Perfume Genius

15 საუკეთესო სიმღერა, რომელიც ქვიარ მუსიკოსებმა 2022 წელს შექმნეს

მუსიკის სამყაროში ქვიარ არტისტების შემოქმედებით აფეთქებასა და იმგვარი სიმღერების გამოშვებას, როგორებიც საყოველთაო ყურადღებასა და აღიარებას იმსახურებენ, ბოლო დეკადაში ყოველწლიურად ვხედავთ. ეს გამოწვეულია ქვიარ მუსიკოსების შემოქმედებითი მრავალფეროვნებით, უნიკალურობითა და ექსპერიმენტულობით და იმით, რომ

15 საუკეთესო სიმღერა, რომელიც ქვიარ მუსიკოსებმა 2022 წელს შექმნეს


მუსიკის სამყაროში ქვიარ არტისტების შემოქმედებით აფეთქებასა და იმგვარი სიმღერების გამოშვებას, როგორებიც საყოველთაო ყურადღებასა და აღიარებას იმსახურებენ, ბოლო დეკადაში ყოველწლიურად ვხედავთ. ეს გამოწვეულია ქვიარ მუსიკოსების შემოქმედებითი მრავალფეროვნებით, უნიკალურობითა და ექსპერიმენტულობით და იმით, რომ ბოლო წლებში ადამიანები მეტად პოულობენ უსაფრთხო სივრცეებს თავიანთი იდენტობისა თუ სექსუალობის გასაჯაროებისთვის და ამაყად თქმისთვის, რომ ისინი ქვიარ თემს წარმოადგენენ.

2022 წელი ქვიარ ადამიანებისთვის მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა, ქვიარ და სრულიად სამყარომ, გამოწვევებთან ერთად, როგორც არაერთი მუსიკალურად ღირებული, ასევე, პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სიმღერა შეიძინა. ზოგიერთი მათგანი იმდენად საყვარელი გახდა მსმენელისთვის, რომ 2022 წლის გეი ჰიმნადაც მიიჩნევა, ხოლო ზოგიერთმა — საერთაშორისო მუსიკალურ არენაზე ბევრი წარმატება მოიპოვა ჯილდოების სახით.

გიზიარებთ სიმღერების ჩამონათვალს, რომლებიც ღიად ქვიარმა მუსიკოსებმა მსმენელს 2022 წელს შესთავაზეს. ბევრი, ალბათ, გსმენიათ, ბევრი თქვენს ფლეილისტშია და ბევრსაც დღეს აღმოაჩენთ.

Steve Lacey – Bad Habit

ჩამონათვალს ამერიკელი ქვიარ მუსიკოსისა და პროდიუსერის, Steve Lacey-ის სიმღერით, Bad habit ვიწყებთ. სტივის თქმით, ბავშვობაში ბიჭების კოცნაზე ხშირად ფიქრობდა, თუმცა, ამასთანავე, გოგოებიც მოსწონდა. ეს მისთვის ძალიან დამაბნეველი იყო, თუმცა, დღეს, 24 წლის ქვიარ მუსიკოსი ღიად ბისექსუალია და საჯაროდ საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბისექსუალად ყოფნას მუდმივად ახლავს თან. Gen Z-სთვის საყვარელ არტისტს სხვადასხვა პლატფორმაზე ასობით მილიონი მოსმენა აქვს და მისი სახელი ისეთ ბრენდებთან და არტისტებთან ასოცირდება, როგორებიც არიან Solange, Vampire Weekend, Kendrick Lamar და YG, თუმცა Bad Habit-ია სწორედ ის სიმღერა, რომელიც ტიკტოკზე ვირუსული გახდა.

Dove Cameron – Boyfriend

ბისექსუალმა მომღერალმა, Dove Cameron-მა 2022 წლის პოპ-სამყაროს მძაფრი და მგზნებარე ჰიმნი გამოუგზავნა სიმღერით Boyfriend. ექსპერტების აზრით, სიმღერის პროდაქშენი შესანიშნავია. მისამღერამდელ ნაწილში იგრძნობა როგორც მძიმე, ბევრშრიანი დარტყმები, ასევე, სიმღერისთვის სპეციფიკური ინსტრუმენტალი, რომელიც მას უნიკალურს ხდის, რაც მსმენელისთვის ამაღელვებელია. კამერონმა, რომელმაც სახელი დისნეით გაითქვა, მუსიკალური წარმატება იმგვარი ჯილდოებით განიმტკიცა, როგორიც ემია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ Boyfriend-ის რელიზი მიმდინარე წელს, შემოქმედებითი თვალსაზრისით, მისთვის ყველაზე მაღალი წერტილი იყო.

Girl in Red – October Passed Me By

ნორვეგიელი მუსიკოს და ქვიარ არტისტი, Marie Ulven-ის (საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც Girl in Red), Steve Lacey-ს მსგავსად, Gen Z-სთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი და საყვარელია, რაც მის შემოქმედებით გულწრფელობას უნდა დავუკავშიროთ, რომელსაც თინეიჯერები ასე აფასებენ. არტისტის თქმით, მისი სიმღერები იმ საკითხებზეა, რომლებიც ცხოვრების მიმდინარე პერიოდში აწუხებს. ურთიერთობები, მენტალური ჯანმრთელობა და გულახდილობა ქვიარ ურთიერთობების სირთულეებთან მიმართებით, ის თემებია, რომლებიც მის სიმღერებს ლაიტ-მოტივად მუდმივად გაჰყვება. სიმღერა October Passed Me By შინაარსობრივად სიმღერის We Fell in Love in October-ის გაგრძელება და მომხდარის ერთგვარი რეფლექსიაა. სიმღერა მშვიდი, ღრმად პერსონალური ფოლკ-პოპ ჟანრისაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 23 წლის მომღერლისთვის ტიპურადაა დამახასიათებელი.

Halsey – So Good

ღიად ბისექსუალი მომღერალი, Halsey სექსუალობაზე საჯაროდ 2015 წელს ალაპარაკდა და ბისექსუალადაც დაქამინგაუთდა, ხოლო მოგვიანებით პუბლიკას განუცხადა რომ მისთვის she/her/they/them ნაცვალსახელების გამოყენება ყველაზე ავთენტურია მის სხეულთან მიმართებით. So Good მრავალფეროვნებით, დრამისა და ბასის რიტმული ცვლილებით, ხმაურიანი პოპ ბითებითა და ვოკალისტის ძალისხმევის გარეშე არსებული უზადო ჟღერადობის წყალობით, ექსპერიმენტული როკის ტიპური ჟანრიდან, Halsey მსმენელს უმტკიცებს, რომ კომფორტის ზონის გარეთ, პოპშიც ისევე კარგად შეუძლია მუშაობა, როგორც მისთვის ჩვეულ ჟანრებში, რომლებშიც თავს კომფორტულად გრძნობს.

FLETCHER – Becky’s So Hot

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, FLETCHER-ის სიმღერა Becky’s So Hot-ის ტექსტი ექსგელფრენდის ახალ გელფრენდს ეხება, რაც ლესბოსური და ქვიარ ტიკტოკის მცოხნე ადამიანებს ნამდვილად არ გამოეპარებოდათ. ქვიარ მუსიკოსი ცნობილია პერსონალური ცხოვრების შემოქმედებაში გადმოტანით და გამონაკლისი არც აღნიშნული სიმღერა ყოფილა. სიმღერაში მოყოლილია დაშორების შემდეგ არა მომღერლის მზაობაზე ახალი ეტაპებისთვის, არამედ – მისი ყოფილი შეყვარებულისაზე, რომელიც მის გარეშე აგრძელებს ცხოვრებასა და წინსვლას. მომღერალი იხსენებს სიმღერის შექმნის იდეას, როცა ის ყოფილის ახალი შეყვარებულის ინსტაგრამს “სტალკავდა” და გაიფიქრა, რომ ძალიან მიმზიდველი იყო. რაც შეეხება თავად სიმღერას, ის მომღერლის ჟღერადი პოპ-როკ ვოკალისა და გიტარის კომბინაციაა, რაც კომპოზიციას რიტმულსა და მარტივად ამყოლს ხდის.

Grag Queen – Future Is Queer

სამყაროს დედოფლის კონკურსში, რომელიც RuPaul’s Drag Race-ის პროდიუსერების მიერ შექმნილი მომდევნო საერთაშორისო დრეგ კონკურსია, 2021 წელს გამარჯვებისა და საუკეთესო დრეგ ქვინად შერაცხვის შემდეგ, 2022-ში ბრაზილიელმა ქვიარ არტისტმა, Grag Queen-მა პირველი EP-იც გამოუშვა, ხოლო Future is Queer, რომელსაც პოპ-სრულყოფილება უწოდეს, 26 წლის არტისტის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ვოკალისა და სიმღერის მელოდიურობის კომბინაციის მეშვეობით, ერთგვარი მანიფესტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქვიარ მომავლისთვის. რა არის ამაში ისეთი, რაც შეიძლება, რომ არ გვიყვარდეს? მგონი, არც არაფერი!

Sam Smith and Kim Petras – Unholy

Sam Smith-ისა და Kim Petras-ის სიმღერამ, Unholy ისტორია შექმნა, როცა პირველმა ღიად არაბინარული და ტრანს არტისტების კომპოზიციამ აშშ-ის ყველაზე ცხელ 100 სიმღერაში პირველი ადგილი დაიკავა. პოპის პროვოკაციული ელემენტებით სავსე ტრეკი სენსუალური ტექსტით გამოირჩევა. მისი მელოდიურობა ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რომ მომდევნო დღეები ამ სიმღერის ღიღინში არ გაატაროთ.

Perfume Genius – Teeth

ქვიარ არტისტის, Michael Alden Hadreas, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც Perume Genius, ბოლო პროექტის Set My Heart on Fire Immediately ერთგვარი გაგრძელებაა Teeth, რომელიც ალბომიდან Ugly Season არის. მაიკი საუბრობს მის შემოქმედებაში არსებულ გავლენებზე, რომელიც სექსუალობამ მოახდინა. მისი თქმით, მის მუსიკაში არის რაღაც მუქი, ძალადობრივი, სექსუალური ხასიათის შინაარსის, რომელზე საუბარი და ოჯახის წევრებისთვის გაზიარება უცნაური იქნებოდა. Teeth არტისთვისთვის დამახასიათებელი პოეტურობით, ექსპერიმენტალურობითა და ხმასთან თამაშის ტენდენციით გამოირჩევა. დახვეწილი, რაფინირებული ინსტრუმენტალისა და არტისტის მელოდიური ვოკალის შერწყმა, ქაოტურობის საპირწონედ, აბსოლუტურ საპირისპიროს, დასრულებულ, შემდგარ, მაღალი სახელოვნებო ხარისხის სიმღერას გვაძლევს.

Shamir – Gay Agenda

Shamir Bailey ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი და ქვიარ არტისტია. Shamir 2014 წლიდან გახდა საზოგადოებისთვის აღმოჩენა, როდესაც მისი სადებიუტო სინგლი გამოვიდა. ნაცვლად ახალაღმოჩენილი პოპ-ვარსკვლავის ტიტულის ბენეფიტებით ტკბობისა და ახალი მუსიკის გამოშვებისა, მან მედია ფოკუსი თავისი არაბინარულობისკენ მიმართა და საჯაროდ ალაპარაკდა, როგორც თავის გენდერულ იდენტობაზე, ასევე, სექსუალობაზე. არტისტს ბევრი წელი დასჭირდა ალბომის გამოსაცემად, რომლის სახელწოდებაც კვლავ სექსუალობას უკავშირდება. სიმღერა Gay Agenda სწორედ აღნიშნული ალბომიდან, Heterosexuality-დანაა.

“იმ ყუთში ხარ გაჭედილი, რომელიც ჩემთვის დამზადდა და ბრაზობ, რადგან მე გამოვაღწიე და თავისუფლად ვცხოვრობ”, — ნათქვამია სიმღერის ტექსტში, რომელიც ქვიარ ადამიანების გამოწვევებზე საუბრობს. მომღერლის ძლიერი ვოკალური მონაცემები და სასიამოვნო მელოდიის სინთეზი მარტივს ხდის შეიყვარო სიმღერა, როგორც სიმღერა და როგორც ქვიარ ადამიანების გაძლიერების ინსტრუმენტი.

Ethel Cain – American Teenager

Hayden Silas Anhedönia, ცნობილი, როგორც Ethel Cain, ღრმად რელიგიურ, კონსერვატიულ ოჯახსა და ქალაქში გაიზარდა. მისგან არავინ ელოდა, რომ 16 წლის ასაკში დედასთან ლესბოსელად დაქამინგაუთდებოდა. 24 წლის მომღერალი იხსენებს, რომ მშობლების მსგავსად, ამ ფაქტის გამო მთელი ქალაქი შოკში ჩავარდა, თუმცა მას სხვაგვარად არ შეეძლო. ექსპერტების შეფასებით, Ethen Cain-ის მუსიკა ლანა დელ რეისა და ტეილორ სვიფტის მუსიკის ერთგვარი თანაკვეთაა. მის სადებიუტო ალბომამდე, Preacher’s Daughter, გამოშვებული სინგლი American Teenager სინთ-პოპისა და ინდის ერთგვარი ნაზავია და ამერიკელი Gen Z-ის გამოცდილებებზე ჰყვება, რადგან, მომღერლის თქმით, სიმღერა მისთვის სწორედ ავთენტურ და პერსონალურ გამოცდილებებზეა დაფუძნებული.

Lil Nas X – Star Walkin’

გრემის არაერთ ნომინაციაზე წარდგენილი და აშშ-ის მუსიკალური ჩარტების ლიდერი, Lil Nas X ღიად საუბრობს საკუთარ სექსუალობასა და ქვიარ გამოცდილებებზე. რეპერის ქამინგაუთი გარკვეულწილად პრეცედენტული იყო, რადგან ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელიც სწორედ მაშინ დაქამინგაუთდა, როცა აშშ-ის ჩარტების ნომერ პირველი სიმღერის, Old Town Road გამო მსოფლიო ყურადღება მისკენ იყო მიმართული. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკოსის ქვიარობა მისი შემოქმედებითი სვლის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რადგან ის უარყოფს ტრადიციულ გენდერულ როლებსა და ექსპრესიას, რაც მის ვიდეოებში ცხადად ხილვადია. ყველგან გავრცელებულ, მასობრივი მოსმენის ერთგვარ ჰიმნებს თუ არ ერიდებით, სიმღერა Star Walkin’ სწორედ ისაა, რაც დაგაინტერესებთ.

Tove Lo – No One Dies from Love

Ebba Tove Elsa Nilsson, იგივე Tove Lo ბისექსუალი მუსიკოსია, რომელიც შვედეთში, ლიბერალური გარემოში, ლოიალურ მშობლებთან გაიზარდა. მას არასდროს დაუმალავს, რომ ბისექსუალია. მომღერლის თქმით, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა მშობლებისა და გარემოს გამო, რადგან მას ყოველთვის აძლევდნენ საკმარის თავისუფლებას, რათა საკუთარი სექსუალობის აღმოჩენა შეეძლო. მომღერალი Gen Z-სთვის კიდევ უფრო საყვარელი მას შემდეგ გახდა, რაც ტიკტოკზე თავის სიმღერების რეაქციების საკუთარი რეაქციების ჩაწერა დაიწყო. სიმღერა No One Dies from Love დისკო-პოპისა და 80-იანების სინთ-პოპის ერთგვარი ნაზავია და ურთიერთობის უეცარ დასასრულზე გვიყვება.

Cat Burns – People Pleaser

21 წლის მომღერალმა, Cat Burns-მა პოპულარობა ტიკტიკიდან მოიპოვა. სექსუალობაზე საუბრისას ის ამბობს, რომ გოგოებიც ისევე მოსწონს, როგორც ბიჭები და თავს ბისექსუალად აიდენტიფიცირებს. სოციალური მედიის ამომავალი ვარსკვლავი ქვიარ გამოწვევებზე სასაუბროდ თავის ხმას აქტიურად იყენებს სხვადასხვა პლატფორმაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მისი ტიკტოკ ვიდეო, რომელშიც ის ინტერნალიზებულ ჰომოფობიასა და თავის მიუღებლობაზე საუბრობს, ხოლო დასასრულ baby ქვიარებს არწმუნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და იმედი არ უნდა დაკარგონ. თუ 2020 წელს გამოსული სინგლის, Go-ს მეშვეობით Cat-მა მსმენელს თავისი სევდიანი მხარე აჩვენა, People Pleaser-ით მისი მხიარული, ლაღი ნაწილები აღმოვაჩინეთ. ენერგიული, ბიტებზე ფოკუსირებული მელოდია და Cat-ის ჟღერადი ვოკალი სწორედ იმას გვაძლევს, რაც სიმღერაში Go დაგვაკლდა.

Doechii feat. SZA – Persuasive

33 წლის ამერიკელი მომღერალი, SZA ღიად ლესბოსელია. მისი ქამინგაუთი ოდნავ კომიკურია და იმ შემთხვევას უკავშირდება, როცა ფანმა მომღერლის სექსუალობით სპეკულაცია სცადა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ის არ ცდებოდა და SZA ნამდვილად ლესბოსელი იყო. რაც შეეხება 24 წელის Doechii-ის, ინტერვიუებში მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავსა და სექსუალობაში მეტად კომფორტულად ყოფნა მას შემდეგ შეძლო, რაც მეტი გეი მეგობრები შეიძინა. მანამდე ის ერიდებოდა ღიად თავის ქვიარობაზე საუბარს. დუეტი Persuasive, რომელიც პროვოკაციული რიტმებითა და ენერგიულობით გამოირჩევა, მალე გახდა მსმენელისთვის ერთ-ერთი ფავორიტი.

Rémmée – დაო / sister

შეუძლებელია ქვიარ მუსიკასა და მომღერლებზე საუბარი ლოკალური ქვიარ არტისტის მხარდაჭერით არ დავასრულოთ. ლესბოსელი მუსიკოსი, თინი ნოღაიდელი, სასცენო სახელით Rémmée, ამბობს, რომ მას უნდა ქალების სიყვარულს უმღეროს. იმ სიტყვით და ფორმით, რა ფორმითაც ყველაზე მეტად უყვარს: მთელი მისი ქართულ-ხალხურ-პოპულარულ-ფანოღური შეჯვარებით. რაც შეეხება სიმღერას დაო, გთავაზობთ მის რემიქსს, რომელიც 2022 წლის მაისში გამოვიდა. თინის თქმით, სიმღერა, ფაქტობრივად, აქტივისტურ დონეზეა გაკეთებული და მის პროდუსინგზე თავადვე აქვს შენიშვნები, თუმცა, იმ ჯგუფის შესაძლებლობებით, რომელიც სიმღერაზე მუშაობდა, სული და გულია ჩადებული.