23 წლის კრისტინა მუმლაძეს პმს-ის გამო ბევრჯერ შეუცვლია გეგმები, უარი უთქვამს აქტივობებზე. ვენეციაში, საოცნებო მოგზაურობის დროს გაუჩერებლად უტირია და სახლში ყოფნა უნატრია, ან უნივერსიტეტისკენ მიმავალი უკან გამობრუნებულა, რადგან ლექციაზე ყოფნა არ შეეძლო.
23 წლის კრისტინა მუმლაძეს პმს-ის გამო ბევრჯერ შეუცვლია გეგმები, უარი უთქვამს აქტივობებზე. ვენეციაში, საოცნებო მოგზაურობის დროს გაუჩერებლად უტირია და სახლში ყოფნა უნატრია, ან უნივერსიტეტისკენ მიმავალი უკან გამობრუნებულა, რადგან ლექციაზე ყოფნა არ შეეძლო.
მას შემდეგ, რაც ექიმის დანიშნულების შესაბამისად, კონტრაცეპტივის მიღება დაიწყო და ფიზიკურ აქტივობად ცურვა შეარჩია, პმს-ის სიმპტომებიც ნაწილობრივ შეუმცირდა. ამბობს, რომ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მის შემთხვევაში, სწორი კვებაც მნიშვნელოვანია.
“მაგ პერიოდიდან ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა მენტალობაშიც და ფიზიკურადაც და საერთოდ აღარ მახსოვდა, როგორი იყო პიემესით ცხოვრება, სანამ წინა თვეებში დაახლოებით ორი თვით კონტრაცეპტივებისგან შესვენება არ მომიწია, რადგან ანალიზებიც უნდა გამეკეთებინა. მაშინ დავინახე კონტრასტი — თურმე რას ვუძლებდი. ის ორი თვეც იყო საკმაოდ მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უკეთესობა მაქვს. კონტრაცეპტივის სმის დროსაც არის მძიმე დღეები, მაგრამ სანამ უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ აღწევს პიკს. გაღიზიანება და ადამიანებთან ჩხუბი დიდად არ მახასიათებს, ჩემივე ხასიათი და დეპრესიული განწყობა მიმძიმდება და სრულიად არარაციონალური ვხდები, მართლა ყველაფერზე შემიძლია ვიტირო გაუჩერებლად, სუნთქვა რომ გიჭირს, ისე. ნებისმიერი პატარა პრობლემა უდიდესად მეჩვენება და ყველა სიტუაცია გამოუვალი და უსაშველო მგონია”.
ახალი არ არის, რომ ჩვენს კულტურაში, რომელშიც ქალებისადმი ერთ-ერთ უმთავრეს ჩაგვრის ღერძად პატრიარქატი გვევლინება, საზოგადოებაში ქალებსა და მათ სხეულებზე კულტურისგან ნაწარმოებ უამრავ სტერეოტიპს ვაწყდებით. მათ შორისა ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ფესვგადგმული მოსაზრებაა, რომ ქალები ზედმეტად ემოციურები არიან. “გადაჭარბებული ემოციურობა”, “ხასიათის ცვლილება” და “გაღიზიანებადობა” კი, ხშირ შემთხვევაში, მენსტრუაციულ ციკლამდელ ფაზას ბრალდება.
პრემენსტრუალური სინდრომისა (პმს) და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის (პმდა) შესახებ სტერეოტიპები და საფუძველმოკლებული ხუმრობები მრავლადაა, ხოლო ცნობიერება და ზოგადი ცოდნა, რომელიც საზოგადოებას აღნიშნული სამედიცინო პრობლემის შეფასებაში დაეხმარებოდა — ნაკლებად. ამ სტატიაში ვეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ცოდნა და გაგიზიაროთ რესპონდენტების გამოცდილებები.
პრემენსტრუალური სინდრომი (პმს)
პრემენსტრუალური სინდრომი სხვადასხვა ფიზიკურ და ემოციურ სიპტომთა ერთობლიობაა, რომელიც გამოვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ტიპურად ეს პერიოდი ერთ ან ორ კვირას შეადგენს. აღნიშნული სიმპტომები მხოლოდ მენსტრუალური სისხლდენის დაწყების შემდეგ ქრება.
დეპრესიისკენ მიდრეკილება, ხასიათის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ტირილი, მადის ცვლილება (მომატება ან შემცირება/დაკარგვა), ძილის პრობლემები (უძილობა ან ძილიანობა), შფოთვა და სხვა პმს-ის დამახასიათებელი ემოციური ნიშნებია, ხოლო ფიზიკურ სიმპტომებს შორისაა მკერდის შეშუპება და ტკივილი, შებერილობა, წელისა და თავის ტკივილი, წყლის შეკავება ორგანიზმში და ა.შ. აღნიშნული ემოციური და ფიზიკური სიმპტომები ინდივიდუალურია, თუმცა ქალებისა და საშვილოსნოს მქონდე ადამიანების უმრავლესობას პმს-ის პერიოდში ერთი ან რამდენიმე სიმპტომი მაინც აქვს.
პრემენსტრუალური სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერული მოსაზრება, რომელზეც ყველა მედიკოსი თანხმდება, არ არის. ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ეს გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებით. საუბარია ჰორმონ ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებაზე, რომლებიც საშვილოსნოს მქონე ადამიანების სხეულებში ლუთეინური ფაზის დროს გვხვდება.
განასხვავებენ მენსტრუალური ციკლის რამდენიმე ფაზას:
- ფოლიკულური
- ოვულაციური
- ლუთეინური
- მენსტრუალური
ლუთეინურ ფაზაში სხეულებში პროგესტერონისა და ესტროგენის დონე 2 კვირის განმავლობაში იცვლება. ამ პერიოდში, გამსკდარი ფოლიკული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ იხურება და წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც მზარდი რაოდენობით პროგესტერონს გამოიმუშავებს. გამომუშავებული პროგესტერონი ენდომეტრიუმის გასქელებას იწვევს და, პოტენციური ნაყოფის საკვებად, სითხითა და ნუტრიენტებით ავსებს.
პროგესტერონი, ლუთეინური ფაზის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურის მსუბუქ, თუმცა მატებას იწვევს, რაც მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე შენარჩუნებულია.
რაც შეეხება ესტროგენის დონეს, ის ლუთეინური ფაზის უმეტეს ნაწილში მომატებულია. ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მატება სარძევე სადინარების გაფართოებასთანაა პირდაპირ კავშირში. შედეგად, სარძევე ჯირკვლები შუპდება და მტკივნეული ხდება.
პროგესტერონისა და ესტროგენის დონის ლუთეინურ ფაზაში ცვლილება შესაძლოა იყო გაღიზიანების, შფოთვის, განწყობის ცვლილებისა და სხვა ემოციური და ფიზიკური სიმპტომების გამომწვევი მიზეზი.
პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (პმდა)
პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (პმდა) პრემენსტრუალური სინდრომის მძიმე ფორმაა. ხანდახან მას მძიმე პმს-დაც მოიხსენიებენ. პმს-ის მსგავსად, აღნიშნული აშლილობის მქონე ადამიანები სისხლდენის დაწყებიდან ორი კვირით ადრე ემოციურ და ფიზიკურ სიმპტომების ფართო სპექტრით იტანჯებიან. პმდა იმდენად მწვავე სამედიცინო პრობლემაა, რომ ადამიანებს შორის, რომლებსაც პმდა აქვთ, ჰარვარდის სამედიცინო გამომცემლობის კვლევის თანახმად, 15%-ს თვითმკვლელობა უცდია. მასზე ცოტა ადამიანს სმენია და მათგან, ვისაც სმენია, კიდევ უფრო ცოტა ადამიანია ინფორმირებული აშლილობის შესახებ, მათ შორის მედიკოსებიც კი.
საშვილოსნოს მქონე ადამიანთა უმრავლესობას ყოველთვე აქვს პმს-ის სიმპტომები, თუმცა არა – პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის. პმდა-ის სიმპტომები ბევრად მძიმეა და ადამიანთა ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ამ პერიოდში, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება სოციალიზება, მუშაობა, ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება და სხვა.
პმდა-ის სიმპტომებს შორისაა ხასიათის მკვეთრი ცვლილება, ტირილი, ენერგიის სიმცირე, ჩვეული სასიამოვნო საქმიანობებისადმი ინტერესის დაკარგვა, უიმედობა, სუიციდური აზრები, მარტივად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, კონცენტრირების გართულება ან შეუძლებლობა, შეგრძნება, რომ კონტროლი დაკარგულია და ა.შ. ფიზიკური სიმპტომებიც, ემოციურის მსგავსად, პმს-ის მსგავსია, ოღონდ უფრო მწვავე ფორმებში. ლუთეინურ ფაზაში პმდა-ის მქონე პირებს ეზრდებათ კონკრეტული საკვების მიღების მოთხოვნილება, მადა გაზრდილია ან დაქვეითებულია, შეცვლილია ძილის ჩვეული გრაფიკი, მკერდი შეშუპებული და სენსიტიურია, ასევე, იწყება თავის, წელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ზოგადი უენერგიობა.
ვინაიდან პმდა უშუალო კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან, ქალების უმრავლესობას ორსულობისას პმდა-ის სიმპტომატიკა უქვეითდება, თუმცა, ორსულობის შემდგომ, ოვულაციის განახლებისთანავე, სიმპტომები ბრუნდება.
პმდა-ის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, პმდა-ის გამომწვი მიზეზები ზუსტად განსაზღვრული არ არის. რიგი მოსაზრებით, ჰორმონალური ცვლილებების გარდა, ის დაკავშირებულია გენეტიკასთან, ტრავმასა და სტრესთან, რადგან ფიზიკური ან/და ემოციური ძალადობა ამწვავებს პმდა-ის სიმპტომებს.
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და გამომწვევი მიზეზები
ხანდახან სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ, რიგ შემთხვევაში, ქალები ჰისტერექტომიასა და ოვარიექტომიას, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთას ირჩევენ, იმისთვის, რომ პმს-ისა და პმდა-ს სიმპტომები გაუქრეთ, გადარჩნენ და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლონ. ვაისის სტატიის თანახმად, ათობით ქალთან ინტერვიუს შედეგად ირკვევა, რომ ქალებმა, რომლებიც პმდა-ით იტანჯებოდნენ, მსხვერპლად გაიღეს თავიანთი რეპროდუქციული ორგანოები იმიტომ, რომ თვის განმავლობაში, პმდა-ს სიმპტომებს უბრალოდ ვეღარ უმკლავდებოდნენ.
“ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამ პრობლემით სხვადასხვა ექიმთან უშედეგოდ დავდიოდი და ბევრ განსაკურნებელ რაღაცას ვცდილობდი,” — აღნიშნავს ერთ-ერთი ქალი, რომელმაც საშვილოსნო ამოიკვეთა. მეორეს თქმით კი, ის რაღაცები, რაც ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობდა და სიმპტომებს შველოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ეფექტს კარგავდა, რასაც ქალი სასოწარკვეთამდე მიჰყავდა. გარდა ამისა, თითოეული ახალი მცდელობისას მას რამდენიმე ციკლი უნდა მოეცადა, რათა გაეგო, წარმატებით იმოქმედებდა თუ არა ესა თუ ის გადაწყვეტა.
მომდევნო პრობლემა, რომელსაც ქალები აწყდებიან, არის სირცხვილი, რომელიც პმს-ის სიმპტომებს თან ახლავს და რომელსაც განაპირობებს ხალხში არსებული წინასწარგანწყობები, რომლის მიხედვით, ქალების მიერ ემოციის ნებისმიერი გამოხატვა მათ გენდერსა და პმს-ს მიეწერება. ხასიათის ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანია სექსის სურვილი და მომატებული აღგზნებადობა, რომელზეც ქვიარს ერთ-ერთი რესპონდენტი ესაუბრა.
პატრიარქატის დომინაციის პირობებში, რომელშიც ქალების სექსუალობა არასერიოზულად, მეორეულადაა აღქმული, რთულია იყო ქალი და შენს სექსუალურ მოთხოვნილებებზე საუბრობდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს, რიგ შემთხვევაში, პმს-ს უკავშირდება. სექსუალური სურვილები პმს-თან კომბინაციაში ბევრად ტაბუირებულია, ვიდრე სექსის სურვილზე საუბარი. ქალთა მიჩქმალული სექსუალობა და არასერიოზულად, წარმოსახვითად აღქმული ფიზიოლოგია ორმაგად შემაშინებელია ქალებისთვის და პრობლემურს ხდის ამაზე ხმამაღლა საუბარს.
სირცხვილნარევი სიმპტომები
რესპონდენტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, გვითხრა, რომ პმს მისთვის მომატებულ სექსუალურ სურვილებთან ასოცირდება.
“პმს-ის დროს სექსუალურ-ფიზიკური სიახლოვის სურვილიც მიმძაფრდება და უფრო horny ვხდები რაღაცნაირად. სითბოსა და ჩახუტების მოთხოვნილებაც მეტად მაქვს. მინდა, რომ ჩამეხუტონ, თავზე ხელი გადაგისვან, მითხრან, რომ ვუყვარვარ და მათთვის ძვირფასი ვარ,” – გვიყვება ის.
ქვიარის კიდევ ერთი რესპონდენტი, ანა მებურიშვილი გვეუბნება, რომ მას ლუთეინურ ფაზაში პმს-ის სიმპტომები აღენიშნება. მისი თქმით, სიმპტომები ტიპურია და ერთი კვირით ადრე იწყება.
“ეს გამოიხატება სახეზე გამონაყარით. გამონაყარი რომ მიჩნდება, უკვე ვხდები, რომ მენსტრუაცია “გზაშია”. ამას ემატება მუცლის შებერილობაც. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს სხეულმა სიმკვრივე დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ვვარჯიშობ. ამ პერიოდში უფრო ნაკლებად ვაქტიურობ ფიზიკურად, მეტად მოდუნებული ვარ და უფრო სწრაფადაც ვიღლები. თვის სწორედ ამ დროს მიმძაფრდება მადა და სნექები ან ტკბილეული მინდება ხოლმე, რომლებსაც სხვა დღეებში იშვიათად ვჭამ და ვეკარები. ზოგადად, ჩემი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ამინდის ცვლილებების მიმართ, ჰოდა, ეს უფრო მიმძაფრდება პმს-ის დროს — უფრო მცივანა ვხდები ან სიცხე ჩვეულებრივზე მეტად მაწუხებს.,” – გვიყვება ანა.
ანა, გავრცელებული შეხედულების მსგავსად, მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებს ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირებს. ის, ასევე, გვიზიარებს თავის გამოცდილებას წამლებთან მიმართებით, რომლებსაც გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ იღებს.
“დაახლოებით 5 თვეა, გინეკოლოგის მიერ დანიშნულ წამლებს ვსვამ, რომელმაც ციკლი მომიწესრიგა და სიმართლე რომ ვთქვა, წინამენსტრუალური პერიოდიც და მენსტრუაციის პირველი დღეები უფრო ადვილად გადამაქვს, ვიდრე ადრე. ანუ, საშინელი ფიზიკური ტკივილები, სპაზმები მუცლისა და წელის არეში ისე აღარ მაწუხებს ხოლმე, ან თუ მაწუხებს, ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად.”
პმს-თან და პმდა-სთან გამკლავების გზები
პატრიარქატი აღნიშნულ საკითხში არამხოლოდ ქალთა მიმართ არასერიოზული დამოკიდებულით იკავებს აქტორის როლს, არამედ – სამედიცინო სფეროში კაცების დომინირებითაც, რაც, თავის მხრივ, პმს-სა და პმდა-ს წარმოსახვით პრობლემად მიიჩნევს და სათანადოდ არ იკვლევს.
რიგი მოსაზრების მიხედვით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ არსებობს ჯეროვანი მკურნალობა, რომელიც ქალებს პმს-თან და პმდა-სთან გამკლავებას გაუმარტივებს, როცა აღნიშნული სამედიცინო კონდიციების სიმპტომები ისეთი ცხადი და ხელშესახებია, რომ ქალები ისეთ რადიკალურ მეთოდებსაც კი მიმართავენ, როგორიც საკვერცხის ამოკვეთაა.
პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ინფორმაციას ფლობდეთ პმს-სა და პმდა-ს შესახებ, რათა არსებული სიმპტომები მარტივად ამოიცნოთ და თქვენს წარმოსახვას არ მიაწეროთ, როგორც ეს ბევრი ქალის შემთხვევაში ხდება. შეამცირეთ სტრესი და ისეთი პრაქტიკები, რომლებიც თქვენს ფსიქოემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს — სტრესის შემცირება მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, რადგან თვის ამ პერიოდში ზრუნვა არამხოლოდ სასარგებლო, საჭიროც კია.
ვინაიდან, პმს და პმდა არა სრულად დადასტურებით, თუმცა მაინც უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს, აუცილებელია ჰორმონების დაბალანსებული დონეების ქონა, რაც, თავის მხრივ, სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობის ჯანსაღი რაოდენობით მიიღწევა, რაც უმრავლეს შემთხვევაში, ქალებისთვის ფუფუნებაა. მიუხედავად ამისა, თუ გინდათ, რომ სიმპტომებს დაეხმაროთ, იმოძრავეთ, მიღეთ ბევრი წყალი, ხილი და ბოსტნეული.
ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების გამოვლინების შემცირებას, როგორებიცაა: შებერილობა, თავის ტკივილი, შფოთვა და სხვა. გარდა ამისა, ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც — ფიზიკურისთვის. აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასთანა და ცხოვრებისეულ კმაყოფილებასთან. ვარჯიში დაკავშირებულია ენდორფინის, დოპამინის, ადრენალინისა და ენდოკანაბინოიდის დონის ზრდასთან, რაც თავს ბედნიერად, კმაყოფილად, მეტად თავდაჯერებულად და სტრესისაკენ ნაკლებად მიდრეკილად გვაგრძნობინებს.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა