სექსუალური განათლება, განსაკუთრებით კი ლგბტქი სექსუალური განათლება, თითქმის არ არის ხელმისაწვდომი მოზარდებისთვის საქართველოში, სადაც სექსიც და ქვიარობაც ტაბუდადებული თემებია. კვლევები აჩვენებს, რომ ლგბტქი მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, სქესობრივი გზით
სექსუალური განათლება, განსაკუთრებით კი ლგბტქი სექსუალური განათლება, თითქმის არ არის ხელმისაწვდომი მოზარდებისთვის საქართველოში, სადაც სექსიც და ქვიარობაც ტაბუდადებული თემებია.
კვლევები აჩვენებს, რომ ლგბტქი მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა (სგგი-ებისა) და თინეიჯერობისას ორსულობის მიმართ, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა მრავალმხრივ სექსუალურ განათლებასთან. ასევე, უფრო მაღალია ალბათობა, რომ მათ დაიწყონ ინფორმაციის ძიებას არასანდო წყაროებში.
მრავალმხრივ და დაწვრილებით სექსუალურ განათლებასთან წვდომას ყველა იმსახურებს და საჭიროებს. არავის უნდა უწევდეს საკუთარი ცხოვრების ისე გავლა, რომ საკუთარი სხეულის, სექსუალური ჯანმრთელობისა და იდენტობის საბაზისო ასპექტებზე არ ჰქონდეს ცოდნა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავმოყრილია სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის.
#1. მასტურბაცია შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს იმის გასაგებად, თუ რა სიამოვნებს თქვენს სხეულს
სექსის გააზრება ხშირ შემთხვევაში იმის გააზრებით იწყება, თუ რა ანიჭებს თქვენს სხეულს სიამოვნებას. ეს, როგორც წესი, ჯერ კიდევ მაშინ იწყება, სანამ თქვენს პირად ცხოვრებაში ვინმე სხვა ადამიანი შემოვა. დოქტორ ევან გოლდშტაინი, გეი კაცების სექსუალური ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მასტურბაცია შეიძლება მნიშვნელოვანი საშუალება იყოს იმის გასაგებად, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, თანაც ისე, რომ ამას სხვა ადამიანთან ერთად ყოფნის წნეხი არ ემატება.
„როდესაც საკუთარ თავთან განმარტოებასა და თვითსიამოვნებას უთმობთ დროს, არ გიწევთ დარდი პერფორმანსზე და თქვენი პარტნიორის დაკმაყოფილებაზე“, — ამბობს გოლდშტაინი.
#2. პორნოგრაფია ყოველთვის არ ასახავს რეალურ ცხოვრებას და ის სექსუალური განათლების მთავარ წყაროდ არ უნდა გამოიყენოთ
ბევრი ადამიანისთვის პორნოგრაფია პირველი „შესავალია“ სექსში. მართალია, პორნოს ყურება და კითხვა კარგი ხელშემწყობია მასტურბაციისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი არ ასახავს იმას, თუ როგორ და როგორი სექსი აქვთ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში. პორნომსახიობები უბრალოდ სცენაში მონაწილეობენ და ასრულებენ როლებს იმ საზღვრებზე დაყრდნობით, რომლებიც კამერის მიღმა დადგინდა.
„როდესაც ქვიარ ახალგაზრდებს (და, ზოგადად, ახალგაზრდებს) არ აქვთ წვდომა სანდო სექსუალურ განათლებასთან, რომელიც ფარავს ყველა თემას და არა მხოლოდ ვაგინალურ სექსს, ისინი მიმართავენ პორნოგრაფიას, Google-სა და Reddit-ს, ან ტიკტოკის „ინფლუენსერებს“, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო კვალიფიკაცია ამ თემაზე ზუსტი რჩევის გასაცემად. მართალია, პორნოგრაფია ნამდვილად შეიძლება დაეხმაროს ადამიანს იმის გაგებაში, თუ რა არსებობს, მაგრამ ის საუკეთესო გზა არაა სხეულზე რეალისტური წარმოდგენების შესაქმნელად ან იმის სასწავლად, თუ როგორ გქონდეთ სექსი. თქვენ კამერის მიღმა ვერ ხედავთ მთელ რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს, მაგალითად, დილატაციას (გაგანიერებას, გაფართოებას) ან ლუბრიკაციას (ლუბრიკანტით დასველებას), ვერც იმას იგებთ, რომ ყველა პენისი თქვენს ხელზე უფრო განიერი არ არის და ვერც იმას, რომ სექსში ძალაუფლების სხვანაირი დინამიკებიც არსებობს“, — ამბობს დოქტორი გოლდშტაინი.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სექსის, თანხმობისა და საზღვრების შესახებ, პორნოგრაფიის ნაცვლად შეგიძლიათ გაეცნოთ ისეთ ონლაინ რესურსებს, როგორებიცაა Sex, etc., Amaze და The Trevor Project. ეს წყაროები ინგლისურენოვანია, ამ თემაზე სტატიებს ქართულად კი შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდებზე allaboutyou.ge და ფემეა.
#3. კომუნიკაცია და თანხმობა აუცილებელია
თუკი გგონიათ, რომ მზად ხართ, შემდეგი ნაბიჯი გადადგათ და სექსი სხვა ადამიანთან ერთად გამოიკვლიოთ, პირველი საკვანძო საფეხურებია კომუნიკაცია და თანხმობა. ესაუბრეთ მას და შეთანხმდით ერთმანეთის საზღვრებზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხიც უნდა იცოდეთ, არის:
- გაქვს თუ არა სექსი სხვა ადამიანებთან? თუკი ასეა, შემოწმებული ხარ თუ არა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე?
- შენ ან ჩვენ ვაპირებთ თუ არა რაიმე სახის კონტრაცეფციის გამოყენებას?
- რომელი აქტებია შენთვის კომფორტული?
- რამდენად სწრაფად ან ნელა გინდა პროცესის წარმართვა?
- რა არის შენი საზღვრები? ხომ არ არის სხეულის ისეთი ნაწილი, რომელსაც არ გინდა, რომ შევეხო?
- ტანსაცმელი გვეცვას თუ არა?
მართალია, ამ კითხვების წინასწარ დასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა საკითხის გადამოწმება პროცესის დროსაც საჭიროა. ისეთი პატარა კითხვები, როგორებიცაა „შეიძლება, აქ შეგეხო?“, „გსიამოვნებს, როდესაც აქ გეხები?“ და „შეიძლება, [ტანსაცმლის რომელიმე ნაწილი] გაგხადო?“, ძალიან კარგი გზაა საიმისოდ, რომ გაიგოთ, რასთანაა კომფორტულად თქვენი პარტნიორი და თან ინტიმური განწყობაც შენარჩუნდეს.
გახსოვდეთ, რომ თანხმობა იმაზე მეტია, ვიდრე კონკრეტულ მომენტში სექსზე დათანხმება. ეს ნიშნავს, რომ თუკი თქვენ ან თქვენს პარტნიორს თანხმობის გაცემის შემდეგ მოგინდებათ, რომ სექსი შეწყდეს, ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ.
„თანხმობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „კი“ ან „არა“. თანხმობა უნდა გამოითქვას ზეწოლის გარეშე, ის უნდა იყოს გულწრფელი და სურვილისმიერი, თანხმობის გამცემი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული (მაგალითად, თუ ადამიანი თანახმაა სექსზე იმ პირობით, რომ პარტნიორი გამოიყენებს თავდაცვის საშუალებას, ხოლო პარტნიორი ამას არ გააკეთებს, ესე იგი, მას არ აქვს მეორე მხარის თანხმობა), ის არ არის სამუდამო — გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება და ერთ ქმედებაზე თანხმობის გაცემა არ ნიშნავს, რომ პარტნიორი სხვა რამეზეც ავტომატურად თანახმაა”, — ამბობს რეიჩელ ვრაითი, ქვიარ სექსისა და ურთიერთობების თერაპევტი.
თანხმობის გარდა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და რა არ გსიამოვნებთ. პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ რაიმე შეცვალოს ან სხვანაირად გააკეთოს, სამარცხვინო არ არის — ეს სექსის ნაწილია.
„პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რა მოგწონთ/არ მოგწონთ, რა გაინტერესებთ/არ გაინტერესებთ და რას ცდიდით/არ ცდიდით, არამხოლოდ ნორმალურია, არამედ სასურველიც კი. სექსის მიზანი სიამოვნებაა და როგორც თქვენი, ისე თქვენი პარტნიორის სიამოვნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველას საჭიროებები დაკმაყოფილდეს“,— ამბობს გოლდშტაინი.
#4. უსაფრთხო სექსი მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენებას არ გულისხმობს
მართალია, პრეზერვატივები თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ უსაფრთხო სექსი ბევრად უფრო მეტ რამეს მოიცავს.
„ხშირად უსაფრთხო სექსზე საუბრისას პრეზერვატივები გვახსენდება ხოლმე და, მართალია, პრეზერვატივები აუცილებელია პენეტრაციული (შემღწევი) სექსისთვის (პენისებით ან დილდოებით), მაგრამ სგგი-ები მაინც შეიძლება გავრცელდეს ვულვებიდან ორალური და სხვა ტიპის სექსის დროს“, — ამბობს დანიელა კრამერი, ქვიარ ურთიერთობების კლინიკური სექსოლოგი.
უსაფრთხო სექსისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) გაითვალისწინოთ.
„სტომატოლოგიურ კაშხლებს შეუძლიათ დაგიცვათ ვულვაზე ან ანუსზე ორალური სექსის დროს. ეროგენული უბნების დასაცავად ასევე შეგიძლიათ თავად დაამზადოთ პატარა ნაჭრები ლატექსის ხელთათმანებისგან ან პრეზერვატივებისგან“, — ამბობს იელ გონსალესი, ქვიარ სექსოლოგი და იდენტობის ტრენერი.
#5. არ არსებობს სექსის ქონის „სწორი“ გზა
„უამრავი აქტივობა არსებობს, რომელიც შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად სცადოთ. ნუ შეიზღუდავთ თავს საზოგადოების დაშვებებითა თუ სტერეოტიპებით ე.წ. „სიზორინგისა“ (ინგლ. Scissoring) და ანალური სექსის შესახებ — შეგიძლიათ, ეს აქტები სრულად უგულებელყოთ და მაინც ფანტასტიკური და სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ“ — ამბობს გონსალესი.
გახსოვდეთ, რომ ქვიარ სექსი იმდენადვე მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, რამდენადაც თვითონ LGBTQ+ აკრონიმი. აუცილებელი არ არის, ის რაღაც ერთი ფორმით ვლინდებოდეს. სექსი შეიძლება იყოს ზუსტად ის, რადაც მას თქვენ და თქვენი პარტნიორი აქცევთ და რაც გინდათ, რომ იყოს.
„იმ აქტივობებს შორის, რომლებიც შეიძლება სექსად განვიხილოთ, არის: ვაგინალური, ორალური და ანალური სექსი, კოცნა, სექსუალური შეხება, როლური თამაშები, ეროტიკის კითხვა, ფანტაზიების გაზიარება, საკუთარი სხეულის ჩვენება სხვა ადამიანისთვის (თანხმობით), ე.წ. „სექსტინგი“, ვინმესთან ერთად აბაზანის მიღება, ერთმანეთისთვის მასაჟის გაკეთება, სუნთქვითი ვარჯიშების ერთად კეთება, შიშველზე ჩახუტება და ა.შ. სექსი შეიძლება იყოს სიამოვნებისთვის და/ან გამრავლებისთვის — და როდესაც ის სიამოვნებისთვისაა, სექსის მიზანი მხოლოდ ორგაზმი არ არის“, — ამბობს ვრაითი.
#6. ანალურ სექსს მოთმინება და დრო სჭირდება
„კუზიანი მთის“ იმ საკულტო სცენამ კი შეიძლება სხვაგვარად გაფიქრებინოთ, მაგრამ ანალურ სექსს ბევრად მეტი მომზადება სჭირდება, ვიდრე ხელზე დაფურთხებაა.
„ანალური სექსი ის არ არის, რასაც ფილმებსა და სერიალებში ხედავთ — წინასწარი პრაქტიკის გარეშე პირდაპირ ე.წ. „ბოთომობა“ (ან „პასობა“) არ შეგიძლიათ“, — ამბობს გოლდშტაინი.
თუკი ანალური სექსის ცდა გსურთ, გოლდშტაინი გირჩევთ, ნელა დაიწყოთ და წინასწარ მოემზადოთ. ნებისმიერი ტიპის ანალური სექსუალური აქტივობა, იქნება ეს უბრალოდ ე.წ. „ფინგერინგი“ („თითაობა“), სექს-სათამაშოების გამოყენება თუ პენისით პენეტრაცია, საჭიროებს ბევრ ლუბრიკანტს (სასურველია, სილიკონის საფუძველზე დამზადებულს) და, იდეალურ შემთხვევაში, რამდენიმეკვირიან შემზადებას.
ამისთვის საჭიროა ანალური ვარჯიშები, რისთვისაც შეიძლება გამოგადგეთ სპეციალური დილატაციის (გაფართოების) ნაკრები, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ზომის ანალური საცობებისგან, ე.წ. „ბატ-პლაგებისგან“ (ინგლ. Butt-plug), შედგება, თუმცა თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, დაიწყოთ ექსპერიმენტირება და ვარჯიში ერთი თითით და ნელ-ნელა გაზარდოთ რაოდენობა.
მათთვის, ვისაც პირველად სურს ანალური სექსის ცდა, ხშირი სადარდებელია ხოლმე არსებული მოსაზრება პროცესში განავლის შესაძლო შეუკავებლობის შესახებ. დიდი ალბათობით, ეს პრობლემა არ გექნებათ, თუნდაც წინასწარ არ გაიკეთოთ გამორეცხვა, მაგრამ თუკი ეს მაინც გადარდებთ, შეგიძლიათ თბილი წყლისა და ოყნის გამოყენებით წინასწარ გამოირეცხოთ ანუსი.
#7. ორსულობა შეიძლება დადგეს გენდერისგან განურჩევლად. დაიცავით თავი
მნიშვნელოვანია, სანამ სექსი გექნებათ, კარგად გაერკვეთ, როგორ დგება ორსულობა. თუკი ორ ადამიანს, რომელთაგანაც ერთის სხეული სპერმას აწარმოებს, მეორის კი — კვერცხუჯრედებს, ექნება სექსი, მნიშვნელოვანია, დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები დაიცვათ. ეს შეიძლება მოიცავდეს პრეზერვატივების გამოყენებას, ჰორმონალურ კონტრაცეფციას ან კონტრაცეფციის რამე სხვა ფორმას.
„იმის ცოდნა, თუ როგორ დგება ორსულობა და როგორ მუშაობს ის, აუცილებელია ყველა ლგბტქი თინეიჯერისთვის“, — ამბობს შერონ სანდერსი, კლინიკური სექსოლოგი და სექსუალური განათლების სპეციალისტი.
#8. იდენტობა ფლუიდურია. ნორმალურია ახალი რაღაცების ცდა და შემდეგ მათზე უარის თქმა, თუკი არ მოგეწონათ
მოზარდობის დიდი ნაწილი იმის გარკვევაა, თუ ვინ ხართ თქვენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმის გააზრებას, ვინ გიზიდავთ და რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი გენდერის მიმართ. ექსპერიმენტირება აბსოლუტურად ნორმალურია. სხვადასხვა სახელის, ნაცვალსახელისა თუ სექსუალობის გამოცდა თვითგამორკვევის პროცესის ნაწილია.
„გამოცდილებებისა და იდენტობების გამოკვლევა და მათში ექსპერიმენტირება სრულიად ნორმალურია. ზოგჯერ რაღაცები უნდა გამოვცადოთ, სანამ სიმართლეს დავადგენთ. გარდა ამისა, იდენტობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ამიტომაც მიჰყევით იმის დინებას, რაც თქვენთვის უფრო შესაფერისია“, — ამბობს გონსალესი.
წყარო: Them.us
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური