არ მახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, დიდი გარდატეხა არასდროს ყოფილა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და რაღაც უნდა შემეცვალა იმისთვის, რომ საკუთარი სხეული, საკუთარი ხმა მეპოვა
ბევრისთვის ცნობილმა და საყვარელმა დრეგ ქუინმა, ადორ დელონოსმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და განაცხადა, რომ ტრანზიციის ეტაპზეა.
ადორმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, სადაც იგი ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს პასუხობდა. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად იყო კითხვები ადორის სხეულსა და სქესთან დაკავშირებით. მან დაადასტურა, რომ ტრანზიციის პერიოდი აქვს და თქვა, რომ თავდაპირველად ამ საკითხების გასაჯაროვება არ სურდა.
„აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი იყო ძალიან შემეცნებითი და ბედნიერების განცდის მომტანი“, – ამბობს ადორი.
დელანომ განმარტა, რომ ორი წლის წინ, პირველად აღიარა თავისი იდენტობა, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა.
„ეს არის განცდა დისფორიიდან ეიფორიამდე“, – თქვა მან.
ადორს 12 წლის ასაკში ჰქონდა ქამინგ აუთი, როგორც ბისექსუალს, შემდეგ კი გეის. საშუალო სკოლის პერიოდში ადორი, როგორც გოგონა ისე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც კი იცოდა სიტყვა ტრანსგენდერი, დედას უთხრა: „მე ბიჭი არ ვარ, მე გოგო ვარ. მინდა ვიცხოვრო, როგორც გოგომ“.
საბედნიეროდ, დედამ მხარი დაუჭირა და მაკიაჟის და საკუთარი სურვილისამებრ სამოსის ჩაცმის უფლება მისცა, რაზეც ადორი დედას მადლობას უხდის. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა 2008 წელს, 16 წლის ასაკში, American Idol-ში გადაიღეს.
„ჩემი “მე” გადავაგდე, დავწვი. შევეცადე საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება. რაღაც არასასიამოვნო იყო, ეს თითქმის მსხვერპლს ჰგავდა იმისთვის, რომ მიმეღო ის, რაც კარიერაში მინდოდა“, – იხსენებს ადორი.
ახლა დელანო მზად არის მიიღოს მისი გენდერული იდენტობა. „საკუთარ თავზე ვზრუნავ და თავს მშვენივრად ვგრძნობ“,- ამბობს ის.
დელანომ ასევე თქვა, რომ ნოემბერში გაიკეთა სქესის დადასტურების ოპერაცია, ნაბიჯი, რომელიც მან აღწერა, როგორც „წიგნის ეიფორიულ თავში გადასვლა“.
„ჩვენ მხოლოდ ერთი სხეული გვაქვს, იმისდა მიუხედავად, თუ რისი გვჯერა. მაგრამ ამ დედამიწაზე მე ვაპირებ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღო.“, – თქვა ადორმა.
ადორს სოციალურ ქსელებში სიყვარულით გამოეხმაურნენ.
კიდევ ერთი Drag Race სუპერსტარი კორტნი აქტი წერს: „მე შენთან ერთად ვარ ნებისმიერ მოგზაურობაში. მიყვარხარ სამუდამოდ. My ride or die“!
კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი პეპერმენტი წერს: „მე ძალიან ვამაყობ შენით. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში“.
კორნბრედმა ასევე გამოხატა თავისი ბედნიერება და მსუბუქი რჩევა მისცა: „გააფრთხილეთ მეგობრები, რომ განწყობის ცვალებადობა ნორმალურია. ყველას აქვს უფლება სხვადასხვა ემოციები განიცადოს.”
© Them.us
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
კიმ ჩი რუპოლის შოუს ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული დრეგ ქუინია, რომელსაც შოუს მიღმა აქვს კულინარიული ვლოგი და საკუთარი კოსმეტიკის ხაზი.
ემის პრემიით დაჯილდოვებული, ცნობილი დრეგ შოუ “RuPaul’s Drag Race” მე-16 სეზონით ბრუნდება 5 იანვრიდან. სეზონში მონაწილე 14 დრეგ ქვინიდან მხოლოდ
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
თუ ოდესმე ნიუ იორკის მეტროთი გიმგზავრიათ, ალბათ, გაიგებდით დამამშვიდებელ ხმას, რომელიც გაცნობებთ როდის მოვა შემდეგი მატარებელი. დიდია ალბათობა არ იცოდეთ ვის ეკუთვნის ეს ხმა. ის 66 წლის ტრანსგენდერი ქალი ბერნი ვაგენბლასტია.
„ვფიქრობ, ჩემი ისტორია ხალხს ბავრი რამის გააცნობიერებაში ეხმარება“,- ამბობს ბერნი AMNY-სთან ინტერვიუში.
მას შემდეგ, რაც იანვარში დაქამინგაუთდა ვაგენბლასტმა საჯაროდ მოჰყვა თავისი ცხოვრების ისტორია და მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ იცხოვროს ისე, როგორც სურს.
ბერნმა, რომელიც ნიუ ჯერსიში დაიბადა და გაიზარდა, ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ სურდა გოგონა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის პატარაობაში საზოგადოების მხრიდან არსებული ზეწოლის გამო ფიქრობდა, რომ ეს მიუღებელი იყო. ერთადერთი რაც თინეიჯერობისას შეძლო იყო ერთადერთ ტრანსგენდერ ქალთან დაკავშირება, რომლის შესახებაც იცოდა. ეს იყო პაულა გროსმანი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მერილ სტრიპს ასწავლიდა და 1971 წელს სამედიცინო ტრანზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მხარდაჭერის ძიებაში, ბერნი პაულას ტელეფონით დაუკავშირდა. იმ მომენტში ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბერნი ენდობოდა.
„მე ძალიან დამეხმარა ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ვენდობოდი. ვიღაც, ვისთანაც შემეძლო საუბარი და ვიცოდი რომ მას ესმოდა რასაც ვგრძნობდი“, – თქვა ვაგენბლასტმა პოდკასტში Death, Sex & Money აპრილში.
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ვაგენბლასტს უწევდა მამაკცის როლის შესრულება, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა ეს გაეკეთებინა. რადიოში მუშაობისას ის ახალი ამბების წამყვანი კაცი ჟურნალისტების ტონს ჰბაძავდა. თუმცა, დღეს მისი ხმა სულ სხვაგვარად ჟღერს, მას შემდეგ, რაც ვოკალურ თერაპევტთან იმუშავა საკუთარ ხმაზე.
„რადგან ჩემმა ხმამ ასეთი კრიტიკული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხმა, რაც შეიძლება ავთენტურად, ქალურად ჟღერდეს. ეს არ არის მნიშვნელოვანი ყველა ტრანსგენდერი ქალისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემმა ხმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის,“ – ამბობს ბერნი.
2017 წელს ახალი გამოსული იყო FaceApp, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სახე, ვარცხნილობა და ა.შ. ბერნი ამბობს, რომ მას ეს აპლიკაცია დაეხმარა.
„მეგონა, რომ უბრალოდ მომეწონებოდა, გრძელი თმა, შესაძლოა პომადა ან რამე მსგავსი. მაგრამ პირველად დავინახე ჩემი თავი ქალად. ეს ის იყო რასაც ვგრძნობდი და თუ როგორ გამოვიყურებოდი ჩემს წარმოდგენაში. ხშირად უთქვამთ, რომ დედაჩემს უფრო ვგავარ, ვიდრე მამაჩემს, მაგრამ ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ. მე ეს პირველად FaceApp-ის გამოყენების დროს დავინახე. ეს ნათურის ანთებას ჰგავდა“, – ამბობს ბერნი.
ვფიქრობთ, ბერნის ისტორია ბევრ სხვა ტრანსგენდერ ადამიანთან ახლოს მივა, რადგან ისინიც იბრძვიან საკუთარი ხმების მოსაპოვებლად, რომ მსოფლიოს გააგონონ თუ ვინ არიან. ვიმედოვნებთ, რომ ბერნიც ბედნიერია იმის ცოდნით, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავი ტრანსგენდერი ადამიანისთვის იმედის მომცემი იქნება და ზუსტად ისე შთააგონებს ახალ თაობას, როგორც თავად მიიღო ნუგეში და შთაგონება 50 წლის წინ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
დაბრუნება საკუთარ სხეულთან — ლინდას ისტორია
არ მახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, დიდი გარდატეხა არასდროს ყოფილა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და რაღაც უნდა შემეცვალა იმისთვის, რომ საკუთარი სხეული, საკუთარი ხმა მეპოვა და დამეწერა საკუთარი ისტორია. სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში, ისე, რომ არც არაფერი ამიხსნია მშობლებისთვის, გავწყვიტე ოჯახთან კომუნიკაცია, წამოვედი სახლიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე.
დამოუკიდებელი ცხოვრება და ტრანზიციის პროცესის დასაწყისი
თავიდან ყველაფერი ძალიან რთულად მიდიოდა, ბევრი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა დამჭირდა — სად აღარ ვიცხოვრე, თბილისის თითქმის ყველა უბანში. მაშინვე მომიწია სექს სამუშაოში ჩაბმა. ყველაფერი უცხო იყო, პატარაც ვიყავი, ერთდროულად ბევრ რამეს განვიცდიდი — ახალი გარემო, ტრანზიციის პროცესი, ოჯახთან დაშორება, მაგრამ დღეს მაინც ამაყი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე — რთული, მაგრამ ღირსეული.
ძალიან მეცინება, როცა ტრანზიციის პირველ ეტაპებს ვიხსენებ. საშინლად გამოვიყურებოდი, მაკიაჟის კეთება საერთოდ არ ვიცოდი, ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი, მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მე ვიყავი. ნელ-ნელა ყველაფერი გამიმარტივდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ჰორმონების თერაპია. ტრანსგენდერი ადამიანისთვის თავის მოვლა განსაკუთრებით რთულია, მით უმეტესს, როცა სექს სამუშაოში ხარ ჩართული.
შუშანიკ წამებულის ისტორია
სახელი ძალიან სპონტანურად შევარჩიე — ლინდა დავირქვი. მეგობრები კი შუშანიკს მეძახიან. ყოველთვის მიყვარდა ჰაგიოგრაფია და შუშანიკ წამებული, ჩემთვის მისი ისტორია ძალიან ახლობელი იყო. მასაც ჩვენსავით, ტრანსგენდერი ადამიანებივით რთული და წინააღმდეგობრივი გზა ჰქონდა, ბევრი რამის გამოვლა მოუწია, ბევრი დამცირების, შეურაცხყოფის, თუმცა მაინც მტკიცე იყო და არ გადაუხვევია თავისი გზიდან. ტრანსგენდერი ქალების ცხოვრებაც ასეთია — ჩვენთანაც ბევრია დამცირება, სისხლი, ღალატი, თუმცა ჩვენ მაინც არ ვნებდებით და ვცდილობთ გადარჩენასა და განვითარებას.
ყველაზე რთული ტრანზიციის პროცესში ალბათ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაა. ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მენტალურად და ფიზიკურად ისედაც ძალიან რთულია, დიდ ნებისყოფას და ძალისხმევას მოითხოვს და კიდევ უფრო რთულდება საქმე, როცა საზოგადოების დამოკიდებულება ემატება. ვეღარ ხვდები, რომელ ერთზე ინერვიულო — იმ პროცესებზე, რისი გავლაც გიწევს თუ ხალხის რეაქციებზე.
ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო არსებული სტიგმები
ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო უამრავი სტიგმა არსებობს, საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა აღიაროს, რომ ჩვენც გაგვაჩნია უფლებები და ჩვენთვისაც არის ყველა ის სიკეთე, რითაც სარგებლობს დანარჩენი საზოგადოება. მათთვის გაურკვეველი არსებები ვართ, რომლებსაც ვერავინ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უპოვა ადგილი. თითქოს ჩვენი ფუნქცია მხოლოდ სექსუალური მომსახურების გაწევაა. ეგზოტიკური არსებებად აღგვიქვამენ, მუდმივად ხდება მედიით თუ სხვა საშუალებებით ჩვენი დემონიზება. თემის წევრებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ასე თუ ისე მგრძნობელობა აქვთ ლგბტქ+ საკითხებზე, უჭირთ აღიარონ, რომ ჩვენც ქალები ვართ.
ძალიან მიჭირს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის რამე რჩევის მიცემა. შემიძლია ვუთხრა, რომ მოლოდინი არ ჰქონდეთ, რომ მარტივი გზა იქნება — აუცილებლად მოგიწევთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, ძალიან მტკიცე უნდა იყოთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მიუხედავად ბევრი დამცირებისა, არ ვნანობ ამ ნაბიჯს. კაცად დარჩენა უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის, ტყუილში ცხოვრებას მწარე სიმართლეში ცხოვრება მირჩევნია.
სამომავლო გეგმები
სანამ ოჯახიდან წამოვიდოდი, მებაღეობა მიტაცებდა, მომწონდა მცენარეებზე ზრუნვა და მოვლა. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმები არ მაქვს, სექს სამუშაომ მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს ჩაყლაპა, დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ მომავალზე ვიფიქრო, გეგმები დავსახო და თუნდაც მინიმალური გავაკეთო ამ გეგმების შესრულებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთი ცხოვრება არ მინდა. უფრო მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ვისურვებდი, ნაკლები რისკებით და სირთულეებით. 18 წლის ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ არის, ბევრი რამ მელოდება.
Don't Miss
გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება. ბუად ყოფნა არჩევანი არაა.
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამახალისებელ გარემოებებზე
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულთა ზრდის მიზეზები და შედეგები ბოლო წლებში ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში,
მე მქვია ელა ჯამაგიძე. ვარ 25 წლის ტრანსგენდერი ქალი და ქვიარ აქტივისტი.
ბავშვობა — ჩაგვრა ოჯახსა და სკოლაში
თბილისში დავიბადე. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ სხვა ჩემი თანატოლი ბიჭებისგან გამორჩეული ვიყავი, რადგან უფრო მგრძნობიარე, ემოციური და თბილი ვიყავი, ვიდრე სხვა ბიჭები. ჩემი ეს განსხვავებულობა გარშემომყოფთათვის ადვილად შესამჩნევი იყო, რადგან ვცხოვრობდი ისეთ ნაცრისფერ საზოგადოებაში, სადაც ყველა ერთმანეთის მსგავსი იყო და ასეთ სოციუმში მასისგან განსხვავებული ადამიანის გამოჩენა საკმაოდ შესამჩნევი იყო. ჩემს ამ განსხვავებულობას კონსერვატორული საზოგადოება დადებითად არ იღებდა.
ბავშვობიდანვე ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ოჯახის წევრების, ნათესავების, თანატოლი ბავშვების, თანასკოლელებისა და მასწავლებლების მხრიდან. ყველა, ვისთანაც შეხება მქონდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი ქცევები მასკულინური არ იყო და მომიწოდებდნენ, შევცვლილიყავი. თუმცა, ჩემში იმდენად დიდი დოზით ცხოვრობდა გოგო, რომ ძალდატანების მიუხედავად, ვერასდროს ვმალავდი იდენტობას. ამის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მომიწია.
ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.
მშობლები ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ ან უნდა შევცვლილიყავი, ან სახლიდან ქუჩაში გამაგდებდნენ, რადგან მე მათთვის სამარცხვინო შვილი ვიყავი. ჩემს უმცროს დასაც სირცხვილის განცდა ჰქონდა ჩემ გამო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ჩემი განსხვავებული ქცევებისა და მანერების გამო თანასკოლელები არა მხოლოდ მე, არამედ მასაც დასაც დასცინოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მისი ძმა ქალაჩუნა იყო. ჩემი პატარა დაიკო ამას ძალიან განიცდიდა, დათრგუნული და შერცხვენილი იყო. მშობლებმა მითხრეს, რომ მე ჩემი ფემინური საქციელით არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი დის მომავალსაც ვანადგურებდი, რადგან ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს სტიგმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ვრცელდებოდა.
ნათესავები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ავად ვიყავი და მკურნალობა მჭირდებოდა. ამიტომ ჩემს მშობლებს მოუწოდებდნენ, ექიმთან მივეყვანე და ჩემთვის სექსოლოგიური მკურნალობა ჩაეტარებინათ, რათა შევცვლილიყავი.
ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.
ქამინგაუთი
საკუთარი იდენტობა ბავშვობიდანვე გააზრებული მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდნენ ბიჭები, რომლებსაც ბიჭები მოსწონდათ, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ ადამიანად არ მივიჩნევდი. მე მინდოდა, რომ გოგო ვყოფილიყავი. ჩემს ქვეცნობიერში მუდამ ცხოვრობდა ლამაზი, პატარა, ოქროსფერთმიანი, ლურჯთვალება გოგო, რომელიც მუდამ მკარნახობდა, როგორ უნდა მემოქმედა, მუდამ მიბიძგებდა, მას დავმსგავსებოდი, არამხოლოდ გარეგნულად, არამედ — შინაგანადაც, რადგან ის შინაგანადაც იდეალური იყო, უმანკო, კეთილი, ნაზი და სათუთი. ამაზე ბავშვობაში ვერავის ვეუბნებოდი. არ შემეძლო ვინმესთვის გამემხილა, რომ ჩემს შიგნით სხვა ადამიანი იზრდებოდა, რადგან ამის შესახებ მაშინ არავის არაფერი სმენოდა. არც მე ვიცოდი რა იყო “ტრანსგენდერი” და არც არავინ ჩემ გარშემო. ამიტომ ამას ჩემში ვინახავდი. ჩემს შიგნით შევიქმენი სხვა, გამოგონილი სამყარო და იმ სამყაროში ვცხოვრობდი, როგორც გოგო.
მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ.
ჩემი განსხვავებულობა ყველასთვის იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ვერბალურად ქამინგაუთის გაკეთების საჭიროება არ ყოფილა. უშუალოდ ოჯახის წევრებთან ამ თემაზე საუბარი მაშინ დავიწყე, როცა მათ გაიგეს, რომ კაცი შემიყვარდა. ეს 16 წლის ასაკში მოხდა. პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელმაც ჩემში შეიყვარა ის გოგო, რომელსაც ჩემ გარშემო ვერავინ ხედავდა. მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი მაინც ვიპოვე, რომელსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც რეალურად ვიყავი. მასთან ფარული შეხვედრები მქონდა, მაგრამ ვიღაცებმა დაგვინახეს ერთად და ჩემს ოჯახს უთხრეს. იძულებული გავხდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ კაცი მიყვარდა.
ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ ტრანზიციამდე, ვხვდები, რომ უბედური ადამიანი ვიყავი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა, რადგან ვერ ვცნობდი იმ გამოსახულებას, რომელიც ანარეკლიდან მიყურებდა. ვერ ვახერხებდი გულწრფელად შემყვარებოდა სხვა ადამიანი. მგონია, რომ მაშინ გულწრფელად არავის სიყვარული არ შემეძლო, მათ შორის, არც ოჯახის, რადგან საკუთარი თავი მძულდა. მას შემდეგ, რაც ჩემი თავი აღმოვაჩინე და შევქმენი ის პიროვნება, რომელიც ჩემთვის ორგანული იყო, დავინახე, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისეთიც შეიძლება შევუყვარდე, როგორიც მე მიყვარს საკუთარი თავი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ.
ოჯახი — ერთი შვილის განკვეთა, მეორეზე ზრუნვის სახელით
ქამინგაუთის გაკეთებით მშობლებისგან უფრო დიდი აგრესია მივიღე, ვიდრე ნათესავებისგან. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც 16 წლის ასაკში მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე და იძულებული გავხდი სახლიდან წამოვსულიყავი. მითხრეს, რომ მათ გვერდით ვეღარ ვიცხოვრებდი, რადგან მათთვის სამარცხვინო ადამიანი ვიყავი და იძულებულები იყვნენ, მეორე შვილის ინტერესებიც დაეცვათ. არ უნდოდათ, რომ მის მომავალს ჩრდილი მისდგომოდა.
გარკვეულწილად, მეც ვგრძნობდი თავს დამნაშავედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რადგან ტრანსგენდერი შვილის გამო, ცხადია, ისინიც განიცდიდნენ ბულინგს საზოგადოებისგან. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი პატარა დაიკოს ტკივილი, რომელსაც ჩემი რცხვენოდა. მახსოვს, როდესაც 18 წლის ასაკში პირველად ტელევიზიით გამოვჩნდი და ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარ იდენტობაზე ვისაუბრე, როგორც ქალმა, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. სკოლაში წასვლისაც არ უნდოდა, რადგან მისი კლასელები და მასწავლებლები მიცნობდნენ.
ყველაზე მეტად ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა საქართველოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციას მეტ-ნაკლებად მაინც ვახერხებდი და არასდროს ვუშინდებოდი დღისით ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ასევე, ხშირად ვსარგებლობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემს ქვეყანაში განვითარების გზა ვერ ვიპოვე. იყო ტრანსგენდერი საქართველოში ავტომატურად ნიშნავს, რომ განათლების მიღების, კარიერის შექმნისა და რაც მთავარია, საზოგადოებაში ინტეგრაციის გზა მოჭრილი გქონდეს. მართალია, უგულებელვყოფდი ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩემდამი, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანა მაინც დავტოვე, რადგან სურვილი მქონდა, რომ რაღაც უფრო მეტისთვის მიმეღწია, ვიდრე კომერციული სექს-სამუშაო იყო. არსებობის მიზნით, მანამდე აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ საქმიანობაში, რამაც ფიზიკური და მორალური ზიანი ბევრჯერ მომაყენა.
ემიგრაცია და ცხოვრება ბელგიაში
ემიგრანტობა მარტივი არ არის, რადგან ისეთი ადამიანების გარემოცვაში ხარ, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ და არ გიცნობენ. ასეთ დროს ადამიანის გულში დიდი წყვდიადი ისადგურებს, რადგან ცხოვრობ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არ გდევნის, მაგრამ, ამავდროულად, მათთვის შენ არაფერს ნიშნავ და არც შენთვისაა ეს საზოგადოება მნიშვნელოვანი. არავინ გიყვარს და არავის უყვარხარ, უბრალოდ საქმიანი ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთთან და ხშირად ისე გესაუბრებიან, რომ არც კი გიყურებენ, რადგან მათთვის უინტერესო ხარ.
საბედნიეროდ, გამიჩნდა იმის პერსპექტივა, რომ ევროპაში განათლებაზე და კარიერის აწყობაზე მეზრუნა. ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივარ, მაგრამ გულის სიღრმეში განვიცდი იმას, რომ თუკი რამე წარმატებას მივაღწევ, ეს არ იქნება ჩემი ხალხისთვის მიღწეული წარმატება. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, უცხო საზოგადოებისთვის ვაკეთებ, რომლის მიმართაც ემოციურ დონეზე არაფერს ვგრძნობ და ისინიც არაფერს გრძნობენ ჩემ მიმართ.
ემიგრაციაში მეგობრების შეძენა რთულია, რადგან ევროპელები იმდენად ორიენტირებულნი არიან საქმიან ურთიერთობებზე, რომ ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები უკანა პლანზე აქვთ გადაწეული. შესაბამისად, საქართველოდან ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა ჩემს სამშობლოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ.
ევროპაში 5-წლიანმა ცხოვრებამ, პირველ რიგში, ის შეცვალა, რომ თავი ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძენი, რომელიც სხვებისგან არაფრით განსხვავდება და გამოირჩევა. საქართველოში ამას ვერ ვგრძნობდი. საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონდი. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოვწონდი, მაგრამ ყველასთვის მაინც არაჩვეულებრივ ადამიანად მივიჩნეოდი, რომელს მიმართაც განსაკუთრებული ყურადღება და დამოკიდებულება იყო.
სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად.
იყო ქვიარი ბელგიაში ნიშნავს, რომ იყო საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. ეს დამოკიდებულება მე, როგორც ადამიანს მიქმნის დაცულობის შეგრძნებას — აქ არ მაქვს იმის განცდა, რომ ვინმე შეიძლება თავს დამესხას ჩემი განსხვავებულობის გამო, რადგან ამ საზოგადოებისთვის მე განსხვავებული ადამიანი არ ვარ.
აქტიურად ვადევნებ თვალს ციფრული მედიის მეშვეობით საქართველოში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ვითარებას და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ამ 5 წლის მანძილზე, რაც მე საქართველო დავტოვე, ამ კუთხით დიდწილად არაფერი გაუმჯობესებულა. ამას ყველაზე მეტად ცხადყოფს 5 ივლისის მოვლენები. შესაბამისად, საკუთარ სამშობლოში დაბრუნების ძალიან მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმავე სირთულეების წინაშე აღმოვჩნდები, რომლებიც 5 წლის წინ მქონდა — არ მექნება არანაირი სხვა შემოსავლის წყარო სექს-სამუშაოს გარდა, არ მექნება განათლება და დასაქმების პერსპექტივა, გამიჭირდება საცხოვრებლად ბინის დაქირავება და რაც მთავარია, ქუჩაში გასვლისას ძალადობრივი აგრესიის შიში მექნება.
სამომავლო გეგმები
მაძლიერებს იმედი და მომავლის რწმენა, რომ აუცილებლად ვიპოვი საკუთარ წილ ბედნიერებას. სამწუხაროდ, ცხოვრებაში იმედგაცრუებები ხშირია. როცა რაღაცის შექმნისთვის იბრძვი და იმედი გიცრუვდება, ნეგატიური განწყობა გეუფლება. ეს მეც გამომიცდია, მაგრამ სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად.
მეშინია იმის პროგნოზირება, თუ ვინ და სად ვიქნები უახლოესი 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ცხოვრების თითოეული ეტაპი წინასწარ დავგეგმო, ხშირად მაინც ხდება ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგალითად, 5 და 10 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი იმაზე, რომ დღეს ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდი სულ სხვა ადამიანების გარემოცვაში და იმ ადამიანებს დავტოვებდი, რომელთა გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
ბევრ რამეზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი ადამიანი ვიპოვო, რომელიც არასდროს მაგრძნობინებს თავს მარტოსულად. ასევე, ვოცნებობ, ამ სამყაროში საკუთარი კვალი დავტოვო. არ მინდა, ჩემი ცხოვრება უშინაარსოდ წარიმართოს. მინდა შევქმნა ისეთი ღირებული რამ, რაც უკვდავად დატოვებს ჩემს პერსონას საზოგადოებაში. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ მე ამის სურვილი მაქვს და ვეცდები, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგა.
ყველა ქვიარ ადამიანს, ვინ თვითგამორკვევის პროცესს ახლა გადის, ვურჩევდი, არ შეეშინდეთ იდენტობის, მასობრივი აგრესიის შიშით არ თქვან უარი საკუთარ თავზე. თუ საკუთარ თავს მიიღებენ და შეიყვარებენ, შეუყვარდებათ სხვა ადამიანებიც და აუცილებლად იპოვიან ისეთებსაც, ვისაც ისინი ეყვარება.
Don't Miss
გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება. ბუად ყოფნა არჩევანი არაა.
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამახალისებელ გარემოებებზე
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულთა ზრდის მიზეზები და შედეგები ბოლო წლებში ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში,