NGO-ების განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.
მათი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს.
“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომაევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.
სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი