ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად დააფინანსებს.
“მიმდინარე წელს განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებებს მივაღწიეთ ფეხბურთელ ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ფეხბურთელ ქალებთან და სახალხო დამცველთან 4 წლიანი მუშაობის წარმატებულ შედეგად მივიჩნევთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 1 მაისის განცხადებას, რომლის თანახმად სფფ ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად დააფინანსებს.
ფეხბურთელ ქალებს არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზღვევა და დამსაქმებელი კლუბი მათ არ უნაზღაურებდა ვარჯიშისა და თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯებს. საფეხბურთო კლუბი არამხოლოდ დასაქმებულთა სპორტული ტრავმების მკურნალობა/რეაბილიტაციას უგულებელყოფდა, არამედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საბაზისო საჭიროებების იგნორირებით ატარებდა ვარჯიშებსა და თამაშებს”, – ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.