ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც ანტიდასავლური მოძრაობა, ე.წ. ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევთ.
“უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.
ქვიარ ორგანიზაციებს, ისევე, როგორც ქალთა, ადამიანის უფლებათა, მედია და სხვა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მრავალეტაპიანი პროცესის გავლა უწევთ იმისთვის, რომ დონორებისგან ფინანსური გრანტი მოიპოვონ. ეს პროცესები მოიცავს როგორც ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესების განხორციელებას, რაც მოიაზრებს ადმინისტრაციული თუ ტექნიკური ვალდებულებების განხორციელებას, ასევე აუდიტებს. აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისას ორგანიზაციებს უწევთ კონსისტენტური კომუნიკაცია იმისთვის, რომ პროცესები ჯანსაღად და მიზანმიმართულად განხორციელდეს, ხოლო ამოსავალი წერტილი მოწყვლადი ჯგუფების წევრი ადამიანებისადმი თანაგანცდა და გაძლიერებაა. ცხადია, პროცესები გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. თითოეულ ადამიანს, რომელიც რომელიმე პროექტისა თუ გრანტის შესახებ ინტერესდება, შეუძლია, წვდომა ჰქონდეს არამხოლოდ პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერი ორგანიზაციისა თუ პარტნიორის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია საჯაროდ გამოიტანს, როგორც ვებსაიტზე, ასევე, თითოეულ ღონისძიებაზე, რომელიც კონკრეტული გრანტის ფარგლებში იმართება, ასევე, დეტალურ ანგარიშებსა თუ მოხსენებაზე, რომელიც პროექტის მიზნებს, ღონისძიებებსა და ფინანსურ საჭიროებებს მიემართება.
მსგავსი გამჭვირვალობის პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სრულიად ღიანი არიან თავიანთი პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების შესახებ, შეუძლებელია, კანონპროექტის მიზნებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეჭვი არ შევიტანოთ. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება მიმართულია საზოგადოების პოლარიზაციისა და დაქსაქსვისკენ, რაც, თავის მხრივ, არარსებული მტრისგან, არასამთავრობო სექტორისგან, რეალურ მტრის ხატს, დასავლური გავლენის აგენტების სახით, შექმნის და მის დემონიზაციასა გამოიწვევს.
286 ხელმომწერ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებ მოწყვლად ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ქვიარ თემია, რომლის ბევრი წევრი ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, ფსიქიკური, იურიდიული თუ სხვა სახის დახმარებისთვის სათემო ორგანიზაციებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში, საუბარი არა მხოლოდ მხარდაჭერას, გაძლიერებასა და უფლებების ადვოკატირებას ეხება, არამედ — გადარჩენისთვის ბრძოლას.
დოკუმენტის დაკანონების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ისეთ სერვისებს, როგორებიცაა მოკლევადიანი თუ ხანგრძლივი საცხოვრისით უზრუნველყოფა და საცხოვრისის შიდა სერვისები; კვებით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგის მომსახურება; იურისტის მომსახურება; საერთაშორისო და ადგილობრივი ადვოკატირება; სოციალური მუშაკის მომსახურება; ექიმის მომსახურება; დასაქმების სპეციალისტის მომსახურება; ქალთა და ქვიარ ადამიანების გაძლიერება პოლიტიკური მონაწილეობისაა და ჩართულობისთვის; გენდერისა და სექსუალობის შესახებ ხელმისაწვდომ ცოდნებსა და კვლევებზე წვდომა.
გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ქვიარები არ არიან, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავიანთ სექსუალობას ან/და გენდერულ იდენტობას, წაერთმევათ საშუალება გადამწყვეტად კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც მათ ნავიგაციაში დაეხმარებათ.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ნაცრისფერ არეებში მყოფი ხალხი, რომლის რაოდინებაც საკმაოდ მაღალია და რომლებსაც ქვიარ და ფემინისტურ ცოდნაზე წვდომა არ აქვთ, თუმცა სწორი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების პირობებში, აქვთ მზაობა ახლის მიმღებლობისა. ეს კი, ქვიარებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს უამრავ მომავალ მოკავშირესა და მხარდამჭერს აკარგვინებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საფრთხე ექმნება ყველა ორგანიზაციას, რომელიც “აგენტად” შეირაცხება, თუმცა ამის რისკები განსაკუთრებით მაღალია ქვიარ ორგანიზაციების შემთხვევაში, რადგან ქვიარ ადამიანები უმრავლესობისგან უკიდურესად ჩაგრულები არიან, ხოლო მათ გარშემო არსებული სტიგმა, რომელიც არსებობს, დოკუმენტის დაკანონების შედეგად, ერთი-ათად გამწვავდება. ზიანის მიდგომის საშიშროება შეეხება როგორც ორგანიზაციებს, ასევე, ქვიარ ადამიანებს, რომლებიც მათი ბენეფიციარები არიან და მათ რესურსებს იყენებენ გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, საფრთხე არამხოლოდ საზოგადოების პოლარიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების დემონიზების სახით დგას დღის წესრიგში, არამედ — ხელშესახებ, ყოველდღიურ სერვისებსა თუ პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვის სახით, რომლებითაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თავიანთ ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ. გარდა საზოგადოებრივი წნეხისა, ორგანიზაციებმა შესაძლოა, დაკარგონ პოტენციური დონორები და ყველა რესურსი გამოეცალოთ ხელიდან ქვიარ ადამიანების დასაცავად.
რუსულის კანონის ანალოგ კანონპროექტში, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებული მოძრაობის წევრებმა მოამზადეს, მმართველი პარტია არ ემიჯნება. უფრო მეტიც, მამუკა მდინარაძემ ერთობლივი სხდომის შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების სახელით, უცხოურის გავლენის აგენტის კანონპროექტის გაცხადებულად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი “პრინციპების დონეზე” შეთანხმდნენ და კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
უკვე რეგისტრირებულ კანონპროექტის შესახებ მედიაორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნებიდან ოფიციალურად წასული და ანტიდასავლური მოძრაობის დამფუძნებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის საქართველოს არჩევანი და მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
“ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”, — ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების ანტიდასავლურმა ჯგუფმა, რომელმაც „ხალხის ძალა“ დაირქვა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. სავარაუდოდ, ეს არის ის პროექტი, რომლის შექმნაც მათ გასულ კვირას იმ მოტივით დააანონსეს, რომ მათ წინა პროექტს კრიტიკა მოჰყვა და ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ რუსული კანონი უწოდა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა მათი მხარდაჭერა აქვს პირვანდელ ვერსიას.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური ძალის აგენტი” განსაზღვრულია, როგორც:
უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:
- “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
- “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
- “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
- წარმოადგენს “უცხოური ძალის” ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს;
- “უცხოური ძალის აგენტად” ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ჩამოთვლილ ქმედებებს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე, ნებისმიერი პირი, ვინც თავს “უცხოური ძალის აგენტად” წარმოაჩენს;
- “უცხოური ძალის აგენტად” არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ.
კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურად ითვლება ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის ანალოგიურია. პოლიტიკური აქტივობის ფართო გაგება ყველა კრიტიკულ აქტორს მიემართება, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობს, ცდილობს, საზოგადოების ჩართულობა გაზარდოს ან / და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს].
აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, ვალდებულებები არ ვრცელდება:
- დიპლომატებსა და კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე;
- უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებზე;
- პირებზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან;
- პირებზე, რომლებიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევიან; [აღნიშნული გამონაკლისი რუსული ვერსიის ანალოგიურია და კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. სავარაუდოდ, კეთილსინდისიერების შეფასება პროკურატურის პრეროგატივა იქნება].
- “უცხოური ძალის” ადვოკატზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში;
- აგენტზე, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიექტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანონპროექტით „უცხოური ძალა“ განმარტებულია როგორც:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
- საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს;
- იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს;
[აღნიშნული გაგება რუსულ კანონთან არის შესაბამისობაში და როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს ითვალისწინებს].
პროექტის მიხედვით, პირი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტის“ საქმიანობას ეწევა, ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ 10 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და წარადგინოს შემდეგი მონაცემები:
- განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;
- იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია;
- განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება;
- იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;
- ყველა იმ “უცხოური ძალის” ვინაობა / დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს;
- “უცხოური ძალის” სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
- ინფორმაცია “უცხოური ძალისგან” მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე, “უცხოური ძალის” მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;
- ინფორმაცია “უცხოურ ძალასთან” გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ;
- განცხადებასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები;
- დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა “უცხოური ძალისგან “მიიღო;
- განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის მსგავსია და გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ორგანიზაციისთვის დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა შეუძლია].
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, საქართველოს გენერალურ პროკურორს ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია. ამასთან, გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იქნება, „უცხოური ძალის აგენტს“ ინფორმაციის წარდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს. ყველა წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტი საჯარო იქნება. [აღნიშნული უფლებამოსილება რუსულ კანონშიც განსაზღვრულია და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს წელიწადში მრავალჯერ მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა].
კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ “უცხოური ძალის” ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ფოსტით ან სხვა საშუალებით გამოყენებით გაგზავნისას „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, რომ იგივე ინფორმაცია არაუგვიანეს 48 საათისა გენერალურ პროკურორსაც წარუდგინოს. ამასთან, ნათქვამია, რომ „დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.
ასევე, „საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი:
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე“.
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილი ანტიდასავლური დაჯგუფების კანონპროექტს მრავალი საერთო აქვს რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
ნახეთ სრულად: რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე
ასევე წაიკითხეთ: რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა და ანტიდასავლური მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ. ხალხის ძალის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს იქნება ამერიკული კანონის უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ პირდაპირი თარგმანი.
ხუნდაძე ამტკიცებს, რომ ამჟამინდელ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან, ხოლო ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების მიზეზად „აქტიურ, ისტერიულ სპეკულაციებს” ასახელებს.
“ახალ კანონს პირდაპირ ვთარგმნით და ისე დავაინიციირებთ. ამისთვის ერთი-ორი დღე დაგვჭირდება. მინდა გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც ხალხის ძალის დეპუტაციამ ამ შინაარსის კანონის წარდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ, ის უმრავლესობის ლიდერს გავაცანით. ამ შეხვედრას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეც ესწრებოდა. თავიდან შევთავაზეთ, პარლამენტისთვის განსახილველად კანონის ამერიკული ვარიანტის პირდაპირი ანალოგი წარგვედგინა, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს, უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა — პირდაპირ ამერიკული კანონპროექტი. მათი შემოთავაზება მივიღეთ, უფრო ლიბერალური კანონპროექტი შევიმუშავეთ, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ეფუძნებოდა და პარლამენტში წარვადგინეთ. საკომიტეტო სხდომაზე მისი განხილვაც არ დაწყებულა, რომ აქტიური, ისტერიული სპეკულაცია დაიწყო, თითქოს ის რუსული კანონის ანალოგია, რაც, რეალურად, ასე არ არის.
ჩვენს ბრიფინგზე საზოგადოებას გავაცანით, თუ რით განსხვავდება ქართული კანონი ამერიკული და რუსული ვარიანტისგან — რომ ის იყო უფრო ლიბერალური, არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენ მიერ ინიცირებულ, ლიბერალურ ქართულ ვარიანტში არ იკითხებოდა და შიშები, თუ სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მაგრამ, რადგან ასე განვითარდა მოვლენები, მივიღეთ გადაწყვეტილება — წმინდა ამერიკული ვარიანტი, ერთი ერთში ნათარგმნი, ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ. ასე რომ, გვექნება იმაზე მეტი არჩევანი, ვიდრე აქამდე გვქონდა და საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. აქედან გამომდინარე, მათ სპეკულაციის საშუალება აღარ დარჩებათ.
“ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე თავიანთი პოზიცია, რომ სურდათ ამერიკულის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით.
ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანების უფლებებთან, პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, მართლა დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი, ამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, ხედავთ ამ ყველაფერს”, — განაცხადა მდინარაძემ.
“უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.
გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა. მონიტორინგის ფარგლებში, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. სამინისტროს ასევე მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, “უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას “უცხოელ ჯაშუშთან” და “მოღალატესთან”, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ანტიდასავლური მოძრაობის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
“ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება”, — ნათქვამია PACE-ის განცხადებაში.
თუმცა ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს მათი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ქვირმა მოიპოვა, “უცხოური გავლენის აგენტი” არის:
- ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
- ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
- ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მისი საბაზრო ფასით გამოითვლება. დოკუმენტში წერია, რომ თუ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე, ჩაითვლება, რომ მან მიიღო შემოსავალი.
რაც შეეხება უცხოურ ძალას, ის განიმარტება ასე:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
- სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
- სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
- აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის“ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში“ დარეგისტრირება და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის შევსება მოუწევთ. დოკუმენტში წერია ისიც, რომ “უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში” შეტანილი ინფორმაცია, მათ შორის, დეკლარაცია საჯარო იქნება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად ან ამ კანონპროექტის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა — მონიტორინგი. ამ მონიტორინგის დაწყების საფუძველი კი შეიძლება გახდეს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ. ხოლო თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს “უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მაგრამ მან რეგისტრაციას თავი აარიდა, საჯარო რეესტრის სააგენტო იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს “უცხოური გავლენის აგენტად”, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ის ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადი.
კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა 25 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ხოლო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადის არ შევსების ან/და დოკუმენტში ხარვეზების დროულად არ გამოსწორების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარია. სამართალდარღვევის ერთი თვის ვადაში ხელახალი ჩადენა კი 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ გასულა. სწორედ ბიუროს შემდეგ იქნება ცნობილი პარლამენტში განხილვის სავარაუდო პერიოდი.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას