განურჩევლად იმისა, გრინჩთან უფრო ახლოს გრძნობთ თავს თუ ელფ ბადისთან, საყვარელი რომანტიკული კომედიების ჯადოსნურ ძალას ვერ უარყოფთ. მართალია, ძველად ძალიან ცოტა საახალწლო ფილმში შეხვდებოდით ღიად ქვიარ პერსონაჟებს, თუმცა, საბედნიეროდ, დრო იცვლება და
განურჩევლად იმისა, გრინჩთან უფრო ახლოს გრძნობთ თავს თუ ელფ ბადისთან, საყვარელი რომანტიკული კომედიების ჯადოსნურ ძალას ვერ უარყოფთ.
მართალია, ძველად ძალიან ცოტა საახალწლო ფილმში შეხვდებოდით ღიად ქვიარ პერსონაჟებს, თუმცა, საბედნიეროდ, დრო იცვლება და 2020-იანებში ბევრი ახალი საშობაო და ქვიარ სიყვარულით გაჯერებული ფილმი გამოვიდა. მოდით, გადავხედოთ რამდენიმე მათგანს.
სხვა ფილმებისთვის იხილეთ ჩვენი სტატია ქვიარ საშობაო ფილმები, რომლებიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებს
#1. საშობაო ძიძა (2022)
ამ ახალ, 2022 წლის საახალწლო ფილმში „საშობაო ძიძა“ (ინგლ. The Holiday Sitter) მთავარ როლს ჯონათან ბენეტი ასრულებს (გახსოვთ აარონ სამუელსი Mean Girls-იდან?), რომელსაც უწევს, შობა-ახალი წლის დღეების განმავლობაში ძიძობა გაუწიოს თავის დისშვილსა და ძმისშვილს, მას კი ამაში სიმპათიური მეზობელი ჯეისონი ეხმარება.
#2. მუდამ მარტოსული (2021)
Netflix-ის პირველი ორიგინალური გეი საშობაო ფილმის „მუდამ მარტოსული“ (ინგლ. Single All the Way) მთავარი პერსონაჟია მუდამ მარტოსული კაცი, რომელიც თავის მეგობარს დაარწმუნებს, რომ უქმეების განმავლობაში მის შეყვარებულად გაასაღოს თავი… ოღონდ მან არ იცის, რომ დედამისს უკვე ჰქონდა გეგმები, მისთვის ჩუმად გაერიგებინა სხვა ადამიანი.
#3. საშობაო ნაძვის ხის ქვეშ (2021)
ფილმი „საშობაო ნაძვის ხის ქვეშ“ (ინგლ. Under the Christmas Tree) მოგვითხრობს ორი ქალის ამბავს, რომელთა გზებიც მოულოდნელად გადაიკვეთება მას შემდეგ, რაც ჩარლი, „საშობაო ხის ჭორიკანა“, ალმას უკანა ეზოში იდეალურ საშობაო ნაძვის ხეს იპოვის მეინის შტატის გუბერნატორის საშობაო წვეულებისთვის.
#4. ჯენკინსების ოჯახის შობა (2021)
ფილმში „ჯენკინსების ოჯახის შობა“ (ინგლ. A Jenkins Family Christmas) ოჯახი, რომელიც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ ცდილობს, შობა ერთად გაატაროს, სიურპრიზის სახით აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი ჯენკინსს, კენის, საშობაოდ სახლში შეყვარებული მოჰყავს.
#5. ძუკნა, რომელმაც შობა მოიპარა (2021)
ფილმი „ძუკნა, რომელმაც შობა მოიპარა“ (ინგლ. The Bitch Who Stole Christmas), რომელშიც რუპოლი თამაშობს, „ყველაზე დრეგული საშობაო ფილმია“. მისი მთავარი პერსონაჟია მოდის ჟურნალისტი, რომელსაც ცნობილი „ზამთრის მეჯლისის“ შეჯიბრზე რეპორტაჟის გაკეთება უწევს.
#6. შობა რანჩოზე (2021)
საშობაო ფილმების კლასიკურ ტროპს „ქალაქელი, რომელიც რანჩოზე ბრუნდება თავის ოჯახთან“ ფილმში „შობა რანჩოზე“ (ინგლ. Christmas at the Ranch) ქვიარ-ტვისტიც ემატება. ეს ფილმი მოგვითხრობს ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს, თავისი ოჯახის რანჩო გადაარჩინოს გაყიდვას, იქ კი მოულოდნელი მოეწონება რანჩოს მომვლელი ქალი.
#7. საშობაო სახლი (2020) და საშობაო სახლი 2 (2021)
„საშობაო სახლი“ (ინგლ. The Christmas House) მოგვითხრობს წყვილის ამბავს, რომელიც საშობაოდ შვილებს სახლში დაპატიჟებს (ამჯერადაც სალამი, აარონ სამუელს). მეორე ნაწილში „საშობაო სახლი 2“ ძმებს მოულოდნელად უწევთ მონაწილეობა საშობაო სახლის დეკორაციების რეალითი შოუში, სადაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან.
#8. ნიუ-იორკული საშობაო ქორწილი (2020)
„ნიუ-იორკული საშობაო ქორწილი“ (ინგლ. A New York Christmas Wedding) მოგვითხრობს, რა ხდება, როდესაც ანგელოზი აკითხავს მომავალ პატარძალს მის საშობაო ქორწილამდე. ის უეცრად აღმოაჩენს, რა მოხდებოდა, თავისი ბავშვობის მეგობრის მიმართ გრძნობები რომ არ უგულებელეყო.
წყარო: Cosmopolitan
Don't Miss
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია, ინდიანას შტატიდან. მუშაობს კაფეში მიმტანად
მარიო ალკალდე წარმოშობით ესპანელი, 31 წლის მატადორია. ცოტა ხნის წინ მან ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ქამინგ აუთი გააკეთა,
კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა
საახალწლოდ სასიამოვნოდ ღელავ და ელოდები აღნიშვნას თუ თავს გრინჩად გრძნობ? 31 დეკემბერს, 00:00 საათზე, შაბათ დღეს შეცვლის კვირა დღე და წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული აუცილებლად შევა ძალაში პიროტექნიკისა და წვეულებების თანხლებით. ეს გვამცნობს, რომ რაღაც გამოცდილება დასრულდა, იწყება ახალი და იმედი გვაქვს, მისგან განსხვავებულიც. წელიწადის ამ დროს ვიყურებით უკან, ვაკეთებთ რეფლექსიას, ვაჯამებთ გასულ წელს და ვგეგმავთ მომავალს.
ახალი წლის აღნიშვნის სადღესასწაულო ნაწილი ალბათ ცხადი და გასაგებია, ისევე, როგორც დაბადების დღის აღნიშვნისას — ვაცნობიერებთ, რომ მორიგი 365 დღე გავიდა და ისევ აქ ვართ, ცოცხლები ვართ (რა შვების მომტანია, ჰუჰ!). თუმცა, ცოცხლად გადარჩენის გარდა, არის გარკვეული ფაქტორები, რაც საფუძვლად უდევს დღესასწაულების, კონკრეტულად კი, ახალი წლის აღნიშვნას.
რატომ აღვნიშნავთ დღესასწაულებს, მათ შორის, ახალ წელს
ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება იმდენი ხანია, რაც არსებობს კალენდარი და სათავეს გაცილებით ადრეულ პერიოდში იღებს. განსხვავდება საახალწლო ტრადიციები და რიტუალები.
ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა, მათ შორის, ახალი წლისაც, წარმოადგენს ადამიანის სურვილს, ჰქონდეს გარკვეული კონტროლი მოვლენებზე, რადგან არ იცის, რა მოხდება მომავალში. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომდევნო წელს, განსაკუთრებით, პანდემიისა და ომის ფონზე, ამიტომ ვგეგმავთ და ვისახავთ მიზნად, რომ მომავალი წლიდან დავიცავთ ჯანსაღ კვებას, დავიწყებთ ვარჯიშს, შევწყვეტთ მოწევას, გავხდებით მეტად ჯანმრთელები, ბედნიერები და დავისახავთ სხვა მიზნებს, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს კონტროლის განცდას გაურკვეველ და ბუნდოვან მომავალზე.
ყოველ წელს ახალი წლის აღნიშვნა და მისი განმეორებადობა ამცირებს შფოთვას არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც. მოზარდები წლის ამ პერიოდში მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და იზრდება მიკუთვნებულობის განცდაც.
ახალი წლის რიტუალი მოიცავს სოციალიზაციასაც — წვეულებაზე ყოფნას, ადამიანების გაცნობასა და მეგობრების ნახვას, მილოცვასა და კეთილ სურვილებს. სოციალიზაცია და სიკეთის გაცემა უკავშირდება გადარჩენასა და შფოთვის შემცირებასა. “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ მოგექცნენ შენ” — გადარჩენის მშვენიერი სტრატეგიაა.
გარდა კონტროლის შეგრძნებისა, რიტუალების აღნიშვნისას აქტიურდება ჩვენი სენსორული სისტემა. ახალ წელს სახლში უხვად არის მოხალული ნიგვზისა და სხვა საჭმლის სუნი, გარშემო ყველგან საახალწლო ნათურები, ლამაზი სათამაშოები და მორთული ნაძვის ხეებია. გვესმის მუსიკა, ვმღერით, ვცეკვავთ, ვაგემოვნებთ კერძებს, ვესაუბრებით საყვარელ ადამიანებს. ეს ყველაფერი კი ქმნის მოგონებებს, რომლებსაც გრძელვადიან მეხსირებეაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს და ხშირად ასეც ხდება — ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებებად რჩება.
საინტერესოა, რა ბედი ეწევა ახალ წელს დასახულ მიზნებსა და გეგმებს მომავალი წლისთვის. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების 41%-მა დაისახა და გაწერა მიზნები მომდევნო წლისთვის და წლის ბოლოს მათი მხოლოდ 9% მიიჩნევდა, რომ დასახული გეგმები წარმატებით განახორციელა. მანამდე ჩატარებულ კვლევაში კი (2007 წელს), წლის დასაწყისში 52% მიიჩნევდა, რომ წარმატებით განახორციელებდა ახალ წელს დასახულ მიზნებს, წლის ბოლოს კი 12% იყო კმაყოფილი განხორციელებული გეგმებით.
წარმატების/მარცხის მაჩვენებელი ექვსი თვის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
- ისინი, ვინც მიზნებსა და გეგმებს ისახავს საახალწლოდ, ერთი კვირის შემდეგაც 75% წარმატების მიჰყვებიან გეგმებს;
- ორი კვირის შემდეგ გეგმებზე წარმატებით მიყოლის რიცხვი იკლებს 71%-მდე;
- ერთი თვის შემდეგ 64%-ზე ეცემა;
- ექვსი თვის შემდეგ კი, 46% კვლავ ინარჩუნებს ახალ წელს გაწერილ გეგმებს და წარმატებით მიჰყვება მათ.
იმ ადამიანების მხოლოდ 4% მიჰყვა და განახორციელა თავისი მიზნები ექვსი თვის შემდეგ, ვისაც ჰქონდა მსგავსი გეგმები/მიზნები, მაგრამ ახალ წელს არ გაწერა და არ დაგეგმა.
საახალწლოდ დასახული მიზნების განუხორციელებლობის მიზეზებად დასახელდა:
- არარეალური მიზნების ქონა (35%);
- მიზნების მიღწევის პროცესზე არასათანადო თვალ-ყურის მიდევნება და კონტროლი (33%);
- საახალწლოდ დასახული მიზნების დავიწყება (23%);
- ერთდროულად ბევრი მიზნის ქონა (10 გამოკითხულიდან ერთი).
ყველაზე გავრცელებული საახალწლოდ დასახული მიზნებია:
- ჯანსაღი კვება;
- ვარჯიში;
- დანაზოგის ქონა;
- ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა.
2022 წლის საახალწლო მიზნებში ჭარბობდა ჯანმრთელობის, პიროვნული გაუმჯობესებისა და ბედნიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, წონის კლება.
საინტერესოდ გამოიყურება დემოგრაფიული სტატისტიკაც:
- “ბუმერების” ძირითადი საახალწლო მიზნები დაკავშირებული იყო წონის კლებასა და დანაზოგის გაკეთებაზე;
- “მილენიალების” ყველაზე თავდაჯერებულები და დარწმუნებულები იყვნენ ყველა საახალწლო მიზნის მიღწევაში და დასახული გეგმებიც მრავალფეროვანი იყო;
- “ჯენ ზის” ძირითადი საახალწლო გეგმები პარტნიორის/საყვარელი ადამიანის პოვნას უკავშირდებოდა.
გარდა იმისა, რომ რიტუალები, მათ შორის, ახალი წლის აღნიშვნა და სამომავლო გეგმების გაწერა ამცირებს შფოთვასა და შიშს გაურკვეველი მომავლის მიმართ, გეგმების შედგენა ზრდის მათი განხორციელების შანსსაც (იხილეთ სტატია queer.ge-ზე დაგეგმვასა ეფექტურად განხორციელების შესახებ.
თოვლის ბაბუა და გრინჩი
ზოგი ჩვენგანი სიხარულით ელოდება ახალ წელს და ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს, ზოგს კი დღესასწაულის გაგონებაც კი ზარავს. საახალწლო დღესასწაულის სიყვარულიცა და არ სიყვარულიც ნორმალურია და ორივეს თავისი მიზეზები აქვს.
მე ზოგადად დღესასწაულები და განსაკუთრებით კი, ახალი წელი მიყვარს და მიხარია. არ დაგიმალავთ, ჩემთან უკვე ოქტომბრის ბოლოდან ჰორიზონტზე გამოჩნდება და წამიერად გამკრავს ხოლმე საახალწლო სამზადისის სასიამოვნო განცდა, რაც სახლში ფუსფუსს, დასვენებას, გემრიელი საკვების მომზადება/ჭამას და საყვარელი ფილმების ყურებას მოიცავს (აქ ახალი წლის მოყვარულები და არ მოყვარულები მგონი ერთ აზრზე ვართ). დეკემბრის დასაწყისში უკვე ვარჩევ დეკორაციებს, ვყიდულობ სათამაშოებს, საჩუქრებს, სანათებს და ვრთავ სახლს. ჩემი შინაგანი ბავშვი სიხარულისგან ცმუკავს და ბედნიერია — შესაბამისად, მეც.
ახალი წლის დღესასწაული ბევრისთვის, შესაძლოა, სტრესთან და მომატებულ შფოთვასთანაც ასოცირდებოდეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
- წლის ბოლოს, როგორც წესი, გროვდება ბევრი გასაკეთებელი საქმე, დაუსრულებელი პროექტები და დედლაინები, შესაბამისად იზრდება სტრესი;
- გეგმავ სად და როგორ შეხვდე, ვისთან ერთად, რა ჩაიცვა, რა ჭამო და ა.შ. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსური და სხვა რესურსის მობილიზებასთან, რაც, ცხადია, იწვევს შფოთვას;
- შენგან ყველა ელოდება, რომ ახალი წელი გიხაროდეს, იყო ბედნიერი და მაქსიმალურად სოციალიზდე. სწორედ აღნიშნული მოლოდინები ხდება ხშირად იზოლაციისა და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან კონფლიქტის მიზეზები;
- ხშირად საახალწლო დღესასწაულის აღნიშვნისთვის იმდენად ემზადები და ისეთი მაღალი მოლოდინები გაქვს, დიდი შანსია, ეს იმედი გაგიცრუვდეს და მომავალი წლისთვის იმედგაცრუებამ გრინჩის მოყვარულთა სიაში შეგიყვანოს;
- საახალწლო პერიოდი მეტად საოჯახო დღესასწაულია, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთან/წევრებთან დაძაბული ან არც თუ ისე მშვიდი ურთიერთობა გაქვს, ცხადია, მათთან ბევრი სოციალიზაცია და ამის მოლოდინიც კი იწვევს შფოთვასა და სტრესს.
ხშირად, ახალი წლის დღესასწაული ერთდროულად სიხარულსა და სოციალიზაციასაც მოიცავს და სტრესსაც. მას ბედნიერების განცდაც ახლავს თან და შფოთვაც. ცოტა ძალისხმევა და დაგეგმვა აქაც დადებით როლს თამაშობს და გვეხმარება, მივიღოთ მეტი სიამოვნება დღესასწაულისგან და შევამციროთ სტრესი.
ცოტა რამ იმაზე, როგორ ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე ახალ წელს
იმისთვის, რომ მომავალი წლის გეგმები დავსახოთ, დღესასწაულისგან სიამოვნება მივიღოთ, სტრესი მინიმუმამდე შევამციროთ და ფუნქციურიც დავრჩეთ, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ემპირიულ მიგნებებს.
- როგორც აღმოჩნდა, ცვლილებების მიმართ მზადყოფნა და თვითეფექტურობა განაპირობებს დადებით შედეგებს მათთვის, ვინც საახალწლო გეგმებსა და მიზნებს ისახავს. თვითეფექტურობის განცდა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რწმენას მოიცავს, ხოლო რაც უფრო მეტად სწამს და სჯერა ადამიანს საკუთარ შესაძლებლობების, მით მეტია გეგმების განხორციელების შანსიც.
- ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მონაწილეები თავიანთ მიზნებს აღწევდნენ მაშინ, როდესაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათ განხორციელებაში, მიზნების მიღწევა კი მოიცავდა მცირე ნაბიჯებს და იყო გაზომვადი. მაგალითად, ერთ კვირაში დავიკლებ 1,5 კილოს განსხვავდება შემდეგი ფორმულირებისგან — მომავალ წელს დავიკლებ წონაში. ეს უკანასკნელი უფრო ზოგადი და ბუნდოვანია. გეგმების მეტად დაკონკრეტება და მათი გაზომვის შესაძლებლობა ზრდის განხორციელების შანსს.
- საახალწლო სტრესისა და შფოთვის შემცირებაზე დადებითად მოქმედებს საჩუქრების შერჩევის და ჩუქების პროცესი. საკუთარი რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, შერჩევის პროცესი მოიცავს პატარა ანალიზს და გეგმის ქონას. ვიწყებთ, ცხადია, იმის გარკვევით, რა გაუხარდება ადრესატს, რა ინტერესები აქვს, რა სჭირდება და ა.შ. შეგვიძლია ამაში ადრესატის ახლობელიც დავიხმაროთ. შემდეგი ნაბიჯია მისი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლო პროდუქტების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის განსაზღვრა. ამის მერე უშუალოდ აქტივობაზე გადავდივართ და შესაბამის მაღაზიებში ვათვალიერებთ და ვეძებთ სასურველ ნივთებს. არაფერი შეედრება იმ სასიამოვნო განცდას, როცა საბოლოდ, შესაძლოა, ბიუჯეტურ და ამავე დროს, ისეთ საინტერესო და კარგ ნივთს შეარჩევ ადრესატისთვის, უკვე წინასწარ იცი, როგორ გაახარებ, როცა საჩუქარს გადასცემ.
- საახალწლო სოციალიზაცია და წვეულებებზე წასვლა/არ წასვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტრესის შემცველია. ბევრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ნაკლები მოლოდინები გაქვს დღესასწაულისა და მისი აღნიშვნის მიმართ, მით მეტია შანსი, იყო მშვიდი და კმაყოფილი. საყვარელი ფილმების ყურებისა და დასვენების გარდა, უმეტესობას მაინც აქვს სურვილი, თუნდაც ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიდეს და ის სოციალიზაცია ჰქონდეს, რაც მისთვის კომფორტულია. საკუთარ თავთან წინასწარ იმის გარკვევა, ვისთან, როდის და სად გინდა იყო ახალი წლის დღეებში, აადვილებს ცხოვრებას. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ქმედებაზე გადასვლა.
სანამ 31 დეკემბერი მოვა, გავეხვევით თბილ საბანში, გემრიელ საჭმელებს გავსინჯავთ და დავისვენებთ, მოდით, ავწიოთ შამპანურის ჭიქა და ჩვენ სიცოცხლეს გაუმარჯოს. მორიგი 365 დღე გავიდა, აქ ვართ და რა ბედნიერებაა. (გაუმარ-ჯოს-ჯოს-ჯოს!)
გამოყენებული მასალა:
- https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/0306460389900506
- https://www.sciencedaily.com/releases/1998/01/980102003931.htm
- https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1002/jclp.1151
- https://d25d2506sfb94s.cloudfront.net/cumulus_uploads/document/0k4kb2wehk/Results%20for%20YouGov%20RealTime%20(New%20Year_s%20Resolutions)%20327%2012.19.xlsx%20%20[Group].pdf
- https://docs.cdn.yougov.com/2v6sawx0rr/US_New_Years_Resolutions_2020.pdf
- https://docs.cdn.yougov.com/lvsidr3mf8/econTabReport.pdf
ავტორი: ნინო ბექაია
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური