ქალთა მიმართ ძალადობა

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც

შენი სიჩუმე კლავს! —22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში აქცია-პერფორმანსი გაიმართება

დღეს, საქართველოს სამ ქალაქში — თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში ქალთა სიცოცხლის დასაცავად აქცია პერფორმანსი — შენი სიჩუმე კლავს! — გაიმართება. 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლს სიცოცხლე შვილების თვალწინ მოუსპო. „ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების

პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიურ სიძულვილზე ისაუბრეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა, მათ შორის, ხათუნა სამნიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ბექა ლილუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. 

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ქალები ოჯახში, სამსახურში, გართობის სივრცეებში თუ

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის“ დამტკიცებას გამოეხმაურნენ, რომლით სარგებლობასაც ტრანსგენდერი ქალები ვერ შეძლებენ. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი განმარტებულია, როგორც „პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულში და რომელმაც უშუალოდ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან რომელიც გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა“. დამტკიცებული წესის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანებად განიხილება ფსიქიკური ტანჯვით მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანიც. 

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ტრანს ადამიანებისთვის თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი არ არსებობს, რაც ძალადობის მსხვერპლ ტრანსგენდერ ქალებს კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობას ართმევს. 

“დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანს ადამიანი, რომელიც სქესის დამადასტურებელ ქირურგიულ ოპერაციას ჩაიტარებს და აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენს, ნებისმიერი დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, მარტივად იცვლის სქესის აღმნიშვნელ ჩანაწერს დაბადების სააქტო ჩანაწერში. რაც შეეხება ტრანს ადამიანებს, ვისაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ სურთ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ, ან ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო მატერიალური რესურსი არ გააჩნიათ, დამკვიდრებული პრაქტიკით გენდერის სამართლებრივი აღიარების უფლება შეზღუდული აქვთ”, — აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები: თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, პერიფერია და თემიდა სახელმწიფოს ახსენებენ, რომ სტამბულის კონვენციის ხელმოწერისას ნაკისრი ვალდებულების 30-ე მუხლის შესრულების მიუხედავად, “არ ასრულებს სტამბულის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებას იმაზე, რომ მსხვერპლთა უფლებების დამცველი ზომების მიღება ნებისმიერი (მათ შორის, გენდერული იდენტობის) ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი“. 

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ იმასაც, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერ ქალებს ხელი არ მიუწვდებათ ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ადმინისტრაციულ გარანტიებზეც. 

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს საქართველოში მცხოვრები ტრანს ადამიანებისა და სათემო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავებისკენ, საქართველოს მთავრობას თვითიდენტიფიცირებაზე დაფუძნებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმის აღსრულების უწყებათა ინტერსექტორული თანამშრომლობით მხარდაჭერისკენ, ხოლო იუსტიციის სამინისტროს თვითიდენტიფიცირებაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებისა და შექმნისკენ მოუწოდებენ.

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ“, — აღნიშნულია შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობას, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება.

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ქალები ოჯახში, სამსახურში, გართობის სივრცეებში თუ საჯარო ადგილებში განიცდიან შევიწროებას, არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის რისკის წინაშე. ხშირად სახელმწიფო მათ დაცვას ვერ ახერხებს, რასაც ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 13 ქალი მოკლეს. სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, ათ თვეში 18 ქალი.

პროკურატურის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით) მონაცემები წლების მიხედვითაც:

  • 2014 წელს საქართველოში მოკლეს 33 ქალი
  • 2015 წელს საქართველოში მოკლეს 17 ქალი
  • 2016 წელს საქართველოში მოკლეს 28 ქალი
  • 2017 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
  • 2018 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი
  • 2019 წელს საქართველოში მოკლეს 15 ქალი
  • 2020 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
  • 2021 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი

ამავე სტატისტიკით, 2014-2022 (აგვისტოს ჩათვლით) წლებში საქართველოში 186 ქალი მოკლეს. უწყება ამბობს, რომ “ოჯახური ნიშნით” ჩადენილია 92 ქალის მკვლელობა, ხოლო “სხვა მოტივით” – 94 ქალის მკვლელობა.

ამავე პერიოდში პროკურატურას აღრიცხული აქვს ქალის მკვლელობის მცდელობის 129 შემთხვევა, შორის “ოჯახური ნიშნით” 79, ხოლო “სხვა მოტივით” — 50.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) გამოიცა 6 520 შემაკავებელი ორდერი და სხვადასხვა ფორმის ძალადობის ჯამურად 7 921 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის:

  • ფიზიკური ძალადობის 1 662 შემთხვევა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობის 6 004 შემთხვევა;
  • ეკონომიკური ძალადობის 130 შემთხვევა;
  • სექსუალური ძალადობის 30 შემთხვევა;
  • იძულების 54 შემთხვევა;
  • უგულებელყოფის 41 შემთხვევა.

2021 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა კი 9 376 იყო და სხვადასხვა ფორმის ძალადობის ჯამურად 11 529 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის:

  • ფიზიკური ძალადობის 2 494 შემთხვევა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობის 8 627 შემთხვევა;
  • ეკონომიკური ძალადობის 203 შემთხვევა;
  • სექსუალური ძალადობის 50 შემთხვევა;
  • იძულების 72 შემთხვევა;
  • უგულებელყოფის 83 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს პროკურატურამ გენდერული დისკრიმინაცია სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე 732 ბრალდებულის შემთხვევაში გამოკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება, ხოლო 259 სხვა დანარჩენი. გახსნის მაჩვენებლად შსს-ს 64% აქვს მითითებული. რაც შეეხება წინა წელს, რეგისტრირებული იყო 395 ფაქტი, მათ შორის 133 გაუპატიურება, ხოლო 262 სხვა დანარჩენი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი ნახევარზე ნაკლები, 48%-ია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის “პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით”.

ქალთა მოძრაობა კანონის შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ “ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”.

სახალხო დამცველის განცხადებით, კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა.


ასევე ნახეთ: გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება — ქალების გამოცდილება და კანონი


დღეს, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა მოძრაობა საპროტესტო მარშს გამართავს და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან, შემოქმედებით სივრცეებთან, ღამის კლუბებთან, მუსიკალურ ფესტივალებთან ერთად გაუპატიურებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

“ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს, არის თუ არა გამოხატული ქალის ნება და თანხმობა. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის, სტამბოლის კონვენციას, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ჩვენ მოვითხოვთ კანონის ცვლილებას. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”, — განაცხადა მარშის დაანონსებისას ქალთა მოძრაობის აქტივისტმა, მარი კურტანიძემ.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოსთან მოთხოვნები გააჟღერონ.

25 ნოემბერს, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში იმართება

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა და „სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები“ ქალთა სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან. საპროტესტო მსვლელობის მიზანია ქალთა გაუპატიურების მიმართ არსებული მანკიერი მიდგომების შეცვლა.


„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“, — აღნიშნულია Facebook ღონისძიების აღწერაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა“.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადან „შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით“.

ქალთა მოძრაობა აკრიტიკებს საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა არ აინტერესებს.

„ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. თანხმობა გადამწყვეტია!“ — აღნიშნულია განცხადებაში.

საპროტესტო მსვლელობა გაიმართება 25 ნოემბერს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.

დოროყაშვილი მოსამართლეზე: განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების შემდეგ ნელი დოროყაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. მისი თქმით, ხარჩილავამ განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს.

“ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობებით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!”, — წერს დოროყაშვილი.

მისი თქმით, გაივლის ყველა ინსტანციას და ეს ქეისი გახდება მაგალითი.

“სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას, სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ, ბრალდებულის მხოლოდ 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო”, — წერს ნელი დოროყაშვილი.

ის მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს და აცხადებს, რომ ახლა იწყებს რეალურ ბრძოლას.

დღეს, 21 ოქტომბერს ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბასილაშვილი გაამართლა

ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. მისი განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში სასამართლომ ბასილაშვილის გამართლების გადაწყვეტილება ბრალდებულის სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩანაწერების საპირწონედ ნელი დოროყაშვილის მიერ იმავე აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენების გათვალისწინებით მიიღო.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს“, — აღნიშნა ხარჩილავამ.

ეკონომიკური ძალადობის ნაწილში ხარჩილავამ განაცხადა, რომ სასამართლომ ვერ მოიკვლია ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ჩვენება, რომლის თანახმადაც, ბასილაშვილი დოროყაშვილს დასჯის მიზნით საბანკო ბარათებს უბლოკავდა.

მოსამართლის განმარტებით, ფიზიკური ძალადობის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომასალის, რომელშიც ჩანს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს ჩოგნების ჩანთას ესვრის, ჩაწერა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული აღნიშნულ მტკიცებულებას პოლიციას წარუდგენდა, თუმცა დოროყაშვილმა ეს მტკიცებულება მხოლოდ 2 წლის შემდეგ წარადგინა.

გარდა ამისა, მოსამართლე ხარჩილავას თქმით, არ არსებობს სამედიცინო შემოწმებით დამტკიცებული ძალადობის კვალი, სასტუმროს ეპიზოდიდან მალევე გამოქვეყნებულ ფოტოებში კი დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები არის, მოსამართლის თქმით, ფოტოებზე ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ კიდურები ჩანს.

2020 წლის 21 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლემ განაცხადა, რომ ადგილიდან ამოღებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ძალადობის ფაქტი არ ჩანს.

გადაწყვეტილების ბოლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ძალადობის მსხვერპლ ქალებს “რჩევებიც” მისცა: „მინდა, თითოეულ მსხვერპლს ან პოტენციურ მსხვერპლს მოვუწოდო, რომ მათ მყისიერად უნდა მიმართონ პოლიციას, თუ თავად ვერ მიმართავენ, სხვა პირებს სთხოვონ, რომ მათი დახმარებით როგორმე მოხდეს შეტყობინების მიღება პოლიციის განყოფილებაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მისი პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ეს შეატყობინოს 112-ს ან პოლიციას. სასამართლო ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებისადმი და ამის ნათელი მაგალითია სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯაროა და შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასამართლოდან“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, სასამართლო სხდომის შესვენებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს. ხათუნა ხარჩილავამ გუშინ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. დღეს მან ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს არაეთიკური ქცევა იყო და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე მრავალწლიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფიზიკური ძალადობის 4, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მომხდარ ეპიზოდზე ედავებოდა. 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილი პოლიციამ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს; 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს; 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ნაკაიძე გუშინ, 16 აგვისტოს დააკავეს.

დღეს განცხადება გაავრცელა მთავარმა არხმა, სადაც წერია, რომ წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ტელევიზია თავს ვალდებულად მიიჩნევს შეაჩეროს ნაკაიძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა.

“მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – აცხადებენ ტელევიზიაში.

განახლება: პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული .. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა..-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვენ.

პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიურ სიძულვილზე ისაუბრეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა, მათ შორის, ხათუნა სამნიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ბექა ლილუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საკუთარ გამოსვლაში 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კარგად გააცნობიეროს, არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ გემოვნებას არ შეესაბამებიან და ისიც იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და მათი ვანდალიზმისგან დაცვის საჭიროებაზე საუბარი“.

სარჯველაძემ 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალის სიცოცხლის მოსპობის და 23 მაისს, გაჩერებაზე ქალის დაჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით, რათა ასეთი ფაქტები თავიდან აგვეცილებინა… უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ამოიძირკვოს ჩვენი საზოგადოებიდან, სადაც მას ფესვები მკვიდრად აქვს გადგმული“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ იმ ომს, რომელსაც ქართული ოცნება ყურადღებას არ აქცევს, ბოლო დღეებში 2 ქალის სიცოცხლე შეეწირა.

„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა. ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა და სასამართლო გაცემულ ორდერებს აუქმებს. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ უმძიმესი ტრაგედია იხილა. ქალთა მიმართ ძალადობა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პირებმა სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ, ხელისუფლება გადართულია იმ პროპაგანდაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი თურმე ოპოზიციის ბრალია. ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, ეს ომი არის მუდმივი, ამ ქვეყანაში ქალები კვდებიან. ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს სპეციალური ზომები, პროგრამები ცნობიერების ამაღლებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“,  — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმაც, რომელმაც პანდემიის პერიოდში ქალთა უსაფრთხოების დაცვის გართულებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა პოლიტიკური პლატფორმა და მხარდაჭერა გამოიყენონ, რათა ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს.

შენი სიჩუმე კლავს! —22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში აქცია-პერფორმანსი გაიმართება

დღეს, საქართველოს სამ ქალაქში — თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში ქალთა სიცოცხლის დასაცავად აქცია პერფორმანსი — შენი სიჩუმე კლავს! — გაიმართება.

21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლს სიცოცხლე შვილების თვალწინ მოუსპო. „ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღაამდეგ… ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად“ გამოსვლას გეგმავენ.

სამ ქალაქში დაგეგმილი აქცია-პერფორმანსი 22 მაისს გაიმართება: ზუგდიდში აქცია 15:00 საათზე, სკეიტპარკის ტერიტორიაზე გაიმართება, თბილისში ფილარმონიის წინ, 18:00 საათზე, ხოლო ბათუმში 6 მაისის პარკის მთავარ შესასვლელთან, 18:00 საათზე.

აქცია-პერფორმანსში მონაწილეობისთვის იხილეთ აღნიშნული ღონისძიება

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, ქალთა ასოციაცია — გვირილა და Femina არიან.