მედია - Page 2

/

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. 23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს, ხოლო 26-27 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი

მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

/

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს

მედიისთვის უმთავრესი ძალადობაგამოვლილი პირის დაცვა უნდა იყოს – თამარ რუხაძე სასულიერო პირზე ძალადობის შესახებ

20 თებერვალს, სოციალური ქსელების საშუალებით, საეკლესიო პირზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ვიდეო სხვადასხვა მედიასაშუალებამ ეთიკური სტანდარტების დარღვევებით

Chai Khana და ქვიარი ლგბტქი მედია ქსელ Unit-თან თანამშრომლობას იწყებენ

მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. 

პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა მომზადდება, რომლებიც ანტი-კოლონიალიზმის, პერსონალური ამბებისა და გამოწვევების, ასევე, კულტურის თემებს დაფარავს. ქვიარი ამ თემებზე საქართველოში იმუშავებს, Chai Khana კი — სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

6-თვიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მომზადებული 27 მასალით ერთობლივი ინგლისურენოვანი ბეჭდური ჟურნალი გამოიცემა.

Unit არის n-ost-ის მიერ 2018 წელს წამოწყებული მედია პროექტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ლგბტქი თემებზე მომუშავე მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ჟურნალისტების, აქტივისტების, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების კონსტრუქციულ პარტნიორობას უწყობს ხელს.

Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ისტორიებს ვიზუალურად გვიყვება და ცდილობს, აუდიტორიას ამბები განსხვავებული პერსპექტივიდან დაანახოს, აღმოაჩენინონ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, რომელთა ხმა მეინსტრიმულ მედიაში ნაკლებად ისმის ან დაკარგულია.

ქვიარი არის ონლაინ მედია, რომელიც ორიენტირებულია ლგბტქი და ქალთა უფლებებზე, ასევე სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვაჟღერებთ ქვიარ თემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, გიყვებით ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ვაშუქებთ ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიიდან ყოველდღიურ სიახლეებამდე, პოლიტიკიდან ხელოვნებამდე და გართობამდე, ჩვენ გაწვდით ინფორმაციის ფართო სპექტრს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ევროსასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მედიის წარმომადგენლების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მომზადებული საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საიას განცხადებით, საჩივარი 2022 წლის 4 ნოემბერს გაგზავნა და საქმის არსებითი ეტაპზე გადასვლა შემჭიდროვებულ დროში მოხდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავობს, რომ „ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით”.

საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისის მოვლენებში კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა.

„ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირებულნი იყვნენ ლგბტ+ თემთან“, — აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო. 

საიამ გაავრცელა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხების წარდგენის ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი?
  2. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა? 
  3. ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?
  4. იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური   ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)
  5. მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო ლგბტ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?
  6. ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. ძალადობრივი მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

ქვიარმა კონკურს მედია თანასწორობისთვის ჯილდო მიიღო

ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი საფარი დასახელდა, ხოლო მესამეზე — GrlzWave.

WECF Georgia-მ გამარჯვებულები კიდევ ხუთ საპირზო კატეგორიაში გამოავლინა:

საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი

  1. თორნიკე მანდარია — თოზუ თანასწორობისთვის (რადიო თავისუფლება);
  2. ანი ვაშაგაშვილი — ირანელი ქალები (ფორმულა);
  3. ნინო ბიძინაშვილი — მენსტრუაციის ხარჯები: ქალების უხილავი პრობლემა (ნეტგაზეთი).

საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი

  1. ლელა დუმბაძე — ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ (ბათუმელები);
  2. მანანა ქველიაშვილი — ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის (ბათუმელები);
  3. თეა დავაძე — თაობების გზავნილი ქალებს (სათემო რადიო მარნეული).

საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი

  1. ანიკი გელაშვილი — ილუსტრაციების სერია: რას ნიშნავს იყო ქალი საქართველოში?
  2. ნინო გოგუა — დოკუმენტური ფილმი: დღე და ღამე (ჩაიხანა);
  3. სოფო აფციაური — ტაბაწყური — ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში

  1. ნათია გულისაშვილი;
  2. ელენე ასათიანი;
  3. მარიამ ნანობაშვილი.

საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი

  1. მარიამ კვარაცხელია;
  2. ნინო (ევა) ართმელიძე;
  3. თამთა შერმაზანაშვილი.

ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ეკა ქევანიშვილს.

კონკურსი მედია თანასწორობისთვის მიზნად ისახავს „გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმას და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას“ და სწორედ ამიტომ, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და ავტორებს ყოველწლიურად გამოარჩევს.

ქვიარ უტოპია — თანასწორობის მოძრაობამ ჟურნალ ეგალიტეს მეორე ნომერი გამოსცა

თანასწორობის მოძრაობამ ქვიარ ჟურნალ ეგალიტეს (თანასწორობა) ახალი ნომერი გამოსცა, რომელიც ქვიარ უტოპიის კონცეფციასთან დაკავშირებული 12 სტატიისგან შედგება.

„ეგალიტეს ეს გამოცემა ცდილობს ქვიარ პოლიტიკის შიდა უთანხმოებას და მრავალგვარობას უტოპიის იდეით უპასუხოს. ის უარს არ ამბობს ინდივიდუალიზმზე საერთო მიზნის სასარგებლოდ, ის ცდილობს ქვიარ მრავალხმიანობა თავის თავში დაიტიოს“, — ნათქვამია ჟურნალის რედაქტორის, ნუკრი მაია ტაბიძის წინასიტყვაობაში.

ნუკრი მაია ტაბიძე ქვიართან ამბობს, რომ ქვიარ უტოპიის კონცეფცია მას ეკუთვნის და უნდოდა, რომ თემაზე, რომელიც მისთვის უცნობი და საინტერესო იყო, განსხვავებული გამოცდილების მქონე ავტორებთან ერთად ეკვლია პასუხები, ჩაეტარებინა ერთგვარი ექსპერიმენტი.

„დათქმა ზუსტად ეს გვქონდა, რომ არანაირად არ ვზღუდავდით თავს ფორმაში, მიდგომაში, მეთოდში, ეს შეიძლება ყოფილიყო ექსპერიმენტი, ინტერვიუ, მოკვლევა, თვითდაკვირვება, იუმორის გამოყენება, სიზმრების ანალიზი, ნებისმიერი რამ და რაღაცნაირად ამოიზარდა უფრო დიდი თემატური სეგმენტები“, — ამბობს ნუკრი მაია ტაბიძე.

ქვიარ უტოპია მომავლის წარმოუდგენელი სცენარების გააზრების მცდელობა არ არის, ეს ერთგვარად ოცნებაა წარმოუდგენელზე და კავშირშია დღევანდელობასთან. ეგალიტეს ახალი ნომრის თემები რელიგიის, სპირიტუალობის, მაგიის, სექსის, სიყვარულის, ოჯახის გადააზრების, ბუნების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების თემებს შეეხება და ნუკრი მაია ტაბიძის თქმით, ერთ მთავარ კითხვას აღძრავს — რამდენად წარმოუდგენელია ქვიარ უტოპიის იდეა?


„სწორედ ეს იყო იდეა, რომ უტოპია გვეკვლია ყოველდღიურობაში და არა როგორც მომავლის უცნაური სცენარები. ამოსავალი წერტილი იყო, ჩვენ რა გვინდა, რაზე ვოცნებობთ, იდეა ოცნებაზე იყო დაფუძნებული და საბოლოოდ გვინდოდა, რომ კითხვის ნიშანი დაგვეყენებინა, რამდენად წარმოუდგენელია? იმიტომ, რომ ჩვენი, ქვიარების არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელია, რამდენი ხანი გვიმეორებდნენ თუნდაც იმას, რომ არ ვარსებობთ და ამაზე ლაპარაკი გვიწევს მუდამ, რომ ვართ! თუნდაც ამ ჟურნალის გამოცემაც 15 წლის წინ უტოპია იყო, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რედაქტორი იქნებიო, ვერ დავიჯერებდი. წარმოუდგენელზე ფიქრი და ოცნება იყო პროცესის თანმდევი და არა სცენარის დასახვის იდეა“, — აღნიშნავს ნუკრი მაია ტაბიძე.


ჟურნალის ქვიარ უტოპიის იდეისადმი მიძღვნილ ნომერში 12 ავტორის სტატიას შეხვდებით. ლილი მამულაშვილი, ანა ნიკოლაძე, სალომე ჟვანია, სალომე ქინქლაძე, ლიკა გულბანი, ნინუცა ნადირაშვილი, ლაშა ყაბანაშვილი, ნინი ხუროშვილი, ანა ტურიაშვილი, Nonbinary Misfits, ათინა ბრეგვაძე და პანტა ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებს, იდეებს სხვადასხვა ფორმით იკვლევენ, რაც საბოლოოდ საერთო კონცეფციას აგებს.

თანასწორობის მოძრაობის ქვიარ ჟურნალ ეგალიტეს პირველი ნომერი 2020 წლის იანვარში გამოიცა.

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისა და სტუდენტებისთვის

ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო (WECF Georgia) აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

ჯილდო ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.

საკონკურსო კატეგორიებია:

  • საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი  — ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტირეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი — კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვა;
  • საუკეთესო ციფრული პლატფორმა — ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები. კატეგორია არ გულისხმობს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების სოციალურ და ციფრული პლატფორმებს;
  • საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში — აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად;
  • საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი — აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტები სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ. მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

პრიორიტეტი მიენიჭება ნამუშევრებს შემდეგ თემებზე:

  • ომი და მისი გენდერული ასპექტები;
  • ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

თითოეულ კატეგორიაში გაგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში ეყოლება სამი გამარჯვებული, “თანასწორობის ჩემპიონი”. პრიზების ჩამონათვალი ასეთია:

  • პირველი ადგილი — 900 ევროს ექვივალენტი ლარში;
  • მეორე ადგილი — 500 ევროს ექვივალენტს ლარში;
  • მესამე ადგილი — 300 ევროს ექვივალენტს ლარში.

გარდა ამისა, WECF აღნიშნავს, რომ თითოეული ნომინანტი ორგანიზაციისგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022  წლის 31 ოქტომბერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

როგორც WECF-ში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს.

შეგიძლიათ იხილოთ 2021 წლის გამარჯვებული ნამუშევრები

ILGA-Europe-ის სესია მედიასთან კომუნიკაციის შესახებ LGBTQI აქტივისტებისთვის

14 სექტემბერს, ILGA-Europe-ის უნარების გაუმჯობესების  ონლაინ სესიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ლგბტქი აქტივისტებს მედია შესაძლებლობების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს.

უნარების გაუმჯობესების ინტერაქციული შეხვედრა აგებული იქნება ILGA-Europe-ის მედია ოფიცერის ჩვეული სამუშაო დღის მიხედვით, რომელიც ევროპული მედიასაშუალებებით გამოქვეყნებულ ლგბტქი ამბებს ყოველდღიურად ფარავს.

სესია დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • როგორ მივადევნოთ თვალი სწრაფად ცვალებად მედია ამბებს ისე, რომ დრო სრულად არ დავკარგოთ;
  • ჟურნალისტების საქმიანობის გაგებისა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნების გზები;
  • უნდა გვქონდეს თუ არა რეაგირება კონკრეტულ ამბავზე და რა სახით შეგვიძლია თანამონაწილეობა;
  • მედია-რეაგირების ტაქტიკები და შიდა სამუშაოს დაგეგმვის პროცესის გამარტივების გზები.

სესიის მონაწილე ლგბტქი აქტივისტები შეხვედრის ბოლოს სასარგებლო რესურსებსა და მცირე დავალებას მიიღებენ. დაინტერესების შემთხვევაში კი, მეორე თემატურ სესიაზე დასწრება შეგეძლებათ, რომელზეც პერსონალურ რჩევასა და დავალებასთან დაკავშირებით ჯგუფურ უკუკავშირს მიიღებთ.

უნარების გაუმჯობესების სესიაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ. შეხვედრა ონლაინ, Zoom-ში შედგება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს, ხოლო 26-27 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორის, თოქშოუს წამყვან სალომე უგულავას ტრენინგი გაიმართება.

„რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას“, — ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც დამატებითი ინფორმაციის გაგებას შეძლებთ.

მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ტრენინგი Frontline Georgia-ში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს 2-დღიან ტრენინგზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. პირველ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისს, 18:00 საათამდეა, ხოლო მეორეზე — 24 მაისს, 18:00 საათამდე.

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის — ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

ევროკავშირის პრიზის 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები ცნობილია

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, რომელიც თავისუფალი მედიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გადაწყვიტა, სწორედ ამ დღეს გამოევლინა კონკურსის — ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში — 2021 წლის გამარჯვებულები.

მედიასაშუალება ინდიგოს ავტორებმა პრიზის მოპოვება სამ კატეგორიაში შეძლეს: თამარ ბაბუაძემ კატეგორიაში — საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, თინათინ ნაჭყებიამ კატეგორიაში — ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში და გიორგი შენგელიამ კატეგორიაში — დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს.

კატეგორიაში — საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში ჯილდო რადიო თავისუფლების ავტორმა ანასტასია სლოვინსკაიამ მოიპოვა.

საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ან სიუჟეტისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში ჯილდო თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტ ზურაბ მოდებაძეს ერგო.

ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო ბლოგის, საავტორო სტატიის ან სვეტის ავტორად On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე დასახელდა.

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის კი newcaucasus.com-ის ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშილი დაჯილდოვდა.

გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დააჯილდოვა.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია. წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს. ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან“, — აღნიშნა ჰარცელმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვილსას.

 

 

5 ივლისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც „არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების დაცვა ვერ შეძლო, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს და მორალური, ასევე ტექნიკის განადგურებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 19 პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა) და 225 მუხლის მე-2 ნაწილით (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. დაკავებულების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ჰქონდათ წარდგენილი.

რუსთავი 2-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილზე, მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილზე და ოპერატორ დავით ახალაძეზე, ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავაზე, იმედის ჟურნალისტ დიმიტრი ყირიმლიშვილზე და ოპერატორ შოთა კერვალიშვილზე, ტაბულას ჟურნალისტ მაკა ჯაბუაზე, რადიო თავისუფლები ჟურნალისტ თორნიკე მანდარიაზე და ოპერატორ დავით ქორიძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი ჯარიმა დააკისრა.

რომეო კეკუტიას, გიორგი კახიანს, გიორგი ნასყიდაშვილს და ზაზა მჭედლიძეს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს 1 წლით და 2 თვით, ხოლო უშანგი დათუნაშვილს 5 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ფორმულას ფოტოგრაფ ვახტანგ ქარელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე, ნიუ პოსტის ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეზე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ თათარაშვილზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და შვიდივეს პატიმრობა შეუფარდა.

თედო ბურდულს, გიორგი ხეჩუაშვილსა და გენო გერმანიშვილს 3-3 წლით, გიორგი წერუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 1 წლითა და 3 თვით, ხოლო მურად დევლარიშვილსა და ზაზა ჭაავას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

დღესვე გაიმართა ტვ პირველის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ექვსივე პირი – აკაკი ნაკაშიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 2 აქცია გაიმართა – ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული პირების დასჯას ითხოვდნენ და ძალადობაში ბრალდებული პირების მხარდასაჭერი აქცია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ორ აქციას ერთმანეთისგან ჯებირები ყოფდა.