ნანა ბუხნიკაშვილმა 11 წლის შვილს ცოტა ხნის წინ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთა. ეს ვაქცინა 18 წლამდე გოგოებისთვის საქართველოში უფასოა და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. “მე ბავშვობაში აცრილი ვარ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც
ნანა ბუხნიკაშვილმა 11 წლის შვილს ცოტა ხნის წინ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთა. ეს ვაქცინა 18 წლამდე გოგოებისთვის საქართველოში უფასოა და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს.
“მე ბავშვობაში აცრილი ვარ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც მაშინდელ კალენდარში იყო მონიშნული. სამწუხაროა, რომ მაშინ არ იყო პაპილომას აცრა, თორემ მასაც დიდი სიამოვნებით გამიკეთებდნენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუკი რომელიმე დაავადების პრევენცია შესაძლებელია, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ამიტომაც ჩემს შვილს ჩატარებული აქვს ყველა გეგმური აცრა, რომელიც მის ასაკს შეესაბამება. გარდა ამისა, ჩვენ ყოველწლიურად ვიტარებთ გრიპის ვაქცინაციასაც. პაპილომას გამოსარიცხად, მეც მუდმივად ვიკეთებ საშვილოსნოს ყელის სკრინინგს და რომ ავაცილო ნაწილობრივ მაინც ჩემს შვილს, სწორედ ამიტომ მივიღე აცრის გადაწყვეტილება”.
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. შემთხვევათა 95%-ს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ადგილზეა ქალების კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა შორის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გლობალურად, ყოველ ორ წუთში ერთი ქალი კვდება საშვილოსნოს კიბოს მიზეზით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზი სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოა. ავადობისა და სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში მცხოვრებ ქალებში ვლინდება და ამის მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური პროგრამების შეზღუდული ხელმისაწვდომობაა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები გვიან, კრიტიკულ სტადიაზე ვლინდება. საწყის ეტაპებზე ის თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ართულებს პრობლემის შემჩნევას.
კრიტიკულ სტადიას ახასიათებს არარეგულარული სისხლდენა; სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს; ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში; გადაღლილობა, წონაში კლება და მადის დაკარგვა; ვაგინალური დისკომფორტი და სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი.
მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამ სტატისტიკის შეცვლა და საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიერ შემუშავდა გლობალური ძალისხმევა, რომელიც დაავადების ელიმინაციისკენ იყო მიმართული. კამპანიის ფარგლებში სამეცნიერო ჟურნალში Lancet Oncology გამოქვეყნდა კვლევა, რომლის დასკვნითაც, ვაქცინაციისა და რეგულარული სკრინინგის პირობებში, შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორანტისა და გინეკოლოგის დოქტორანტის, სოფიო ბოჯგუას განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო (GACVS) კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები და ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგსა და უსაფრთხოებას. GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა.
“მშობლებს ვურჩევ, დროულად ჩაუტარონ თავიანთ შვილებს, გოგოებსაც და ბიჭებსაც იმუნიზაცია. დროულად იმიტომ, რომ უმჯობესია ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარდეს. 15 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორჯერადად, 6-თვიანი ინტერვალით სჭირდებათ. 15 წლის და უფროსი ასაკში აცრა მიზანშეწონილია სამჯერადი გრაფიკით მოხდეს. თუმცა ≥15 გოგოების ორჯერადი აცრაც ადეკვატურია. გასათვალისწინებელია, რომ აცრებს შორის ინტერვალი 12-15 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა!” – განუცხადა ქვიარს სოფიო ბოჯგუამ.
რა არის ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ)?
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) ვირუსების ჯგუფია, რომლებიც კანის ან ლორწოვანი გარსების ინფიცირებას იწვევს. სწორედ პაპილომავირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპებითაა (16 და 18 გენოტიპი) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, რომელიც უმეტესად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენს.
პაპილომავირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი და მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის გენოტიპები ნაკლებად ასოცირდება სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებთან და ხშირად თვითგანკურნებაც ახასიათებთ, ხოლო მაღალი რისკის გენოტიპები ონკოგენურია. ონკოგენურ ტიპებს შორის მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებიდან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. პაპილომა ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორისაა მე-6 და მე-11 ტიპი. ეს არ იწვევს სიმსივნეს, მაგრამ ასოცირებულია გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.
აპვ გავრცელებულია როგორც ქალებში, ასევე, კაცებში, განურჩევლად სექსუალობისა. არავაქცინირებული ქალების დაახლოებით 80% 45 წლამდე ასაკში ინფიცირდება ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური გზა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგია.
