ტრენინგი

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები

ILGA-Europe-ის სესია მედიასთან კომუნიკაციის შესახებ LGBTQI აქტივისტებისთვის

14 სექტემბერს, ILGA-Europe-ის უნარების გაუმჯობესების  ონლაინ სესიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ლგბტქი აქტივისტებს მედია შესაძლებლობების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს. უნარების გაუმჯობესების ინტერაქციული შეხვედრა აგებული იქნება ILGA-Europe-ის მედია ოფიცერის ჩვეული სამუშაო დღის მიხედვით, რომელიც ევროპული მედიასაშუალებებით გამოქვეყნებულ ლგბტქი ამბებს ყოველდღიურად

ევროკავშირის ახალგაზრდული ქსელი — პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

EU Neighbours East აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. EU4Youth-ის საგრანტო

შევცვალოთ გარემო უკეთესი მომავლისთვის — ტრენინგი

ორგანიზაცია „მწვანეები“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, Future Changemakers for a Better Future პროექტის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგს ატარებს, რომელიც მონაწილეებს ეკოლოგიისა და კლიმატის

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ILGA-Europe-ის სესია მედიასთან კომუნიკაციის შესახებ LGBTQI აქტივისტებისთვის

14 სექტემბერს, ILGA-Europe-ის უნარების გაუმჯობესების  ონლაინ სესიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ლგბტქი აქტივისტებს მედია შესაძლებლობების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს.

უნარების გაუმჯობესების ინტერაქციული შეხვედრა აგებული იქნება ILGA-Europe-ის მედია ოფიცერის ჩვეული სამუშაო დღის მიხედვით, რომელიც ევროპული მედიასაშუალებებით გამოქვეყნებულ ლგბტქი ამბებს ყოველდღიურად ფარავს.

სესია დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • როგორ მივადევნოთ თვალი სწრაფად ცვალებად მედია ამბებს ისე, რომ დრო სრულად არ დავკარგოთ;
  • ჟურნალისტების საქმიანობის გაგებისა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნების გზები;
  • უნდა გვქონდეს თუ არა რეაგირება კონკრეტულ ამბავზე და რა სახით შეგვიძლია თანამონაწილეობა;
  • მედია-რეაგირების ტაქტიკები და შიდა სამუშაოს დაგეგმვის პროცესის გამარტივების გზები.

სესიის მონაწილე ლგბტქი აქტივისტები შეხვედრის ბოლოს სასარგებლო რესურსებსა და მცირე დავალებას მიიღებენ. დაინტერესების შემთხვევაში კი, მეორე თემატურ სესიაზე დასწრება შეგეძლებათ, რომელზეც პერსონალურ რჩევასა და დავალებასთან დაკავშირებით ჯგუფურ უკუკავშირს მიიღებთ.

უნარების გაუმჯობესების სესიაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ. შეხვედრა ონლაინ, Zoom-ში შედგება.

შევცვალოთ გარემო უკეთესი მომავლისთვის — ტრენინგი

ორგანიზაცია „მწვანეები“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, Future Changemakers for a Better Future პროექტის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგს ატარებს, რომელიც მონაწილეებს ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხების ირგვლივ ახალი ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ორგანიზაცია „მწვანეები“ მწვანე მოძრაობაა, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის იბრძვის.

ტრენინგები 23-26 სექტემბერს, ქალაქგარეთ ჩატარდება და განკუთვნილია აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.

4-დღიანი ტრენინგების მთავარი თემები იქნება:

  • კლიმატის ცვლილება, გამომწვევი მიზეზები და სოციალური ასპექტები;
  • გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში;
  • ეკოაქტივიზმი და გარემოსდაცვითი მოძრაობები საქართველოში და გლობალურად;
  • კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა, ახალგაზრდების მობილიზება ეკოლოგიის და კლიმატის საკითხების ირგვლივ;
  • არაფორმალური განათლების მეთოდები;
  • გარემოსდაცვითი განათლება.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი, რომლის შევსებასაც ბმულზე გადასვლით შეძლებთ.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ტრენინგის მონაწილეებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან იწვევენ, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს რეგიონებიდან.

ევროკავშირის ახალგაზრდული ქსელი — პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

EU Neighbours East აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

EU4Youth-ის საგრანტო პროექტების, Youth in Action-ის, ევროპული სოლიდარობის კორპუსის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ახალგაზრდული პროექტების მონაწილე ახალგაზრდებს ქსელში ჩართვა და ადგილობრივ დონეზე სხვა, მათ შორის, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების მობილიზებისთვის ინიციატივებზე მუშაობა შეეძლებათ. ახალგაზრდული ქსელის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს საკუთარი სოციუმის, თემის განვითარების, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.

ქსელის თითოეული მონაწილე ახალგაზრდებთან მუშაობის პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც ინიციატივის განხორციელების პროცესში დაეხმარება. მენტორისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარდა, ახალგაზრდა ლიდერები აუცილებელი ხარჯებისთვის საჭირო თანხასაც მიიღებენ. ამასთან, პროექტებზე მუშაობის პერიოდში, ქსელის ღონისძიებებზე დასწრების, შუალედური შეხვედრის, თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და საბოლოო შეფასების ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ. ქსელი მონაწილეებს აქტიური წევრობის თუ შემდგომ პერიოდში საინტერესო განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებს.

ახალგაზრდული ქსელი ახალგაზრდებთან მუშაობის, სოციუმის საჭიროებების ანალიზის, აქტივობების დაგეგმვის, აქტიური მოქალაქეობის გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაა, თანაც ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემდეგ ევროკომისიის სერთიფიკატს მიიღებთ.

ახალგაზრდულ ქსელში ჩართვა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც:

  • 18-35 წლამდე არიან;
  • ფინანსური და სხვა სახის საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან, ასევე საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მოტივაცია აქვთ;
  • სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის, ან უკრაინის მოქალაქეები არიან — განიხილება იმ ადამიანების განაცხადებიც, რომლებიც ბელარუსიდან ან უკრაინიდან არიან, თუმცა ამ დროისთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ;
  • მზად არიან, თვეში 2-4 დღე ქსელის მოხალისეობრივ საქმიანობას დაუთმონ;
  • არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების ან სხვა რეგიონული თუ ეროვნული პროგრამის ყოფილი მონაწილეები თუ კოორდინატორები და ახალგაზრდებთან, ახალგაზრდების საჭიროებებზე მუშაობენ;
  • ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივების ბენეფიციარები არიან;
  • დაინტერესებულნი არიან ფინანსური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობით და კომპეტენციის გაღრმავებით და მზად არიან, რომ 9-თვიან (2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე) პერიოდში სულ მცირე 10 თემის წევრი ჩართონ ინიციატივის განხორციელების პროცესში.

ახალგაზრდული ქსელი 90-მდე ახალგაზრდას გააერთიანებს, თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 15-ს და მათ ღია შერჩევის პროცესით აირჩევენ. განაცხადების გაგზავნა 2022 წლის 7 სექტემბრამდე, აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეგიძლიათ.

EU4Youth ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანების საზოგადოებრივ აქტიურობასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას, ანტერპრენერული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, რასაც კავშირების გაძლიერებით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებითა ახორციელებს.