Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა.
მისი თქმით, 50%-იანი დატვირთვაც კი არ არის.
“რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის… მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა – როგორც ქუხს, ისე არ წვიმს… ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას… ორი-სამი რეისია შესრულებული – 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით… ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი… არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა”, – ამბობს გაიაშვილი.
რუსეთთან ფრენები 19 მაისს აღდგა. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ დაფრინავს.