პრევენციულ ღონისძიებათა რიცხვს განეკუთვნება კონდომებისა და სხვა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებაც, თუმცა, მათი გამოყენებით პაპილომავირუსის გადაცემის რისკი მხოლოდ მინიმუმამდე მცირდება, რადგან ბარიერული კონტრაცეპტივები კანს ნაწილობრივ ფარავს.
ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული.
2020 წლის 17 ნოემბრიდან საქართველო საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგიის მონაწილე ქვეყანა გახდა. საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო საკითხია.
ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსახლეობაში სერვისების ინტეგრირებული განხორციელების საჭიროებას, ქალებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და ფინანსური დაცვის უზრუნველყოფას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში უფასოა და 3 წელში ერთხელ ტარდება.
სკრინინგისას პაპილომავირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ:
- პაპილომავირუსის (პაპ) ტესტი;
- კიბოსწინარე მდგომარეობის ან კანცერული დაზიანებების გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;
- შემთხვევის საჭიროებებიდან გამომდინარე, ატიპიური სურათის შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
“საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე”, — ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
ვაქცინაცია
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას, ის მსოფლიოში პირველი სიმსივნური დაავადებაა, რომლის პრევენციაც ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი.
მსოფლიოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო და ამ დროისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. მათ შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი და სხვა.
რაც შეეხება საქართველოს, პირველადი პრევენციის მიზნით, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 9-12 წლის გოგოებისთვის იყო შესაძლებელი, მოგვიანებით კი ეს შეიცვალა და დაემატა 13-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფიც. 10-12 წლის გოგოებში აცრების კურსი ორდოზიანია, ხოლო 13-18 წლის გოგოების ასაკობრივ ჯგუფში საჭიროა ასევე ორი ან სამი დოზაც. ასაკის მიხედვით განისაზღვრება აცრებსშორისი ინტერვალიც.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ოთხვალენტიანი ვაქცინით, რომელიც წარმოებულია აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ჯანდაცვის კომპანიის, Merck & Co., Inc-ის მიერ.
ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით. გარდა ამისა, ვაქცინაცია ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
ვაქცინა მაღალეფექტურია — აცრილების თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი და საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ პაპილომავირუსის ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი, რის შედეგადაც, მცირდება ინფექციის და მისგან გამოწვეული კიბოს შემთხვევები. წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში ბევრი წლის განმავლობაში რჩება და ავითარებს საპასუხო რეაქციას რეალური პაპილომავირუსის ინფექციის დროს.
“აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას, რითაც იგი ხელმისაწვდომი გახდა 9-13 წლის გოგოებისთვის. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად”, — აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე.
რადგან პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რეკომენდებულია მოზარდებში, სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებამდე. ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების შემდეგაც, თუმცა ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორც სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებამდე იქნებოდა.
სოფიო ბოჯგუას განმარტებით, 2014 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) განიხილა აპვ-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის აქამდე რეკომენდებული აპვ-ის ვაქცინაციის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, კვლევებზე დაფუძნებული შედეგების, ხარჯების დაზოგვისა და პროგრამული უპირატესობის გათვალისწინებით, ჯანმო აპვ-ის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაციის ნაცვლად, ორჯერადი ვაქცინაციის რეკომენდაციას გვაძლევს.
არსებობს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი და მეორე რიგის სამიზნე ჯგუფები. პირველი რიგის სამიზნე ჯგუფს 9-13 წლის ასაკის გოგოები წარმოადგენენ, რადგან ვაქცინა უფრო ეფექტურად მოქმედებს, ხოლო მეორე რიგის სამიზნე ჯგუფს უფრო მეტი ასაკის მოზარდი გოგოები მიეკუთვნებიან. ჯანმო-ს რეკომენდაციით, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველი რიგის სამიზნე ჯგუფში სრული მოცვით უნდა ჩატარდეს, მეორე რიგის სამიზნე ჯგუფში მხოლოდ რეალური ხელმისაწვდომობისა და ხარჯთეფექტურობის შემთხვევაში.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში, პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. პირველ ყოვლისა, საჭიროა ოჯახის ექიმთან ვიზიტი, რათა აცრა დაიგეგმოს და პაციენტი შესაბამის კლინიკაში გადამისამართდეს.
“სქესობრივად აქტიურ ქალსაც შეუძლია იმუნიზაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში, საჭიროა მასთან გამოვრიცხოთ ვირუსის არსებობა პაპ ტესტი და HPV გენოტიპირების გზით. შემდეგ პაციენტს ჩვეულებრივ ვუწევთ რეკომენდაციას ვაქცინაციაზე. თუმცა, ვაქცინაცია უფრო ეფექტიანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე და ასევე, 15 წლიდან ზემოთ საჭიროა 3 დოზით ვაქცინაცია”, – ამბობს სოფიო ბოჯგუა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და პროგრამაში არსებული ხარვეზები
ქვიარი რამდენიმე მშობელს ესაუბრა, რომლებმაც თავიანთი შვილების ვაქცინაცია გადაწყვიტეს. ისინი პროგრამის მთავარ ხარვეზად ინფორმაციაზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და ბიუროკრატიას ასახელებენ. უმრავლესობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აცრა უფასოა, ამის შესახებ ინფორმაცია პედიატრებსა და გინეკოლოგებს მათთვის არ მიუწოდებიათ.
“ჩემს შვილს ახლახან გავუკეთე აცრა. ეს გადაწყვეტილება პაპილომავირუსით ინფიცირების სტატისტიკიდან გამომდინარე მივიღე. ზოგადად, ამ ვირუსის შესახებ ძალიან მშრალი ინფორმაციაა ყველგან. ბევრი კითხვა მიჩნდებოდა, როცა სხვადასხვა სტატიას ვკითხულობდი, თუმცა თითქოს ყველგან ერთი და იგივე ინფორმაციაა სამედიცინო ენაზე. ვესაუბრე ჩემს გინეკოლოგს, მადონა ჯუღელს, რადგან ის მიმაჩნია ყველაზე კომპეტენტურად. შედეგად, მივიღე აცრის გადაწყვეტილება და ეს ავუხსენი ბავშვებსაც”, — გვიყვება ნანა აბაშიძე.
ნანა იხსენებს, რომ აცრამდე 4 საათის განმავლობაში პოლიკლინიკაში რიგში დგომა მოუწიათ, სადაც იყვნენ სხვა სერვისის მისაღებად მისული ადამიანებიც. ქვიარის რესპონდენტების თქმით, მართალია, ასეთი დეტალები ძალიან დამაბრკოლებელი არ არის, თუმცა მათი მოგვარება შეიძლება. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია დაინერგოს საინფორმაციო კამპანიები, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაში დაარწმუნებენ.
კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაპილომავირუსი გავრცელებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, უფასო ვაქცინაცია მხოლოდ გოგოებისთვისაა.
“სამი შვილი მყავს, ერთი გოგო და ორი ბიჭი. გოგო 11 წლის ასაკში ავცერი, რადგან ვიცი, რომ აუცრელობამ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. ბიჭებზე ვერაფერი მოხერხდა. არ არის უფასოო, მითხრეს. დღემდე არ არიან აცრილები, რადგან აცრის სრულად ჩატარებას ვერ გავწვდით”, — გვითხრა მან.
კიდევ ერთი მშობელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვისაც ეძებს კლინიკას, რომელიც მის ბიჭს უფასოდ აცრის.
2017 წლის მონაცემებით, პაპილომა ვირუსის ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში 11-მა ქვეყანამ შეიტანა ბიჭებისთვისაც.
ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ღირებულება დაახლოებით 2 000 ლარია. ამ თანხის გადახდა მოუწევთ როგორც ბიჭი შვილის მშობლებს, ასევე, 18 წელზე უფროს ქალებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საერთო მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. შესაბამისად, მსგავს პირობებში, მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, იმის ალბათობა, რომ 2 000 ლარს გადაიხდიან ვაქცინაში, რომლის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ, მკვეთრად მცირდება.
ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ქვიარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, თუ არსებობს მონიტორინგი და შესაბამისად, სტატისტიკა უკვე შესყიდული ვაქცინების გამოყენების შესახებ. ჩვენი კითხვა იყო ისიც, დაბალი მიმართვიანობის გამო, ხომ არ ფუჭდება ვაქცინები და შესაძლებელია თუ არა გამოუყენებელი დოზების უფასოდ გაცემა. NCDC-ის პასუხს დაახლოებით ერთი თვეა ველოდებით, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის (WHO, UNFPA, UNICEF, C/Can City Cancer Challenge) ეროვნული მექანიზმების შესამუშავებლად ითანამშრომლა, რომლებიც საჭიროა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ორგანიზებული პროგრამების პროგრესული განხორციელებისთვის საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ტვირთის შესამცირებლად. მხარეებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მომდევნო ნაბიჯები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის შესაბამისად საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მიზნით.
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა