Them.us

დორა რიხტერი — ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც გენდერის დადასტურების ოპერაცია გაიკეთა

გენდერის დადასტურების ოპერაცია არ არის აუცილებლობა ან ვალდებულება, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ბევრ ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანს არ სურს ამ პროცედურის ჩატარება და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

როდესაც ტრანსგენდერთა ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავენ, ხშირად ახსენებენ „გენდერის დადასტურების“ პირველ ქირურგიულ ოპერაციებს. ზოგი ახსენებს კრისტინ იორგენსონს, რომელიც გახდა პირველი ტრანს* ცნობილი ადამიანი დასავლეთში. მან ვაგინოპლასტიკა გაიკეთა 1950-იან წლებში. კიდევ უფრო შორეული წარსულიდან კი იხსენებენ ლილი ელბეს, რომელმაც 1932 წელს საშვილოსნო გადაინერგა.

თუმცა, რეალურად, ამ ცნობილი სახეებიდან არცერთი არ იყო პირველი, ვინც გენდერის დადასტურების ოპერაცია გაიკეთა. ამით, დიდი ალბათობით, სხვა ქალი გამოირჩევა — დორა რიხტერი — რომლის სახელიც ისტორიას არ შემორჩებოდა, მისი მკვლელების ნება რომ ყოფილიყო.

დორა რიხტერი 1891 წელს, მადნის მთებში, იგივე ერცგებირგეში არსებულ ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა — დღევანდელი გერმანიისა და ჩეხეთის საზღვარზე. მისი ბავშვობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ, როგორც ჩანს, მისი გენდერული დისფორია საკმაოდ ინტენსიური იყო და ადრეულ ასაკში დაიწყო. ის იმდენად კატეგორიულად აცხადებდა საკუთარ ფემინურობას, რომ მშობლებმა უფლება მისცეს, ისე ეცხოვრა, როგორც გოგოს. შემორჩენილი სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, დორამ მინიმუმ ერთხელ მაინც სცადა საკუთარი პენისის თვითნებურად მოშორება, როდესაც ის 6 წლის იყო.

ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ, რიხტერმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე სახელ „დორხენს“, შემოკლებით „დორას“ იყენებდა, დატოვა თავისი სახლი და 200 კილომეტრის მოშორებით, ბერლინისკენ გაემგზავრა, სადაც მან სეზონური სამსახური დაიწყო როგორც „კაცმა“ მიმტანმა სხვადასხვა ძვირადღირებულ სასტუმროში, სეზონს გარეთ კი დორა საკუთარი, რეალური იდენტობით ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ორმაგი ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო: დორა რამდენჯერმე დააკავეს საჯარო ადგილებში კაბის ტარების გამო, რის შემდეგაც მას კაცების საპატიმროში უწევდა ყოფნა.

ბოლოს, მორიგი ასეთი დაკავების შემდეგ, დაახლოებით 1920 წელს, უფრო მეტად გულისხმიერმა მოსამართლემ რიხტერი გაათავისუფლა დოქტორი მაგნუს ჰირშფელდის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც მას დაჰპირდა სექსუალური მეცნიერების ინსტიტუტში დასაქმებას — ქვიარების და ტრანსგენდერების ჯანმრთელობის პირველ თანამედროვე კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ბერლინის ტირგარტენის პარკში მდებარეობდა. ჰირშფელდმა, რომელიც თავად ებრაელი გეი კაცი იყო, წინა ორ ათწლეულში დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთმა მოწინავე მკვლევარმა გეი და ტრანსგენდერული იდენტობების საკითხებზე. ის უძღვებოდა ნოვატორულ კვლევებს ქირურგებსა და ფსიქოლოგებთან, მაგალითად, ოიგენ შტაინახთან და არტურ კრონფელდთან ერთად, რომელთაგან მრავალი დაარსების შემდეგ ინსტიტუტში რეზიდენტად ან მოწვეულ სპეციალისტად მუშაობდა.

ინსტიტუტში დორა, რომელსაც ამჯერად ოფიციალურად ჰქონდა იმის უფლება, რომ საჯაროდ გამოჩენილიყო, როგორც ქალი, დამლაგებლად მუშაობდა, სამედიცინო გუნდი კი აფასებდა მის საჭიროებებს, რომელთაგანაც ყველაზე სასწრაფო იყო ორქიექტომია — სათესლის ამოკვეთის ოპერაცია. ეს ოპერაცია მას ქირურგმა ერვინ ჰორბანდტმა გაუკეთა 1922 წელს. შტაინახის 1910-იანი წლების ნაშრომი სათესლეებსა და ტესტოსტერონზე, რომელმაც იმის ამოცნობას შეუწყო ხელი, თუ რა გავლენას ახდენს ჰორმონები სექსუალობასა და ადამიანის სხეულზე, ჰირშფელდს დაეხმარა, განევითარებინა თავისი თეორიები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ტესტოსტერონის ნაკლებობამ „კაცის“ სხეულში ცხიმის განაწილება შეცვალოს. დორას ოპერაციამ ამის ეფექტების შესწავლის შესაძლებლობა გააჩინა. და მართლაც, როგორც მოგვიანებით ინსტიტუტის სასამართლო სექსოლოგმა, ფელიქს აბრაჰამმა დაწერა, დორას პირველი ოპერაციიდან წლების შემდეგ მისი „სხეული გახდა უფრო სავსე, წვერის ზრდა შემცირდა, შესამჩნევი გახდა მკერდის ზომაში ზრდა, ასევე მენჯის ცხიმოვანმა ქსოვილმა… უფრო ფემინური ფორმები შეიძინა“.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ჰირშფელდის ქირურგიულმა გუნდმა უფრო დახვეწა თეორიები და ტექნიკები, სანამ დორა ტრანს* ქალების გუნდის წევრად იმკვიდრებდა თავს — იმ ტრანს* ქალებისა, რომლებიც მომსახურე პერსონალის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთი ქალები, როგორებიც არიან მხატვარი ტონი ებელი და მისი პარტნიორი შარლოტ შარლაქი, რომელიც ინსტიტუტის მიმღებში მუშაობდა. ერთად ისინი თანამედროვე ვაგინოპლასტიკის ოპერაციის პირველ ცდებში მონაწილეობდნენ. 1930-იანი წლების დასაწყისში ქალების მოთმინებამ შედეგი გამოიღო და დაიწყო სრული გენდერის დადასტურების პირველი ოპერაციები. მართალია, უცნობია, ზუსტად როდის ჩატარდა თითოეული პროცედურა, თუმცა მიიჩნევა, რომ სწორედ დორას უნდა გაეკეთებინა ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი სრული გენდერის დადასტურების ოპერაცია 1931 წელს, როდესაც ის 40 წლის იყო.

პენისის ინვერსიის ტექნიკას, რომელიც დღეს გამოიყენება, ჯერ კიდევ ათწლეულები აკლდა შემუშავებამდე. დორას ოპერაცია იყო მარტივი, ორნაწილიანი საქმე: პენექტომია — პენისის მოშორება დოქტორი ლევი-ლენცის მიერ, რასაც მოსდევდა ნეოვაგინის აგება დოქტორი ჰორბანდტის მიერ. მიუხედავად ამისა, რიხტერისა და მისი მეგობრების ვაგინოპლასტიკა წარმოუდგენელი წარმატება იყო, რამაც სხვა ევროპელი ტრანს* ქალები მიიზიდა ბერლინში, მათ შორის, ლილი ელბე.

1931 წელი ასევე იყო ის წელი, როდესაც მაგნუს ჰირშფელდმა დატოვა ინსტიტუტი აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ლექციების ტურის გამო, რის შემდეგაც ის გერმანიაში აღარ დაბრუნებულა. იმ ათწლეულში, როდესაც დორა ახალი ცხოვრების დაწყებას ელოდა, ვაიმარის რესპუბლიკაში ნაციზმმა მოიკიდა ფეხი, ხოლო 1932 წლის რაიხსტაგის არჩევნებით ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა ინსტიტუტის დასასრულის დასაწყისი იყო. ჰირშფელდი „გერმანიაში ყველაზე სახიფათო ებრაელად“ გამოცხადდა და მას ქუჩებში რამდენჯერმე დაესხნენ თავს — ნაცისტური რეჟიმისთვის დაუშვებელი იყო, რომ გეი სოციალისტი ებრაელის საქმიანობა გადარჩენილიყო.

