ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ გენდერული იდენტობის შესახებ ისლამურ სწავლებებს ეწინააღმდეგება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონი არასწორად არის აღქმული და მის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია ტრანსგენდერ ადამიანებს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

კანონი, რომელსაც იურისტთა საერთაშორისო კომისია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მიიჩნევს, პაკისტანში აღიარებს გენდერულ იდენტობას და ტრანსგენდერ ადამიანებს აძლევს დოკუმენტების შეცვლის უფლებას.

კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს არაისლამურია და შეიძლება კარი გაუხსნას ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას, რაც ამჟამად პაკისტანში აკრძალულია.

კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წევრი, სენატორი მუშტაქ აჰმად ხანი 2018 წლის კანონის წინააღმდეგ გამომსვლელთა ლიდერია. ამერიკის ხმასთან საუბრისას მან თქვა, რომ მოქალაქეებისთვის უფლების მიცემა, აირჩიონ გენდერული იდენტობა, “ოჯახისა და მემკვიდრეობის სისტემებისთვის” საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის 220 მილიონი ადამიანისთვის გახსნის კარს, ნებისმიერი რამ აირჩიონ.

პაკისტანი მემკვიდრეობის ისლამურ სისტემას იყენებს, რომელიც ქონებას შთამომავლებს შორის მათი სქესის მიხედვით ანაწილებს. კაცებს ორჯერ მეტი ხვდებათ, ვიდრე ქალებს. მოქმედი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ ტრანსგენდერ კაციც ორჯერ მეტ ქონებას მიიღებს, ვიდრე ტრანსგენდერი ქალი.

2018 წლის კანონი

პაკისტანის 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებები ტრანსგენდერ ადამიანს განსაზღვრავს როგორც ინდივიდს, რომელსაც კაცისა და ქალის გენიტალიები აქვს, ადამიანს, რომელსაც დაბადებისას მამრობითი სქესი მიანიჭეს, მაგრამ ტრანზიცია გაიარა, ასევე ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობა ან გამოხატვა დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავდება.

სენატორი ხანი ამტკიცებს, რომ თუ ადამიანების გენდერული აღქმა ეწინააღმდეგება დაბადების სქესს, მათ ტრანსგენდერებად აღიარების უფლება არ უნდა ჰქონდეთ და “ამის ნაცვლად, ფსიქოლოგიური დახმარება მოიძიონ”.

მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სამედიცინო ჯგუფის შექმნას მოიცავს, რომელიც დეტალურ გამოკვლევებს ჩაატარებს და შემდეგ ადამიანებს ურჩევს, რა სქესის უნდა იყვნენ ისინი.

სექსუალური და გენდერული იდენტობის დასადგენად სამედიცინო ჯგუფის გამოკვლევას ეწინააღმდეგებიან ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველები.

ამერიკის ხმასთან საუბრისას, აქტივისტმა, ზანაია ჩაუდრიმ რიტორიკული შეკითხვა დასვა — თუკი გამოკვლევა საჭირო არ არის კაცის ან ქალის გენდერული იდენტობის დასადგენად, მაშინ რატომ ხდება ეს დისკრიმინაციული აქტი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ?

მისი თქმით, 2018 წლის კანონის მიზანი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვა იყო.

შევიწროება, სიკვდილის მუქარა

ოჯახის მიერ მიტოვებული და სოციალური სტიგმის გამო უმუშევრად დარჩენილი პაკისტანელი ტრანსგენდერი ადამიანები რეგულარულად განიცდიან შევიწროებას, მათ ემუქრებიან და თავს ესხმიან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 4 ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

იურისტთა საერთაშორისო კომისიისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს პაკისტანში სულ მცირე 20 ტრანსგენდერი ადამიანი დაიღუპა.

2012 წელს, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა სხვა მოქალაქეს და რომ ეროვნულ პირადობის მოწმობაში “მესამე სქესის” კატეგორია უნდა დამატებულიყო.

ამ გადაწყვეტილებამ 2018 წლის კანონმდებლობას გაუხსნა გზა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამუშაო ადგილებსა და ჯანდაცვაში კრძალავდა.

უფლებადამცველი და ადვოკატი, ჰინა ჯილანი უარყოფს მოსაზრებას, რომ 2018 წლის კანონი არაისლამურია.

გასაკვირია, რომ კანონს, რომელიც მარგინალიზებულ საზოგადოებას იდენტობას ანიჭებდა და პარლამენტის მიერ იყო მიღებული, ახლა აპროტესტებენ, — აღნიშნა აქტივისტმა.

ცვლილებები

პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიის სენატორმა, ფაუზია არშადმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2018 წლის კანონმდებლობას შეცვლის.

სენატორების — ხანისა და არშადის ცვლილებები მხოლოდ ინტერსექსი ადამიანების დაცვაზე და იმ პუნქტების ამოღებაზეა ფოკუსირებული, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს აღიარებს და აძლევს საშუალებას, მიიღონ მემკვიდრეობის წილი.

სენატის თავმჯდომარემ საკითხი განსახილველად შესაბამის მუდმივ კომიტეტს გადასცა.

ქვეყნის რელიგიური სასამართლო, რომელიც ფედერალური შარიათის სასამართლოს სახელით არის ცნობილი, არგუმენტებს 2018 წლის კანონის სასარგებლოდ და წინააღმდეგ განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის სამართლის მინისტრმა, აზამ ნაზირ ტარარმა კანონის არაისლამურობის შესახებ კრიტიკა უარყო, როგორც “უსაფუძვლო პროპაგანდა”, იგი ხანის შემოთავაზებულ შესწორებებს მიესალმება და პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ რელიგიური სასამართლოს სიტყვა ამჯერად საბოლოო იქნება.

2018 წელს კანონმდებლობა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შესახებ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით მიიღეს, გარდა რელიგიური პარტიებისა.

2021 წელს, როდესაც ხანმა პირველად წამოჭრა საკითხი კანონის შესწორების შესახებ, მაშინდელი ადამიანის უფლებათა მინისტრი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა.

ეს საკითხი მეტ დატვირთვას იძენს ხანის სიტყვების ფონზე, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე მისი თანმიმდევრული მუშაობა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს.

წინა

საქართველოს სახალხო დამცველობა 19 ადამიანს სურს — სია

შემდეგი

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების