის ცენტრიდან ზღვის სანაპიროზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და წინააღმდეგობასაც უწევდნენ პრაიდის ფესტივალის ჩატარებას, მთავრობა და სამართალდამცველები მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ უზრუნველყოფენ.
ძვ. წ. 315 წელს დაარსებული ქალაქი, რომელსაც სახელი ალექსანდრე დიდის დის პატივსაცემად დაერქვა, დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრად ითვლება.
თესალონიკში პრაიდის ფესტივალის ღონისძიებების ადგილს ”ლესბოსს” უწოდებენ, რაც კუნძულ ლესბოსიდან მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ სტუმრებს ლგბტქი თემისთვის განკუთვნილი კრუიზები და საუნებიც ელოდებათ.
სამწუხაროდ, COVID-19-ით გამოწვეული რეგულაციების გამო, 2021 წლის ევროპრაიდი, რომელსაც ორგანიზატორები სამი წლის მანძილზე ამზადებდნენ და თესალონიკში უნდა ჩატარებულიყო, წლის ბოლოსთვის გადაიდო.
ევროპრაიდის ჩატარება საბერძნეთში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მას საბერძნეთის, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების ლგბტქი თემის წევრები უნდა გაეერთიანებინა, რაც მათ საკუთარი ინტერესების გამოხატვაში დაეხმარებოდა.