მარინა კალიურანდი

5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და მოქმედი პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ – კალიურანდი

10 თებერვალს ევროპისა და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს საგარეო კურსი, განხორციელებული რეფორმები და იმ დამატებითი ძალისხმევის აუცილებლობა განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საქართველო-ევროკავშირის

5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და მოქმედი პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ – კალიურანდი

10 თებერვალს ევროპისა და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს საგარეო კურსი, განხორციელებული რეფორმები და იმ დამატებითი ძალისხმევის აუცილებლობა განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გააჟღერა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც საქართველოს დაევალა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გასამართლება.

„საქართველოში დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლინებას კანონი კრძალავს, მაგრამ მაინც, ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა კვლავაც გამოწვევებით არის სავსე, რაც გასული წლის ტრაგიკულ მოვლენებშიც აისახა, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მშვიდობიანი დემონსტრანტი იქცა თავდასხმის სამიზნედ, რასაც შედეგად 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩაშლა მოჰყვა. ველით, რომ ძალადობრივი ქმედებების ყველა ორგანიზატორსა და მოქმედი პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.’’ – აღნიშნა კალიურანდმა.

კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტი მოხარულია, რომ ევროინტეგრაციას ქართველი ხალხი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმებიან გენდერული კვოტირებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გაწეულ შრომას, თუმცა რიგ საკითხებში კვლავ მეტი სამუშაოა.

„უკეთესობისკენ ცვლილება კვლავაც გამოწვევაა რიგ საკითხებში, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ 2020 და 2021 წლების არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებზეც, მოსამართლეთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობის საჭიროებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და საკონსტიტუციო რეფორმის გაჭიანურებულ პროგრესზე, ასევე, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მოქალაქეთა მოსმენის, მათ შორის, ევროკავშირის ელჩების მოსმენის შემთხვევებს. სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ პოლიტიკური ველი კვლავაც პოლარიზებულია და მედიის თავისუფლებაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც დემოკრატიის შენების პროცესს აზიანებს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბ ნარატივებთან ბრძოლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ ძნელბედობის ჟამს.

შეხვედრის დასასრულს ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, რუსეთის უკრაინისკენ მიმართული მზარდი დაძაბულობის ჟამს, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოების ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არის მიმართული და ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო კურსი.