1933 წლის 6 მაისს ნაცისტები და ნაციონალისტი სტუდენტების ჯგუფი შევარდნენ ტირგარტენში და შეიჭრნენ ინსტიტუტში. შენობის ბინადრები ქუჩაში გამოყარეს და დახვრიტეს, წიგნები და საბუთები კი გაანადგურეს (თუმცა, ტონიმ და შარლოტმა ჩეხოსლოვაკიაში გაქცევა მოახერხეს). უცნობია, ზუსტად რა ბედი ეწია დორას — ის ადგილზევე მოკლეს თუ ჯერ ბანაკში გაგზავნეს და შემდეგ მოკლეს. შესაძლოა, რამდენიმე დღის შემდეგ მან იხილა კიდეც იოზეფ გებელსის სიტყვით გამოსვლა, სანამ ფაშისტები ებრაულ და კომუნისტურ ლიტერატურასთან ერთად ინსიტუტის კვლევების დანარჩენ ნაწილს წვავდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, დორას სიცოცხლის ისტორიული ცნობები ინსტიტუტის სიკვდილთან ერთად წყდება.

ინსტიტუტზე თავდასხმისას ნაცისტებმა არამხოლოდ ის ხალხი დახოცეს, ვისთვისაც ეს ადგილი სახლი იყო, არამედ ასევე გაანადგურეს ფიზიკური მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა, თუ ვინ და როგორ ცხოვრობდა აქ; აბრაჰამის ლექციების ჩანაწერები და ლევი-ლენცის სამედიცინო ჩანაწერები; დორას, მისი ოპერაციებისა და მისი ღიმილის ფოტოები — ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო მომდევნო ქვიარ თაობისთვის და ყველა მტკიცებულება იმისა, რომ არსებობდა ადგილი ტრანს* ქალებისთვის, სადაც ისინი უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრობდნენ. ბოლოს და ბოლოს, მიზანი ხომ ის იყო, რომ ქვიარების ეს თაობა უკანასკნელი ყოფილიყო.

ჰირშფელდი და მისი თანამედროვეები ემიგრაციაში ცხოვრობდნენ და რამდენადაც შეეძლოთ, თავიანთ ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემდნენ. მათმა ცნობებმა საბოლოოდ ტრანსქირურგიულ მეცნიერებაში ახალ აღმოჩენებს ჩაუყარა საფუძველი, მაგალითად, ჰარი ბენჯამინის სამედიცინო პროცედურებს აშშ-ში 40-იან, 50-იან და 60-იან წლებში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პატარა ჩრდილია იმისა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ნაცისტური რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა და მათი ამბები სამყაროს ათწლეულების განმავლობაში დაუმალა.

ლილი ელბესგან განსხვავებით, რომლის დღიურიც დღემდე შემორჩა, დორაზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, გარდა იმისა, რაც მისმა ექიმებმა დაწერეს მასზე სამედიცინო ჟურნალებში. 1999 წლის გერმანულ ფილმში ჰირშფელდის ცხოვრების შესახებ, Der Einstein des Sex (ქართ. „სექსის აინშტაინი“), სიუჟეტთან შესაბამისობისთვის მნიშვნელოვნადაა შეცვლილი რიხტერის ცხოვრების დეტალები. ლგბტქი ისტორიკოსების ათწლეულების განმავლობაში შრომის შედეგად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ვიცით მისი ცხოვრების მსვლელობის ხაზი, თუმცა ჩვენ არ ვიცნობთ დორას, რადგან ზოგ ადამიანს არ სურდა, რომ მას ეცოცხლა და საკუთარი ამბავი მოეთხრო. მათთვის დორა და ყველა, ვინც მას ჰგავდა, იყო „ურჩხული“, მისი სურვილები კი — „საზოგადოებისთვის მომწამვლელი“.

თუმცა, საბოლოოდ, ვერავინ მოახერხა, გაენადგურებინა პატარა დორხენის ამბავი — მთიელი გოგონასი, რომლის ოცნებაც უკეთეს ცხოვრებაზე ამდენ ადამიანს თავიანთი ოცნებების ახდენაში დაეხმარა.

წყარო: Them.us

წინა

რა არის ჰომოფობია?

შემდეგი

სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების