ლიბიდო

რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. ასექსუალებს ასევე ზოგადად სექსუალური აქტივობების მიმართ ძალიან დაბალი ლტოლვა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველა ასექსუალი

რას ნიშნავს ასექსუალობა? — მითები და ფაქტები

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას გულისხმობს. ასექსუალებს ასევე ზოგადად სექსუალური აქტივობების მიმართ ძალიან დაბალი ლტოლვა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულად უდგება სექსუალურ ინტიმურობას — ასექსუალობა უფრო მეტად სპექტრია, ვიდრე მკაცრი წესების წყება.

მაგალითად, ზოგი ასექსუალი გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას, მაგრამ არ აქვს სექსუალური ინტიმურობის სურვილი; ზოგს შეიძლება უნდოდეს სექსი ან მასტურბაცია, მაგრამ მაინც მთლიანად არ გრძნობდეს სხვების მიმართ მიზიდულობას. გარდა ამისა, ზოგი შეიძლება სხვასთან ან საკუთარ თავთან სექსუალურ აქტივობებში ჩაერთოს, მაგრამ ამის კეთება სიამოვნებას არ ანიჭებდეთ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

სხვა ტიპის მიზიდულობა

ასექსუალები, რომლებსაც სექსუალურად არ იზიდავენ სხვები, მაინც შეიძლება გრძნობდნენ მიზიდულობის სხვა ფორმებს. ასეთებია, მაგალითად:

  • რომანტიკული მიზიდულობა: ვინმესთან რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი

  • ესთეტიკური მიზიდულობა: როდესაც ვინმე გიზიდავს მისი გარეგნობის გამო

  • შეხებითი, ანუ ფიზიკური მიზიდულობა: ვინმეს შეხების ან ჩახუტების სურვილი

  • პლატონური მიზიდულობა: ვინმესთან მეგობრობის სურვილი

  • ემოციური მიზიდულობა: ვინმესთან ემოციური კავშირის ქონის სურვილი

თავისუფლად შეიძლება, ასექსუალი ადამიანი მიზიდულობის ზემოთ ჩამოთვლილ (და უამრავ სხვა) ფორმებს გრძნობდეს.

► ასექსუალ ადამიანს შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს იმავე ან სხვა გენდერის მქონე ადამიანები. ბევრ ასექსუალ ადამიანს უნდა — და აქვს — რომანტიკული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს როგორც სხვა ასექსუალებთან, ისე არაასექსუალ ხალხთანაც.

არის თუ არა ასექსუალობა არჩევანი?

ასექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა,  ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა, და ისევე, როგორც მათ შემთხვევაში, არც ასექსუალობას აქვს რამე „გამომწვევი მიზეზი“. ადამიანი, უბრალოდ, ან არის ასექსუალი ან არ არის. ასექსუალობა არ არის გენეტიკური, ტრავმის შედეგი ან რამე სხვა მიზეზით გამოწვეული.

ბევრი ადამიანი მცდარად ფიქრობს, რომ ასექსუალებს რაღაც „სჭირთ“. სამყარო მიჩვეულია იმის დაშვებას, რომ ყველა გრძნობს სექსუალურ მიზიდულობას, რის გამოც ასექსუალი ადამიანები შეიძლება იმაზე დარდობდნენ, რომ ამ მიზიდულობის არქონა რამე პრობლემაზე მიანიშნებდეს. მაგრამ ასექსუალობა არ არის ჯანმრთელობის პრობლემა და ისეთი რამ, რასაც „გამოსწორება“ სჭირდება. ასექსუალობა იგივე არ არის, რაც ინტიმურობის შიში, ლიბიდოს ნაკლებობა, სექსუალური რეპრესია, სექსუალური ავერსია თუ სექსუალური დისფუნქცია. ეს პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აწუხებდეს, განურჩევლად მისი სექსუალური ორიენტაციისა.

► აღსანიშნავია, რომ ასექსუალობა იგივე არ არის, რაც სექსისგან თავშეკავება (სექსზე უარის თქმა) რელიგიური ან ფილოსოფიური მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევებში სექსუალური მიზიდულობა შეიძლება არსებობდეს, თუმცა ადამიანი, უბრალოდ, მის გამოხატვაზე ან მის მიხედვით მოქმედებაზე თავად ამბობდეს უარს.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა ასექსუალი?

ზოგჯერ საკუთარი ასექსუალობა თავიდანვე აშკარა არაა ადამიანისთვის. ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ ასექსუალობას ისე ფართოდ არ განიხილავენ, როგორც ჰეტეროსექსუალობას ან ჰომოსექსუალობას, ამიტომაც ამ თემის ცნობადობა დაბალია. ზოგმა ადამიანმა საერთოდაც არ იცის, რომ ასექსუალობა არსებობს და ის სექსუალური ორიენტაციის ფორმაა.

გარდა ამისა, ისევე, როგორც ვიღაცას შეიძლება დრო დასჭირდეს იმის გასარკვევად, რომ ლესბოსელია, გეია, ბისექსუალია, ტრანსგენდერია ან ქვიარია — ადამიანს ასევე შეიძლება ფრთხილი თვითანალიზი სჭირდებოდეს, რათა აღმოაჩინოს, რომ ასექსუალია.

იმის გარკვევაში ხელშესაწყობად, ხართ თუ არა ასექსუალი, იფიქრეთ, გამოგიცდიათ თუ არა ჩამოთვლილი შემთხვევები:

  • ხედავთ, რომ სხვები პირობითად მიმზიდველები არიან, მაგრამ იშვიათად (თუკი საერთოდ) გრძნობთ მათ მიმართ სექსუალურ მიზიდულობას

  • სხვებთან, მათ შორის თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, სექსუალურ აქტივობებში ჩართვის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • მასტურბაციის ძალიან მცირე სურვილი გაქვთ ან საერთოდ არ გაქვთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ არ გსიამოვნებთ

  • სექსუალურ ინტიმურობაში ერთვებით, მაგრამ ეს იშვიათად ხდება თქვენი ინიციატივით

  • იშვიათად ფიქრობთ სექსზე

  • სექსუალური ინტიმურობა ან მასზე ფიქრიც კი არ გგონიათ საყურადღებო, ამაღელვებელი, საინტერესო ან მნიშვნელოვანი

  • გიჭირთ სხვა სექსუალურ ორიენტაციებთან — მათ შორის ჰეტეროსექსუალობასთან, ჰომოსექსუალობასთან, ბისექსუალობასა და პანსექსუალობასთან — საკუთარი თავის გაიგივება

  • ძალიან ცოტათი ან საერთოდ არ გსურთ რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნა

  • ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების რამე კომბინაციას დიდი ხანია გრძნობთ, შესაძლოა, სულაც, მოზარდობიდან მოყოლებული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ასექსუალი ადამიანი განსხვავებულია. უმჯობესია, ასექსუალობა ისე აღიქვათ, როგორც სპექტრი, და იფიქროთ, ამ სპექტრის რომელიმე საფეხური თუ შეგესაბამებათ, ნაცვლად იმისა, რომ რამე ზუსტ ჩარჩოებში მოქცევა სცადოთ.

ასექსუალი, დემისექსუალი და გრეისექსუალი

ტერმინებს „დემისექსუალი“ და „ასექსუალი“ ხშირად ერთმანეთის სინონიმებად იყენებენ. მართალია, გარკვეულწილად ისინი ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა ეს ორი ორიენტაცია, რეალურად, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ის, ვინც დემისექსუალია, გრძნობს სექსუალურ ლტოლვას სხვების მიმართ და სიამოვნებას იღებს სექსუალური ინტიმურობისგან, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანთან ძლიერ ემოციურ კავშირს ჩამოაყალიბებს.

დემისექსუალობა, ტექნიკურად, ასექსუალობის სპექტრზეა, ისევე როგორც გრეისექსუალობა — სექსუალური ლტოლვისა და მიზიდულობის ქონა, თუმცა იშვიათად ან/და დაბალი ინტენსიურობით.

ასექსუალობა თუ ლიბიდოს დროებითი ნაკლებობა?

ერთმანეთისგან განსხვავდება ლიბიდო, სქესობრივი ლტოლვა და სექსუალური (სქესობრივი) მიზიდულობა.

  • ლიბიდო, იგივე „სექს-დრაივი“, გულისხმობს სექსის ქონის, სექსუალური სიამოვნებისა და განტვირთვის მიღების სურვილს. ზოგი ადამიანი ამას ქავილის შეგრძნებას ადარებს.

  • სქესობრივი ლტოლვა აღნიშნავს სექსის ქონის წადილს, იქნება ეს სიამოვნებისთვის, პიროვნული კავშირის დასამყარებლად, რეპროდუქციისთვის თუ რამე სხვა მიზნით.

  • სექსუალური მიზიდულობა გულისხმობს ისეთი ადამიანის პოვნას, ვინც სექსუალურად გიზიდავს და ვისთანაც სექსი გსურს.

უამრავ ადამიანს, ვინც ასექსუალია, დაბალი ლიბიდო აქვს და სექსის სურვილი არ უჩნდება. ამავენაირად, ბევრ ასექსუალს მაინც აქვს ლიბიდო და შეიძლება გრძნობდეს სქესობრივ ლტოლვას.

► ასექსუალები შეიძლება მასტურბირებდნენ ან კავდებოდნენ სექსით.

ასექსუალობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებს. ეს ნიშნავს, რომ ის სექსუალურ მიზიდულობას ვერ გრძნობს.

