2021 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც თალიბანმა, ულტრაკონსერვატულმა ისლამურმა დაჯგუფებამ ავღანეთის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო, Openly-იმ გეი კაცის დღიური გამოაქვეყნა. გავრცელებულ ჩანაწერებს დიდი გავლენა ჰქონდა – დღიურის მონაკვეთები დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დებატებისას
2021 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც თალიბანმა, ულტრაკონსერვატულმა ისლამურმა დაჯგუფებამ ავღანეთის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო, Openly-იმ გეი კაცის დღიური გამოაქვეყნა. გავრცელებულ ჩანაწერებს დიდი გავლენა ჰქონდა – დღიურის მონაკვეთები დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დებატებისას ავღანელი ლგბტქი ლტოლვილების საკითხის განხილვის დროსაც კი წაიკითხეს.
ინგლისურის მასწავლებელმა გეი კაცმა სამსახური დაკარგა და შესაძლო მკვლელობას ემალებოდა — ქაბულის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, Openly დღიურის ავტორს ისევ დაუკავშირდა, რათა გაეგო, როგორ განვითარდა მოვლენები. ახალ, 3-ნაწილიან დღიურში კაცმა, რომლის სახელიც მისივე დასაცავად არის დაფარული, მოჰყვა ავღანეთის დატოვების, მეზობელ პაკისტანში გადასვლისა და დასავლეთით წასვლის მცდელობის შესახებ.
ნაწილი I: ცხოვრება ავღანეთში
გასული წლის 15 აგვისტოს, ქაბულში, სახლში ვიჯექი და ვუსმენდი ახალ ამბებს, როგორ დაამყარა თალიბანმა კონტროლი ქვეყნის 65%-ზე. შემდეგ რადიო გამოირთო. ოთახში დედაჩემი შემოვიდა. “თალიბანმა დედაქალაქი აიღო, ჯარებმა კი საპასუხოდ ბრძოლა არ გამოუცხადეს”, – თქვა მან. ვიცოდი, რომ მეც მომაკითხავდნენ, რადგან სკოლაშიც მაბულინგებდნენ, გეის მეძახდნენ. სახლი დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა. ზურგჩანთა ავიღე და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ჩავყარე, რომლებიც ვიფიქრე, დამჭირდებოდა. ჩემი მშობლები შეშფოთებულები იყვნენ.
„ასე უცნაურად რატომ იქცევი? ასე რის გეშინია?“, – მკითხეს.
სანამ თალიბანი ქვეყანას აიღებდა, ცხოვრება სრულყოფილი არ იყო, მაგრამ რაღაცები თითქოს გამომდიოდა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი და ცხოვრება კარგი იყო. საკვები არ მაკლდა და არც ოჯახს ვაკლებდი ყურადღებას. იმ დროისთვის ჩემი ოცნება, მიზანი უნივერსიტეტში ჩაბარება და ბაკალავრის ხარისხის მოპოვება იყო. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.
15 აგვისტოს თალიბანი მოვიდა და მთელი ქვეყანა აიღო. უცებ ლგბტქი ადამიანებისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა. დაზაფრული ვიყავი. პირველი ფიქრი ის იყო, როგორ გამეღწია. ვიცოდი, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მათ ყოფილ თანამშრომლებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ვფიქრობდი, თუ აეროპორტამდე მივიდოდი და როგორღაც ქვეყნიდან გავაღწევდი, ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას შევძლებდი, სადაც მომავლის იმედი შეიძლებოდა მქონოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ლგბტქი ადამიანებიდან თითქმის არავის გაუღწევია მარტივად. ყველა ჩავრჩით.
ბევრი შავბნელი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სრულიად მიგვატოვა. თალიბანმა მხოლოდ ქვეყანა კი არა, მედიაც სრულად ჩაიგდო ხელში. მაშინ დაქამინგაუთებული არ ვიყავი — ყველამ იცის, რომ ეს ავღანეთში შეუძლებელია, ასე იყო თალიბანის მოსვლამდეც. სკოლაში იმის გამოც კი მაბულინგებდნენ, რომ სხვებს არ ვგავდი. კლასელები საჯაროდ მეძახდნენ გეის და სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემს თავს უთვალავი საშინელება დატრიალდა. ახლა ეს ბულერები ხელისუფლების შეუცვლელ მსახურებად, ოფიცრებად იქცნენ.
ოქტომბრის დასაწყისში, ისინი ჩემი მშობლების სახლში ჩემი დაკავების ოფიციალური უწყებით მოვიდნენ და მშობლებს უთხრეს, რომ უნდა დავეპატიმრებინე, რადგან გეი ვარ. იღბლის წყალობით, ვხვდებოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა და მშობლების სახლი იქამდე დავტოვე, ნათესავთან გადავედი. ვეცადე, პასპორტი და ვიზა მომეპოვებინა, რათა ქვეყნიდან გამეღწია. თუმცა, ფინანსები მჭირდებოდა, შემოსავალი აღარ მქონდა და ვერც ვიმუშავებდი. იმ პირველ თვეებში ვერ გადავრჩებოდი, ჩემი ბრიტანელი მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ (პირველი დღიურის გამოქვეყნების შემდეგ, ავღანელი გეი კაცს ბრიტანეთის ორი მოქალაქე ფინანსურად ეხმარება).
ვიცოდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გამიგია, რომ თალიბანი ლგბტქი ადამიანების სახელების სიას აწარმოებდა და ვშიშობდი, რომ ჩემი სახელიც იმ სიაში იქნებოდა. თანაც, ვიცოდი, მეძებდნენ.
ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, სულ რაღაც 20-ის, ცხოვრების დიდი გამოცდილებაც არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან მეშინოდა, დასტრესილი ვიყავი, შფოთვა გაუსაძლისი იყო. ჩემი ნათესავის სახლში შიშისა და წუხილის 10 უგრძესი თვე გავატარე. უამრავ ლგბტქი ორგანიზაციას დავუკავშირდი, ვუხსნიდი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
„დამეხმარეთ“, მივმართავდი მათ, „დამეხმარეთ, სანამ ჩემი ცხოვრების უმძიმესი გამოცდილება დამდგომია: გაუპატიურება, წამება ან სიკვდილი”. მაგრამ საშველი არ იყო. შეყვარებულის დაკარგვა საშინელება იყო. ერთად კარგები ვიყავით და ჩვენი ურთიერთობაც გასაოცარი იყო. დღიურში ვწერდი, რომ განუყოფელნი ვიყავით, მაგრამ დისტანციამ ყველაფერი წაგვართვა. ცხოვრების სიყვარული დავკარგე.
ნაწილი II – გეი კაცი ავღანეთს ტოვებს
ქაბულში, ნათესავის სახლში ვიყავი, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. თალიბანის მიერ ძალაუფლების მოპოვებიდან 2 კვირაზე ნაკლები იყო გასული. ერთ-ერთი ლგბტქი ორგანიზაცია იყო, რომელსაც დასახმარებლად ვეკონტაქტებოდი. მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში, ღამით, ქაბულში, კონკრეტულ ადგილზე უნდა მივსულიყავი, რათა ავტობუსს აეროპორტამდე გავყოლოდი. ვერაფრის იმედს ვერ მაძლევდნენ. თუ რამე მოხდებოდა, და ამის წარმოდგენა თავისთავად შემზარავი იყო, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ვიცოდი, რომ საშიში იყო, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი, „მოდი, რისკზე წავიდეთ, იქნებ ეს ამად ღირს“. ორი ღამე არ მიძინია.
როცა მივედი და ავტობუსი ვნახე, უფრო შემეშინდა. ავედი და სხვა ლგბტქი ადამიანები დავინახე — ჩემი ადამიანები. შეშინებული სახეები შემომცქეროდნენ. იმ შფოთვას, რაც მათ სახეზე ვიხილე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ავტობუსის მოძებნამდე ყველაფერი გავყიდე: ჩემი ძვირიანი ლეპტოპი სულ რაღაც 100$-ად, მაგრამ მაშინ ეგ ვის ადარდებდა.
ცხელოდა: 38 გრადუსი იქნებოდა. ქალაქის ხმები მიინავლა. იმ მომენტში ტერორი, წუხილი, შიში ვიგრძენი. ავტობუსის კარი დაიხურა და გავიფიქრე, ეს რა ვქენი. საკუთარი თავი მამაცი ადამიანი არასდროს მეგონა. ღარიბი ოჯახი მყავდა და მცირე ასაკიდან უნდა მემუშავა. განათლება წარმატების ერთადერთ გზად მესახებოდა და თავდაუზოგავად ვცდილობდი, რომ მიზნებისთვის მიმეღწია. მერე თალიბანი მოვიდა და მხოლოდ გადარჩენა გახდა მთავარი. ავტობუსში სანამ ჩავჯდებოდი, წარმოუდგენელი სტრესი იყო. სიცოცხლე მინდოდა, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ რთული იყო, ძალიან რთული. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ამ სირთულეებთან გამკლავება გადარჩენისთვის აუცილებელი იყო. მთელი ღამე ავტობუსში გავატარეთ, შემოწმების რამდენიმე პუნქტი გავიარეთ.
მახსოვს, აისის დადგომასთან ერთად, ქალაქის თავზე ასული კვამლი დავინახე. რაღაც აფეთქება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის ფანჯრები ჩაკეტილი იყო, პირი და ცხვირი უნდა დაგვეფარა, რათა სუნი დაგვეხშო. მაგრამ ყველამ ერთად, ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში მსხდომებმა, ჩავთვალეთ, რომ ამ რისკზე თუ წავიდოდით, კარგად ვიქნებოდით, გაღწევას შევძლებდით.
ასე არ მოხდა. 7-საათიანი ლოდინის შემდეგ, გვითხრეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტის ბომბის რისკი ემუქრებოდა ყველას, ვინც აეროპორტთან იცდიდა. ამიტომ წამოვედით. სახლში დაბრუნების შემდეგ დამცირებული და განადგურებული ვიყავი. იმედი დავკარგე, ყველა ოცნება და მომავლი გეგმა გაქრა. თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს საკუთარ დაკრძალვას ვესწრებოდით. ამაზე შელახული არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ სახლში დავბრუნდი, შევხედე გიტარას, რომელზეც ბავშვობაში ვუკრავდი და თვითმკვლელობაზე რეალურად დავფიქრდი.
ვფიქრობდი, რომ საკუთარი სიცოცხლის მოსპობა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე თალიბანის წევრების მიერ ჩემი მკვლელობა მხოლოდ ჩემი სექსუალური ორიენტაციის გამო. ვცდილობდი მეპოვა რამე მიზეზი სიცოცხლისთვის, მაგრამ იმ დროს ყველაფერი გაქრა. ნათესავის სახლში დავჯექი და დღიური დავწერე. გამიხარდა, როცა ბრიტანეთის პარლამენტში ჩემი დღიური წაიკითხეს.
იმ ღამეს არ მეძინა, ჩავთვალე, რომ რომელიმე ორგანიზაცია დამიკავშირდებოდა, ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებდი, მაგრამ — არაფერი.
დღიურის გამოქვეყნებამ ვერ დამიხსნა, მაგრამ დამეხმარნენ. დიდ ბრიტანეთში ვიღაცებმა ჩემი დღიური წაიკითხეს და შემეხმიანნენ, დამიმეგობრდნენ. ორმა ადამიანმა საკვებისა და ავღანეთიდან გაღწევისთვის ფული გამომიგზავნა.
ქვეყნის დასატოვებლად პასპორტი მჭირდებოდა. ნოემბერში ვიღაც ბიჭი მოვძებნე, რომელმაც მითხრა, რომ პასპორტის შოვნაში დამეხმარებოდა, 150 დოლარი წინასწარ გადავუხადე. წაიღო ფული და გაქრა.
ბნელ ოთახში 9-თვიანი მალვის შემდეგ, როცა მრავალჯერ ისე ცუდად გავხდი, რომ მეგონა ასე დავასრულებდი სიცოცხლეს, ერთი კაცი შემეხმიანა, რომელსაც იქამდე დახმარებისთვის ვეკონტაქტებოდი. სასწაულს ჰგავდა. მითხრა, რომ ეს ამბავი ჩემით უნდა მომეგვარებინა, საპასპორტო ოფისში უნდა მივსულიყავი, ხელისუფლებისთვის გადამეხადა და პასპორტი ამეღო. პაკისტანის ვიზას თითქმის სამი თვე ველოდი. როცა ყველაფერი დამთავრდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღვწერ. ავღანეთს ვტოვებდი და თავისუფლებისკენ მივემართებოდი.
ნაწილი III – გეი კაცის ცხოვრება პაკისტანში
პაკისტანი ჯოჯოხეთია.
ოჯახი უნდა მიმეტოვებინა, მეგობრები, ყველაფერი, რისთვისაც ვშრომობდი — პროფესია, განათლება, კარიერა. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წასვლის გარდა სხვა არჩევანი არ მქონია. ოჯახის მიტოვება ყველაზე რთული იყო. ის ადამიანი ვიყავი, რომელიც მათ ფინანსურად უზრუნველყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ. ჩემი ძმები უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამიტომ ქირას და საკვების ფულს მე ვიხდიდი. დედას ვუთხარი, რომ სასწავლო ვიზა ავიღე, რათა პაკისტანში მესწავლა.
თვეების განმავლობაში მეკითხებოდა ჩემი უცნაური ქცევის მიზეზს, მაგრამ რეალური მიზეზის თქმა, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ვუთხარი, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიღეს — მისთვის მოტყუება საშინელება იყო, მტკივნეული. საბედნიეროდ, ჩემი ერთ-ერთი ძმა ამჟამად მუშაობს და ოჯახზე ზრუნვას ახერხებს, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. ისინი მენატრებიან. როცა ისლამაბადის აეროპორტში აღმოვჩნდი და პოლიციის ოფიცრებს შევეჩეხე, შემეშინდა. მოგზაურობის გამოცდილება იქამდე არ მქონია, ქვეყნიდან პირველად გავედი. პაკისტანში გატარებულ პირველ დღეებში უბედურად ვგრძნობდი თავს.
ბრიტანელ მეგობარს დავურეკე, რომელიც დღიურის გამოქვეყნების შემდეგ მეხმარებოდა. ვუთხარი, რომ სახლში მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მან გადამარწმუნა, რომ სწორად მოვიქეცი. ვიცოდი, ავღანეთში მომავალი, განათლების ან უბრალოდ სიცოცხლის შანსი არ მქონდა. ვიცოდი ისიც, რომ შეიძლებოდა მოვეკალი, მაგრამ სახლში წასვლა მაინც საოცრად მინდოდა. ახლა კი პაკისტანში ვცხოვრობ, ამ ჯოჯოხეთში.
პაკისტანში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ლგბტქი ორგანიზაციები დამეხმარებოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის პროგრამა საერთოდ არ იყო. საკვები, საცხოვრისი — ყველაფერი ძალიან ძვირია და ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, ამ ყველაფერს როგორ გავწვდები. როცა ჩამოვედი, 42-გრადუსიანი სიცხე იყო. კონდიციონერიან სასტუმროს ოთახში ვიყავი, მაგრამ სიამაყის გამო დავტოვე, ბრიტანელი მეგობრების მოწყალებაზე ვერ ვიქნებოდი დამოკიდებული, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ახლა პატრა ოთახში ვხოვრობ, რომელსაც პაწაწინა სააბაზანო აქვს. ერთ კუთხეში საწოლია, კედელზე კარადაა მიდგმული და ტუმბო — სულ ესაა. ასეთია ჩემი ცხოვრება: ერთ ოთახამდე დავიწროვდა. ოთახში კონდიცირება არის, მაგრამ ისეთი ხმაურიანი, რომ ვერ ვიძინებ.
სულ ვფიქრობ, სახლში დაბრუნება ხომ არ სჯობს. აქ მეგობრები არ მყავს. ჩემთვის, როგორც გეი კაცისთვის, პაკისტანიც საშიშია – აქ ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. არჩევანი შეზღუდული მაქვს. ვცდილობ, კანადაში ან დიდ ბრიტანეთში გავაღწიო, მაგრამ რთულია.
ყოველდღიურობა რაიმეთი უნდა შემევსო და ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირებისთვის დავიწყე მომზადება, რაც დიდ ბრიტანეთში ან კანადაში გადასვლაში დამეხმარება. ჩემს ოთახში სწავლა მიჭირდა, რადგან საშინლად ცხელოდა – უბრალოდ ვერ ვკონცენტრირდებოდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ტესტი წარმატებით გავიარე. ეს უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნის შესაძლებლობას მომცემს, მაგრამ სულ რომ თანხმობა მივიღო, შეიძლება ქვეყანაში არ შემიშვან.
პაკისტანში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ავღანეთში, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო დღეს. მოტივაცია უნდა შევინარჩუნო, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობა. ყოველდღიურად დიდ გამოწვევებთან გამკლავება მიწევს. მადლიერი ვარ მეგობრების, რომლებიც წინსვლის ძალას მაძლევენ. მაინც ყველაფერი რთულია, ძალიან რთული. კანადაში, დიდ ბრიტანეთში წასვლის, ცხოვრების ხელახლა დაწყების იმედი მაქვს. ავღანეთშიც მქონდა ოცნებები, მიზნები. ახლა კი უბრალოდ მათი დაბრუნება მინდა.
ავღანელი გეი ბიჭის ამბავი Openly-ის რედაქტორმა, ჰუგო გრინჰალგმა შეასწორა და მეტი სიცხადისთვის შეამცირა.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
24 თებერვლის, რუსეთის პირველი სამხედრო შეტევის განხორციელების შემდეგ, უკრაინიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. დღევანდელი მოცემულობით, ომს უკვე მოჰყვა შემაშფოთებელი რაოდენობის Keep Reading
Don't Miss
გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება. ბუად ყოფნა არჩევანი არაა.
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამახალისებელ გარემოებებზე
ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულთა ზრდის მიზეზები და შედეგები ბოლო წლებში ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში,