გენდერული იდენტობა

ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ დარწმუნებული. შესაძლოა, ზოგი სიტყვა დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისეთი

რას ნიშნავს გენდერფლუიდი? — განმარტება და ნაცვალსახელები

გენდერფლუიდი არის არაბინარული გენდერული იდენტობის ერთ-ერთი ტიპი. ეს ნიშნავს, რომ ის გენდერული ბინარულობის, „ორობითობის“, გარეთ არსებობს, გენდერული ბინარულობა კი არის იდეა, რომ გენდერში მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს — კაცი და ქალი. გენდერფლუიდ ადამიანს არ აქვს ფიქსირებული გენდერი. ნაცვლად ამისა, მისი

გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

გენდერი განსხვავდება სქესისგან. მართალია, გენეტიკური ფაქტორები, როგორც წესი, განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს, მაგრამ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ გენდერულ იდენტობას. ამ სტატიაში განხილულია, რა არის

ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ დარწმუნებული. შესაძლოა, ზოგი სიტყვა დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც ადასტურებს და შეესაბამება ადამიანის გენდერულ, სექსუალურ თუ სხვა იდენტობას, გამოხატავს პატივისცემასა და იმას, რომ მზად ხართ და ღია ხართ იმის მიმართ, რომ დაინახოთ სამყარო სხვისი პერსპექტივიდან.

ამ სტატიაში მოცემულია ქვიარ თემთან (და არამხოლოდ) დაკავშირებული ტერმინების სია ანბანის მიხედვით.

ქვიარ ტერმინების სია

„აუთინგი“ (ინგლ. Outing) — ვინმეს „აუთინგი“ გულისხმობს სხვისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როცა ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის „დაქამინგაუთებული“. „აუთინგი“ შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ადამიანისთვის, რადგან ის შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გარემოში, რომელშიც თავად გაამხელდა საკუთარ იდენტობას.

აგენდერი — ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.

ანდროგინი — ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.

არაბინარული — ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

არომანტიკული ის, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას სხვების მიმართ.

ასექსუალი — ის, ვისაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს.

ბიგენდერი — ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როლებში, რომლებსაც საზოგადოება ფემინურად და მასკულინურად მიიჩნევს.

ბისექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ, ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.

ბიფობია — არაკეთილგანწყობა ბისექსუალობისა და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. ჰომოფობიის მსგავსად, ის აღნიშნავს უარყოფით წინასწარგანწყობას და ზიზღს მათ მიმართ, ვინც ბისექსუალთა თემის ნაწილად მოიაზრებს თავს. ის შეიძლება მოიცავდეს იმის უარყოფას, რომ ბისექსუალობა გულწრფელი სექსუალური ორიენტაციაა, ან უარყოფით სტერეოტიპებს ბისექსუალი ადამიანების მიმართ (მაგალითად, წარმოდგენებს, თითქოს მათ მრავალი ხანმოკლე სექსუალური ურთიერთობები ახასიათებდეთ ან არიან არაგულწრფელები).

ბი-ცნობისმოყვარეობა (ინგლ. Bi-curiosity) — ბი-ცნობისმოყვარე (ინგლ. Bi-curious) არის ადამიანი, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალი, რომელსაც აინტერესებს მისი ჩვეული სექსუალური პარტნიორებისგან განსხვავებული სქესისა თუ გენდერის მქონე ადამიანთან სექსუალურ აქტივობებში ჩართვა ან ღიაა ამის მიმართ. ამ ტერმინით ხშირად აღინიშნება ჰეტეროსექსუალობასა და ბისექსუალობას შორის არსებული სექსუალური ორიენტაციის ვრცელი სპექტრი, რომელიც მოიცავს დიდწილად ჰეტეროსექსუალ ან დიდწილად ჰომოსექსუალ ადამიანებს.

გეი — თანამედროვე მეტყველებაში „გეი“ გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი ან არსებითი სახელი, რომელიც აღნიშნავს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ თემს, პრაქტიკებსა და კულტურებს. 1960-იან წლებში ჰომოსექსუალი კაცები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად ამ ტერმინს ანიჭებდნენ უპირატესობას. ტერმინი უფრო ხშირად აღნიშნავს კაცს, რომლებსაც იზიდავს მხოლოდ კაცები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი), თუმცა ის ასევე გამოიყენება „ქვიარის“ სინონიმად ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი.

გენდერინკლუზიური ნაცვალსახელები — უცხო ენებში, მაგალითად, ინგლისურში, გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები (მაგალითად: they, them, their).

გენდერი — სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებით, გენდერის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან ადამიანისგან მისი გენდერის გამო.

გენდერის დადასტურების ოპერაცია — ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ინდივიდის პირველადი ან მეორეული სქესობრივი ნიშნების შეცვლას მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება საჭირო იყოს გენდერული დისფორიის შესამსუბუქებლად.

გენდერულად აპათიური — ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს არც საკუთარი გენდერი და არც ის, თუ როგორ აღიქვამენ სხვები გენდერის თვალსაზრისით.

გენდერულად არაკონფორმული — ის, ვისი ქცევაც და გენდერული ექსპრესიაც საზოგადოების მასკულინურ ან ფემინურ გენდერულ ნორმებსა თუ სოციალურ მოლოდინებს არ შეესაბამება. მათ შორის არიან ანდროგინული ადამიანები, ფემინური კაცები, მასკულინური ქალები და სხვა. გენდერულად არაკონფორმული შეიძლება იყოს ნებისმიერი გენდერის ადამიანი (მაგ., სისგენდერი, არაბინარული, ტრანსი).

გენდერულად კონფორმული — ადამიანი, რომელიც მისდევს საზოგადოების წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ სხვადასხვა გენდერის ადამიანები.

გენდერული ბინარულობა — გენდერის ბინარული (ორობითი) დაყოფა მხოლოდ ორ ტიპად (ქალი ან კაცი). ამ მოდელში ხშირ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის გენდერი მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს უნდა შეესაბამებოდეს. ეს სისტემა ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბინარული სისტემის გარეთ არსებულ გენდერულ იდენტობებთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს.

გენდერული დისფორია — გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.

გენდერული ექსპრესია / გამოხატვა — ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საჯაროდ საკუთარ გენდერს (იქნება ეს მასკულინური, ფემინური, ანდროგინული თუ სხვა). მაგალითად, გენდერი შეიძლება გამოიხატოს ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სხეულის ენით, არჩეული სახელით, ნაცვალსახელებით, მანერებით, ინტერესებით და ა.შ.

გენდერული იდენტობა: ის, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ გენდერს შინაგანად — იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა — და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს (ჩაცმულობით, გარეგნობით, ქცევებით და ა.შ.). ადამიანის გენდერული იდენტობა ყოველთვის არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ის შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

გენდერული როლები — კულტურული და სოციალური როლები, რომლებიც ზოგადად მიიჩნევა მისაღებად, შესაფერისად და სასურველად ადამიანის სქესის მიხედვით. გენდერული როლები გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, მათ შორის, ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, პროფესიაზე, ურთიერთობებზე, ქცევებზე და ა.შ.

გენდერფლუიდიის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.

გენდერქვიარი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში, მათ შორის, გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.

გრეიგენდერი — აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ გრძნობს ძლიერ მიკუთვნებულობას რომელიმე კონკრეტული გენდერული იდენტობისა თუ ექსპრესიის მიმართ და ნაწილობრივ მაინც არის გენდერული ბინარულობის ფარგლებს გარეთ.

დაბადებისას მინიჭებული სქესი — სამედიცინო შეფასება, რომელიც კეთდება დაბადებისას სხეულის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. სქესი შეიძლება იყოს კაცი, ქალი ან ინტერსექსი.

დრეგი — განზრახ გაზვიადებული მასკულინურობის, ფემინურობის ან გენდერული ექსპრესიის სხვა ფორმების გამომხატველი ჩაცმულობა და პერფორმანსი. „დრეგ-ქვინი“ არის ის (როგორც წესი, კაცი), ვინც განასახიერებს/ასრულებს ფემინურობას, ხოლო „დრეგ-ქინგი“ არის ის (როგორც წესი, ქალი), ვინც განასახიერებს/ასრულებს მასკულინურობას. პერფორმანსებში ხშირადაა კომედია, სოციალური სატირა და პოლიტიკური კომენტარები. დრეგ-შოუს დროს ხშირად დრეგში ჩაცმული ადამიანები მღერიან ან პირის მოძრაობით ჰყვებიან სიმღერას წინასწარ მომზადებული მოძრაობებისა თუ ცეკვის თანხლებით.

ინტერგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც ქალსა და კაცს შორისაა.

ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია: ჰომოსექსუალობისა, ტრანსგენდერობის და ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპები, რწმენები, სტიგმები და წინასწარგანწყობები, რომლებსაც გრძნობს ტრანსგენდერი / ჰომოსექსუალი ადამიანი. იგი მიმართავს ამ გრძნობებს საკუთარი თავისკენ, განურჩევლად იმისა, იდენტიფიცირდება თუ არა ქვიარად. ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია ასევე მოქმედებს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ ქცევებზე, რომელთა შესრულების საჭიროებასაც გრძნობს ადამიანი მათ შორის იმის გამოც, რომ მეტად მოერგოს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის კულტურულ მოლოდინებს.

ინტერსექსიინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები (მაგ., რეპროდუქციული ორგანოები, ქრომოსომები, ჰორმონები), რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. თუმცა, დაბადებისას ინტერსექს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ანიჭებენ სქესს „ქალი“ ან „კაცი“. ინტერსექსი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან, მის საპირისპირო სქესთან ან იდენტიფიცირდებოდეს ინტერსექსად.

კაცი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

ლგბტქია — აკრონიმი, რომელშიც ასახულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ასექსუალი ადამიანები. არსებობს აკრონიმის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ლგბტ, ლგბტქ, ლგბტქი და ა.შ. ზოგჯერ მათ ასევე დაერთვის „+“ ნიშანი, რომელიც ასახავს იმ ადამიანებს, ვინც ქვიარ თემის ნაწილია, მაგრამ ვისთვისაც აკრონიმის სხვა ასოები ზუსტად არ გამოხატავს მათ იდენტობას, ასევე ინკლუზიურობას იმისა, რომ ქვიარ თემი ღიაა ყველასთვის, ვინც მის ნაწილად მიიჩნევს თავს.

ლესბოსელი — ქალი, რომელსაც იზიდავს მხოლოდ ქალები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი).

მესამე გენდერი — ტერმინი „მესამე გენდერი“ მომდინარეობს ადგილობრივი ამერიკული და არადასავლური კულტურებიდან და ის აღნიშნავს გენდერის იმ კატეგორიას, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ფარგლებს გარეთაა.

მოკავშირე / მხარდამჭერი (ინგლ. Ally) — ადამიანი, რომელიც აქტიურად და სრულად უჭერს მხარს ლგბტქი თემს.

ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit) — ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.

პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი) — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.

პანსექსუალიის, ვისაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

„როლი“აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ პრეფერენციების გეი-სექსში. გეი-სექსში ტრადიციულ როლებს შორისაა: „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“:

  • „აქტი“ — „აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თავად აკონტროლებდეს სიტუაციას ან/და იყოს გამცემი ანალურ სექსში.
  • „პასი“ — „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები ანალურ სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ.
  • „უნი“ — „უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც.
  • „საიდი“ — აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს.

საკუთარ იდენტობაში დაეჭვება ან თვითგამორკვევის პროცესი (ინგლ. Questioning) — საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, სექსუალურ იდენტობაში, გენდერულ იდენტობასა თუ სამივეში ერთად დაეჭვება არის თვითგამორკვევის პროცესი, რომელსაც გადის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს დარწმუნებული, ჯერ კიდევ იკვლევდეს, რომელი სოციალური იარლიყი შეეფერება მას სხვადასხვა მიზეზით. ლგბტქი აკრონიმში (და სხვა აკრონიმებში, რომლებშიც Q არის გამოყენებული), ასო „Q“ ხშირად აღნიშნავს როგორც „ქვიარს“, ისე ამ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებსაც (Questioning).

სექსუალური ორიენტაცია — ის, თუ რომელი გენდერ(ებ)ის მიმართ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა. სექსუალურ ორიენტაციებში გამოიყოფა ჰომოსექსუალობა, ჰეტეროსექსუალობა, ბისექსუალობა და ასექსუალობა (და მათში შემავალი ქვეკატეგორიები).

სისგენდერი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.

ტრანზიცია — საკუთარი გენდერული გამოხატვის (მაგალითად, ჩაცმულობის, ნაცვალსახელების, სახელის და ა.შ.) ან სასქესო ნიშნების შეცვლა საკუთარი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად (იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა). ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ეს პროცესი, როგორც წესი, მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას ან გენდერის დადასტურების ოპერაციას. ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო ჩარევას, თუმცა არა ყოველთვის. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ტრანზიციას (მაგალითად, სახელისა და ნაცვალსახელების ცვლილებას), ასევე, სამართლებრივ ცვლილებებს (სახელისა თუ სქესი სამართლებრივად შეცვლას). ეს პროცესი განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის მისი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად და მასში შემავალი აქტივობები არ არის უნივერსალური.

ტრანსგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.

ტრანსი ან ტრანს* — უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.

ტრანს კაცი ან ტრანსგენდერი კაცი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა „ქალი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება კაცად.

ტრანს ქალი ან ტრანსგენდერი ქალი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა “კაცი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება ქალად.

ტრანსმასკულინური — ის, ვისაც მასკულინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფემინური — ის, ვისაც ფემინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფობია— ტრანს* ადამიანებისა და ტრანს* თემის მიმართ არსებული არატოლერანტულობა, შიში, ზიზღი, უარყოფითი წინასწარგანწყობა, დისკრიმინაცია და ძალადობა სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გამო.

ტრიგენდერი — ის, ვისაც ერთდროულად სამი გენდერი აქვს.

ქალი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

„ქამინგ აუთი“ ან „დაქამინგაუთება“— საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გაცხადება სხვებისთვის (მაგალითად, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ა.შ.).

ქვიარი — ქოლგა-ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალები ან სისგენდერები. თავდაპირველად ტერმინი ნიშნავდა „უცნაურს“ ან „თავისებურს“ და გამოიყენებოდა დამამცირებელი ფორმით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავისი სქესის ადამიანების მიმართ ჰქონდა მიზიდულობა ან ურთიერთობა, ჯერ კიდევ გვიან მე-19 საუკუნეში. თუმცა, 1980-იანი წლებიდან დაწყებული ქვიარ აქტივისტებმა ტერმინი „დაიბრუნეს“ და ის ახლა ლგბტ ადამიანის სინონიმურად გამოიყენება.

ქროსდრესერი (ინგლ. Crossdresser) — ადამიანი, რომელიც იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც, საზოგადოებაში არსებული შეხედულებების მიხედვით, მისი გენდერისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ კაცებს, რომლებსაც ქალის სამოსის ჩაცმა მოსწონთ. ეს შეიძლება იყოს თვითგამოხატვისთვის ან რამე სხვა მიზნით. ქროსდრესერობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტრანსგენდერია.

ჰეტეროსექსიზმი — წინასწარგანწყობების, დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციის სისტემა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობების (ჰეტეროსექსუალობის) სასარგებლოდ. ის შეიძლება მოიცავდეს რწმენას, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს და რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებია ბუნებრივი და, შესაბამისად, უზენაესი.

ჰეტერონორმატიულობა — ჰეტეროსექსისტური წარმოდგენებისა და ქცევების ნორმალიზაცია ჩვენს ყოველდღიურობაში ინსტიტუციურ, ინტერპერსონალურ და პერსონალურ დონეზე. ეს კონცეფცია მოქცეულია გენდერული ბინარულობის (მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერის არსებობის) ჩარჩოებში და გულისხმობს, რომ სექსუალური ურთიერთობები და ქორწინება ყველაზე შესაფერისი საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის.

ჰეტეროსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. ამ ცნების აღსანიშნავად ასევე იყენებენ ინგლისურენოვან ჟარგონს „სთრეითი“ (ინგლ. Straight).

ჰომოსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. მე-20 საუკუნის მიწურულიდან ეს ტერმინი უფრო ნაკლებად გამოიყენება და ზოგჯერ შეურაცხმყოფლად მიიჩნევა, რადგან ის უკავშირდება უარყოფით სტერეოტიპებსა და მოძველებულ კლინიკურ წარმოდგენებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნეოდა. დღეს ტერმინი დიდწილად ჩანაცვლებულია ტერმინებით „გეი“, „ლესბოსელი“ ან ინკლუზიური აბრევიატურებით, მაგალითად, „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი).

ჰომოფობია: უარყოფითი მიმართებები, შეგრძნებები, ზიზღი თუ ანტიპათია ჰომოსექსუალობის ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც იდენტიფიცირდებიან ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად.

წყარო: Verywell Mind, WISG, Femea.ge

რას ნიშნავს გენდერფლუიდი? — განმარტება და ნაცვალსახელები

გენდერფლუიდი არის არაბინარული გენდერული იდენტობის ერთ-ერთი ტიპი. ეს ნიშნავს, რომ ის გენდერული ბინარულობის, „ორობითობის“, გარეთ არსებობს, გენდერული ბინარულობა კი არის იდეა, რომ გენდერში მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს — კაცი და ქალი.

გენდერფლუიდ ადამიანს არ აქვს ფიქსირებული გენდერი. ნაცვლად ამისა, მისი გენდერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ამ სტატიაში განხილულია, რას ნიშნავს, იყო გენდერფლუიდი, რა სხვა გენდერული იდენტობები არსებობს და როგორ დავუჭიროთ მხარი გენდერფლუიდ ადამიანებს.

► მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ გენდერული იდენტობები ძალიან პირადი რამაა და ადამიანებმა შეიძლება ისინი სხვადასხვაგვარად განმარტონ. ადამიანის სექსუალური, რომანტიკული თუ გენდერული იდენტობა ყოველთვის ისე უნდა განიხილოთ, როგორც თვითონ ეს ადამიანი აღწერს მას.

იხილეთ აგრეთვე გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

რას ნიშნავს გენდერფლუიდი?

გენდერფლუიდი ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ მისი გენდერული იდენტობა ცვალებადია და არა — ფიქსირებული. მისი გენდერი შეიძლება იცვლებოდეს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ — იქნება ეს დღე, კვირა, თვეები თუ წლები.

ვინაიდან გენდერული იდენტობა ძალიან პირადი და სპეციფიკური რამაა თითოეული ადამიანისთვის, ისინი შეიძლება ტერმინს „გენდერფლუიდი“ სხვადასხვანაირად იყენებდნენ. არ არსებობს გენდერფლუიდობის სტანდარტული განმარტება.

გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა არის ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის შინაგანი შეგრძნება და აღქმა. ადამიანი თავს შეიძლება გრძნობდეს მასკულინურად, ფემინურად, ორივეს ნაზავად ან არცერთად. ადამიანი ასევე შეიძლება საკუთარ თავს აიგივებდეს სხვა იდენტობასთან, რომელიც ამ კლასიფიკაციებში არ ჯდება.

გენდერული იდენტობა ასევე არის სახელი ან იარლიყი, რომელსაც ადამიანები იყენებენ სხვებისთვის საკუთარი გენდერის აღსაწერად. ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება იყოს იგივე, რაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესია, ან განსხვავდებოდეს მისგან.

იმის კვალდაკვალ, რომ ადამიანებს საკუთარი გენდერის აღსაწერად ტერმინების უფრო ვრცელი სპექტრი ეძლევათ, დროთა განმავლობაში მათ შეიძლება საკუთარი თავის აღსაწერად სხვა ტერმინის გამოყენება დაიწყონ.

გენდერული ექსპრესია

Gender Spectrum-ის თანახმად, „გენდერული ექსპრესია“ — გენდერის გამოხატვა — არის ის, თუ როგორ წარუდგენენ ადამიანები საკუთარ გენდერს საკუთარ თავსა და სამყაროს.

ადამიანმა შეიძლება საკუთარი გენდერი გამოხატოს ჩაცმულობით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, ხმით, ნაცვალსახელებით, სხეულის ენითა და ა.შ.

გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს, რომელიც მისთვის კომფორტულია. არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმა, რომლითაც გენდერფლუიდი ადამიანები საკუთარ იდენტობას გამოხატავენ.

მაგალითად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი წარადგინოს ფემინურად, მასკულინურად, ნეიტრალურად, ანდროგინულად და მრავალი სხვა ფორმით. გენდერფლუიდმა ადამიანმა ასევე შეიძლება შეცვალოს საკუთარი გენდერული ექსპრესია, როცა და რამდენადაც ეს თვითონ მოუნდება.

გენდერფლუიდი და სხვა იდენტობები

ადამიანმა შეიძლება ტერმინი „გენდერფლუიდი“ საკუთარი გენდერული იდენტობის აღსაწერად გამოიყენოს ან გამოიყენოს ის სხვა იდენტობებთან კომბინაციაში. ამ ქვეთავში განხილულია რამდენიმე სხვა იდენტობა, რომელიც შეიძლება თან ახლდეს გენდერფლუიდობას.

გენდერფლუიდი და არაბინარული გენდერული იდენტობა

„არაბინარული“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს, თუკი მისი გენდერული იდენტობა გენდერული ბინარულობის გარეთ არსებობს.

გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

გენდერფლუიდური იდენტობა არაბინარული იდენტობის ერთ-ერთი ტიპია. ზოგი არაბინარული ადამიანი შეიძლება იდენტიფიცირდებოდეს გენდერფლუიდად, თუკი მათი გენდერი უფრო ცვალებადია, ვიდრე ფიქსირებული.

გენდერფლუიდი და ტრანსგენდერი

ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.

ტრანსგენდერი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს ქალად ან კაცად, არაბინარულად, გენდერულად არაკონფორმულად ან რაიმე სხვა იდენტობად.

არაბინარული გენდერები, მათ შორის გენდერფლუიდი, ტრანსგენდერობის ქვეშ ერთიანდება. თუკი ტრანსგენდერ ადამიანს აქვს ისეთი გენდერული იდენტობა, რომელიც იცვლება ცხოვრების განმავლობაში, ის შეიძლება გენდერფლუიდად იდენტიფიცირდებოდეს.

მიუხედავად ამისა, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება არჩიოს, რომ საკუთარი თავის აღსაწერად არ გამოიყენოს ტერმინი „ტრანსგენდერი“.

გენდერფლუიდი და გენდერქვიარი

„გენდერქვიარი“ ასევე ქოლგა-ტერმინია და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ტრადიციული გენდერული ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში.

ზოგჯერ ადამიანები ტერმინებს „არაბინარული“ და „გენდერქვიარი“ ურთიერთჩანაცვლებადად იყენებენ. ზოგისთვის გენდერქვიარობა არაბინარული იდენტობის კატეგორიაში შედის, სხვებისთვის კი — არა. ადამიანი, რომელიც გენდერქვიარია, შეიძლება იყოს ან არ იყოს გენდერფლუიდი.

ნაცვალსახელები

ქართულ ენაში არ გვაქვს სქესსა თუ გენდერზე მიმანიშნებელი მესამე პირის ნაცვალსახელები, თუმცა უცხო ენაზე, მაგალითად, ინგლისურად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება გენდერის აღმნიშვნელ ნებისმიერ ნაცვალსახელს მიანიჭოს უპირატესობა. ეს ასევე შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

შესაძლო ნაცვალსახელებს შორისაა:

  • they/them/theirs

  • he/him/his

  • she/her/hers

ადამიანმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ე.წ. „ნეონაცვალსახელები“, როგორებიცაა:

  • ey/em/eirs

  • ze/zir/zirs

  • per/per/pers

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.

გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

გენდერი განსხვავდება სქესისგან. მართალია, გენეტიკური ფაქტორები, როგორც წესი, განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს, მაგრამ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ გენდერულ იდენტობას.

ამ სტატიაში განხილულია, რა არის გენდერული იდენტობა და მოცემულია სხვადასხვა გენდერული იდენტობის მნიშვნელობები.

რა არის გენდერული იდენტობა?

ვინაიდან ადამიანის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა ცალკეული ცნებებია, მნიშვნელოვანია მათ შორის განსხვავების ცოდნა.

სქესი

ადამიანის სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე, როგორებიცაა რეპროდუქციული ორგანოები, გენები და ჰორმონები. თუმცა, გენდერის მსგავსად, არც სქესია ბინარული (ორ ნაწილად დაყოფილი).

ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენები, რომლებიც ასოცირდება კაცთან ან ქალთან, მაგრამ მათი რეპროდუქციული ორგანოები, სასქესო ორგანოები ან ორივე შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს სქესობრივი განვითარების ვარიაციების სახელითაა ცნობილი — იგივე ინტერსექსი.

როგორც წესი, ადამიანები ტერმინებს „კაცი“, „ქალი“ ან „ინტერსექსი“ ადამიანის სქესის აღსანიშნავად იყენებენ.

გენდერი

გენდერი ბევრად უფრო დიდი და ჩახლართული რამაა, ვიდრე სქესი. გენდერი მოიცავს გენდერულ როლებს — საზოგადოებისა და ხალხის მოლოდინებს ადამიანის ქცევების, საუბრის, ფიქრებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ სქესს.

მაგალითად, იდეები იმის შესახებ, თუ როგორ ქცევას, ჩაცმულობასა და კომუნიკაციას ელიან კაცებისგან და ქალებისგან — ეს ყველაფერი გენდერს განსაზღვრავს. მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება სტერეოტიპულად ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. გენდერი ასევე სოციალური და სამართლებრივი სტატუსია.

სქესისა და გენდერის ერთმანეთში არევა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური, ანუ მინიჭებული, სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, ანატომიასა და ქრომოსომებზე, გენდერი კი არის საზოგადოების მოლოდინების, სტანდარტებისა და მახასიათებლების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და კაცები.

გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა ნიშნავს, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს შინაგანად და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს. ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები — ყველა მათგანი შეიძლება გახდეს ის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.

ბევრ დასავლურ კულტურაში ადამიანები ფემინურობას აკავშირებენ ქალთან, ხოლო მასკულინურობას — კაცთან, თუმცა ეს სოციალური კონსტრუქტი უფრო მრავალფეროვანია. ზოგი ადამიანი გრძნობს, რომ ის მასკულინური ქალია ან ფემინური კაცი. თუმცა, ზოგი არცერთს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს — მათ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ეწოდებათ და საკუთარი იდენტობის აღსაწერად შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „არაბინარული“, „გენდერქვიარი“, „გენდერფლუიდი“ და სხვა. საკუთარი გენდერული იდენტობისადმი გრძნობების გაჩენა ძალიან ადრეულ, 2-3 წლის, ასაკში იწყება.

► გაითვალისწინეთ, რომ გენდერული იდენტობა იგივე არ არის, რაც სექსუალური ორიენტაცია. გენდერული იდენტობა გულისხმობს, თუ რომელ გენდერს მიაკუთვნებს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს ქცევაში, საუბარში, ჩაცმულობაში და ა.შ. სექსუალური ორიენტაცია კი არის რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა სხვების მიმართ.

გენდერული იდენტობების სია

ბევრი სხვადასხვა გენდერული იდენტობა არსებობს. ქვემოთ მოცემული სია მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოიცავს:

  • აგენდერი: ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.

  • ანდროგინი: ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.

  • არაბინარული: ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

  • ბიგენდერი: ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად კულტურულად ფემინურ და მასკულინურ როლებს წარმოაჩენენ.

  • გენდერფლუიდი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.

  • გენდერქვიარი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.

  • კაცი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

  • ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit): ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.

  • პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი): ის, ვისი გენდერული იდენტობაც არაა შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.

  • სისგენდერი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.

  • ტრანსგენდერი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.

  • ტრანს*: უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.

  • ქალი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

ისტორია

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და მათთან ასოცირებული იდენტობები ისტორიის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა ფორმით არსებობდნენ. საზოგადოებისგან მიმღებლობის განსხვავებული დონეებით ყველა კულტურაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იმავე სქესის ადამიანებთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობები ან რომელთა გენდერი, გენდერული იდენტობა და გენდერული ექსპრესია არ ჯდებოდა მიღებულ ჩარჩოებში.

გენდერი და საზოგადოების აღქმა

მათ, ვინც არ იდენტიფიცირდება იმ გენდერთან, რომელიც მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამისია, შეიძლება უამრავი სტრესული გამოცდილება ჰქონდეთ, რომლებიც ზრდის მენტალური პრობლემების რისკს, მაგალითად:

  • დეპრესიის

  • თვითდაზიანების

  • სუიციდური ფიქრების

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გენდერული მრავალფეროვნება თავისთავად არ იწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ პრობლემების სათავე საზოგადოები მხრიდან მიუღებლობა, ბულინგი, დისკრიმინაცია და სხვა უარყოფითი წინასწარგანწყობებია.

რამდენიმე ყოველდღიური გამოცდილება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს ადამიანის მოწყვლადობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, არის:

  • როდესაც თავს გარშემომყოფებისგან „განსხვავებულად“ ან იზოლირებულად გრძნობ

  • როდესაც გაბულინგებენ შენი გენდერული იდენტობის გამო

  • როდესაც გაძალებენ, რომ საკუთარი გენდერული იდენტობისადმი არსებული გრძნობები უარყო

  • იმის შიში ან იმაზე დარდი, როგორ მიიღებენ შენს გენდერულ იდენტობას შენთვის ძვირფასი ადამიანები, იმის შანსის გათვალისწინებით, რომ შეიძლება უარგყონ და იზოლირება მოგიწიოს

  • როდესაც ვერ გრძნობ მხარდაჭერას ძვირფასი ადამიანებისგან

  • როდესაც გრძნობ სტრესს იმის გამო, რომ იძულებული ხარ, შენს ბიოლოგიურ სქესს მოერგო

ასეთი ზეწოლა შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, განსაკუთრებით როდესაც მას სხვა ცხოვრებისეული პრობლემები ემატება, მაგალითად, სწავლა, სამსახური, ურთიერთობები და საკუთარი თავისა და სამყაროში ადგილის ძიება.

რესურსები და მხარდაჭერა

თუკი გიჭირთ საკუთარი გენდერული იდენტობის მიღება, ხართ ბულინგის მსხვერპლი, გაწუხებთ დეპრესია ან თავს იზოლირებულად გრძნობთ, შეგიძლიათ, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მიმართოთ სხვა LGBTQ+ ადამიანებს ან ქვიარ ორგანიზაციებს.

იხილეთ ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების სია.

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.