23 სექტემბერი ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღეა, რომელიც 1999 წლიდან აღინიშნება და მიმართულია საზოგადოების, მათ შორის, ქვიარ ადამიანების მცდარი წარმოდგენების დანგრევისკენ — ხშირად ბისექსუალ ადამიანების მიმართ წნეხი გაბატონებულ ბინარულ მოცემულობებს, არჩევანის გაკეთების აუცილებლობას
დეკემბრის დასაწყისში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ქვიარ კინოფესტივალი, ქვიარ ხმები გაიმართა. ფესტივალის პროგრამა, ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ფილმებისა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებებს, ქვიარ ხელოვნების პრეზენტაციასა და მუსიკალურ ნაწილს მოიცავდა.
5 საუკეთესო ფილმი მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices
ამასთან, ქვიარ ხმების განსაკუთრებული ნაწილი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა იყო, რომელიც 23:00 საათიდან, მუსიკალური ღონისძიებების პარალელურად იმართებოდა და ამიტომ, სულ რამდენიმე ადამიანი თუ ესწრებოდა ხოლმე. არადა, სწორედ ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა დაიტია ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი – მსოფლიოს ირგვლივ, არაერთ ქვეყანაში ქვიარ ადამიანების თავსგადამხდარი ამბები გვაერთიანებს, ერთმანეთის გასაჭირს გვაზიარებს და გვიჩვენებს პროგრესის გზას, რომელსაც ნელა, მაგრამ მაინც გავდივართ.
სტატიაში მოლდოვის კინოფესტივალზე ნანახ ექვს მოკლემეტრაჟიან ფილმს გაგიზიარებთ, რომლებიც ლგბტქი გამოცდილებების საერთაშორისო ნაკრებია.
Two Spirit (2021)
კოლუმბიელი რეჟისორის, მონიკა ტაბოადა-ტაპიას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მკვიდრი მოსახლეობით დასახლებულ ადგილობრივ სოფელში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ამბავს გვიყვება.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანის ორბუნებოვნება [ქართულ ენაში გამოიყენებენ შესატყვის “ორი სულის მქონესაც”] ადამიანებისთვის ჩვეული იყო. თანამედროვე სამყაროში ტრანსგენდერი ქალი მარტოსული, ყველასგან გარიყული და იზოლირებულია.
ფილმის მთავარი პერსონაჟის მიერ გაჟღერებული ფრაზა: “მხოლოდ სიყვარული გამაჩნია” მნახველის გონებაში დიდხანს დარჩება. თანაც, იმის ფონზე, რომ ადგილობრივი კაცები ტრანსგენდერი ქალის ყოველდღიურობის სატანჯველად ქცევისთვის არაფერს ერიდებიან — ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტენ, მის სახლს წვავენ, ცდილობენ, ადამიანს, რომელსაც მშვიდად ცხოვრების გარდა არაფერი უნდა, მუდმივად აგრძნობინონ, რომ მას არათუ სიყვარულის, არამედ პირადი სივრცის ღირსადაც კი არ მიიჩნევენ.
My Mother’s Girlfriend (2021)
არუნ ფულარას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მოხუცი ინდოელი ქალის დაბადების დღეზე გვეპატიჟება. რენუკა, რომელმაც მთელი ცხოვრება კაცს შესწირა და სიბერის ჟამს ქალის სიყვარულმა ცხოვრების სიყვარული დაუბრუნა, ცდილობს, რომ ოჯახთან ერთად დაბადების დღის წვეულების გატარებას თავი აარიდოს და ახალნაპოვნი ბედნიერებით დატკბეს. რენუკას ამბავი ტყუილში, შიშში, ოჯახურ პასუხისმგებლობებში გაფლანგული ცხოვრებისთვის ბოლო სიხარულის გამოძალვის მცდელობაა.
“ვინ იცის, რა დრო დამრჩა, ცოდვები უნდა გამოვისყიდო“, — ეუბნება შვილს მოხუცი ქალი, რომელიც დაბადების დღის საყვარელ ქალთან ერთად გასატარებლად რელიგიურ რიტუალში მონაწილეობას ასახელებს. ამ ისტორიაში კი ცოდვა მხოლოდ ისაა, რომ ლესბოსელმა ქალმა მთელი ცხოვრება სხვების წარმოდგენებს შესწირა.
Warsha (2022)
დანია ბედერის ლიბანური მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ახალგაზრდა გეი კაცის ამბავს გვიყვება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებში მშენებლობაზე მუშაობს და საკუთარი მისწრაფებების, სურვილების ძალით ახერხებს, რომ შიშისმომგვრელ გარემოს გაუმკლავდეს.
ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ამწეზე აცოცებაა — ჩავარდნის რისკი დიდია, წონასწორობის შენარჩუნება რთული და როცა მუშა სიმაღლეზე აღწევას ახერხებს, შვებისგან, დაგროვილი სტრესისგან ჰაერს ღრმად ხაპავს, ხელში საოპერო მომღერლის ფოტოს იღებს და წარმოსახვის ძალით დრეგ შემსრულებლად გარდაიქმნება, რომელიც წითელი კაბით, ამწეზე დაკიდებული ჰაერში დანარნარებს. აღარც შიშია, აღარც სტრესი და მძიმე სამუშაო, მხოლოდ წარმოსახვა, რომელიც ჩვენი სურვილების გზაზე გვატარებს.
Valienta Mujer (2021)
ესპანელი რეჟისორის, მარკ ვილალტას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი საშუალო ასაკის ტრანსგენდერი ქალის შესახებ გვიყვება, რომელიც სოციალურ შფოთვას, რეალურ შიშებს და თავდაჯერების არქონას უმკლავდება და ტრანზიციის შემდეგ პირველად გადის გარეთ.
რამდენად დამზაფვრელი შეიძლება იყოს, როცა გინდა, იმ საზოგადოებას, რომელიც შენ მიმართ ზიზღით არის სავსე, შენი რეალური თავი გააცნო, როგორ უნდა გაუმკლავდე სხვების წარმოდგენებს, რომლებიც შენი რეალობის ნაწილი არაა, როგორ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თვითაღმოჩენების გზის გავლის შემდეგ და არ გაგტეხოს ზეწოლამ, რომელიც ტრანსფობიური გარემოსგან არის ნაკარნახევი — ეს შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სწორედ ამ საკითხებზე აფიქრებს მნახველს.
The Wonderful Years (2018)
სვიტლანა შიმკოსა და გალინა იარმანოვას არქივში მოძიებული კადრებით აწყობილი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საბჭოთა დროის უკრაინაში მცხოვრები ქვიარ ქალების ისტორიებს გვიყვება.
ჰეტერო ოჯახების მზერის, მჩაგვრელი სისტემის გვერდის ავლითა და ნათესავების წარმოდგენების დაცინვით (“უბრალოდ ჰგონიათ, რომ ერთ ბინას ვქირაობთ, 10 წელია”) პირადი ბედნიერების ძიება და სიყვარულის დევნა მაშინ, როცა ქვიარ ურთიერთობა უხილავი, მეტიც, ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის საშიში იყო, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრება სისტემის წინააღმდეგ გადადგმულ რადიკალურ ნაბიჯად იქცეს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს არქივში დაცული გადღაბნილი, შავ-თეთრი კადრების გამოყენებით მიღწეული ეფექტი, რომელიც გაცრეცილ, საზოგადოების მზერისგან ლამის გამქრალ ადამიანებს გვაცნობს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ბედნიერები არიან.
A Wild Patience Has Taken Me Her (2021)
ბრაზილიელი რეჟისორის, ერიკა ზაჰმეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი 50 წლის ლესბოსელი ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ლესბოსურ ბარში მიდის და ახალგაზრდა ქვიარ გოგოებს გაიცნობს. საშუალო ასაკის მოტოციკლისტი ქალი შაბათ-კვირას გოგოებთან ერთად ატარებს, მათი თვითაღმოჩენების, გამოცდილებების ამბებს ისმენს და საკუთარი თუ სხვა ქვიარ ადამიანების წარსულის ისტორიებზე თვალის გადავლებით იკვეთება პროგრესი, რომელიც უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე მიიღწა.
ახალგაზრდა გოგოების უნარი, რომ საკუთარი სექსუალობა მიიღონ, მონოგამიურ ჩარჩოებს გასცდნენ და ცხოვრებით დატკბნენ, აცდენაშია იმ ადამიანების გამოცდილებასთან, რომელთაც მეტად მჩაგვრელ, არათანასწორ გარემოში მოუწიათ გაზრდა. ფილმი პატივის მიგებაა იმ ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთა ბრძოლა, ცხოვრებისეული მაგალითები, გასაიდუმლოებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დაკარგული ახალგაზრდობა, პროგრესის მიღწევის ქვაკუთხედად იქცა.
კინოფესტივალზე ნანახი ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, როგორია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მიღწეული პროგრესი, ჯერ კიდევ მძლავრია შფოთვა, რომლის გავლაც ქვიარებს ქუჩაში გამოსვლისას, მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენებისას, ხალხმრავალ სივრცეებში მოხვედრისას, ყველაზე ტრივიალური, რუტინული საქმიანობის შესრულებისას გვიწევს.
ზოგ ქვეყანაში კი მდგომარეობა ჯერ კიდევ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, მაინც არსებობს იმედი, სიღარიბის, იზოლირების, ჩვენი გამოცდილებების დამცრობის მიუხედავად – ცხოვრებისთვის ბედნიერი დაბადების დღის მოპარვა, საყვარელი მუსიკით ნეტარების განცდა, ცარიელ ქუჩებში ხეტიალი თუ ჩვენივე წარმოსახვის კუნჭულებში მიმალული თავგადასავლების ამოქექვა, სანამ შეგვიძლია. სანამ ჩვენივე ამბების მოყოლის გამბედაობა გვაქვს, ჩვენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური ამბები არ დაიკარგება და ერთ დღეს დღის სინათლეს მაინც ნახავს გამოცდილებები, რომელთა მოსმენა არავის სურდა.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული, “ჩემი ოთახი” გახდა. ფილმი, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძეა, ხოლო სცენარისტები თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე, ორი ახალგაზრდა ქალის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს.
“24 წლის თინა ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის და ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის ცხოვრების წესიც სრულიად განსხვავდება თინასგან” — როგორი შეიძლება იყოს ორი სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე ქალის ერთ სივრცეში თანაცხოვრება და რა ძალა აქვს ქალების გვერდში დგომას, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს პანდემიის დროს გადაღებული ფილმი, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და ბრიტანეთის კინო ინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.
გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ და სცენარისტ თაკი მუმლაძესთან, რომელიც ქვიარს ფილმის საფესტივალო მოგზაურობაზე, ქალების კინოში ჩართულობაზე, ქართულ საპრემიერო ემოციებზე და ფილმის შექმნაზე ესაუბრა.
— რა ისტორიას გვიყვება ფილმი “ჩემი ოთახი” და შენ, როგორც ფილმის სცენარისტს და მთავარი როლის შემსრულებელს, ვისი დანახვა გაგიხარდება ყველაზე მეტად ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზში?
— ხელოვნება ჩვენს მოცემულობაში ძალიან ლოკალურია. შეიძლება ეს არ არის ჩვენი განზრახვა, მაგრამ ხშირად მაინც ისე ხდება, რომ ხელოვნებას ერთი და იგივე ადამიანებისთვის ვაკეთებთ — თეატრში დადის ერთი და იგივე ხალხი, კინოშიც. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი გასცდეს ცენტრს და მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, რეგიონებშიც გვეჩვენებინა. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს თემები ასე თუ ისე მაინც ნაცნობია, ხოლო თბილისს გარეთ უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს და ამის გარშემო ქალებმა დასვან კითხვები. პატრიარქალური მოდელი ქალების და პრინციპში, კაცების შემთხვევაშიც ძალიან მავნებლურია, მავნებლურ მოდელებში გვიწევს ცხოვრება და ვიზრდებით არასწორი შეხედულებებით. ჩვენზე ბევრი რამ ახდენს გავლენას — რელიგია, ტრადიციები, პოსტ-საბჭოთა ტრავმები, საზოგადოება და ა.შ. ეს ყველაფერი სამყაროს მიმართ წარმოდგენებს გვიყალიბებს, გვეუბნება, სად არის ჩვენი ადგილი, რისი უფლება გვაქვს, რისი — არა, თითქოს რაღაცას გვართმევს, თავს გვახვევს ცხოვრებას, რომელიც ჩვენი არჩეული შეიძლება არც კი იყოს. ბევრი სხვა ქალის მსგავსად, დღემდე ვცდილობ ამ გავლენებისგან გათავისუფლებას და მუდმივად კითხვებს ვსვამ.
ეს ფილმიც ერთგვარი მცდელობაა, ვუპასუხო ამ კითხვებს და გავიგო, სად არის ჩემი, როგორც ქალის ადგილი, რის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და აქედან წამოვიდა ამ ორი ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალის სახეები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზუსტად ამით — სად როგორ ხედავენ საკუთარ თავს სამყაროსთან მიმართებაში, როგორი ცხოვრების უფლება ჰგონიათ, რომ აქვთ. ძალიან დიდი პრივილეგია და ფუფუნებაა, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, არჩევანით, გქონდეს შეცდომების დაშვების უფლება, იპოვო შენი სექსუალობა და ა შ. მეგი უფრო მეტად ღია და თავისუფალია, უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, თინა კი, რომელიც ინერციით ცხოვრობს, ერთ შეცდომას უშვებს, თუ ამას შეცდომა შეიძლება ვუწოდოთ, და მთელი ცხოვრება თავზე ენგრევა. ამ განსხვავებების მიუხედავად, მათი ბრძოლა მაინც საერთოა, ორივე ცდილობს იპოვოს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.
თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.
— ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ეტაპების გავლა მოგიწიათ, სანამ ფილმზე მუშაობას დაასრულებდით. როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?
— ფილმის გადაღების იდეა პანდემიამ გვაჩუქა. მე და მარიკა ხუნდაძე, მეორე მთავარი როლის შემსრულებელი, ერთად ვცხოვრობდით იმ სახლში, სადაც ფილმია გადაღებული. ყველაფერი გაჩერებული იყო, არაფერი ხდებოდა და ჩვენმა მეგობარმა და ფილმის რეჟისორმა, სოსო ბლიაძემ შემოგვთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ორ გოგოზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. მე ძალიან მეშინია ხოლმე ქალების შესახებ გადაღებული ფილმების, რომლებიც მთლიანად კაცის პერსპექტივიდან არის ნაჩვენები. ამდენი საუკუნეა ლაპარაკობენ კაცები ჩვენზე ჩვენ მაგივრად და მათი აღქმა ხშირად არ არის ხოლმე ახლოს რეალობასთან, ამიტომ შევთავაზე, რომ მეც დავეხმარებოდი სცენარის დაწერაში, მქონდა წერის გამოცდილება და ორივე, მეც და სოსოც, უფრო მშვიდად ვიქნებოდით, თან ფილმში გაჟღერებული საკითხები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ამ საკითხებზე ვფიქრობ და არ გამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მიღება.
თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნებოდა, თუმცა ვიცოდით, რომ სრულმეტრაჟიანად იქცეოდა. გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, არ არსებობდა არანაირი იერარქია — ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო, ოპერატორსაც ჰქონდა შესაძლებლობა, სცენარში ცვლილება შეეტანა, ყველა რგოლი იყო უმნიშვნელოვანესი და ერთიც რომ გამოგეცალა, ალბათ მთლიანი პროცესი ჩაფლავდებოდა და ამ ფილმს ვერ გადავიღებდით. ჩვენი მიზანი იყო, ეს ორი გოგო ძალიან რეალური ყოფილიყო. არ ვიყენებდით გრიმს, მთლიანი ფილმი გადაღებულია განათების გარეშე და თან იმდენად კარგად არის ყველაფერი გაკეთებული, რომ საერთოდ არ ეტყობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის ოპერატორს, დიტო დეკანოსიძეს.
— როგორც ვიცი, ფილმმა უკვე მოასწრო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. როგორ მიიღო ქართველმა და არაქართველმა მაყურებელმა “ჩემი ოთახი” და როგორი იყო ქართული საპრემიერო ემოციები? თუ ხედავდით რამე განსხვავებას მაყურებლების ემოციებში ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს მიღმა?
— ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის ფესტივალზე, ძალიან ემოციური დღეები იყო. ყველაზე მოულოდნელი დიდ ბრიტანეთში გამართული ჩვენება იყო, არც მე და არც მარიკა არ ველოდით ასეთ დადებით ემოციებს იქაური აუდიტორიისგან, ძალიან მომზადებული იყო მაყურებელი და სწორი აქცენტები ჰქონდათ დასმული, სწორად აღიქვამდნენ ფილმს. ქართულ პრემიერამდე ცოტა დაძაბული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდა მაყურებელი ფილმს, თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. წელს ფესტივალს ჩართული ჰყავდა სტუდენტები, რომლებმაც სრულიად ახალი ხმა შემოიტანეს და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლე საფესტივალო პროცესში, სხვანაირად ფხიზლად არიან და სხვანაირად უყურებენ სამყაროს — მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვარ ასაკობრივად ძალიან დაშორებული მათგან, ძალიან საინტერესო და ახალი პერსპექტივები დამანახეს. ძალიან იმედისმომცემი და მამოტივირებელი აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ფესტივალის ეს გადაწყვეტილება. დანარჩენი მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით მკაცრია ქართული კინოს მიმართ, სწორედ ამიტომ, არ მეგონა ამხელა მხარდაჭერას და სიყვარულს თუ მივიღებდით. ყოველი ჩვენების დროს გვეგონა, რომ ეს მაქსიმუმია, ამაზე დიდ ემოციებს ვეღარ მივიღებთ, თუმცა ქართულმა პრემიერამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და მგონი ყველაზე მეტად ეს გვაკლია დღეს ადამიანებს — მხარდაჭერა და სოლიდარობა.
დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო.
— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მომრავლდა ფილმები ქვიარ თემატიკაზე, თითქოს ამ თემების გაჟღერება ძალიან მომგებიანია. “ჩემი ოთახის” ყურებისას განსხვავებული განცდები გიჩნდება, ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რასთან გაქვს საქმე — უყურებ ფილმს, რომელიც ორი ქალის მეგობრობაზე გვიამბობს თუ უყურებ ფილმს, რომელიც ლესბოსელი ქალების ისტორიას გადმოგვცემს. არის თუ არა “ჩემი ოთახი” ქვიარ ფილმი და ზოგადად არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კინო?
— ბოლო პერიოდში ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ვნახე, სადაც ლევან გელბახიანი არაჩვეულებრივად ასრულებს როლს, საოცარ პერსონაჟს ქმნის, კაცის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ქართულ კინოში. მან ძალიან რთულ დავალებას გაართვა თავი. ასევე, ვნახე ელენე ნავერიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქვიარ თემატიკაზე, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია ლევან აკინის ფილმს და ცხელი საპრემიერო დღეების გავლა, რომლის დროსაც ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები, მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ამხელა აგრესია არსებობს და ვიღაც სკამით გამომეკიდება პრემიერაზე. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ამაზე მაღლა დგას. იმედია, ოდესმე ვისწავლით ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
რაც შეეხება ჩვენს ფილმს, საკუთარ თავს ჯერჯერობით ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ლესბოსელებზე გადავიღო ფილმი, ძალიან საფრთხილოა ეს თემა ჩემთვის და არსებობს საშიშროება, რომ ავცდები რეალობას. ამაზე მან უნდა ილაპარაკოს, ვისაც უკეთ ესმის ეს საკითხი. ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, რომ ეს ფილმი ლესბოსელებზეა. იმ კონკრეტულ სცენაში ჩემთვის მეგის სხეულს თინასთვის რაღაცნაირად გამაყუჩებლის ფუნქცია აქვს, გადარჩენის წყაროა. ასევე, ეს სცენები ჩემთვის საკუთარი სექსუალობის, სექსუალური გემოვნების ძიებაც არის. ჩვენი მიზანი იყო ფილმში დაგვეტოვებინა იმის სივრცე, რომ მაყურებელს თვითონ გაეკეთებინა დასკვნა, რაზეა ეს ფილმი.
— როგორ შეაფასებდი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რა თემები იყო დომინანტური და რა ტენდენციები გამოიკვეთა წელს?
— თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის ყოველთვის დღესასწაული იყო. ყოველთვის განსაკუთრებით ველოდებით ამ დღეების მოახლოებას და სიმართლე გითხრა, არასდროს ბევრი არ მიფიქრია, როგორია ჩვენი კინოფესტივალი — უბრალოდ მიყვარდა ფილმების ყურება და სულ ეს იყო, უფრო ემოციურად ვუდგებოდი. წელს რამდენიმე ქვეყნის ფესტივალზე მომიწია დასწრება და ყველგან ვაკვირდებოდი, რა თემებზე საუბრობს ფესტივალი, რა მესიჯებს აჟღერებენ. ჩემთვის რთულია პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბევრ ფესტივალზე ახსენებდნენ ქალებს, მაგრამ ერთი სიტყვა არ თქმულა ირანში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, სიამაყით ავივსე, როცა თბილისის 23-ე ფესტივალი უკრაინის დროშით გაიხსნა და როცა დავინახე, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ირანელი ქალი რეჟისორი იყო, რომელიც ქვიარ ფილმის გადაღების გამო სამი წელი დაპატიმრებული იყო. ფესტივალზე მისი ფილმიც იყო ნაჩვენები. ძალიან მაღალ დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული და ბევრი წამყვანი ქვეყნის ფესტივალს სჯობდა ხარისხით, ვგულისხმობ ისეთ ფესტივალებს, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ ფესტივალის უკან დგანან და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე აკეთებენ ყველაფერს. მადლობა მათ.
— დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ჰოლივუდი აქტიურად საუბრობს ქალების როლზე და ჩართულობაზე კინოში, აქტიურად მიდის დისკუსიები ამ თემების გარშემო. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? არაერთი გამორჩეული რეჟისორი თუ სცენარისტი ქალი გვყავს, რომლებიც ბევრი წელია აკეთებენ კინოს, თუმცა საინტერესოა, შიგნიდან დანახული რეალობა — როგორია გადასაღები მოედანი ქალებისთვის საქართველოში?
— მართლაც ბევრი ქალი რეჟისორი თუ სცენარისტი გვყავს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ამ საკითხებზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია, თუმცა მე მაინც მახარებს, რომ კინოში ქალების მიმართ ინტერესი არ წყდება. იმედია, მალე იქამდეც მივალთ, რომ ქალი რეჟისორების თუ სცენარისტების ფილმების მიმართ ავტომატური მოლოდინი არ იქნება, რომ აუცილებლად შედევრი უნდა გააკეთონ — თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.
რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე იერარქია ყოველთვის არსებობს, თუმცა ქალების შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი გემატება — ჩემი და სოსოს შემთხვევა რომ გავიხსენო, ყოველთვის ვაკვირდები, რა კითხვები მოდის ჩემი მიმართულებით, როცა ფილმზე ვსაუბრობთ და რა კითხვებს უსვამენ ხოლმე სოსოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სცენარისტები ვიყავით, ფილმზე ერთად ვიმუშავეთ და ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, მაინც ერთი და იგივე — “რას გრძნობდი სოსო ბლიაძესთან მუშაობის დროს?”, ხოლო უფრო „სერიოზული“, საქმიანი კითხვები სოსოს მიმართულებით მიდიოდა. დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო. ეს არ არის ეგოცენტრიზმი და ამით სხვა ქალებს გავუმარტივებ საქმეს, რომლებიც ამ სფეროში აპირებენ თავიანთი ძალების მოსინჯვას. ძალიან დიდი გზის გავლა მომიწია, სანამ საკუთარ თავში ამ ძალას და გამბედაობას ვიპოვიდი.
— რას უნდა ველოდოთ შენგან მომავალში, აგრძელებ თუ არა კინოსცენარებზე მუშაობას?
— თებერვალში თეატრში მექნება პრემიერა. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სცენარზე — მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდა, თუმცა „ჩემი ოთახის“ შემდეგ ყველა ელოდება, რა იქნება შემდეგი და ამ მოლოდინებმა ცოტა შემაშინა. მინდა, დაძაბულობისა და მოლოდინების გარეშე ვიმუშაო, ბევრი შეცდომაც დავუშვა და ბოლომდე მივიღო პროცესისგან სიამოვნება. მომდევნო ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მთელი ცხოვრების ფიქრის შედეგი და განსაკუთრებით ფრთხილად ვეკიდები, რადგან ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, მენტალური ჯანმრთელობა და როგორ რეაგირებს ქალი ამ ყველაფერზე.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
1-4 დეკემბერს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოველწლიური ქვიარ კინოფესტივალი, Queer Voices (ქვიარ ხმები) მეხუთედ გაიმართა, რომელსაც ქვიარის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კინოფესტივალი (თუ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ასე შეიძლება ეწოდოს მრავალმხრივი აქტივობებით დახუნძლულ ფესტივალს) ძირითადად დოკუმენტურ ფილმებზეა ორიენტირებული და მოლდოველი თუ მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქია+ ადამიანების ხმებს აჟღერებს. რაც მთავარია, ფესტივალი ადგილობრივ თემის წევრებს შთაგონებასა და გამოცდილებას აძლევს, რომ საკუთარი ამბის მთხრობელებად თვითონ იქცნენ.
„კინოს ადამიანების შთაგონება შეუძლია. ეკრანს აქვს ეს გამორჩეული ძალა, ადამიანს იმ მოგზაურობისკენ მიუძღვის, რომელიც მრავალ ჭეშმარიტებას გვასწავლის. საშუალებას გვაძლევს, სხვის გამოცდილებაში არეკლილ ჩვენს ფიქრებს დავაკვირდეთ. ამიტომ, მჯერა, რომ კინოს აქვს ძალა, მათ შორის, ქვიარ უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით“, — ამბობს მაქსიმ კარლანი, მოლდოველ-ბერძენი რეჟისორი, სცენარისტი და აქტივისტი, რომელმაც შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით პირველი და ერთადერთი მოლდოვური ქვიარ ფესტივალი, ქვიარ ხმები 5 წლის წინ წამოიწყო.
ამ სტატიაში თქვენც გაგიზიარებთ იდეას, რომელიც დეკემბრის თოვლიან კიშინიოვში შესანიშნავ ქვიარ ფესტივალზე (შემთხვევით) მოხვედრილს ამეკვიატა და დღემდე თავს არ მანებებს — ყველას გვაქვს ამბავი, რომელიც მოყოლად ღირს და მას ჩვენზე უკეთ ვერავინ მოჰყვება. ამასთან, ვეცდები დაწვრილებით გიამბოთ ფესტივალის დაფუძნების იდეასა და პროგრამაზე, რომელიც კიდევ დიდხანს მემახსოვრება.
„კიშინიოვს სჭირდება ქვიარ კინოფესტივალი, რატომაც არა?!“
„ქვიარ კინოფესტივალის იდეა დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, Moldox-ის ორგანიზებით დაიწყო, რომელიც სოციალურ ცვლილებებს ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, სამხრეთ მოლდოვაში მდებარე ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში ლგბტქი ფილმის ჩვენება გადავწყვიტეთ, რაც მარტივი არ ყოფილა. არ ვიცოდით, როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს, თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეც გეი ვარ და ხალხის ყურადღების ლგბტქი საკითხებისკენ მიმართვა მინდოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული შიში მქონდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გავმართეთ და კონსერვატიულმა საზოგადოებამ ეს ფაქტი კარგად მიიღო, მეტიც, გამოხმაურება შესანიშნავი იყო — არავის დაუტოვებია დარბაზი, არავის გაუპროტესტებია. ამიტომ, ვიფიქრეთ, რატომ არ გვაქვს სრულფასოვანი ქვიარ კინოფესტივალი კიშინიოვში? რატომაც არა?!“, — აღნიშნავს მაქსიმი.
მისი თქმით, ფესტივალის პირველ წელს ახალი, მისთვის უცნობი სახეების ხილვას, ფართო აუდიტორიის დაინტერესებას არ ელოდა, თუმცა პირველ ფესტივალს უამრავი ადამიანი დაესწრო, რომელიც იქამდე ლგბტქი უფლებადაცვით ღონისძიებებში აქტიურად არ მონაწილეობდა.
“მათ ფილმების ნახვა უნდოდათ, თემის მხარდაჭერის სურვილი და ჩართულობისთვის მზაობა ჰქონდათ. მას შემდეგ ფესტივალი უფრო და უფრო იზრდება და ძლიერდება”.
ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ზამთრის პერიოდშია, გაყინულ, გაურემონტებელ ისტორიულ ნაგებობაში, Muzeul Zemstvei-ში იმართება, რაც თავდაპირველად დისკომფორტსაც კი გაგრძნობინებს, მაგრამ მალევე ხვდები, რომ თემის წევრები, ორგანიზატორები, ყველა ადამიანი, რომელიც ამ სივრცის ერთგულია, ფესტივალს ერთად ქმნის. როგორც მაქსიმმა მოგვიანებით სიტყვებითაც დამიდასტურა, „გამოწვევების მიუხედავად და იქნებ სწორედ ამის გამოც, ღონისძიება ყველა სხვა გამოცდილებისგან გამორჩეულია და მეტიც, ერთგვარად ხელშემწყობიც კი“.
თითოეული ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება გამოცდილება, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. ცხადად ჩანს, ხედავ კავშირებს, მეგობრობას, რომელიც თემის წევრებს შორის არსებობს და ისიც ზუსტად იცი, რომ ამ ერთიანობის გამო, გამორიცხულია, ფესტივალმა წარმატებით არ ჩაიაროს.
მცირე ხანია, რაც ქვიარ ხმებს კიდევ ერთი სიახლე, ქვიარ კაფე შეემატა, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობს და კვირაში სამი დღე მუშაობს. ადგილობრივი თემის წევრების თქმით, ეს ერთადერთი ლგბტქი გასართობი სივრცეა კიშინიოვში.
„ქვიარ კაფეს გახსნა ქვიარ ხმების დამსახურებაა. წინა წელს კაფეს სივრცე უბრალოდ მოსასვენებელი ადგილი იყო, სადაც ფილმის ჩვენებებს შორის შუალედებში დალევა და განტვირთვა შეგვეძლო. ფესტივალი ზამთარშია, შენობაში ცივა და ფილმიდან ფილმამდე ხალხის შენარჩუნება პრობლემა იყო. ვიფიქრეთ, რომ მსგავსი სივრცე დაგვემატებინა, რამაც თემის გაძლიერებას, სოციალიზაციას ხელი შეუწყო, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში მოწყობილმა სივრცემ არსებობა განაგრძო და ხალხის დაახლოებას ხელი შეუწყო“, — აღნიშნავს მაქსიმი.
ყველას შეუძლია გადაიღოს კინო, მთავარი სურვილია
ქვიარ ხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საერთაშორისო და ადგილობრივი ფილმების ჩვენებებია. თუმცა, ფესტივალის მთავარი მიმართულება მაინც სამუშაო შეხვედრებია, რომლის მონაწილეები ფილმების იდეებს და მოკლე ვიდეო მონახაზს წარადგენენ და იმედისმომცემი პროექტების ავტორებს მომდევნო ფესტივალისთვის სრულმეტრაჟიანი ნამუშევრების მომზადება შეუძლიათ. ამ პროცესში კი აქტიურად არიან ჩართული ქვიარ ხმების გუნდის პროფესიონალი წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ რეჟისორებს უზიარებენ.
„ხმა უნდა ამოვიღოთ და მოვყვეთ ჩვენი ამბები. სხვა ვის ადარდებს ჩემი ამბავი, თუ არა — მე“
აღარც კი მახსოვს, ფესტივალის პროგრამაში ჩართულ რომელ ფილმში მოვისმინე ეს ფრაზა, რომელიც ტელეფონის ნოუთებში ჩავინიშნე, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ქვიარ ხმები სწორედ ამ იდეის ირგვლივ ვითარდება და მიზნად ისახავს თემის წევრების გაძლიერებას, მათი გამოცდილებების, სათქმელის მოყოლას, საავტორო დოკუმენტური კინოს კეთების სურვილის მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას, რათა საბოლოო შედეგი კონცეპტუალურად გამართული და აუდიტორიისთვის საინტერესო გამოვიდეს, დამწყებ შემოქმედებს კი შესაძლებლობა მისცეს, რომ პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდნენ და კინოინდუსტრიაში თუ აქტივიზმში თავის დამკვიდრება შეძლონ.
ყოველი ფესტივალის მიმდინარეობისას, დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი ფილმის იდეის წარდგენა, სამუშაო შეხვედრების შედეგად თემების დამუშავება და 5-დღიან პერიოდში მცირე ვიდეო სინოფსისის მომზადება შეუძლიათ, რომლებსაც ფესტივალის დასკვნით დღეს აუდიტორიას წარუდგენენ. იმედისმომცემ პროექტს სპეციალური ჟიური ასახელებს და ინდუსტრიის გამოცდილ ადამიანებთან ერთად სრულმეტრაჟიან პროექტზე მუშაობის პროცესი იწყება. ყველა ადამიანს თანაბრად აქვს შანსი, რომ საკუთარი ხმა გააჟღეროს და ფილმის სცენარისა და გადაღების პროცესში ჩაერთოს, რომლის პრეზენტაცია ისევ ფესტივალის მიმდინარეობისას, მომდევნო წელს შედგება.
როცა ქვიარ ფესტივალი თუ ლგბტქი ორგანიზაცია თვითონ არის თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და მიზნად ისახავს უფლებრივი მდგომარეობისა და ხილვადობის გაუმჯობესებას ამასთან, ცდილობს, რომ ლგბტქი ადამიანები პასიური როლიდან გამოიყვანოს, მათ გაძლიერებაზე იზრუნოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობება მისცეს და მაქსიმალური გააკეთოს, რომ ადამიანებმა მათივე გამოცდილება აქციონ პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ასე ვთქვათ, ცდილობს, შექმნას გარემო, რომელიც ადამიანების ყურადღებას მოქმედებისკენ, გამოწვევებზე დაფიქრებისკენ მიმართავს, პროგრესის მიღწევა ბევრად მარტივდება. ქვიარ ხმებს სწორედ აღნიშნული ღირებულებები გამოარჩევს.
2022 წლის ფესტივალზე შედგა 2020 წლის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული იდეის მიხედვით გადაღებული ფილმის, Happy Land-ის პრემიერა, რომელიც სამი ქალი რეჟისორის: ვასილუტა ვასილაჩეს, ელენა კულიკისა და ტომა პანის დოკუმენტური ნამუშევარია. Happy Land ერთ მთავარ კითხვაზე პასუხს იკვლევს — რა არის ბედნიერება და იმსახურებს თუ არა ყველა? ფილმის მსვლელობისას კიშინიოვის ლგბტქი თემს ვეცნობით, ქვიარ მეგობრულ ადგილებს ვსტუმრობთ და ამ სივრცეებში დანახული ურთიერთსიყვარულის, პატივისცემის, ოჯახური, მეგობრული თუ ადამიანური ბედნიერების ამბებს ვიგებთ, რომლის საპირწონედ ქუჩის გამოკითხვის სცენებს ვხედავთ, რომელთა ნაწილში სამწუხარო შერჩევითი დამოკიდებულება მჟღავნდება — “ბედნიერებას იმსახურებს ყველა, თუმცა ქვიარ ადამიანები ნაკლებად“.
წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ასევე 2020 წლის სამუშაო შეხვედრების შედეგად დამუშავდა, არის Between Two Worlds, რომელიც ახალგაზრდა ქვიარ ადამიანის, დოის ისტორიას გვიყვება. დოი ცდილობს, საკუთარი თავი ბინარულობის ჩარჩოს მიღმა დაინახოს და სოციალური წნეხისა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების მიუხედავად, თვითგამორკვევის, საკუთარი თავის შეყვარებისა და ტრანზიციის ემოციურად დამღლელ გზაზე შემართება არ დაკარგოს. ფილმის რეჟისორები თვითონ დოი-რომანტა დოჩიტანი და ანა გურდიში არიან, რომლებმაც მნახველების ყურადღება სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მიღების ინდივიდუალური გამოცდილების გააზრებისკენ მიმართეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თემის არაერთი წევრის ამბავთან იქნება თანაზიარი.
2021 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დამუშავებული კიდევ ერთი ფილმის, Queerky Town-ის სამუშაო ვერსიის პრემიერაც წლევანდელ ფესტივალზე შედგა. რეჟისორი კრისტიან დოროფტეი კიშინიოვის მცხოვრებლების გამოკითხვის, იუმორის განვითარების გზის გააზრებისა და აბსურდული, სახუმარო ჩანართების საშუალებით ყოველდღიური ცხოვრების ხუმრობანარევ სარჩულს იკვლევს. დოროფტეი ცდილობს, იუმორი ჰეტერონორმატიული აღქმის მიღმა დაინახოს და მკითხველი ქვიარ ქალაქის ქუჩებში ამოგზაუროს.
2022 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული სტელა როქსანას, დამწყები ტრანსგენდერი რეჟისორის იდეა გახდა, რომელმაც საკუთარი იდენტობის მიღების, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და ტრანზიციის თანმდევი გამოწვევების მოყოლა განიზრახა. როქსანას მიერ შექმნილი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ფესტივალზე შედგება.
ქვიარ ხელოვნების წარდგენა
ქვიარ ხმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადგილობრივი ლგბტქი სცენის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორები ყოველი ფესტივალის განმავლობაში გეგმავენ სხვადასხვა კულტურულ და სასწავლო აქტივობას, რომელიც თემის წევრების დაინტერესებას შეუწყობს ხელს. ასეთი იყო, მაგალითად, ვოგის გაკვეთილები, რომელიც 2021 წლის ფესტივალზე ჩატარდა.
მაქსიმის თქმით, უნდათ, რომ „ადგილობრივებში დაინტერესების მარცვალი გააღვივონ”, რათა ფესტივალის დასრულების შემდეგ ადამიანებს სურვილი და მონდომება გაუჩნდეთ, რომ ქვიარ ხელოვნებაში უკეთ გაერკვნენ და თვითონაც იქცნენ პერფორმერებად.
2022 წლის ქვიარ ხმების ფარგლებში სამი სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა — დრეგ შოუ, ბალრუმი და პერფრომატიული პოეზიის საღამო.
მოლდოვას ადგილობრივი დრეგ სცენა განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ ერთეულ დრეგ არტისტს თუ ნახავთ. ამიტომ, დრეგ შემსრულებლები საბერძნეთიდან ჩამოიყვანეს. მათ ფესტივალის სტუმრებს შოუ წარუდგინეს, დრეგ ხელოვნებას აზიარეს, საკუთარი დრეგ სახლები გააცნეს და ამ გზით ადგილობრივებს დრეგ სცენის მუშაობის სპეციფიკა წარუდგინეს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ბალრუმი იყო, რომლის ჟიურის წევრები და წამყვანი ასევე არ იყვნენ ადგილობრივები. სამი სხვადასხვა ქვიარ სახლის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ბალრუმის ისტორია და სპეციფიკა გააცნეს. ბალრუმებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა კატეგორიებში ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა.
ყველაზე დიდი სიახლე, რომელიც ფესტივალის განმავლობაში ვნახეთ, ბერლინური ქვიარ სახელოვნებო ჯგუფების, “Queerdos” პერფორმანსი იყო — ერთგვარი მცდელობა, ეკვლიათ, რა ადგილი აქვს ქვიარ სხეულსა და იდენტობას საჯარო სივრცეში, როგორია ჩაგვრის ისტორია და როგორია ბრძოლა ხილვადობისთვის რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩაგვრის პირობებში.
ბერლინიდან ჩამოსულმა შემსრულებლებმა პერფორმანსისას აითვისეს კიშინიოვის ქუჩები, კაფეები, სასწავლო სივრცეები და პოეტური მანიფესტები გააჟღერეს. პერფორმერებთან ერთად მოვიარეთ ქუჩები, სხვადასხვა ლოკაციაზე მათ სათქმელს მოვუსმინეთ, ჩვენც ვიქეცით პერფორმანსის ნაწილად და ბოლოს აუდიო-ვიზუალური პერფორმანსის გზით მიმღებლობისა და, ზოგ შემთხვევაში, უხილავი ჩაგვრების შესახებ მოყოლილი ამბების შემსწრე გავხდით.
როგორია ქვიარ ხმების მომავალი
ქვიარ კინოფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფილმების ჩვენებაც იყო. ფესტივალის პროგრამა სამხრეთ ამერიკულ, აზიურ თუ ევროპულ ფილმებს აერთიანებდა, რომლების შესახებ ქვიარის ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. გარდა ამისა, ყველა საფესტივალო დღე ითვალისწინებდა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ფესტივალის ამ ნაწილზე ცალკე სტატიაში შეძლებთ წაკითხვას.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მაქსიმმაც აღნიშნა, მოლდოვამ ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების გზაზე გარკვეული პროგრესის გზა უკვე გაიარა, ჯერ კიდევ პრობლემაა „საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის თვალსაზრისით. დაბალია ხელოვნებაში ქვიარ რეპრეზენტაცია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვარსებობთ ზოგადი სოციუმისთვის და აგრესიული თავდასხმების სიმცირის მიუხედავად, ოჯახების, სასწავლო სივრცეების, გარემოს იმგვარად ადაპტაცია, რომ ქვიარ ადამიანები გარიყულად არ გრძნობდნენ თავს, ჯერ კიდევ პრობლემაა“. ამიტომ, ფესტივალი ახლა არანაკლებ საჭიროა, თუ უფრო მეტადაც არა.
„ჩვენ ძლიერი თემი ვართ და არ ვგულისხმობ მხოლოდ ლგბტქი თემს. გვინდა, უფრო მეტი ადამიანი გავაერთიანოთ. დიდი იმედი გვაქვს, თუნდაც ეს სივრცე, სადაც ახლა შევიკრიბეთ, ასე ვთქვათ, მეინსტრიმული თავშეყრის ადგილი გახდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დიალოგს შევუწყობთ ხელს, შევქმნით მოცემულობას, რომელშიც ყველა ადამიანი მიღებულად იგრძნობს თავს. ამასთან, გვინდა, მოლდოვური ქვიარ კულტურა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გავრცელდეს“, — აღნიშნავს მაქსიმი ფესტივალის შორსმიმავალ მიზნებთან დაკავშირებით.
მაქსიმმა ისიც გამიზიარა, რომ ისურვებდა რეგიონის, მოლდოვის მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყნების პროცესში მეტად ჩართვას, საერთო გამოცდილებების გაზიარების გზით მხარდამჭერი სისტემის შექმნას და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ქართული კულტურის უკეთ გაცნობას, რათა დავინახოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში გარემოს უკეთესობისკენ გარდაქმნა შევძლოთ.
ფესტივალის დასრულების შემდეგ კიშინიოვში კიდევ ერთი დღით დავრჩით, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ იმ ქალაქის ქუჩები, რომელიც თითქოს დროში გაიყინა — ქალაქის ცენტრშიც კი შეხვდებით შენობების ნანგრევებს, რომელთა გვერდით შუშის ახალ, მახინჯ შენობებს თუ ევროპული ქვეყნებისთვის სახასიათო არქიტექტურის ძეგლებს ნახავთ. აქ სხვადასხვა დრო, განსხვავებული ისტორიისა და ღირებულების მქონე ძეგლები თანაარსებობენ, თუმცა ზედაპირზე ბოლომდე არ ჩანს ის, რაც უმთავრესია — საზოგადოება ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება, მიმღებლობისკენ სვლა გრძელდება და ეს პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ თემის აქტიური წევრები, თითოეული ლგბტქი ადამიანი მთელი მონდომებით ცდილობს, მაქსიმალურად ჩართული, ქმედითი, საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის უკეთესობის მომტანი იყოს. იქნებ, ეს სულაც გარე დამკვირვებლის თვალით დანახული რეალობის ფრაგმენტებია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ძალის დაკარგვა და დანებება ამ პროცესში ხელს თუ არ შეგვიშლის, ჩვენც შეგვიძლია პროგრესისკენ მყარად სვლა განვაგრძოთ.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
23 სექტემბერი ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღეა, რომელიც 1999 წლიდან აღინიშნება და მიმართულია საზოგადოების, მათ შორის, ქვიარ ადამიანების მცდარი წარმოდგენების დანგრევისკენ — ხშირად ბისექსუალ ადამიანების მიმართ წნეხი გაბატონებულ ბინარულ მოცემულობებს, არჩევანის გაკეთების აუცილებლობას ემყარება, რაც ცალსახად არასწორია. სექსუალური და რომანტიკული მიზიდულობა სხვადასხვა ფორმით, მიმართებით ვლინდება და ამ პროცესს არჩევნის გაკეთების აუცილებლობა სულაც არ ახლავს თან.
სტატიაში ნახავთ ფილმებს, რომლებშიც ბისექსუალი პერსონაჟები, მათი სექსუალური თვითშემეცნების გზა და სოციალური წნეხი შესანიშნავად არის ასახული.
Y Tu Mamá También
ოსკაროსანი მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის 2001 წლის ფილმი — Y Tu Mamá También 2 თინეიჯერი ბიჭისა, ხულიოსა და ტენოჩის და ლუიზა კორტესის მანქანით მოგზაურობას ასახავს. ისინი არარსებული სანაპიროსკენ მიდიან, რეალურად კი ფილმი სექსუალურ თვითშემეცნების გზაზე გვიყვება. ახალგაზრდა ბიჭები ქალის გულის მოგებას, გამოგონილ სექსუალურ თავგადასავლებზე საუბრით მის მოხიბვლას ცდილობენ, პარალელურად კი ერთმანეთისკენ ლტოლვის, აღმოჩენების გზას გადიან.
Shiva Baby
ემა სელიგმანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2020 წელს გამოსული Shiva Baby ერთ-ერთი საუკეთესო კომედიური ფილმია, რაც ბოლო დროს გამოსულა. ახალგაზრდა ებრაელი გოგო ნათესავის დაკრძალვაზე მიდის — სანათესაოსთან შეხვედრით გამოწვეულ სტრესს, მომაბეზრებელ კითხვებს, ოჯახითა და ურთიერთობებით, მისი კარიერული მიზნებით სხვების დაინტერესებით გამოწვეულ მზარდ ფრუსტრაციას, ერთ სივრცეში შეკრებილი ყოფილი შეყვარებული გოგო და საყვარელი კაცი ემატება. ერთი ოჯახური შეკრების კომიკური ამბავი მთავარი პერსონაჟის, დენიელის პორტრეტს გვიხტავს, რომლის მენტალური ჯანმრთელობის, სექსუალობის, ცხოვრების ქაოსში გარკვევის ამბავს ვეცნობით.
Teorema
პიერ პაოლო პაზოლინის 1968 წლის ფილმის, Teorema-ს გააზრება მრავალი მნიშვნელობით შეიძლება, თუმცა სიუჟეტი სექსუალური თვითაღმოჩენებისა და მიზიდულობის ირგვლივ არის აგებული. მაღალი კლასის ოჯახს სტუმარი ეწვევა, რომელიც მათ წარმოდგენებს საკუთარი თავისა და ურთიერთობების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
My Own Private Idaho
გას ვან სენტის 1991 წლის ფილმის, My Own Private Idaho-ს სანახავად მხოლოდ ერთი მიზეზიც კმარა — კიანუ რივზისა და რივერ ფენიქსის ეკრანზე ხილვა, თუმცა თუ მის ყურებას მხოლოდ ამ ამბის გამო გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ამბავი არანაკლებ მომაჯადოებელია. 2 ახალგაზრდა ბიჭის მოგზაურობა საკუთარი თავის შეცნობის, სამყაროში ადგილის მონახვის, მეგობრობის, ახალგაზრდული თვითგამორკვევის თემებს ეხება და ამ გზას მნახველიც მათთან ერთად გადის.
Cabaret
ცხოვრება კაბარეა! — ბობ ფოსის 1972 წლის ფილმი — Cabaret კი საუკეთესო არგუმენტი ამის დასამტკიცებლად. ეს მომაჯადოებელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილმი, რომელმაც ლაიზა მინელი ქვიარ ლეგენდად აქცია, მათ შორის, სექსუალობისა და გენდერის კვლევაა. ფილმი მთავარი პერსონაჟების სასიყვარულო სამკუთხედის, ეჭვების, ურთიერთობების, თავბრუდამხვევი ბურლესკ მგრძნობელობის ამბავზე ჰყვება 30-იანი წლების გერმანიაში, სადაც ნაცისტური გავლენა სულ უფრო ძლიერდება და სამყარო დანგრევის პირასაა მისული.
The Rocky Horror Picture Show
ჯიმ შარმანის 1975 წლის ფილმი — The Rocky Horror Picture Show ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე თავბრუდამხვევი სანახაობაა, რომელიც მნახველის თვალწინ სექსუალური თვითშემეცნების ფერად, გიჟურ, ადამიანებში მყარად ფესვგადგმული წარმოდგენების მსხვრევის გზას ასახავს. ამ საკულტო ფილმმა ქვიარ კულტურაზე, კინოზე დიდი გავლენა იქონია და ფილმის ნახვისას მის გავლენას თქვენც ცხადად იგრძნობთ.
Moonlight
რასიზმისა და სექსუალური თვითშემეცნების შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ფილმი, ბარი ჯენკინსის 2016 წლის ნამუშევარი — Moonlight აფრიკელ-ამერიკელი ბიჭის ბავშვობას, მოზარდობასა და ზრდასრულობას ასახავს. ბიჭი საკუთარი თავის მიღების, სექსუალური თვითგამორკვევის გზას გადის მასკულინურ გარემოში, რომელიც საკუთარი სექსუალობის შესახებ კითხვების დასმას ართულებს.
Carol
ტოდ ჰაინსის 2015 წლის ფილმი — Carol გასული საუკუნის 50-იან წლებში ქეით ბლანშეტისა და რუნი მარას პერსონაჟებს შორის ურთიერთობის განვითარების პოეტური ამბავია, რომელსაც ფონად სოციალური წნეხი გასდევს. ორ ადამიანს შორის სიყვარულის ჩასახვის შესახებ გადაღებული ეს ფილმი ჟესტებში, რიგით ფრაზებში, გაცვლილ მზერაში მიმალული მიზიდულობით მოგხიბლავთ, რისი ასახვაც მარამ და ბლანშეტმა შესანიშნავად შეძლეს.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების