გენდერი განსხვავდება სქესისგან. მართალია, გენეტიკური ფაქტორები, როგორც წესი, განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს, მაგრამ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ გენდერულ იდენტობას. ამ სტატიაში განხილულია, რა არის გენდერული იდენტობა და მოცემულია სხვადასხვა გენდერული იდენტობის მნიშვნელობები.
გენდერი განსხვავდება სქესისგან. მართალია, გენეტიკური ფაქტორები, როგორც წესი, განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს, მაგრამ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ გენდერულ იდენტობას.
ამ სტატიაში განხილულია, რა არის გენდერული იდენტობა და მოცემულია სხვადასხვა გენდერული იდენტობის მნიშვნელობები.
რა არის გენდერული იდენტობა?
ვინაიდან ადამიანის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა ცალკეული ცნებებია, მნიშვნელოვანია მათ შორის განსხვავების ცოდნა.
სქესი
ადამიანის სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე, როგორებიცაა რეპროდუქციული ორგანოები, გენები და ჰორმონები. თუმცა, გენდერის მსგავსად, არც სქესია ბინარული (ორ ნაწილად დაყოფილი).
ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენები, რომლებიც ასოცირდება კაცთან ან ქალთან, მაგრამ მათი რეპროდუქციული ორგანოები, სასქესო ორგანოები ან ორივე შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს სქესობრივი განვითარების ვარიაციების სახელითაა ცნობილი — იგივე ინტერსექსი.
როგორც წესი, ადამიანები ტერმინებს „კაცი“, „ქალი“ ან „ინტერსექსი“ ადამიანის სქესის აღსანიშნავად იყენებენ.
გენდერი
გენდერი ბევრად უფრო დიდი და ჩახლართული რამაა, ვიდრე სქესი. გენდერი მოიცავს გენდერულ როლებს — საზოგადოებისა და ხალხის მოლოდინებს ადამიანის ქცევების, საუბრის, ფიქრებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ სქესს.
მაგალითად, იდეები იმის შესახებ, თუ როგორ ქცევას, ჩაცმულობასა და კომუნიკაციას ელიან კაცებისგან და ქალებისგან — ეს ყველაფერი გენდერს განსაზღვრავს. მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება სტერეოტიპულად ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. გენდერი ასევე სოციალური და სამართლებრივი სტატუსია.
სქესისა და გენდერის ერთმანეთში არევა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური, ანუ მინიჭებული, სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, ანატომიასა და ქრომოსომებზე, გენდერი კი არის საზოგადოების მოლოდინების, სტანდარტებისა და მახასიათებლების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და კაცები.
გენდერული იდენტობა
გენდერული იდენტობა ნიშნავს, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს შინაგანად და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს. ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები — ყველა მათგანი შეიძლება გახდეს ის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.
ბევრ დასავლურ კულტურაში ადამიანები ფემინურობას აკავშირებენ ქალთან, ხოლო მასკულინურობას — კაცთან, თუმცა ეს სოციალური კონსტრუქტი უფრო მრავალფეროვანია. ზოგი ადამიანი გრძნობს, რომ ის მასკულინური ქალია ან ფემინური კაცი. თუმცა, ზოგი არცერთს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს — მათ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ეწოდებათ და საკუთარი იდენტობის აღსაწერად შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „არაბინარული“, „გენდერქვიარი“, „გენდერფლუიდი“ და სხვა. საკუთარი გენდერული იდენტობისადმი გრძნობების გაჩენა ძალიან ადრეულ, 2-3 წლის, ასაკში იწყება.
► გაითვალისწინეთ, რომ გენდერული იდენტობა იგივე არ არის, რაც სექსუალური ორიენტაცია. გენდერული იდენტობა გულისხმობს, თუ რომელ გენდერს მიაკუთვნებს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს ქცევაში, საუბარში, ჩაცმულობაში და ა.შ. სექსუალური ორიენტაცია კი არის რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა სხვების მიმართ.
გენდერული იდენტობების სია
ბევრი სხვადასხვა გენდერული იდენტობა არსებობს. ქვემოთ მოცემული სია მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოიცავს:
-
აგენდერი: ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.
-
ანდროგინი: ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.
-
არაბინარული: ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.
-
ბიგენდერი: ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად კულტურულად ფემინურ და მასკულინურ როლებს წარმოაჩენენ.
-
გენდერფლუიდი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.
-
გენდერქვიარი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.
-
კაცი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).
-
ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit): ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.
-
პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი): ის, ვისი გენდერული იდენტობაც არაა შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.
-
სისგენდერი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.
-
ტრანსგენდერი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.
-
ტრანს*: უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.
-
ქალი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).
ისტორია
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და მათთან ასოცირებული იდენტობები ისტორიის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა ფორმით არსებობდნენ. საზოგადოებისგან მიმღებლობის განსხვავებული დონეებით ყველა კულტურაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იმავე სქესის ადამიანებთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობები ან რომელთა გენდერი, გენდერული იდენტობა და გენდერული ექსპრესია არ ჯდებოდა მიღებულ ჩარჩოებში.
გენდერი და საზოგადოების აღქმა
მათ, ვინც არ იდენტიფიცირდება იმ გენდერთან, რომელიც მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამისია, შეიძლება უამრავი სტრესული გამოცდილება ჰქონდეთ, რომლებიც ზრდის მენტალური პრობლემების რისკს, მაგალითად:
-
დეპრესიის
-
თვითდაზიანების
-
სუიციდური ფიქრების
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გენდერული მრავალფეროვნება თავისთავად არ იწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ პრობლემების სათავე საზოგადოები მხრიდან მიუღებლობა, ბულინგი, დისკრიმინაცია და სხვა უარყოფითი წინასწარგანწყობებია.
რამდენიმე ყოველდღიური გამოცდილება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს ადამიანის მოწყვლადობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, არის:
-
როდესაც თავს გარშემომყოფებისგან „განსხვავებულად“ ან იზოლირებულად გრძნობ
-
როდესაც გაბულინგებენ შენი გენდერული იდენტობის გამო
-
როდესაც გაძალებენ, რომ საკუთარი გენდერული იდენტობისადმი არსებული გრძნობები უარყო
-
იმის შიში ან იმაზე დარდი, როგორ მიიღებენ შენს გენდერულ იდენტობას შენთვის ძვირფასი ადამიანები, იმის შანსის გათვალისწინებით, რომ შეიძლება უარგყონ და იზოლირება მოგიწიოს
-
როდესაც ვერ გრძნობ მხარდაჭერას ძვირფასი ადამიანებისგან
-
როდესაც გრძნობ სტრესს იმის გამო, რომ იძულებული ხარ, შენს ბიოლოგიურ სქესს მოერგო
ასეთი ზეწოლა შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, განსაკუთრებით როდესაც მას სხვა ცხოვრებისეული პრობლემები ემატება, მაგალითად, სწავლა, სამსახური, ურთიერთობები და საკუთარი თავისა და სამყაროში ადგილის ძიება.
რესურსები და მხარდაჭერა
თუკი გიჭირთ საკუთარი გენდერული იდენტობის მიღება, ხართ ბულინგის მსხვერპლი, გაწუხებთ დეპრესია ან თავს იზოლირებულად გრძნობთ, შეგიძლიათ, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მიმართოთ სხვა LGBTQ+ ადამიანებს ან ქვიარ ორგანიზაციებს.
იხილეთ ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების სია.
♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა