9 აგვისტოს, BBC One-ის ეთერში 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ბრიტანელი წყალში მხტომელის, ტომ დეილის დოკუმენტური ფილმის, Illegal to be Me-ის პრემიერა შედგა. ღიად ქვიარ სპორტსმენმა 2022 წლის Commonwealth Games-ისთვის მზადებასთან ერთად გადაწყვიტა,
9 აგვისტოს, BBC One-ის ეთერში 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ბრიტანელი წყალში მხტომელის, ტომ დეილის დოკუმენტური ფილმის, Illegal to be Me-ის პრემიერა შედგა.
ღიად ქვიარ სპორტსმენმა 2022 წლის Commonwealth Games-ისთვის მზადებასთან ერთად გადაწყვიტა, ეკვლია, როგორია სპორტში ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობა და როგორ შეიძლება ძალაუფლების მქონე ორგანიზაციებმა სასიკეთო ცვლილებებს ხელი შეუწყონ. Commonwealth Games 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მისი აუდიტორია მილიარდს აჭარბებს. მასშტაბური ღონისძიება 56 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა უმეტესობა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას ტომ დეილიმ იმ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით სჯიან და პირადად ესაუბრა ათლეტებს, რომელთაც დევნიან ან სარისკო გარემო მათ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევთ.
Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ დეილიმ დოკუმენტურზე ფილმზე და ლგბტქი ათლეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლგბტქი უფლებების კვლევის სურვილი 2021 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაუჩნდა და ამის მიზეზი ის არის, რომ თავს პრივილეგირებულად გრძნობს, რის პარალელურადაც სპორტული ღონისძიებები ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყნებში იგეგმება.
„დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობ, დაქორწინებული ვარ და შვილებიც მყავს. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ. ვხედავ სპორტული ღონისძიებების ანონსებს, ადამიანები გეგმავენ იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც მძიმე ლგბტქი კანონებია. მაგალითისთვის, მსოფლიო თასი ყატარში იმართება, ფორმულა ერთის შეჯიბრება ახლო აღმოსავლეთში შედგება. ეს ის ადგილებია, სადაც ქვიარ ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით, ზოგჯერ სიკვდილითაც კი სჯიან. ამიტომ, მაინტერესებს, სპორტულმა ფედერაციებმა რა შეიძლება მოიმოქმედონ, როგორ უნდა მიმართონ ყურადღება აუცილებელი ცვლილებებისკენ“, — აღნიშნა დეილიმ Channel 4-თან საუბრისას.
ბრიტანელმა სპორტსმენმა ინტერვიუში საკუთარი კარიერის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რა იქნებოდა მისი ცხოვრება, იმ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.
„როგორი იქნებოდა ჩემი არსებობა ან ვიარსებებდი? ისევ ცოცხალი ვიქნებოდი თუ ძალადობრივი ჯგუფები მომკლავდნენ? სხვადასხვა შესაძლებლობები არსებობს და ეს ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს. ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ პოზიტიურ ცვლილებებს ხელი შევუწყოთ“, — აღნიშნა ტომ დეილიმ.
ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონი ცვლილებებისთვის საჭირო ქმედებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აღარ სჯერა ანტი-ლგბტქი კანონების მქონე ქვეყნებში სპორტული ღონისძიებების აკრძალვით მოტანილი სასიკეთო ცვლილებების. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ათლეტებთან, აქტივისტებთან საუბრისას მიხვდა, რომ შესაძლოა, მსგავსი აკრძალვები ლგბტქი ადამიანების საწინააღმდეგო დამატებით ბერკეტად იქცეს. თანაც, ეს შეზღუდვები დამოკიდებულებებს არ ცვლის და არც სახელმწიფო მიდგომის გადახედვას უწყობს ხელს.
ტომ დეილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ღიად ვისაუბროთ ჩაგვრის ისტორიაზე და გავაანალიზოთ რელიგიური, კულტურული თუ იმპერიალისტური გარემოებებით განპირობებული ჰომოფობია, უთანასწორობა, ადამიანთა უფლებების სავალალო მდგომარეობა, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს დღემდე საფრთხეს უქმნის. ასევე, ბევრად აქტიურად ვიმუშაოთ იმ ქვეყნებში, რომლებიც ადამიანთა თანასწორ უფლებებს არ აღიარებენ.
ტომ დეილიმ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად 2013 წელს ისაუბრა და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს ლგბტქი უფლებების ადვოკატირებას. ბრიტანელ სპორტსმენისთვის განსაკუთრებით მძლავრ შესაძლებლობად ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული იქცა, რის შემდეგაც კიდევ უფრო აქტიურად განაგრძო პოზიტიური ცვლილებების მხარდამჭერი ქმედებები.
2022 წლის Commonwealth Games-ზე ტომ დეილი ლგბტქი უფლებების მხარდაჭერის მიზნით მიიწვიეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა აუდიტორიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ აღნიშნული ღონისძიების მონაწილე 56 სახელმწიფოდან 35-ში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, 3 სახელმწიფოში კი სასჯელი შესაძლოა სიკვდილით დასჯა იყოს.
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და