აქციაზე დაშავებული

/

მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ტვინის შერყევა აქვს — აქციაზე დაშავებულის ცოლი

ზაზა ბიღიაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათობით დაშავებულთაგან ერთ-ერთია. მისი ცოლი, მაია გოგოლაძე ქვიარს ეუბნება, რომ ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. “დაკარგული აქვს მხედველობა მარჯვენა თვალში. თვალი აღადგინეს, თუმცა ბადურა

მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ტვინის შერყევა აქვს — აქციაზე დაშავებულის ცოლი

/

ზაზა ბიღიაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათობით დაშავებულთაგან ერთ-ერთია. მისი ცოლი, მაია გოგოლაძე ქვიარს ეუბნება, რომ ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

“დაკარგული აქვს მხედველობა მარჯვენა თვალში. თვალი აღადგინეს, თუმცა ბადურა ჩაშლილია და გვითხრეს, რომ მხედველობა აღარ აღუდგება. გარდა ამისა, აქვს ტვინის შერყევა, გულისრევა და თავბრუსხვევა, წარბი აქვს გადახეთქილი, ცხვირი აქვს გატეხილი, შუბლი — დაზიანებული”, — ამბობს გოგოლაძე.

ბიღიაშვილი 8 მარტს, გამთენიისას დაშავდა, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მთავრობამ ძალადობრივ მეთოდებს, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმის, ცრემლსადენი გაზისა და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენებას მიმართა.

მაია გოგოლაძის განცხადებით, მისი პირველი მოთხოვნა დაზარალებული სტატუსის მინიჭებაა. ოჯახს არ შეუძლია ოპერაციის თანხების საკუთარი რესურსით დაფარვა.

ნიუ ჰოსპიტალის კლინიკაში ვიყავით, საყოველთაო დაზღვევამ დაგვიფინანსა ნაწილი, თუმცა 800 ლარამდე კიდევ გადასახდელია, რაზეც მომაწერინეს ხელი, რომ გადავიხდი. არ მქონდა ფული, რომ გადამეხადა. მე მინდა, რომ [ზაზა ბიღიაშვილს] ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემთვის ესაა ამ ეტაპზე პირველი. ჩემი მეუღლე არის მძღოლი და ქორეოგრაფი. მუშაობდა მთელი ცხოვრება მძღოლად. არ ვიცი, რამდენ ხანში შეძლებს ან საერთოდ თუ შეძლებს მუშაობას. ახლა აღარც ქორეოგრაფობა შეუძლია და აღარც მძღოლობა. ბავშვი გვყავს პატარა სახლში, 7 წლის გოგონა. საბანკო ვალდებულებები აქვს. რაღაცით ოჯახი ხომ უნდა არჩინოს?! რაღაცით ხომ უნდა იარსებოს?!” — ამბობს გოგოლაძე.

პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე დეპუტატი და 35 წინააღმდეგი.

პლენარული სხდომის პარალელურად, 11 საათიდან პარლამენტის უკან მორიგი აქცია იმართება, სადაც შეკრებილები კანონის ჩაგდებას ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობოდნენ და სურდათ, პარლამენტს რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩაეგდო, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დღეს, 12:00-ზე ჩაინიშნა.

შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება იყო. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, „პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას“ ედავებიან.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, გუშინ, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდნილიყო მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომ იყო შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.