ლგბტქი უფლებები - Page 8

რა არის ჰომოფობია?

ლგბტქი ადამიანებს უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღემდე იბრძვიან, რათა ლგბტქი ადამიანებმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა, ღირსეული ცხოვრება შეძლონ. მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლისა,

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ. ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის

9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსი, რომელიც თანასწორობისთვის იბრძვის

/

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაში ტრანსგენდერი ადამიანების როლი გამორჩეულია. პროტესტებისა და აქტივიზმის, ცვლილებების სათავეში ხშირად სწორედ ტრანგენდერი უფლებადამცველები იყვნენ, მათმა ნაწილმა კი პოლიტიკური საქმიანობით სცადა თანასწორობისთვის ბრძოლა.

ამ სტატიაში 9 ტრანსგენდერი პოლიტიკოსის შესახებ გაიგებთ, რომელთაც საკუთარი კარიერით ისტორიული ცვლილებები გამოიწვიეს და დღემდე აქტიურად იბრძვიან ლგბტქი უფლებების დასაცავად.

ჯოელ დე სუზა

ჯოელ დე სუზა, ტრანგენდერი და ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ასევე ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია ტრინიდადი და ტობაგოდან, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც ხელისუფლებას დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივლა. 2022 წლის თებერვალში დე სუზა გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი სენატორი.

პეტრა დე სატერი

Paudal

პეტრა დე სატერი გინეკოლოგი და ლგბტქ+ აქტივისიტია, რომელიც გასული წლიდან ფლამანდიის მწვანე პარტიის წარმომადგენელია ევროპარლამენტში, ასევე, არის პროფესორი გენტის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. 57 წლის პოლიტიკოსი პირველი ტრანსგენდერი ვიცე-პრემიერი და ბელგიის პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრია.

ანა გროძკა

Dazed

პოლონელი პოლიტიკოსი ანა გრძოკა 2011 წელს პოლონეთის ისტორიაში პირველი და მსოფლიოში მესამე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. გროძკამ 2008 წელს ორგანიზაცია ტრანსფუზია დაარსა, რომელიც პოლონეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ტრანზიციის პროცესში ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევს, ასევე სამართლებრივ რჩევებს აძლევს და გენდერის სამართლებრივი შეცვლის პროცესში დახმარებას სთავაზობს. 

ჯორჯინა ბეიერი

Saxton

ყოფილი დრეგ შემსრულებელი და სექსმუშაკი, ლგბტქი ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ჯორჯინა ბეიერი მსოფლიოში პირველი ღიად ტრანსგენდერი პარლამენტარია. ის საჯარო გამოსვლებში საუბრობდა ტრანზიციის პროცესზე, ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისივე დამსახურებით, ახალ ზელანდიაში სექსსამუშაო ლეგალური გახდა.

ვლადიმირ ლუქსურია

Corriere

იტალიელი მსახიობი, აქტივისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ ლუქსურია, რომელმაც 1994 წელს იტალიის პირველი ღირსების მარშის ორგანიზება შეძლო, 2006 წელს მსოფლიოში მეორე ტრანსგენდერი პარლამენტარი გახდა. ლუქსურია, რომელიც მუდამ აქტიურად საუბრობდა ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, იტალიაში პოლიტიკური ცვლილებების მომტანი გახდა. 

ლინა აქსელსონ კილბლომი

Kristian Pohl

შვედეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, შვედეთის სკოლების მინისტრი, ლინა აქსელსონ კილბლომი ადვოკატი, განათლების ექსპერტი და აქტივისტია. 2015 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ღიად ისაუბრა მოზარდობაზე, რომელიც გამოწვევებით იყო სავსე და ტრანზიციაზე, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა.

ტესა განსერერი და ნიკ სლავიკი

DNA Magazine

ტესა განსერერმა და ნიკ სლავიკმა 2021 წელს გერმანიის ისტორიაში პირველად შეძლეს, რომ ბუნდესტაგის პირველი ტრანსგენდერი წევრები გამხდარიყვნენ. მწვანეთა პარტიის წევრები ანტიდისკრიმინაციულ კანონს უჭერენ მხარს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრთა ნახევარი ქალი უნდა იყოს, ასევე აქტიურად მუშაობენ, რათა სქესის სამართლებრივი შეცვლის პროცესი თვითიდენტიფიკაციაზე გახდეს დამოკიდებული და შეიქმნას რასიზმთან, სექსიზმთან, ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ტორი კუპერი

Getty Images

კუპერი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლია აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით. ტრანსგენდერი ადვოკატი და აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით ხანგრძლივი გამოცდილების მქონე აქტივისტი პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდშია. 

 

ერაყში ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება – HRW-ის ანგარიში

Human Rights Watch-ის IraQueer-თან თანამშრომლობით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ერაყში, შეიარაღებული ჯგუფები იტაცებენ, აუპატიურებენ, აწამებენ და კლავენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რასაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოსდევს, მეტიც, პოლიცია ლგბტქი ადამიანების დაკავებაში და ძალადობრივ ქმედებებში თანამონაწილეა.

86-გვერდიანი ანგარიში – ყველას ჩემი სიკვდილი სურს: მკვლელობა, გატაცება, წამება და სექსუალური ძალადობა ერაყში, რომელსაც ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები ახორციელებენ – აერთიანებს ლგბტქი ადამიანების მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ დანაშაულებში „სახალხო მობილიზაციის ძალები“ მონაწილეობენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხრიდან ფინანსდებიან და ქვეყნის პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში არიან. Human Rights Watch-ის ანგარიშში მრავლად არის გატაცების, ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურად გამოტანილი განაჩენის გარეშე მკვლელობის, სექსუალური ძალადობისა და ონლაინ თვალთვალის შემთხვევებიც, რომლებსაც პოლიცია და შეიარაღებული ჯგუფები ახორციელებენ. ლგბტქი ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა, მაგრამ მოძალადეებს არ სჯიან.

John Holmes / Human Rights Watch

კვლევის ფარგლებში 54 ერაყელი ლგბტ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაც შეიარაღებული ჯგუფებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. გამოიკითხა 9 უფლებადაცვითი ორგანიზაცია და საერთაშორისო მისიის 7 წარმომადგენელიც, ასევე ლგბტქი უფლებების ადვოკატირებაზე მომუშავე ჯგუფები, რომლებიც ერაყში მუშაობენ. გამოკითხულებს ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში, ასევე ქურდისტანის რეგიონში უფლებების შელახვა გამოუცდიათ. Human Rights Watch-მა ონლაინ დოკუმენტაციაც შეისწავლა, რომელშიც საუბარია ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტაცია მოიცავს ვიდეოებს, ფოტოებს და ციფრულ არხებში გაჟღერებულ მუქარის შემთხვევებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლგბტქი ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ ძალადობის შემთხვევების შესახებ პოლიციას განუცხადონ, რადგან მათი ქმედებები „მორალურ“ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, არ არსებობს საჩივრის დაფიქსირების მოწესრიგებული სისტემა, ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული დისკრიმინაციისგან დაცვის წესდება.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის მდგომარეობას, რომელიც ხელისუფლების შეიარაღებულ წარმომადგენლებს, მათ შორის, პოლიციელებს ლგბტქი ადამიანებზე ძალადობის შესაძლებლობას აძლევს, რასაც სამართლებრივი პასუხისგება არ მოჰყვება.

31 წლის ერაყელმა ტრანსგენდერმა ქალმა თქვა, რომ 2021 წლის თებერვალში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 6 კაცი დაბურულშუშებიანი ჰამერით დაედევნა, ნაგავსაყრელთან შეაჩერეს და სხეული ბასრი საგნებით დაუსერეს, რის შემდეგაც საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

John Holmes / Human Rights Watch

27 წლის გეი კაცი ბაღდადიდან ჰყვება, როგორ აწამა მისი შეყვარებული ბიჭი ოთხმა შეიარაღებულმა ადამიანმა მის თვალწინ. შემთხვევა 2020 წელს მოხდა, რა დროსაც დაზარალებულს 5-ჯერ ესროლეს. 

8 შემთხვევაში პოლიციისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან არასრულწლოვანთა დროებითი დაკავებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოაშკარავდა. დაზარალებულთა უმეტესობამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ამოცნობა შეძლო და ისინი პასუხისგებაშიც მისცეს.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულები ჰყვებიან დაკავებისა და გამუდმებული ძალადობის შემთხვევებზე, რომლებშიც დამნაშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან. მოძალადეები გამოკითხულებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დროებით აკავებდნენ, იტაცებდნენ, ხშირად ლეგალური საფუძვლის არქონის მიუხედავად.

ლგტქი ადამიანების თქმით, გატაცებისას არ ჰქონდათ საკვებზე და წყალზე წვდომა, ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, ასევე სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. მათი თქმით, პოლიცია სექსუალურად ძალადობდა ან სცემდა და აიძულებდა ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

2021 წლის ივნისში, ქურდისტანის რეგიონში 11 ლგბტქი აქტივისტი დააკავეს „საჯარო ადგილებში ამორალური ქცევისთვის“. ყველა მათგანი ორგანიზაცია Rasan-ის წევრია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობას. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა აქტივისტები პატიმრობაში აღარ არიან.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ახლობლების მხირდან სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის გამოცდილება ერთხელ მაინც ჰქონიათ. ძალადობის ფორმები ოთახში დიდი დროით ჩაკეტვას, საკვებზე და წყალზე წვდომის შეზღუდვას, დამწვრობებს, ცემას, გაუპატიურებას, ელექტრო შოკის გამოყენებას, იარაღით მუქარას, „გარდაქმნის თერაპიაში“ იძულებით ჩართვას, იძულებით ქორწინებას და ანაზღაურების გარეშე ხანგრძლივი დროით მუშაობას მოიცავს.

Human Rights Watch-ში აღნიშნავენ, რომ ერაყის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული გამოხატვისა და იდენტობის ნიშნით ძალადობის შემთხვევებს უნდა იძიებდენენ და დამნაშავეებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, ასევე საჯაროდ გმობდნენ ყველა მსგავს შემთხვევას. აუცილებელია დაზარალებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდაც. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ერაყს სამხედრო, თავდაცვის და სადაზვერვო აღჭურვილობას აწოდებენ, მათ შორის, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს შემთხვევების გამოძიება, შეიარაღებული ჯგუფების ქმედებების შესწავლა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების გამოძიება უნდა დააკისრონ ან დახმარების მიწოდებაზე უარი საჯაროდ განაცხადონ.

„ერაყელი ლგბტქი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გაგრძელდება, თუ ხელისუფლება ძალადობის დასრულებისთვის და დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად არაფერს გააკეთებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა და უზრუნველყონ მათი დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნავს იუნისი.

წყარო: Human Rights Watch

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა. 

1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის რეპლიკა იყო. ავტომობილი ირანის თანამედროვეობისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმბოლოდ იქცა. იმავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში სექსუალური ურთიერთობების რეგულირების აქტი მიიღეს, რომლითაც 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დაშვებული გახდა. აქტმა თანასწორი უფლებებისკენ გზა გაკვალა, მაგრამ საპირისპირო მოხდა ირანში, ისლამური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლამ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლებლად აქცია, მეტიც, ჰომოსექსუალობა ძალადობის, შევიწროების მიზეზია. 

1979 წლიდან 2008 წლამდე 4 ათასიდან 6 ათასამდე გეი კაცი და ლესბოსელი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ლგბტქი ადამიანების სიკვდილით დასჯა, დაპატიმრება, შევიწროება, ძალადობა ირანში ყოველდღიურად ხდება, მათ არ აქვთ სამართლიან სასამართლოზე წვდომა. 2019 წელს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გეი ადამიანების მკვლელობა „მორალური პრინციპებით“ გაამართლა, რაც რეჟიმის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში მოდის. გარდა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენისა, ქვიარ ადამიანებს ღირსების სახელით ოჯახის წევრებიც სიკვდილით სჯიან და ამისთვის სამართლებრივი პასუხისგებაც იშვიათად დგება. 

ბოროტების საპასუხოდ ირანელი ხელოვანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად ადვოკატირების პროცესში არიან ჩართული. 

PaykanArtCar

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ერთ წელზე ნაკლებია ჩამოყალიბდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. ორგანიზაციის სიმბოლოდ 1974 წლის პაიკან ჰილმან ჰანტერი იქცა, რომელიც ირანის შაჰმა რუმინელ დიქტატორ ნიკოლაი ჩაუშესკუს აჩუქა, როგორც ეროვნული სიამაყის ნათელი დადასტურება, ახლახან კი ორგანიზაციის საკუთრებად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკანი ირანის ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის კარგი საშუალებაც არის. 

ორგანიზაციის პირველი კოლაბორაცია ირანელ ლგბტქი ხელოვან ალირეზა შოჯაიანთან შედგა. თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებისთვის ირანული ძალმომრეობის შეხსენებაა, რომელიც ლგბტქი თემს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ასევე, ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს დაკარგული ირანული ღირსება, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა. 

პირველი ირანული ავტომობილი ალირეზასთვის ტილოდ იქცა, რომელზეც ანტიკური სპარსული ლიტერატურის გავლენით ნახატი შექმნა. ნამუშევარზე ირანული ეპოსის შაჰნამეს პერსონაჟები სოჰრაბი და შაბანი შირაზის ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ რომანტიკულ მომენტს იზიარებენ. მანქანის მეორე მხარეს კი მათი სიკვდილის სცენას ვხედავთ, რაც საშიში ტრფობის სიმბოლოა. შოჯაიანის ინტერპრეტაცია ირანული კანონმდებლობის 234-ე მუხლს ემყარება, რომლითაც კაცებს შორის სექსუალური აქტი სიკვდილით დასჯის წინაპირობაა. 

ხელოვნება ისტორიის მანძილზე ამბოხის დასაყრდენი იყო, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალებას აძლევდა. ირანული ხელოვნება კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ გზას არ მიჰყვება, ხელოვნება პროგრესის ხელშემწყობ იარაღად ვერ იქცა, ამიტომ PaykanArtCar-მა ირანული ხელოვნების ინსპირაციით მარგინალიზებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მოყოლა გადაწყვიტა. 

მხოლოდ ხელოვნება ისლამური რესპუბლიკის მიდგომების შესუსტების წყაროდ ვერ იქცევა, ლგბტქი თემმა ირანის ძალმომრეობას თავდაღწეული ადამიანებისთვის შესაძლებლობები უნდა შექმნას, რაც იმ ბოროტებაზე საუბარს გაააქტიურებს, რაც ირანში ხდება. დასავლურმა საზოგადოებამ კი მეტად უნდა მოინდომოს და ხელისუფლებებს აიძულოს, ყურადღება მიმართოს ქვეყნებისკენ, რომლებშიც ადამიანთა უფლებებს არ იცავენ, მეტიც, ადამიანების სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია. 

PaykanArtCar სწორედ დისკუსიის გააქტიურებას ემსახურება, რომელმაც სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოაფხიზლოს და მათი ყურადღება მსოფლიოში არსებულ დანაშაულებზე ფიქრისკენ მიმართოს.

წყარო: Attitude