პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ პოლიტიკა და იდეოლოგია, როგორც ცალკეული ტერმინები. იდეოლოგია იდეებისა და აზროვნებათა მიმართულებების სხვადასხვაგვარობის ერთგვარი სისტემაა, რომელიც პოლიტიკური ქმედებების საყრდენია. ის მიზნად ისახავს არსებული ძალაუფლების შენარჩუნებას, სახეცვლილებას
პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ პოლიტიკა და იდეოლოგია, როგორც ცალკეული ტერმინები.
იდეოლოგია იდეებისა და აზროვნებათა მიმართულებების სხვადასხვაგვარობის ერთგვარი სისტემაა, რომელიც პოლიტიკური ქმედებების საყრდენია. ის მიზნად ისახავს არსებული ძალაუფლების შენარჩუნებას, სახეცვლილებას ან დამხობას.
სახელმწიფოებრივ ჭრილში, პოლიტიკა იმ იდეოლოგიების ნაერთია, რომლებიც მოიაზრებს როგორც სახელმწიფოს შიდა პროცესების მართვას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასაც. უფრო მასშტაბური გაგებისას, პოლიტიკა შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნის არსებობისთვის საჭირო ინსტრუმენტი, ვინაიდან ის აყალიბებს აღნიშნული ჯგუფების ფუნქციონირებისთვის საჭირო წესებს და უზრუნველყოფს მათ აღსრულებას.
პოლიტიკურ აქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს და ჩართულია ამ პროცესების მართვაში. ტრადიციულად, საერთო იდეოლოგიის მქონე ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს და საერთო ხედვის საფუძველზე, ცდილობენ თავიანთი დღის წესრიგი პრიორიტეტული გახადონ ქვეყნის მართვისას.
პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბრისას მართებულია, გავმიჯნოთ ერთმანეთთან დაპირისპირებული და ერთმანეთისაგან განსხვავებული იდეოლოგიები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მსგავსი დაყოფა დიდწილად პირობითია და ნებისმიერი პარტიისა თუ ინდივიდის მსოფლმხედველობრივი მიკუთვნებულობა ინდივიდუალურ დონეზე განისაზღვრება.
ისტორიულად, პოლიტიკურ იდეოლოგიებს ორ ძირითად — მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობად ყოფენ. პოლიტიკური იდეოლოგიების კატეგორიზაცია გავრცელებული მეთოდია მემარცხენე და მემარჯვენე ფრთის გასამიჯნად და მოქალაქეების პოლიტიკური მიკუთვნებულობის საილუსტრაციოდ.
პოლიტიკური დაყოფის წრფივი სპექტრის მიხედვით, უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური მრწამსის ორი პოლარული მიმართულება — უკიდურესად მემარცხენე და უკიდურეს მემარჯვენე. ვინაიდან მემარცხენეობა და მემარჯვენეობაც სპექტრია, მათ შორის ზღვარი გადის ე.წ. ცენტრისტებზე, რომლებიც შედარებით ნეიტრალურები არიან. იდეოლოგიათა ევოლუციის შედეგად, ხშირად ვაწყდებით ორი ან მეტი იდეოლოგიის ერთმანეთთან თანაკვეთას, კონკრეტულ სოციალურ საკითხზე მათი მიდგომის კომბინირებას და ა.შ. ასეთ შემთხვევებში საქმე სწორედ ცენტრისტულ მიმდინარეობასთან გვაქვს. ცენტრისტების იდეები ნაკლებად რადიკალურია და ისინი სპექტრის შუა ნაწილშია განლაგებული.
ტერმინები მემარცხენე და მემარჯვენე 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის სახელს უკავშირდება. გენერალური შტატების კრებაზე გადაწყდა, რომ სხვადასხვა სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს, სტატუსის მიხედვით, ადგილები სტრატეგიულად უნდა დაეკავებინათ. არისტოკრატები, თავად-აზნაურობა და სასულიერო პირები, რომლებიც მონარქიული მმართველობას უჭერდნენ მხარს, მეფის მარჯვნივ განთავსდნენ, ხოლო მისგან მარცხნივ — შედარებით უფრო რადიკალური იდეების მქონე მესამე წოდების წევრები: ბურჟუაზია და რიგითი მოქალაქეები, რომელთა იდეები რესპუბლიკის შექმნასა და სეკულარიზმის გაძლიერებისაკენ იყო მიმართული.
ტერმინების თანამედროვე გაგება, გარკვეულწილად, ჩამოშორდა მის პირვანდელ მნიშვნელობას და სახე იცვალა, თუმცა, თავდაპირველ გაგებას ფუნდამენტურ დონეზე კვლავ ინარჩუნებს.
მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები იბრძვიან სოციალური თანასწორობის მისაღწევად. უთანასწორობის აღმოფხვრის, ეგალიტარიზმისა და პროგრესულობისკენ სწრაფვა, იერარქიების მიმართ დაუმორჩილებლობა და სხვა — ეს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელია, რომელსაც მემარცხენეების სახელდებისთვის ვიყენებთ, ეპოქისა და ლოკაციის სხვადასხვაობის მიხედვით.
მემარჯვენეები ნაციონალისტური და ტრადიციული ფასეულობის გარშემო ერთიანდებიან. ისინი ბევრად კონსერვატიულები არიან, ვიდრე მემარცხენეები. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები ძლიერი სახელმწიფოს იდეას უჭერენ მხარს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ღირებულებები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.
მემარჯვენეები ემიჯნებიან სახელმწიფოს ჩარევის იდეას კერძო საკუთრებაში და მხარს სახალხო კაპიტალის პრივატიზაციას უჭერენ. პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს ბოლოში განთავსებული მემარჯვენეები აცხადებენ, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და ემხრობიან კაპიტალისტურ იდეებს, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებაში თავისუფალი ბაზარი უნდა არსებობდეს. მეორე მხრივ, კომუნისტებისთვის, როგორც ულტრამემარცხენეებისთვის, საზოგადო კაპიტალში სახელმწიფოს ჩარევა და რეგულაციების დაწესება იდეოლოგიურ ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტი პრინციპია.
პოლიტიკურ მიკუთვნებულობის იდენტიფიცირებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ სპექტრს განარჩევენ. წრფივი სპექტრი სივრცეში მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგნაირად განლაგდება: კომუნიზმი > სოციალიზმი > ლიბერალიზმი > კონსერვატიზმი > ფაშიზმი.
განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი იდეოლოგია, რომელთაგანაც ზოგიერთი მემარცხენე ფრთისკენ იხრება, ზოგი — მემარჯვენე, ხოლო ზოგიც ცენტრისტული.
სოციალიზმი
სოციალიზმი, რომელიც ცალსახად მემარცხენე ფრთისკენ გადახრილი პოლიტიკური იდეოლოგიაა, სოციალურ თანასწორობის მიღწევას ემსახურება. სოციალისტურ საზოგადოებრივ სისტემაში წარმოების მექანიზმები სახალხო საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტები არ კრძალავენ კერძო საკუთრების ფლობის უფლებას, ისინი ცდილობენ მინიმუმამდე შეამცირონ მოქალაქეებს შორის ეკონომიკური დიფერენციაცია. ეკონომიკური სხვადასხვაობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად, სოციალისტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას უჭერენ მხარს. გარდა ამისა, სოციალისტები ებრძვიან ადამიანების ნებისმიერი ფორმით ექსპლუატაციას, ვინაიდან ამ იდეოლოგიის ადამიანები ერთიანდებიან იმ იდეის გარშემო, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ხელშეუხებელი უნდა იყოს.
სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია
სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია სპექტრის მემარცხენე, თუმცა შედარებით ცენტრისტულ პოზიციას იკავებს. სოციალ-დემოკრატია სოციალიზმის ახალ, სახელცვლილ ფორმაციას წარმოადგენს. სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის წარმომადგენლები მიისწრაფვიან არსებული კაპიტალისტური რეჟიმის სოციალისტურ იდეებთან თანხმობაში მოყვანისკენ, რის შედეგადაც, მათი აზრით, იდეალურ სოციალ-დემოკრატიულ სამყაროში, წარმოების მეთოდიკის შენარჩუნებით, საზოგადოებაში მიიღწევა საყოველთაო კეთილდღეობა და ეკონომიკური დემოკრატია თითოეული მოქალაქისათვის.
ლიბერალიზმი
ლიბერალიზმი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიაა. ამ იდეოლოგიის დომინირების პირობებში, სახელმწიფოს მთავარ მამოძრავებელ ძალად ინდივიდის აზროვნების თავისუფლება და საზოგადოების თითოეული წევრის პიროვნული პასუხისმგებლობა მიიჩნევა. ლიბერალური იდეოლოგიისათვის ადამიანის უფლებების დაცვა უზენაესია. ლიბერალიზმისთვის პროგრესი და რეფორმები მისაღებია, ხოლო კონსერვატიული მოსაზრებები — არა. კლასიკური ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მხოლოდ იმ სფეროებს განაგებს, რომელთა ფუნქციონირება და მართვა ინდივიდების დონეზე შეუძლებელია. კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრები კერძო მეწარმეობასა და ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებს ანიჭებენ უპირატესობას, როცა მემარცხენე ლიბერალებისთვის სახელმწიფოს მიერ თავისუფალი ბაზარზე კონტროლის დაწესება და მეტი ჩართულობა უფრო მისაღებია. მემარცხენე ლიბერალების აზრით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნა მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, რაც სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვასაც ითვალისწინებს.
თუ ლიბერალიზმს პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევენ, ნეოლიბერალიზმი ეკონომიკურ იდეათა ერთობლიობა უფროა, ვიდრე პოლიტიკური. აღნიშნული იდეოლოგია ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეებზე დაყრდნობით დაფუძნდა. ნეოლიბერალური იდეების მიხედვით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრის არსებობა, რომელზეც სახელმწიფო რეგულაციებს წვდომა სრულად ექნება შეზღუდული. ნეოლიბერალიზმის ფუნდამენტურ ასპექტად ქონების პრივატიზაცია მიიჩნევა. მსგავსი იდეოლოგიის დომინირების პირობებში, ინდივიდებზე შეზღუდვები მაქსიმალურად შემცირებულია. ნეოლიბერალიზმი არსით სოციალიზმს ეწინააღმდეგება — თუ სოციალისტები ფიქრობენ, რომ მუშახელის უფლებების დაცვა და სოციალურ უთანასწორობის აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს, ნეოლიბერალების აზრით, პროფკავშირთა პოლიტიკის გატარება მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.
კონსერვატიზმი
კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, მემარჯვენეობასთან ასოცირდება. კონსერვატიზმის წარმომადგენლებისთვის ტრადიციული ფასეულობები ხელშეუხებელია. შესაბამისად, ისინი უარს აცხადებენ რეფორმების გატარებაზე და ცდილობენ ისეთი ინსტიტუტების შენარჩუნებასა და აღზევებას, როგორებიცაა ოჯახი და ეკლესია. კონსერვატიული მმართველობისას სახელმწიფოსთვის კონსტიტუციონალიზმი პრიორიტეტულია. აბსოლუტურად მიუღებელია მთავრობის ჩარევა ინდივიდების ყოფაში, ვინაიდან კერძო საკუთრება უმნიშვნელოვანესია. კონსერვატორების აზრით, სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და შესაბამისად, არ ცდილობენ მის აღმოფხვრა რაიმე სახით.
ფაშიზმი
ფაშიზმი პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იკავებს და რადიკალური იდეებს აერთიანებს. ისტორიულად ფაშიზმი მარქსისტული სოციალიზმის და ლიბერალ-დემოკრატიული კაპიტალიზმის ალტერნატივას უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ულტრამემარჯვენე იდეოლოგისთვის დამახასიათებელია იერარქიული და მილიტარისტული წყობებისადმი პატივისცემა. ფაშიზმი “ნაციონალისტურ უპირატესობას” ემყარება და ერს მოუწოდებს ტრადიციების დასაცავად გაერთიანებისაკენ. ამ აქტით, ფაშისტების აზრით, ერი წინ აღუდგება გარეშე მტერს, რომელიც მათი თვითმყოფადობის განადგურებას ცდილობს. ამ მიზეზით იდევნება და იზღუდება ნებისმიერი ინდივიდუალური შეხედულების ქონა საზოგადოებაში, რის შედეგადაც, ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
კომუნიზმი
კომუნიზმი ფაშიზმისგან პოლარულად დაპირისპირებულ, უკიდურეს მარცხენა მხარეს იკავებს და ამით ულტრამემარცხენე პოლიტიკურ იდეოლოგიად მოინიშნავს თავს. კომუნიზმი დაფუძნებულია წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში გადასვლაზე, ხოლო გაუქმებულია როგორც სახელმწიფო, ასევე, საზოგადოების კლასობრივი დანაწევრება. თუ სოციალიზმი არ ეწინააღმდეგება კერძო საკუთრების იდეას, კომუნიზმი კრძალავს ნებისმიერ კერძო საკუთრებას. კომუნისტური რადიკალური იდეების გატარების შედეგად, კომუნისტების აზრით, სამყაროში სრულად აღმოიფხვრება სოციალური უთანასწორობა. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული რადიკალური მიდგომები, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა აღსრულების ტოტალიტარულ რეჟიმის ბუნებაში გადაიზარდოს, რაც, თავის მხრივ, ებრძვის კომუნიზმის თავდაპირველ მიზანს და ადამიანების უფლებებს ხელყოფს.
ანარქიზმი
ანარქიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო ხელისუფლებას ნებისმიერი ფორმით. ანარქიზმი პიროვნების აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებს. ამას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება და ხელისუფლების მნიშვნელობის არსი დასაწყისიდანვე ინდივიდზე ძალადობას მოიაზრებს ბუნებით. ამის აღსაკვეთად სწორ გზად ანარქისტები ხელისუფლების გაუქმებას მიიჩნევენ. ანარქისტების აზრით, ხალხი თავად უნდა ქმნიდეს თვითორგანიზებულ ჯგუფებს, ხოლო მის ჯანსაღ ფუნქციონირებას ინდივიდის არჩევანზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფდეს.
წყაროები:
სამოქალაქო განათლება ყველასთვის, “პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები”, 2017;
ქართული ფაბიანური საზოგადოება, „ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია“, 2015;
Claes, G., “Encyclopedia of Modern Political Thought”, 2013;
Freire, A., “Bringing Social Identities Back In: The Social Anchors of Left-Right Orientation in Western Europe”, 2006.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს