Frameline

ამბები, რომლებიც გვაერთიანებს — მოკლემეტრაჟიანი ფილმები მოლდოვის ქვიარ კინოფესტივალიდან

დეკემბრის დასაწყისში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ქვიარ კინოფესტივალი, ქვიარ ხმები გაიმართა. ფესტივალის პროგრამა, ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ფილმებისა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებებს, ქვიარ ხელოვნების პრეზენტაციასა და მუსიკალურ ნაწილს მოიცავდა.


5 საუკეთესო ფილმი მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices


ამასთან, ქვიარ ხმების განსაკუთრებული ნაწილი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა იყო, რომელიც 23:00 საათიდან, მუსიკალური ღონისძიებების პარალელურად იმართებოდა და ამიტომ, სულ რამდენიმე ადამიანი თუ ესწრებოდა ხოლმე. არადა, სწორედ ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა დაიტია ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი – მსოფლიოს ირგვლივ, არაერთ ქვეყანაში ქვიარ ადამიანების თავსგადამხდარი ამბები გვაერთიანებს, ერთმანეთის გასაჭირს გვაზიარებს და გვიჩვენებს პროგრესის გზას, რომელსაც ნელა, მაგრამ მაინც გავდივართ. 

სტატიაში მოლდოვის კინოფესტივალზე ნანახ ექვს მოკლემეტრაჟიან ფილმს გაგიზიარებთ, რომლებიც ლგბტქი გამოცდილებების საერთაშორისო ნაკრებია. 

Two Spirit (2021) 

IDFA

კოლუმბიელი რეჟისორის, მონიკა ტაბოადა-ტაპიას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მკვიდრი მოსახლეობით დასახლებულ ადგილობრივ სოფელში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ამბავს გვიყვება. 

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანის ორბუნებოვნება [ქართულ ენაში გამოიყენებენ შესატყვის “ორი სულის მქონესაც”] ადამიანებისთვის ჩვეული იყო. თანამედროვე სამყაროში ტრანსგენდერი ქალი მარტოსული, ყველასგან გარიყული და იზოლირებულია. 

ფილმის მთავარი პერსონაჟის მიერ გაჟღერებული ფრაზა: “მხოლოდ სიყვარული გამაჩნია” მნახველის გონებაში დიდხანს დარჩება. თანაც, იმის ფონზე, რომ ადგილობრივი კაცები ტრანსგენდერი ქალის ყოველდღიურობის სატანჯველად ქცევისთვის არაფერს ერიდებიან — ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტენ, მის სახლს წვავენ, ცდილობენ, ადამიანს, რომელსაც მშვიდად ცხოვრების გარდა არაფერი უნდა, მუდმივად აგრძნობინონ, რომ მას არათუ სიყვარულის, არამედ პირადი სივრცის ღირსადაც კი არ მიიჩნევენ. 

My Mother’s Girlfriend (2021)

Lotus Visual Productions

არუნ ფულარას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მოხუცი ინდოელი ქალის დაბადების დღეზე გვეპატიჟება. რენუკა, რომელმაც მთელი ცხოვრება კაცს შესწირა და სიბერის ჟამს ქალის სიყვარულმა ცხოვრების სიყვარული დაუბრუნა, ცდილობს, რომ ოჯახთან ერთად დაბადების დღის წვეულების გატარებას თავი აარიდოს და ახალნაპოვნი ბედნიერებით დატკბეს. რენუკას ამბავი ტყუილში, შიშში, ოჯახურ პასუხისმგებლობებში გაფლანგული ცხოვრებისთვის ბოლო სიხარულის გამოძალვის მცდელობაა. 

“ვინ იცის, რა დრო დამრჩა, ცოდვები უნდა გამოვისყიდო“, — ეუბნება შვილს მოხუცი ქალი, რომელიც დაბადების დღის საყვარელ ქალთან ერთად გასატარებლად რელიგიურ რიტუალში მონაწილეობას ასახელებს. ამ ისტორიაში კი ცოდვა მხოლოდ ისაა, რომ ლესბოსელმა ქალმა მთელი ცხოვრება სხვების წარმოდგენებს შესწირა. 

Warsha (2022) 

Frameline

დანია ბედერის ლიბანური მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ახალგაზრდა გეი კაცის ამბავს გვიყვება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებში მშენებლობაზე მუშაობს და საკუთარი მისწრაფებების, სურვილების ძალით ახერხებს, რომ შიშისმომგვრელ გარემოს გაუმკლავდეს. 

ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ამწეზე აცოცებაა — ჩავარდნის რისკი დიდია, წონასწორობის შენარჩუნება რთული და როცა მუშა სიმაღლეზე აღწევას ახერხებს, შვებისგან, დაგროვილი სტრესისგან ჰაერს ღრმად ხაპავს, ხელში საოპერო მომღერლის ფოტოს იღებს და წარმოსახვის ძალით დრეგ შემსრულებლად გარდაიქმნება, რომელიც წითელი კაბით, ამწეზე დაკიდებული ჰაერში დანარნარებს. აღარც შიშია, აღარც სტრესი და მძიმე სამუშაო, მხოლოდ წარმოსახვა, რომელიც ჩვენი სურვილების გზაზე გვატარებს. 

Valienta Mujer (2021) 

DA

ესპანელი რეჟისორის, მარკ ვილალტას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი საშუალო ასაკის ტრანსგენდერი ქალის შესახებ გვიყვება, რომელიც სოციალურ შფოთვას, რეალურ შიშებს და თავდაჯერების არქონას უმკლავდება და ტრანზიციის შემდეგ პირველად გადის გარეთ.

რამდენად დამზაფვრელი შეიძლება იყოს, როცა გინდა, იმ საზოგადოებას, რომელიც შენ მიმართ ზიზღით არის სავსე, შენი რეალური თავი გააცნო, როგორ უნდა გაუმკლავდე სხვების წარმოდგენებს, რომლებიც შენი რეალობის ნაწილი არაა, როგორ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თვითაღმოჩენების გზის გავლის შემდეგ და არ გაგტეხოს ზეწოლამ, რომელიც ტრანსფობიური გარემოსგან არის ნაკარნახევი — ეს შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სწორედ ამ საკითხებზე აფიქრებს მნახველს. 

The Wonderful Years (2018) 

სვიტლანა შიმკოსა და გალინა იარმანოვას არქივში მოძიებული კადრებით აწყობილი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საბჭოთა დროის უკრაინაში მცხოვრები ქვიარ ქალების ისტორიებს გვიყვება. 

ჰეტერო ოჯახების მზერის, მჩაგვრელი სისტემის გვერდის ავლითა და ნათესავების წარმოდგენების დაცინვით (“უბრალოდ ჰგონიათ, რომ ერთ ბინას ვქირაობთ, 10 წელია”) პირადი ბედნიერების ძიება და სიყვარულის დევნა მაშინ, როცა ქვიარ ურთიერთობა უხილავი, მეტიც, ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის საშიში იყო, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრება სისტემის წინააღმდეგ გადადგმულ რადიკალურ ნაბიჯად იქცეს. 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს არქივში დაცული გადღაბნილი, შავ-თეთრი კადრების გამოყენებით მიღწეული ეფექტი, რომელიც გაცრეცილ, საზოგადოების მზერისგან ლამის გამქრალ ადამიანებს გვაცნობს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ბედნიერები არიან. 

A Wild Patience Has Taken Me Her (2021) 

BFI

ბრაზილიელი რეჟისორის, ერიკა ზაჰმეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი 50 წლის ლესბოსელი ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ლესბოსურ ბარში მიდის და ახალგაზრდა ქვიარ გოგოებს გაიცნობს. საშუალო ასაკის მოტოციკლისტი ქალი შაბათ-კვირას გოგოებთან ერთად ატარებს, მათი თვითაღმოჩენების, გამოცდილებების ამბებს ისმენს და საკუთარი თუ სხვა ქვიარ ადამიანების წარსულის ისტორიებზე თვალის გადავლებით იკვეთება პროგრესი, რომელიც უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე მიიღწა. 

ახალგაზრდა გოგოების უნარი, რომ საკუთარი სექსუალობა მიიღონ, მონოგამიურ ჩარჩოებს გასცდნენ და ცხოვრებით დატკბნენ, აცდენაშია იმ ადამიანების გამოცდილებასთან, რომელთაც მეტად მჩაგვრელ, არათანასწორ გარემოში მოუწიათ გაზრდა. ფილმი პატივის მიგებაა იმ ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთა ბრძოლა, ცხოვრებისეული მაგალითები, გასაიდუმლოებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დაკარგული ახალგაზრდობა, პროგრესის მიღწევის ქვაკუთხედად იქცა.


კინოფესტივალზე ნანახი ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, როგორია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მიღწეული პროგრესი, ჯერ კიდევ მძლავრია შფოთვა, რომლის გავლაც ქვიარებს ქუჩაში გამოსვლისას, მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენებისას, ხალხმრავალ სივრცეებში მოხვედრისას, ყველაზე ტრივიალური, რუტინული საქმიანობის შესრულებისას გვიწევს. 

ზოგ ქვეყანაში კი მდგომარეობა ჯერ კიდევ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, მაინც არსებობს იმედი, სიღარიბის, იზოლირების, ჩვენი გამოცდილებების დამცრობის მიუხედავად – ცხოვრებისთვის ბედნიერი დაბადების დღის მოპარვა, საყვარელი მუსიკით ნეტარების განცდა, ცარიელ ქუჩებში ხეტიალი თუ ჩვენივე წარმოსახვის კუნჭულებში მიმალული თავგადასავლების ამოქექვა, სანამ შეგვიძლია. სანამ ჩვენივე ამბების მოყოლის გამბედაობა გვაქვს, ჩვენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური ამბები არ დაიკარგება და ერთ დღეს დღის სინათლეს მაინც ნახავს გამოცდილებები, რომელთა მოსმენა არავის სურდა.

წინა

ქვიარის წლის შეჯამება

შემდეგი

ენდრიუ ტეიტი ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების