ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ, Civil Rights Defenders-მა თბილისში ოფისი გახსნა. როგორც საქართველოსა და უკრაინის პროგრამის ხელმძღვანელი, თამარ კიკაჩეიშვილი ქვიართან ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში საკმაოდ ცუდ ტენდენციებს ხედავენ, იმუშავებენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.
“მათ შორის, ქალების უფლებები, ქალთა გაძლიერება, ლგბტქი თემის გაძლიერება, ასევე, დემოკრატიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეფორმა და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ რეფორმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოფისის ზუსტად ახლა გახსნა, რადგან ვხედავთ, როგორი შეტევაა მედიაზეც. ერთ-ერთი მიმართულება იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაც. საკმაოდ მრავალფეროვანი პროფილი გვექნება და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ იმას, რისი კეთებაც ამ ორგანიზაციამ 40 წლის წინ დაიწყო და რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს”, — ამბობს კიკაჩეიშვილი.
ამ დროისთვის Civil Rights Defenders საქართველოში ხუთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), თანასწორობის მოძრაობას, ქართული მედია ჯგუფი, რადიო მოზაიკა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.
თანასწორობის მოძრაობის დირექტორი, დავით კახაბერი ქვიართან ამბობს, რომ Civil Rights Defenders ორგანიზაციას უსაფრთხოების პროტოკოლების მიმართულებით ეხმარება.
“გამომდინარე იქიდან, რაც ვნახეთ გასულ წელს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევას ვგულისხმობ, გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად შეგვეცვალა პოლიტიკა და Civil Rights Defenders ზუსტად ამ მიმართულებით გვეხმარება. განვაახლეთ უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, საველე სამუშაოებს, დოკუმენტების შენახვას ისე, რომ არ ყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და კიბერ უსაფრთხოებას. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, არასდროს ხარ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც 5 ივლისს მოხდა თბილისი პრაიდის შემთხვევაში. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ თემის ბევრ წევრს ვაწვდით სხვადასხვა სახის სერვისს, თანასწორობის მოძრაობაში, მართალია მინიმალური, მაგრამ საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია გროვდება ხოლმე და ბენეფიციარებისთვის ჩვენი სანდოობა გაცილებით უფრო იზრდება, როცა იციან, რომ ყველა ის ინფორმაცია დაცულია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორი ფორსმაჟორიც არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ვერავის ჩაუვარდეს ხელში”, — აღნიშნავს დავით კახაბერი.
ქართული მედია ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ჩიფჩიური ამბობს, რომ ორგანიზაცია 2014 წელს, გორში დააფუძნეს და უშუალოდ კონფლიქტებზე და ომით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობენ.
“გასულ წელს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა Civil Rights Defenders, გვქონდა 6-თვიანი პროექტი, სადაც საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები 30-მდე ქალი გადავამზადეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რითაც, მაგალითად, ქალ მეწარმეებს, ასევე, ომით დაზარალებულ მოქალაქეებს შეიძლება ესარგებლათ. ახლა ამ ადამიანებმა დაიწყეს ბიზნეს გეგმები, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ეს არის მნიშვნელოვანი ხმა, როგორც ქალი ლიდერების”, — ამბობს ნინო ჩიფჩიური.
Civil Rights Defenders 1982 წელს დაფუძნდა, როგორც შვედეთის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტი. დღეისთვის ორგანიზაცია თანამშრომლობს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე.