ერთნაირსქესიან წყვილებს უკვე შეეძლებათ, თავიანთი ქორწინების კურთხევა უელსის ანგლიკანურ ეკლესიაში მიიღონ. ეს ახალი კანონი გუშინ (6 სექტემბერი, 2021), ეკლესიის ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრაზე დამტკიცდა, რომელსაც ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უელსში ეს ეკლესია (უელსის ანგლიკანური ეკლესია – The Church in Wales) ქვეყნის ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც 1,500 სამრევლოს მოიცავს. კურთხევის ეს ფორმა 5 წლის განმავლობაში ექსპერიმენტული იქნება, მღვდლებს კი ეძლევათ თავისუფლება – ჩაატარებენ მას თუ არა.
მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ პასტორალურად არასწორია, ეკლესიას არ გააჩნდეს პოზიცია იმ ერთნაირსქესიანი წყვილების შესახებ, რომლებიც ერთგულებით, სიყვარულითა და თვითმიძღვნით იმყოფებიან რომანტიკულ ურთიერთობაში, ეპისკოპოსებმა ხსენებული კანონპროექტი გაიტანეს, რომელიც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
უელსის ეკლესიის ევანგელური ფრთის წარმომადგენლები პროტესტით შეხვდნენ ინოვაციას, მაგრამ ისინი ეკლესიის უმცირესობაში არიან. უელსის ანგლიკანური ეკლესიის ძირითად ბირთვს ე.წ. ანგლო-კათოლიკური (მაღალი ეკლესია) ფრთა წარმოადგენს, რომელიც მხარს უჭერს ეკლესიის პროგრესულ კურსს.
ასევე, დავძენ, რომ 2020 წლის 25 იანვარს, უელსის ანგლიკანურმა ეკლესიამ ხელი დაასხა პირველ ქალ და, ამავდროულად, ღიად ლესბოსელ ეპისკოპოსს, მის მაღალღირსება – ჩერი ვანსს. რასაც დიდი გამოხმაურება და კონსერვატორთა პროტესტიც მოყვა. მეუფე ჩერი ვანსი თავის მეუღლესთან – ვენდისთან ერთად ცხოვრობს.
P.S ანგლიკანურ თანაზიარებაში ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია იყო პირველი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ხელდასხმა და ჯვრისწერის პრაქტიკა დაიწყო. ხსენებულმა ეკლესიამ პირველი ღიად გეი ეპისკოპოსი 2003 წელს აკურთხა.
ავტორი: თომა ლიპარტიანი – ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი