ჟოზეფ ბორელი

/

ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას — შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს. “ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება

ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას — შარლ მიშელი

/
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს.
“ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. “უცხოური გავლენის” შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის გასაღები“, — დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

განცხადება ასევე გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

პარლამენტმა 7 მარტს, დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის „უცხოეთის გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია იმართებოდა.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.