ასექსუალ ადამიანს ბევრი სხვადასხვა მიზნით შეიძლება ჰქონდეს სექსი, მათ შორის:

  • ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად

  • რეპროდუქციისთვის (ბავშვის გასაჩენად)

  • პარტნიორისთვის სიამოვნების მისანიჭებლად

  • სექსისგან ფიზიკური სიამოვნების მისაღებად

  • სითბოსა და სიყვარულის გასაცემად და მისაღებად

  • სექსისგან შეხებითი სიამოვნების, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის ან ჩახუტების, მისაღებად

► ცხადია, ზოგ ასექსუალს საერთოდ არ აქვს სექს-დრაივი ან სქესობრივი ლტოლვა — და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ასექსუალობა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

წლებთან ერთად ლიბიდოს შემცირება ხშირად იგივე არაა, რაც ასექსუალური ორიენტაცია. ლიბიდოს შემცირების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და დეპრესია, გარკვეული მედიკამენტები და დანამატები, დაავადებები, სტეროიდები, ჰორმონალური ცვლილებები და დისბალანსი.

მაგალითად, ქალებს მენოპაუზის დროს დიდი ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად უმცირდებათ სქესობრივი ლტოლვა. თუკი ეჭვობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზის გამო დაბალი ლიბიდო გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

ზოგ შემთხვევაში დაბალი სქესობრივი ლტოლვა ასევე შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, სექსის გამო შერცხვენის და სხვა უარყოფითი სექსუალური გამოცდილებების. ასეთი ტრავმების დასაძლევად უმჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

როგორ მუშაობს ასექსუალობა ურთიერთობებში?

თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთი რომანტიკული ურთიერთობის ქონა, რომელშიც ერთ-ერთი პარტნიორი ასექსუალია, მეორე კი — არა. ამისთვის მხოლოდ გულწრფელი კომუნიკაციაა საჭირო, რაც ყველა ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ნაწილია.

თუკი ასექსუალი ხართ, სჯობს, პარტნიორს ესაუბროთ სექსუალური აქტივობების იმ ფორმებზე, რომლებიც თქვენთვის მისაღებია, ასევე სექსთან დაკავშირებულ სხვა საზღვრებზე. ზოგ ასექსუალ ადამიანს აქვს სექსი, რადგან ლტოლვა განსხვავდება სექსუალური მიზიდულობისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან სექსის სურვილი და საჭიროება არ გაგაჩნდეთ, მაგრამ სექსი ზოგჯერ გინდოდეთ. ყველა ასექსუალი განსხვავებულია. ზოგმა შეიძლება სექსი მთლიანად უარყოს, ზოგი გულგრილი იყოს მის მიმართ, ზოგს კი სიამოვნებდეს.

თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გსურთ, მაგრამ პარტნიორს ბევრად მაღალი სექს-დრაივი აქვს, შეგიძლიათ, ღია (თავისუფალი) ურთიერთობა სცადოთ, სადაც მას სხვა სექსუალური პარტნიორები ეყოლება, თუმცა ემოციურ ერთგულებას თქვენ მიმართ შეინარჩუნებს.

► გახსოვდეთ, რომ მაღალი სექს-დრაივი და სექსის ხშირად ქონის სურვილიც აბსოლუტურად ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ შეეწყობიან.

როგორ შეიძლება ახსნათ საკუთარი ასექსუალობა?

ერთ რამეს ხაზი უნდა გაესვას: არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია აუხსნათ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც იგრძნობთ იმის საჭიროებას ან სურვილს, რომ საკუთარ სექსუალობაზე ვინმეს ესაუბროთ.

მაგალითად, შეიძლება, იგრძნოთ, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განხილვა გსურთ თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან, უახლოეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. თუკი თქვენი სურვილია, რომ საკუთარი ასექსუალობა ვინმეს განუმარტოთ, საუკეთესო მიდგომაა პირდაპირი გულწრფელობა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ცნება ბევრისთვის უცნობია.

შეგიძლიათ, იმის ახსნით დაიწყოთ, რომ ასექსუალობა ორიენტაციაა — ისეთივე, როგორიც გეი, ქვიარი ან პანსექსუალი. ვიღაც ადამიანებს ერთი გენდერი იზიდავთ, ვიღაცებს — ბევრი, ზოგი კი სექსუალურ მიზიდულობას საერთოდ არ გრძნობს.

ახსენით, ზუსტად რას გრძნობთ და რას არ გრძნობთ. თუკი რომანტიკულ პარტნიორს ესაუბრებით, განიხილეთ, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს თქვენს სექსუალურ ურთიერთობაზე.

გახსოვდეთ, რომ ასექსუალობა სპექტრია და არცერთ ორ ადამიანს ამ სპექტრზე არ აქვს ზუსტად ერთნაირი სქესობრივი ლტოლვა ან მიზიდულობა სხვების ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უკეთ გააზრება თქვენი თავის უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარებათ.

შესაძლოა, სექსუალურ მიზიდულობას ძალიან ცოტათი გრძნობდეთ ან საერთოდ არ გრძნობდეთ. ის, თუ როგორ განსაზღვრავთ საკუთარ სექსუალობას, ორიენტაციასა და იდენტობას, მხოლოდ თქვენი არჩევანია და მხოლოდ თქვენ წყვეტთ, რას ნიშნავს ასექსუალობა თქვენთვის.

წყაროები: Verywell Mind, Healthline

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.