ჟურნალისტიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. 23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს,

5 ივლისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც „არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 18 აპრილს სარჩელით

ევროკავშირის პრიზის 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები ცნობილია

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, რომელიც თავისუფალი მედიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს, ხოლო 26-27 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორის, თოქშოუს წამყვან სალომე უგულავას ტრენინგი გაიმართება.

„რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას“, — ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც დამატებითი ინფორმაციის გაგებას შეძლებთ.

მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ტრენინგი Frontline Georgia-ში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს 2-დღიან ტრენინგზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. პირველ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისს, 18:00 საათამდეა, ხოლო მეორეზე — 24 მაისს, 18:00 საათამდე.

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის — ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

ევროკავშირის პრიზის 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები ცნობილია

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, რომელიც თავისუფალი მედიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გადაწყვიტა, სწორედ ამ დღეს გამოევლინა კონკურსის — ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში — 2021 წლის გამარჯვებულები.

მედიასაშუალება ინდიგოს ავტორებმა პრიზის მოპოვება სამ კატეგორიაში შეძლეს: თამარ ბაბუაძემ კატეგორიაში — საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, თინათინ ნაჭყებიამ კატეგორიაში — ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში და გიორგი შენგელიამ კატეგორიაში — დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს.

კატეგორიაში — საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში ჯილდო რადიო თავისუფლების ავტორმა ანასტასია სლოვინსკაიამ მოიპოვა.

საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ან სიუჟეტისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში ჯილდო თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტ ზურაბ მოდებაძეს ერგო.

ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო ბლოგის, საავტორო სტატიის ან სვეტის ავტორად On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე დასახელდა.

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის კი newcaucasus.com-ის ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშილი დაჯილდოვდა.

გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დააჯილდოვა.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია. წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს. ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან“, — აღნიშნა ჰარცელმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვილსას.

 

 

5 ივლისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც „არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების დაცვა ვერ შეძლო, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს და მორალური, ასევე ტექნიკის განადგურებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.