ანტიკორუფციულმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პრორუსული, ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფების — კონსერვატიული მოძრაობის მისამართით შესაძლო უკანონო შემოწირულებებთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 11 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, კონსერვატიულმა მოძრაობამ 107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო. „პრორუსულ და რაშისტულ პარტიას სულ 63 პირმა შესწირა თანხა, აქედან ახალი შემომწირველი 17 პირია, ხოლო 47 პირი სისტემატურად სწირავს თანხას“.
ანტიკორუფციული მოძრაობის მოკვლევით, დაჯგუფების შემომწირველებიდან სამეწარმეო საქმიანობა 10 პირს უფიქსირდება, 53-ს კი – არა, „რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შემომწირველები კუთვნილ შემოსავალს არ სწირავენ და საქმე გვაქვს უკანონო შემოწირულებასთან“.
ანტიკორუფციული მოძრაობა მოითხოვს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყოს და გამოკითხვაზე ყველა სავარაუდო კანონდამრღვევი დაიბარონ.